ლიკა შუკაკიძის ხასიათის გამოკვეთილი შტრიხები - გზაპრესი

ლიკა შუკაკიძის ხასიათის გამოკვეთილი შტრიხები

"ის ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს, იშვიათად ცრუობს და ისიც მხოლოდ თავდაცვის მიზნით. მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი. ცრემლს სხვას არასდროს აჩვენებს. ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან, მიმნდობი და გულუბრყვილოა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ ლიკა შუკაკიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს. ადამიანებზე დაკვირვების შედეგად, ხასიათით, ქცევებით, მათი ზოდიაქოც კი გამომიცნია. ჩემი ნიშნით დაბადებულებს ყველაზე კარგად ვცნობ, თითქმის არასდროს ვცდები, განსაკუთრებით - გოგონების შემთხვევაში. ვერძებს გვაქვს გამოკვეთილი შტრიხები ხასიათში, რითაც სხვებისგან გამოვირჩევით.

- "ჟინიანი, გულღია და მუდამ მოღიმარი ადამიანია".

- მართალია, ძალიან გულღია ვარ - იმდენად, რომ ხანდახან საკუთარ თავზე ვბრაზობ. არ არის აუცილებელი ყველასთან ბოლომდე გულწრფელი იყო. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ამას სწორად ვერ იგებენ. ამ თვისების გამო გულისტკენაც მქონია.

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".

- რაც ყველაზე მეტად მაგიჟებს, ეს უსამართლობაა. სრულიად უცხო ადამიანებს გამოვსარჩლებივარ. ამ დროს მოსალოდნელ შედეგზე არ ვფიქრობ. შეიძლება იმ უსამართლობას შევეწირო, პირდაპირ ვერძის რქებით მივდივარ. არ ვიცი, ეს კარგი თვისებაა თუ ცუდი, ასეთი ხასიათი მაქვს.

- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".

- მართალია, გულღიაობა და გულწრფელობა ჩემში იმდენად ღრმად არის, რომ... ძალიან ბევრი წელი დამჭირდა, რათა მივმხვდარიყავი, რაღაც მომენტში, რაღაც სიტუაციაში რაღაც არ უნდა ვთქვა; რომ ყოველთვის არ არის საჭირო, შენ შესახებ ყველაფერი გულწრფელად, სრულიად გამჭვირვალედ ილაპარაკო. ეშმაკობა ჩემში საერთოდ არ არის.

- "წყენას ადვილად ივიწყებს, საკმარისია ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს".

- ფიცხი ხასიათი მაქვს. უცბად შეიძლება გავბრაზდე, მაგრამ ყოველთვის სამართლიანად. შეიძლება შემეშალოს, მეგონოს სამართლიანი იყო და სხვა რამ აღმოჩნდეს, მაგრამ იმ მომენტში ნამდვილად სამართლიანად ვბრაზდები.

- დამშვიდება გიჭირს?

- არა, მალე ვმშვიდდები, გაბრაზებაც მომენტალურად გამდის და შეიძლება არც არასდროს გამახსენდეს. მაგრამ თუ ადამიანი სისტემატურად მაბრაზებს, პატივს არ სცემს ჩემს დამოკიდებულებას მის მიმართ, ბევრი წყენა მისდამი გულგრილს მხდის და მერე ამას უკვე აღარაფერი შველის, იმ ადამიანის თავიდან შეყვარებას ვეღარ ვახერხებ.

- "ცრემლს სხვას არასდროს აჩვენებს".

- ვაიმე! ნამდვილად ასეა.

- რატომ?

- არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. არ ვიცი, სულ მეშინია, სადმე ვინმემ ცრემლი არ დამინახოს. ეს კომპლექსი არ არის, ხასიათია. არ მახსოვს ვინმესთან მეტიროს, ალბათ ბავშვობაში დედასთან თუ მიტირია.

- მარტო მყოფს რაზე გეტირება?

- იმედგაცრუებაზე, წყენაზე, გაბრაზებაზე... ისევე, როგორც სხვა ადამიანებს.

- "მასავით არავის სჯერა სასწაულების".

- უკიდეგანო ოპტიმიზმი მაქვს, მთის წვერზე მყოფი, ცალი ფეხით რომ ვეშვებოდე, მაშინაც მექნება იმედი, რომ სასწაული მოხდება და გადავრჩები.

- "ის არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავს ბედნიერება, ურჩევნია ის თავად მოიპოვოს".

- ამაშიც არის სიმართლე, მაგრამ სიტუაციას გააჩნია. მაგალითად, პირად ურთიერთობებში არასდროს ვყოფილვარ ინიციატორი. ეს ჩემთვის ძალიან უცხოა. სხვათა შორის, პროფესიაშიც არ ვარ ასეთი. მსახიობები სულ რომ თავს ახსენებენ რეჟისორებს, სულ რომ კასტინგებზე დადიან, ჩემთან ასე არ ხდება. თუ დამირეკავენ და წინადადება მისაღები იქნება, კასტინგს გავივლი, სხვა შემთხვევაში ინიციატორი არ ვარ. ჩემი შვილების აღზრდის, მათი მომავლის და განათლების საკითხში აქტიური გახლავართ. გამოდის, რომ ყველაფერში მებრძოლი არ ვარ.

- "თუ რაიმე ირწმუნა, მისი გადარწმუნება შეუძლებელია".

- მთლად ასე არ არის, გონივრული არგუმენტის მოსმენის შემთხვევაში, შეიძლება აზრი შემეცვალოს.

- "ის ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს".

- ამაშიც არის სიმართლე. შეიძლება აქტიური არ ვარ, მაგრამ შინაგანად სულ ვცდილობ, სწორი და კარგი მოთამაშე ვიყო. მაგალითად, კასტინგზე რომ მივდივარ და ჩემ გარდა იმ როლზე კიდევ რამდენიმე მსახიობი განიხილება, იქ მაქსიმალურად ვცდილობ, სწორად მოვახდინო საკუთარი თავის პრეზენტაცია. ვერძებს პირველობა გვიყვარს. ვთვლი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი ნაკლია და სულ ვცდილობ, მოვერიო.

- რატომ თვლი, რომ ნაკლია?

- ყველაფერში პირველობის სურვილი ძალიან დამღლელია. ელემენტარულს გეტყვი, სადმე მამაკაცთან ერთად რომ შევდივარ, არ ველოდები, კარს როდის გამიღებს, თავად ვაღებ. ჩემში პირველობის სურვილი იმდენად გამძაფრებულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამით თავადაც ვღიზიანდები.

- "იშვიათად ცრუობს და ისიც მხოლოდ თავდაცვის მიზნით".

- ტყუილს ვერ ვიტან. როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე ან შინაგან განწყობაზე რაიმეს თქმა არ მინდა, ამ დროს სხვა რაღაცას ვამბობ და ამას ტყუილს ვერც ვუწოდებ. მიზანმიმართულად ადამიანს რამე მოვუგონო, ეს გამორიცხულია. არ მიყვარს, როცა მატყუებენ. ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს და ყოველთვის ვხვდები, როდის ცდილობენ მომატყუონ.

- "ის ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე".

- ასე არ არის, მკაცრი არ ვარ, ცხოვრებაში ბევრ დათმობაზე წავსულვარ, რასაც დღეს ვნანობ, მაგრამ ვეღარ გამოვასწორებ.

- "ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან, მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- მართლა მჯერა იმის, რასაც ადამიანები მეუბნებიან. არ მაქვს განწყობა ყველაფერში ეჭვი შევიტანო. ამ დროს ჩემი ინტუიცია მშველის. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებში არ ვცდები.

- "მას ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ ბოლომდე ინარჩუნებს".

- ცოტას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემ გარშემო ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც მაბედნიერებენ, მახარებენ და მათ თვალდახუჭული ვენდობი.

- "მას უყვარს საჩუქრების გაცემა და პატარა დღესასწაულების ორგანიზება".

- მიყვარს, მაგალითად, როცა სამეგობროს სადმე წასვლა გვინდა, ორგანიზების საკითხს ყოველთვის საკუთარ თავზე ვიღებ. რაც შეეხება საჩუქრების გაცემას, მომწონს, როცა ადამიანებს ვაბედნიერებ. მირჩევნია მე ვაჩუქო, ვიდრე მე მაჩუქონ.

- "მეორე ნახევრის მიმართ განსაკუთრებულad მზრუნველია. პარტნიორს ხშირად, ძვირად ღირებული ნივთებით ანებივრებს".

- მზრუნველი მართლა ვარ, მაგრამ პარტნიორის ძვირფასი საჩუქრებით განებივრება გამორიცხულია. მასთან ურთიერთობაში საჩუქრების გაცემის ინიციატორი არ ვარ, არ მინდა, ზედმეტი მომივიდეს. იმ თაობას მივეკუთვნები, რომლებიც თვლიან, რომ ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში მამაკაცმა ქალზე მეტად უნდა იზრუნოს, ვიდრე პირიქით. მან უნდა იზრუნოს ჩემს გაბედნიერებაზე.

- "მას არ უყვარს კამათში ჩართვა. მხოლოდ მას ეკამათება, ვისაც პატივს სცემს".

- ნამდვილად ასეა, ბევრი ლაპარაკი ისედაც არ მიყვარს, მაგრამ საყვარელ ადამიანებთან საუბარიც მომწონს და სხვადასხვა თემის თუ ამბის განხილვაც.

likaa-copy-1679297147.jpg

- სერიალში "სიყვარულს მიღმა" შენი პერსონაჟის ცხოვრებაში საინტერესო პერიოდია, არა?

- დაგეთანხმები, ასეა. დაგასპოილერებ და გეტყვი, რომ ნუნუ ძალიან ინერვიულებს.

- განასახიერებ გოგონას, რომელშიც საკუთარ თავს არაერთი ადამიანი ამოიცნობს. მაყურებლის რეაქცია როგორია?

- მაყურებლის მხრიდან დიდი პოზიტივი და დადებითი განწყობა იგრძნობა. ქუჩაში გოგონებისგან წამოძახილები იყო: "არ დაუთმო! გგულშემატკივრობთ!" ამას ანთებული თვალებით მეუბნებოდნენ. როგორც ჩანს, ის, რაც დღეს ჩემი გმირის ცხოვრებაში ხდება, ბევრი გოგოსთვის მტკივნეული თემაა. სცენარისტი ძალიან აქტუალურ პრობლემას ეხება. ამ როლზე მუშაობა საინტერესოა. მიხარია, რომ ჩემი შესრულებული პერსონაჟით შევეხე ამ პრობლემას და სტიმულს მივცემ იმ გოგონებს, რომლებსაც შვილები ჰყავთ, მეუღლეებთან დაშორებულები არიან და ახალი ურთიერთობის აწყობა უნდათ. როგორ შეიძლება, მომავალმა სადედამთილომ სარძლო იმის გამო დაიწუნოს, რომ მას შვილი ჰყავს, ეს კოშმარია, რა მენტალიტეტია, ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა იყოს.

თამუნა კვინიკაძე