"არ შეშინდეთ, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება" - გზაპრესი

"არ შეშინდეთ, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება"

ბატონი სერგო შავგულიძე 42 წელია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს. 21 წლის იყო, როცა ლექციის წასაკითხად აუდიტორიაში შეუშვეს, სადაც ასაკით მასზე უფროსი ადამიანებიც სწავლობდნენ... ბატონი სერგო, ბევრ სხვა საინტერესო ამბავთან ერთად, არა მარტო 5G, არამედ 6G ტექნოლოგიებზეც გვიამბობს.

- ტექნიკურ უნივერსიტეტში არ დავბადებულვარ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აქ გავიზარდე, ვინაიდან ჩემი მშობლები ამ სასწავლებელში მუშაობდნენ (მამა ლექტორი იყო და დედა უნივერსიტეტის პოლიკლინიკის ექიმი). მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი წარჩინებით დავამთავრე და ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრაზე სამუშაოდ დამტოვეს. პირველი ლექცია 1980 წლის ოქტომბერში წავიკითხე. გუშინდელივით მახსოვს ეს ლექციაც და მისი შინაარსიც. იმ პერიოდში 21 წლის ვიყავი და ვინაიდან ლექციებს მაღალი კურსის სტუდენტებს ვუკითხავდი, ბევრი მათგანი ასაკით ჩემზე უფროსი იყო. ამიტომ ვცდილობდი, მათთან მეგობრული ურთიერთობა მქონოდა. ეს დამოკიდებულება სტუდენტებთან დღემდე შენარჩუნებული მაქვს. არასდროს ვყოფილვარ მკაცრი ლექტორი. ყოველთვის ვცდილობდი სტუდენტებისათვის მაქსიმალურად სასარგებლო ინფორმაცია მიმეწოდებინა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, ისინი უკეთეს საქართველოს ააშენებენ!

- როცა პროფესიული არჩევანის წინაშე იდექით, კომუნიკაციებზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?

- ყველა საგანს ერთნაირად კარგად ვსწავლობდი და სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. შესაბამისად, ერთი გამოცდის ფრიადზე ჩაბარებით ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში შემეძლო მოვწყობილიყავი. დედაჩემი ექიმი იყო და ძალიან უნდოდა სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა. ჩემი ბიძა (დედაჩემის ძმა), პროფესორი გივი ინწკირველი - ცნობილი იურისტი და მრავალი თაობის აღმზრდელი, ძალიან მოწადინებული გახლდათ, რომ იურისტი გამოვსულიყავი. მამაჩემი, ასევე პროფესორი ანზორ შავგულიძე ინჟინერი იყო და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას. სწორედ მან შემირჩია მომავალი სპეციალობა. იმ პერიოდისთვის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი ახალი დაარსებული იყო და ტელეკომუნიკაცია პერსპექტიულ დარგად ითვლებოდა. მეც შევხვდი ფაკულტეტის იმდროინდელ დეკანს, პროფესორ თამაზ კუპატაძეს და ახალგაზრდობას, რომელიც ამ ფაკულტეტზე მუშაობდა. მქონდა მათთან ხანგრძლივი საუბარი, მომეწონა მათი მუშაობის სტილი და მივხვდი, ამ მიმართულებით ბევრი ახალი საქმის გაკეთება შეიძლებოდა.

335035086-1346488915920419-4693680446307076150-n-1679390487.jpg

- შეგიძლიათ გაავლოთ პარალელი 50 წლის წინანდელ და დღევანდელ ტექნოლოგიებს შორის?

- არა მგონია, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ტექნოლოგიების კუთხით, რომელიმე საინჟინრო დარგს ისეთი გიგანტური ნახტომი გაეკეთებინა, როგორიც ტელეკომუნიკაციებს. ელექტრონული ფოსტით პირველი კომუნიკაცია 1971 წელს განხორციელდა და ძირითადად მთავრობის შიდა კავშირისათვის გამოიყენებოდა, მოგვიანებით კი კოლეჯებსა და უნივერსიტეტებშიც დაიწყეს მისი მოხმარება. მობილური ტელეფონების პოპულარობა 1980-იან წლებში გაიზარდა, ინტერნეტი კი 90-იანებში გამოჩნდა. ათასწლეულის ბოლოს, ინტერნეტი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა და კომპანიებმა მთელ მსოფლიოში დაიწყეს ბრძოლა პოტენციური ბიზნესშესაძლებლობების გამოსაყენებლად, რომლებიც აშკარად გამოიკვეთა ჰორიზონტზე. საბოლოოდ, მივედით გადაცემის თანამედროვე ციფრულ ბოჭკოვან-ოპტიკურ და მე-5 თაობის (5G) უსადენო მობილურ სისტემებამდე. ტექნოლოგიური განვითარების ტემპი შენელების ნიშნებს არ გვიჩვენებს. უწყვეტი ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტი, რობოტოტექნიკა, საგნების ინტერნეტი და დაკავშირების სხვა ვარიანტები მხოლოდ რამდენიმეა, უკვე რეალიზებული შესაძლებლობებიდან. აღვნიშნავ, რომ მრავალი ათეული წელია საქართველოში მნიშვნელოვანი კვლევები ხორციელდება ტელეკომუნიკაციების მიმართულებით, რაც მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოცემული პუბლიკაციებით დასტურდება.

- "ხალხურ ენაზე", შესაძლებლობების ფარგლებში აგვიხსენით, რა არის 5G ტექნოლოგია. მოგეხსენებათ, ამ თემის ირგვლივ საკმაოდ დიდი სკანდალი აგორდა არცთუ დიდი ხნის წინ...

- 5G ეს არის მობილური ქსელის ახალი გლობალური უსადენო სტანდარტი 1G, 2G, 3G და 4G ქსელების შემდეგ. 5G აფორმირებს ახალი ტიპის ქსელს, რომელიც შექმნილია პრაქტიკულად ყველას და ყველაფრის ერთმანეთთან დასაკავშირებლად: მანქანების, ობიექტებისა და მოწყობილობების ჩათვლით. 5G უსადენო ტექნოლოგია მიზნად ისახავს მონაცემთა უფრო მაღალი მულტიგიგაბიტი წამში გადაცემის სიჩქარის, ულტრადაბალი შეყოვნების, გაზრდილი საიმედოობის, გამტარუნარიანობის, ხელმისაწვდომობის და უფრო ერთგვაროვანი სამომხმარებლო ინტერფეისის გამოყენებას მომხმარებლების დიდი რაოდენობისთვის. მაღალი პროდუქტიულობა და გაუმჯობესებული ეფექტიანობა აფართოებს მომხმარებლების შესაძლებლობებს და აკავშირებს ახალ ინდუსტრიებს. რაც შეეხება სკანდალს, ეს გამოწვეული იყო 5G ტექნოლოგიების ფუნქციონირების პროცესში ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებით. დღეისათვის ეს პრობლემა მოგვარებულია და პრაქტიკულად, ყველა ქვეყანას აქვს სპეციალური რეგულაციები, რათა დაიცვას საზოგადოების ჯანმრთელობა ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედებისგან, რაც მოიცავს 5G ტექნოლოგიებსაც. ამასთან, ეს რეგულაციები სპეციფიკურია ყველა ქვეყნისთვის და ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, სრულად არ მიჰყვებოდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დადგენილ წესებს ან არაიონიზებული გამოსხივებისგან დაცვის საერთაშორისო კომისიის (ICNIRP) მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო მითითებებს.

- 6G ტექნოლოგიებზეც გამოცემული გაქვთ სამი წიგნი, თანაავტორებთან ერთად. რისთვის არის ტექნოლოგიების ასეთი განვითარება საჭირო და რა პლუსები აქვს ამას?

- მიუხედავად იმისა, რომ 5G ფიჭური სისტემების განთავსება მიმდინარე ათწლეულშიც გაგრძელდება, უკვე ძალიან დიდი ინტერესი ჩნდება ისეთი ტექნოლოგიების მიმართ, რომლებიც საფუძვლად დაედება მის მემკვიდრეს, მეექვსე თაობას, ანუ 6G-ის. აკადემიური წრეების, სამრეწველო განვითარების ჯგუფებისა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ დაწყებულია მნიშვნელოვანი კვლევითი აქტივობები, რათა 6G-ის კუთხით განისაზღვროს ხედვა, მოთხოვნები და მხარდამჭერი ტექნოლოგიები. ჩვენს სამ წიგნში მოცემულია 6G-ის მიმოხილვა, რომელიც გაკეთებულია უახლეს პუბლიკაციებსა და სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობით. მათი მთავარი მიზანია შეისწავლოს ევოლუცია არსებული 5G ქსელებიდან მომავალი 6G ქსელებისკენ მომსახურების, რადიოინტერფეისის და ქსელის პერსპექტივებიდან გამომდინარე, რითაც, ჩვენი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს ხედვა 6G ქსელების მიმართულებით. მოსალოდნელია, რომ 6G შემოიტანს ქსელის ტექნოლოგიებს 5G-სთან შედარებით მაღალი გამტარუნარიანობით, მასობრივი კავშირებით და ფართო დაფარვით, რაც უზრუნველყოფს საგნების ინდუსტრიულ ინტერნეტს, რომელიც მოითხოვს ულტრადაბალ შეყოვნებას და ულტრამაღალ საიმედოობას. უპილოტო საფრენი აპარატების ფართომასშტაბიანი და მუდმივად მზარდი გამოყენება აპლიკაციების ფართო სპექტრში და კოსმოსური ინტერნეტსერვისების შეთავაზება დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრების მეგათანავარსკვლავედებით, გახდება 6G უსადენო მიწისზედა ქსელების ძირითადი ნაწილი მომდევნო ათწლეულში. ცალკე გამოვყოფ ერთ თემას: უსაფრთხოება ნებისმიერი საკომუნიკაციო ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ ის ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი და ნაკლებად შესწავლილი საკითხი. უსადენო ქსელებში, დიზაინის მთავარი აქცენტი, როგორც წესი, მონაცემთა გადაცემის სიჩქარეა და უსაფრთხოების მოთხოვნა მეორეხარისხოვანი ხდება. 5G ქსელების ერთ-ერთი სუსტი მხარე დაბალი კიბერუსაფრთხოებაა. ამიტომაც, ჩვენი ბოლო წიგნი მთლიანად მიძღვნილია უსაფრთხობის ახალი ტექნოლოგიებისადმი 6G ქსელებისთვის. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადი შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და კომუნიკაციების კომისიას აღნიშნული წიგნების გამოცემის პროცესში გაწეული თანადგომისთვის.

- რა არის თქვენი სამეცნიერო ინტერესების სფერო?

- ჩემს სამეცნიერო ინტერესების სფეროს შეადგენს ინფორმაციის თეორია, ხელშეშლამდგრადი კოდირების თეორია, მოდულაცია-კოდირების სისტემები და მრავალანტენიანი ტექნოლოგიები. გამოქვეყნებული მაქვს 180 სამეცნიერო ნაშრომი, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. მონაწილეობა მაქვს მიღებული მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციისა და სიმპოზიუმის მუშაობაში. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად და ლექციების ციკლის წასაკითხად 1992-2023 წლებში მრავალჯერ ვიმყოფებოდი მიწვეულ პროფესორად გერმანიის დარმშტადტის, კონსტანცის, კიოლნის, ულმისა და ესენის, დანიის ლინგბიუს, შვედეთის ლინჩოპინგისა და ლუნდის, ინგლისის ლანკასტერის უნივერსიტეტებში, სადაც ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით დაცულია 10-მდე სადოქტორო დისერტაცია. ჩემი ბევრი ყოფილი დოქტორანტი მუშაობს მაღალაკადემიურ თუ ინდუსტრიულ პოზიციებზე.

გერმანიის ულმის უნივერსიტეტში ვიზიტის დროს ვეხმარებოდი დოქტორანტ იურგენ ფროიდენბერგერს დისერტაციის მომზადებაში და ჩვენ ერთობლივად გამოვაქვეყნეთ რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. დისერტაციის დაცვიდან დაახლოებით 6-7 წლის შემდეგ, იურგენი თავად აირჩიეს პროფესორად გერმანიის კონსტანცის უნივერსიტეტში. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, ის იყო, რომ მთხოვა ამიერიდან მევლო მასთან კონსტანცში და დავხმარებოდი უნივერსიტეტში სატელეკომუნიკაციო მიმართულების დაფუძნების და განვითარების პროცესში. და მართლაც, 2011 წლიდან რეგულარულად ვსტუმრობ კონსტანცის უნივერსიტეტს და ჩვენ ერთად, ეფექტიანად ვმუშაობთ იქაურ დოქტორანტებთან.

334922491-764178891552461-5036377465678459967-n-1679390500.jpg

- რას გვეტყვით საერთაშორისო ორგანიზაციებში თქვენს საქმიანობაზე?

- საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) სპეციალიზებული ქვეორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებზე და განთავსებულია ჟენევაში (შვეიცარია). მონაწილეობა მივიღე ITU-ის ეგიდით ჩატარებულ მრავალ ღონისძიებაში. რადიოსაკომუნიკაციო ასამბლეებზე, 2015 წელს პირველი ოთხწლიანი ვადით, ხოლო 2019 წელს მეორე ოთხწლიანი ვადით ამირჩიეს ITU-ის რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-5 შემსწავლელი ჯგუფის (ტერესტრიალური სერვისები) თავმჯდომარის მოადგილედ. აღვნიშნავ, რომ დღეისათვის მე ვარ საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ITU-ში. ზოგადად, ITU-ის შემსწავლელი ჯგუფები ქმნიან ტექნიკურ საფუძველს რადიოკომუნიკაციის მსოფლიო კონფერენციებზე მიღებული გადაწყვეტილებებისთვის და შეიმუშავებენ გლობალურ სტანდარტებს (რეკომენდაციებს), ანგარიშებს და სახელმძღვანელოებს რადიოკომუნიკაციის საკითხებზე...

გარდა ამისა, 2007-2008 წლებში არჩეული ვიყავი ნატოს "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" კომიტეტის საკონსულტაციო ჯგუფის "ინფორმაციისა და კომუნიკაციების უსაფრთხოება" ექსპერტად და წელიწადში ორჯერ ვმონაწილეობდი აღნიშნული ჯგუფის შეხვედრებში (ბრიუსელი, ბელგია). ორწლიანი მისიის დასრულების შემდეგ, ნატოდან მიღებულ წერილში ხაზგასმულია ჩემი მაღალი პროფესიონალური დონე და გამოხატულია დიდი მადლიერება აღნიშნული პროგრამის მაღალი სამეცნიერო ხარისხის შენარჩუნებისათვის.

- ადამიანი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ - ვინ არის ასეთი თქვენთვის?

- ბევრი საინტერესო ადამიანი შემხვდა ცხოვრების გზაზე, მაგრამ ერთ მათგანს მაინც გამოვყოფ: ეს გახლდათ ამერიკელი მეცნიერი ჯეიმს მესი, რომელიც ჩვენი დარგის ერთ-ერთი აღიარებული სპეციალისტი იყო და ყოველთვის გამოირჩეოდა უბრალოებით, თანადგომით, ხელშეწყობის სურვილით. წლების განმავლობაში მისგან ბევრი რამ ვისწავლე...

უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ავტორები ხშირად იმეორებდნენ ჩემ მიერ მიღებულ სამეცნიერო შედეგებს, მაგრამ ამას აკეთებდნენ 2-3 წლის დაგვიანებით. მაგალითისათვის, 1988 წელს (ბულგარეთი, ვარნა), 1989-ში (შვედეთი, გოტლანდი) და 1991-ში (დიდი ბრიტანეთი, კრიფი) ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებზე, ჩემ მიერ პირადად იქნა წარმოდგენილი განზოგადებული კასკადური კოდირების კონკრეტული სქემა ყველა ტიპის კოსმოსურ და თანამგზავრულ კავშირის სისტემებში გამოსაყენებლად. ეს სქემა შესწავლილი იყო ჩემს სადოქტორო დისერტაციაში (1991) და მისი პრაქტიკული რეალიზაცია დაწყებული გახლდათ ყოფილი საბჭოთა კავშირის კოსმოსურ სისტემაში "რეგატა". აღნიშნული სისტემა იძლეოდა დამატებით 0.7-0.8 დეციბელ ენერგეტიკულ მოგებას ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) და ჩრდილოეთ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს (NASA) სტანდარტთან შედარებით. 1993 წლისათვის ზუსტად იდენტური კოდირების სქემა შესწავლილი და სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნებული იქნა ამერიკულ ლაბორატორიაში (Jet Propulsion Laboratory) მომუშავე სპეციალისტების მიერ, რომლებმაც მიუთითეს რა ჩემი პირველი, პიონერული, 1988 წლის ნაშრომი, სამწუხაროდ, ინფორმაციის უქონლობის თუ სხვა მიზეზების გამო, აღარ მოახდინეს ამ მიმართულებით ჩვენი შემდგომი (1989 და 1991 წლის) შრომების ციტირება. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კასკადური კოდირების სისტემა შემდგომში წარმატებით იქნა გამოყენებული ამერიკული კოსმოსური ხომალდის - "გალილეოს" ტელეკომუნიკაციით უზრუნველყოფის პროცესში პლანეტა იუპიტერის შესწავლისას. რა თქმა უნდა, აღნიშნული ჩვენს გარკვეულ გულისტკენას იწვევდა და ამ საკითხებთან დაკავშირებით გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით და მსგავსი გაუგებრობების მომავალში თავიდან ასაცილებლად, პროფესორმა ჯეიმს მესიმ შემოგვთავაზა ინგლისურ ენაზე გამოგვექვეყნებინა ე.წ. მიწვეული სტატია (Invited Paper) - შესავალი განზოგადებულ კასკადურ კოდებში, რომელიც 1999 წელს გამოვიდა ევროპის წამყვან სატელეკომუნიკაციო ჟურნალში და რომლის რედაქტორიც თვითონ იყო. ამის შემდეგ ასეთი გაუგებრობა აღარ მომხდარა და ყველა უცხოელი ავტორი ამ თემატიკით გამოქვეყნებულ სტატიებში, ჩვენს ამ ნაშრომს უთითებდა.

- რომელი დრო უფრო საინტერესო იყო თქვენთვის, როცა ნელ-ნელა ვითარდებოდა ქვეყანა თუ ახლანდელი, როცა არ არის ადვილი სიახლეებს აუწყო ფეხი, რადგან ყველაფერი დიდი სისწრაფით იცვლება, ვითარდება...

- ვფიქრობ, ყველა დრო თავისებურად საინტერესოა. თუ ტელეკომუნიკაციებს დავუბრუნდებით, მიმაჩნია, რომ მომავალი ტექნოლოგიები დასაბამს დაუდებს ახალ შესაძლებლობებს, ახალ მომსახურებებს და ხელს შეუწყობს მსოფლიო გლობალური საზოგადოების მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. სავარაუდოდ, გზა გაეხსნება საკომუნიკაციო, გამოთვლითი და მონაცემთა ტექნოლოგიების კიდევ უფრო მეტ დაახლოებას, რაც გამოიწვევს კვლევების ინტერდისციპლინურობას. ვცდილობ სიახლეებს მაქსიმალურად ავუწყო ფეხი და ჩემს კვლევებში ყველა თანამედროვე მიდგომა გამოვიყენო.

- დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, ადამიანების პანიკა, რომ მალე შესაძლოა მუშახელი ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლოს, საფუძვლიანია?

- არ შეშინდეთ. ვფიქრობ, რომ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება.

ლიკა ქაჯაია