"ესეც სრულიად საკმარისია კულტურული შოკის მისაღებად" - გზაპრესი

"ესეც სრულიად საკმარისია კულტურული შოკის მისაღებად"

ზოგი სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად მოგზაურობს, ზოგს ახალი ადგილების აღმოჩენა აღაფრთოვანებს, ზოგიც თავის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის უცხო ქვეყნების მონახულებით და ახალი ენერგიით ივსება. ქეთი ლურსმანაშვილმა ბოლო 10 წლის განმავლობაში უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა, თუმცა მოგზაურობის სიყვარული და ინტერესი გაცილებით ადრე, სტუდენტობიდან გაუჩნდა. ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარი გატაცებაა და უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს.

- პროფესიით ექიმი ვარ, სამკურნალო ფაკულტეტი დავამთავრე, 10-12 წელი ვმუშაობდი კიდეც პროფესიით - კარდიოლოგად, კარდიოლოგ-რეანიმატოლოგად, უბნის თერაპევტად, ოჯახის ექიმად, ერთი სიტყვით, საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა. ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა და ამის გამო სამსახურის გაცდენა, ამიტომაც ბოლო წლებია, აღარ ვმუშაობ.

მოგზაურობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მხიბლავდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში საზღვრები ჩაკეტილი იყო, მაგრამ მაინც ვახერხებდი არდადეგების დროს, მეგობრებთან ერთად, მაგალითად, ჩეხეთში, იუგოსლავიაში, უკრაინაში წასვლას. მახსოვს, ჩეხეთში ვიყავით სამნი და ისეთი განსხვავებული სამყარო ვნახეთ, აღფრთოვანებულები დავდიოდით პრაღის ქუჩებში. შემდეგ ვიყავი აზიისა თუ ევროპის არაერთ ქვეყანაში, მაგრამ ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო მაინც ეგზოტიკური ქვეყნები იყო, განსხვავებული კულტურითა და ტრადიციებით. პირველი ასეთი ქვეყანა იყო ირანი. იქ ყოფნისას ფერეიდნელ ქართველებს ვესტუმრეთ, რომლებსაც ძალიან გაუხარდათ ჩვენი დანახვა, ყველა სახლში გვეპატიჟებოდა. მათთვის წიგნები და სხვა საჩუქრები ჩავიტანეთ. ისეთი ბედნიერები და გახარებულები იყვნენ, სულ თან დაგვყვებოდნენ, მთელი სოფელი ფეხდაფეხ შემოგვატარეს. ამ ხნის განმავლობაში ირანის პოლიციაც ფეხდაფეხ დაგვდევდა, საბოლოოდ კი მთელი ჯგუფი განყოფილებაში წაგვიყვანეს და დაპატიმრებით გვემუქრებოდნენ. იქაურ ქართველებს გავლენიანი ნაცნობებისა და რესურსების გამონახვა დასჭირდათ ჩვენს გამოსაშვებად. ფერეიდნელებს საქართველო საოცნებო კუნძულად აქვთ წარმოდგენილი; ისე ოცნებობენ აქ ცხოვრებაზე, ვერ წარმოიდგენთ.

ამის შემდეგ იყო ტური ვიეტნამსა და კამბოჯაში, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც: ტაილანდში, ინდონეზიაში, მიანმარში, მალაიზიაში, ასევე აზიის და აფრიკის ქვეყნებში, ინდოეთში, ჩინეთში, ნეპალში, ეგვიპტეში, მაროკოში, ტანზანიაში...…წელს სამხრეთ ამერიკის კონტინეტს ვეწვიე, ვიმოგზაურე ულამაზეს ბრაზილიაში. თანდათან ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ისტორიას, ადათ-წესებს.

- 2 კვირის წინ ჩამოხვედით ტაილანდიდან, მაგრამ ვიდრე იქაურ შთაბეჭდილებებზე გკითხავთ, არის რომელიმე ქვეყანა, რომლის ნახვაც განსაკუთრებულად გინდოდათ?

- თითოეული ქვეყანა საინტერესო და განსაკუთრებულია თავისი კულტურით, გეოგრაფიით, არქიტექტურით, მაგრამ ჩემი ოცნების ქვეყანა იყო მიანმარი, მართლაც სრულიად განსხვავებული და უნიკალური, სასწაული ქვეყანა, სიტყვებით მიჭირს მასთან დაკავშირებული ემოციების გადმოცემა.

- მაინც რატომ არის მიანმარი ასე განსაკუთრებულად გამორჩეული?

- მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი ქვეყანაა. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ბანგლადეში და ინდოეთი, ჩრდილოეთიდან – ჩინეთი, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ლაოსი და ტაილანდი, ხოლო სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან – ანდამანის ზღვა და ბენგალის ყურე. ეს ქვეყანა 2013 წლამდე ჩაკეტილი იყო სამხედრო დიქტატურის გამო - 1962 წლის გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში ბირმის სოციალისტური პარტიის სამხედრო დიქტატურა დამყარდა, რის შედეგადაც წარმოუდგენელი იყო მისი მონახულება. ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის დროს ერთი სიამოვნებაა ადგილობრივებთან ურთიერთობა, მათი ყოველდღიურობის, ასევე ტრადიციების გაცნობა; ბევრი რამ გაოცებს, ბევრ რამეს პირველად ხედავ და გესმის, მთელი სიცოცხლე გამახსოვრდება.

- ალბათ ნანახიც და მოსაყოლიც ბევრი გაქვთ.

- კარენის ტომის გრძელკისერა ქალები პირველად ტაილანდში ვნახე, შემდეგ კი მიანმარში ვიზიტისას ისევ ვესტუმრე ამ ტომს. ძალიან ცოტანი არიან შემორჩენილი მსოფლიოში და ნამდვილად ღირს მათი გაცნობა. ტომის წარმომავლობა ბირმის ჩრდილოეთიდანაა, თუმცა ტაილანდშიც ცხოვრობენ და აზიის სხვა ქვეყნებშიც.

ფეხშიშველი ნეფე-პატარძალიც მიანმარში ვნახე პირველად, ბუდისტურ ტაძრებში შესვლისას ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა გაიხადო.

შეუძლებელია არ აღფრთოვანდე ბაგანით - მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლით, რომელიც მიანმარის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ის იყო ბირმის უძველესი სამეფოს დედაქალაქი XI-XIII საუკუნეებში.

სწორედ ამ პერიოდში აშენდა აქ 10 000-მდე ბუდისტური ტაძარი, პაგოდა და მონასტერი. მათი უმრავლესობა განადგურდა და გაიძარცვა მონღოლების შემოსევების და მიწისძვრების შედეგად. ბოლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა 2016 წლის 24 აგვისტოს, როდესაც დაინგრა 400-მდე ტაძარი და დღეისათვის 2230 შემორჩა, მაგრამ ესეც სრულიად საკმარისია კულტურული შოკის მისაღებად.

წარმოუდგენელია არ გაგაოცოთ ოქროს ქვის დანახვამ, ეს ქვა 611.5 ტონაა და ფაქტობრივად, უფსკრულზეა გადაკიდებული. გრავიტაციისა და ფიზიკის ყველა კანონის თანახმად, აქამდეც უნდა ჩავარდნილიყო, მაგრამ ჩვ.წ.აღ-მდე VI საუკუნიდან მყარად დგას ერთ ადგილზე. პაგოდაში ინახება ბუდა გაუტამას თმის ღერები და ითვლება, რომ სწორედ ეს უნარჩუნებს წონასწორობას ამ უზარმაზარ ქვას და პაგოდას - ეს არის ბუდისტური სასწაული. ეს მთა მაგიურ წმინდა ადგილად ითვლება და მომლოცველების ნაკადი არასდროს წყდება.

არანაკლებ საინტერესოა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები. შეფშაუენი, მსოფლიოში ერთადერთი ლურჯი ქალაქი, მაროკოში ჩასული ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია. შეფშაუენი ადგილობრივების ენაზე „რქას“ ნიშნავს, მისი სახელწოდება იმ რქის ფორმის მთიდან მომდინარეობს, რომლის ფერდობზეც ქალაქია გაშენებული. ქალაქის ისტორია 1471 წელს იწყება. ანდალუსიელმა ემირამ, მოულა ალი-ბენ-მუსაა-ბენ-რაშიდ-ელ-ალამმა ბერბერებისთვის მცირე ზომის დასახლებისა და პორტუგალიელებისგან დასაცავად მოროკოს ჩრდილოეთით ციხესიმაგრის აგება გადაწყვიტა. ემირის გადაწყვეტილებით შავენი მუსლიმთა წმინდა ქალაქად ითვლებოდა და ქალაქში სხვა აღმსარებელთა მოხვედრა აკრძალული იყო. ამან ერთი მხრივ ქალაქს შუა საუკუნეების არქიტექტურა შეუნარჩუნა, ხოლო მეორე მხრივ საფუძველი დაუდო ამბავს, რომელსაც ქალაქში გამგზავრებამდე აუცილებლად მოისმენთ: შუა საუკუნეებში შეფშაუენში სხვა რელიგიის მიმდევართა მოხვედრა სიკვდილით ისჯებოდა. მისი დაარსებიდან XX საუკუნემდე მხოლოდ სამმა ევროპელმა ტურისტმა შეაღწია ქალაქში, ორი მათგანი რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ხოლო მესამემ გამოქცევით უშველა თავს.

83908467-2730910623634631-5390012424076132352-n-copy-1679296939.jpg

გავრცელებული ვერსიით, ქალაქის შენობების ლურჯ ტონალობაში შეღებვას ებრაელებს მიაწერენ. იქ ჩასახლებულ ებრაელებს „სეფარადებს“ უწოდებდნენ, რომელთა შთამომავლებიც XV საუკუნეში ესპანეთიდან განდევნეს. სეფარადებს ლურჯი წმინდა ფერად მიაჩნდათ, მას ზეცის და ღმერთის ფერს უწოდებდნენ.

ძალიან საინტერესოა ეგვიპტე, ეს ანტიკური ცივილიზაციის ქვეყანა ყველამ უნდა ნახოს. კაიროს მუზეუმში გამოფენილია ანტიკური ეგვიპტის არტეფაქტების უდიდესი კოლექცია ტუტანხამონის კოლექციის ჩათვლით, მსოფლიოში უდიდეს არქეოლოგიურ მუზეუმად ითვლება. აქ ინახება ფარაონთა პერიოდის ანტიკური ნიმუშების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კოლექცია. მუზეუმში არსებული ასობით ათასი ხელოვნების ნიმუშისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთიდან გამოფენილი მხოლოდ 136.000 საგანია. მართალია, ევროპელებმა მრავალი სიწმინდე და განძი წაიღეს და ბევრი არც დაუბრუნებიათ, მაგრამ საბედნიეროდ, მუზეუმის კოლექცია კვლავ ბრწყინავს. კაიროს მუზეუმს აქვს ორი მთავარი სართული და საგანძურით სავსე 107 ოთახი. კოლექციის მთავარი ნაწილია ფარაონ ტუტანხამონის სამარხიდან გამოტანილი ნიმუშები: ცნობილი სიკვდილის ნიღაბი, რომელიც პაპარაცულად გადავიღე, ტახტი, სამკაულები და სამეფო კუბო. ეს სამარხი თითქმის ხელუხლებად იპოვა ჰოვარდ კარტერმა მეფეთა ხეობაში 1922 წელს.

უამრავი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად მინდა აღვნიშნო: მოგზაურობისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის გაცნობა და მათთან ურთიერთობა - თბილად გხვდებიან, გიღიმიან, გესალმებიან, ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის, უხარიათ შენთან ერთად ფოტოს გადაღება, კეთილგანწყობილები არიან იმის მიუხედავად, უჭირთ თუ ულხინთ.

- თქვენი ვიდეოებიდან ჩანს, რომ მხოლოდ ადამიანები არ არიან კეთილგანწყობილები.

- ალბათ ორანგუტანთან გადაღებულ სახალისო ვიდეოს გულისხმობთ. ფოტოს გადასაღებად რომ მივედი, ვერც წარმოვიდგენდი, იმდენი რამის გაკეთება და ჩვენი ასე გამხიარულება თუ შეეძლო. ვიდეოში კიდევ არ ჩანს ბევრი რამ - ისეთ რამეებს აკეთებდა, სიცილისგან ცუდად გავხდი. შრი-ლანკაში რომ ვიყავი, პითონი შემოვიხვიე კისერზე, 2019-ში კი ტაილანდში ვეფხვებთან ერთად გადავიღე ფოტოები. იქ სპეციალური პარკებია, სადაც ცხოველები ჰყავთ, იმ გარემოში არიან გაზრდილები და შეჩვეულები არიან ადამიანებს, მაგრამ რისკი მაინც არსებობს. ამიტომ წინასწარ ხელს გაწერინებენ: თუ რამე მოხდება, პასუხისმგებლობა რომ მოიხსნან. მარტო შევედი, მეგობრებმა ვერ გარისკეს. მაშინ მართლა არ შემშინებია, მაგრამ მერე ვიდეოებს რომ ვუყურე და დავინახე, გარშემო რამდენი ვეფხვი დადიოდა, ცოტა კი შემეშინდა.

318723772-5719628471429483-4750662774743784365-n-copy-1679296926.jpg

- ყოველთვის მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ. რა უპირატესობა აქვს ერთად მოგზაურობას?

- ზოგს უყვარს მარტო მოგზაურობა, მე ყოველთვის ჯგუფს ვაკეთებ, რადგან ასე მირჩევნია. მოგზაურობის დროს გვერდით ხომ უნდა გყავდეს ვინმე, რომელთან ერთადაც ემოციებს გაიზიარებ, გარდა ამისა, ეს ხარჯებსაც ამცირებს. მარტის ბოლოს მეგობრებთან ერთად ვიეტნამში მაქვს ტური დაგეგმილი. ერთხელ უკვე ვიყავით, მაგრამ მაშინ ყველაფრის ნახვა ვერ მოვასწარით. ვიეტნამი ულამაზესია და ყველას ვუსურვებ, ერთხელ მაინც მოხვდნენ იქ. ყოველთვის წინასწარ ვგეგმავთ მარშრუტს, რა უნდა ვნახოთ და როდის.

- საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ!

ნინო ჯავახიშვილი