ალექსი ჭიკაძე: "ხვრინვა და ძილის დარღვევა ძალზე სახიფათო მოვლენებია" - გზაპრესი

ალექსი ჭიკაძე: "ხვრინვა და ძილის დარღვევა ძალზე სახიფათო მოვლენებია"

რომელზეც ღიმილით და მსუბუქი იუმორითაც საუბრობენ, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა: სპეციალისტების თქმით, ხვრინვა, ეს საშიში მოვლენაა, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებზე და სუნთქვის პროცესის დარღვევაზე მიანიშნებს. მეცნიერული კვლევებიც ადასტურებს, რომ ხვრინვა სულაც არ არის სახუმარო რამ... თემაზე ჟურნალ "გზის" მკითხველისთვის მეცნიერების აკადემიურმა დოქტორმა, ნეიროფიზიოლოგმა ალექსი ჭიკაძემ ისაუბრა:

- ჩვენი ინტერვიუ ყველასთვის საინტერესო შეკითხვით უნდა დავიწყოთ: რა იწვევს ხვრინვას?

- საერთოდ, ხვრინვა მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში, თუმცა, ქალებიც ხვრინავენ, ზოგჯერ - ბავშვებიც. რა იწვევს ხვრინვას? - ამის განსაზღვრა რთულია, მაგრამ დეფინიცია ასეთია: ხვრინვა, ეს არის ზედა სასუნთქი გზების რბილი ქსოვილების ვიბრაციის შედეგად წარმოქმნილი ხმა, რომელიც ჰაერის ნაკადის ცუდად გატარების შედეგად წარმოიქმნება. ხვრინვის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორ პოზაში ძილი, როცა ადამიანს თავი მოუხერხებლად უდევს; შეიძლება ლარინგოლოგიური პრობლემებით იყოს გამოწვეული, მაგრამ ჩვენი ინტერესის საგანია ის, რომ ხვრინვა ნებისმიერ ვარიანტში ძილის დროს ვითარდება. ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეიძლება ღვიძილის დროს ხვრინავდეს. ჯერ იწყება ხვრინვა, შემდეგ ვითარდება ძილის აპნოეს ცალკეული ეპიზოდები, ბოლოს კი ყალიბდება ძილის აპნოეს სინდრომი, როგორც დაავადება.

- ხვრინვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია პოლიპები, ცხვირის ძგიდის გამრუდება ან ზედმეტი წონა...

- გეთანხმებით, მაგრამ ადამიანი იმავე ცხვირით სუნთქავს დღისით, როცა ღვიძავს და შესაძლოა პოლიპებიც ჰქონდეს, მაგრამ ამის გამო არ ხვრინავს. ცხადია, ყველა ანატომიური დეფექტი უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძილში ხვრინვა აღარ განუვითარდება. მთავარი მიზეზი რთული ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმია, რომელიც სუნთქვის პროცესს უკავშირდება ძილის დროს - სწორედ აქ არის პრობლემა, რომელიც განაპირობებს ამ მოვლენას. პოლიპების მოცილება ან გამრუდებული ძგიდის გასწორება ვერ იძლევა სრულყოფილ გარანტიას, რომ ადამიანი აღარ იხვრინებს. მით უმეტეს, ვერ დაიცავს, თუ უკვე ჩამოყალიბებულია აპნოეს სინდრომი ანუ სუნთქვის მოშლა ძილის დროს. თუ ეს სინდრომი უკვე ჩამოყალიბდა, ადამიანს აუცილებლად ექნება სუნთქვის პერიოდული შეკავება, რაც სერიოზული პრობლემაა.

- ხვრინვა ნორმალური სუნთქვის დარღვევაა, მაგრამ აუხსენით ჩვენს მკითხველს - რა არის აპნოეს სინდრომი?

- აპნოეს სინდრომი - ეს სუნთქვის შეჩერებაა. ამით ორგანიზმი ცდილობს აღიდგინოს ნახშირორჟანგის აუცილებელი დონე, რომელიც სუნთქვისთვის არის საჭირო. ძილის აპნოე იწვევს ძილის სტრუქტურის დარღვევას: ამ დროს ის ზედაპირული ხდება, პაციენტი ხშირად იღვიძებს და წყვეტილი ძილი უყალიბდება, რაც პირველი მტერია წონის კორექციისა. ამ დროს ენდოკრინული პრობლემები წარმოიშობა, ადამიანი დაღლილობას და მოთენთილობას გრძნობს, მთელი დღე ეძინება და სუსტადაა. პაციენტები ხშირად გვეკითხებიან: შეიძლება წონაში დავიკლო და აღარ ვიხვრინოო? ბევრი რამეა შესაძლებელი, მაგრამ მხოლოდ საწყის ეტაპზე, როცა ხვრინვის ეპიზოდები ახალი დაწყებულია. ამ დროს ზედმეტი წონის დაკლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. უნდა აღინიშნოს, რომ ხვრინვის და აპნოეს ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი სიგარეტი და ალკოჰოლია: სიგარეტი ფილტვების და სასუნთქი გზების მთავარი მტერია ისევე, როგორც ალკოჰოლი, რომელიც რბილი ქსოვილების სტრუქტურას აზიანებს და სუნთქვას უშლის ხელს.

- რა საფრთხეს შეიცავს ხვრინვა?

- ხვრინვა და ძილის აპნოე - ეს ორი კომპონენტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ძილის აპნოე ხვრინვის გარეშე არ გამოიხატება, რადგან ორივე შემადგენელი ნაწილია სუნთქვის მოშლისა. ყველაფერი ხვრინვით იწყება, მერე კი აპნოეს სინდრომიც ყალიბდება. აპნოეს ახასიათებს თანმხვედრი მოვლენები: კარდიოვასკულარული გართულებები, მენტალური დარღვევები, დღის ძილიანობა, მოთენთილობა, სისუსტე და ა.შ... თუ ადამიანს დღისით ეძინება, ეს არის ნიშანი, რომ ღამით სათანადოდ არ სძინავს. თანაც, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რამდენ ხანს სძინავს, მთავარია, სრულყოფილი ფიზიოლოგიური ძილი ჰქონდეს: შეიძლება 4-5 საათი ეძინოს, მაგრამ სრულყოფილი გამოძინების შეგრძნება ჰქონდეს, მაგრამ შეიძლება 10 საათი იწვალოს, მაგრამ მაინც ვერ გამოიძინოს. ხვრინვისას ადამიანი ხშირად წყვეტს ძილს და სუნთქვას აჩერებს, რაც ძალიან საშიში მოვლენაა: ამას შეიძლება მოჰყვეს ინფარქტი, ინსულტი ან გული საერთოდ გაჩერდეს. ასე რომ, ხვრინვა სახუმარო მოვლენა არ არის.

- როდის მოდიან პაციენტები თქვენთან სამკურნალოდ?

- როცა სუნთქვის შეკავება დაიწყება, მანამდე იტანენ, მაგრამ ეს ცეცხლთან თამაშია. როცა სუნთქვის რიტმი ირღვევა, ეს შეიძლება ბრონქების და ფილტვების დაავადებების ბრალიც იყოს, თუმცა, არ შეიძლება ერთი ფაქტორით შევაფასოთ - აპნოეს მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს. როგორც წესი, ჩვენთან ისეთი პაციენტები მოდიან, რომლებსაც ძილის რიტმი უკვე დარღვეული აქვთ. მათ გამოკვლევას ვუტარებთ - ეს არის ძილის აპნოეს დიაგნოსტიკის "ოქროს სტანდარტი" - პოლისონოგრაფიული კვლევა, რომლის დროსაც ვადგენთ მდგომარეობის სიმძიმეს. ადამიანი, რომელიც ხმამაღლა ხვრინავს, ხშირად ახლობლებს, მეუღლეს და პარტნიორსაც აწუხებს, მას ცალკე ოთახში სძინავს, რადგან ბავშვები ტირიან, როცა მას უყურებენ. ხშირია შემთხვევა, როცა ისინი ოჯახს ქმნიან და მერე იგებენ, რომ თურმე, ხვრინავენ. როცა ადამიანი ცალკე ცხოვრობს, ამას ვერ იგებს, მაგრამ როცა აპნოეს სინდრომი ჩამოყალიბდება, მერე უკვე სუნთქვის შეკავების ეშინიათ და სამკურნალოდ მოდიან. ზოგიერთი პაციენტი ამბობს, ღამის დადგომის და დაძინების მეშინიაო, სავარძელში სხედან და ისე სძინავთ. აპნოეს დროს სისხლში ჟანგბადის შემცველობა ანუ სატურაცია იმდენად ეცემა, რომ ადამიანი შეიძლება ცუდად გახდეს და რეანიმაციაში მოხვდეს. უფრო მეტიც, შეიძლება ამან მოულოდნელი სიკვდილიც გამოიწვიოს.

al-1679390673.wikadze.jpg

- როგორია ძილის აპნოეს მკურნალობის "ოქროს სტანდარტი"?

- "ოქროს სტანდარტი" ჰაერის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ თერაპიას როგორც კი ვიწყებთ, პაციენტები ხვრინვას იმ დღესვე წყვეტენ, ხოლო აპნოეს ეპიზოდები 80-90 პროცენტში საერთოდ აღარ აქვთ. ეს არის ხანგრძლივი მკურნალობა, მაგრამ შედეგიანი. ეს სახლის თერაპიაა: დიაგნოსტიკის მერე, როცა დაუდგინდება აპნოეს სიმძიმე და ხასიათი, პაციენტს სპეციალური რეჟიმს და ნიღაბს ვურჩევთ. სიპაპის მეთოდი მიჩნეულია აპნოეს სინდრომის ძირითად მკურნალობად. "სიპაპ" აპარატები ერთმანეთისგან განსხვავდება. აპარატის გამოყენების წინ პაციენტი გადის კონსულტაციას სომნოლოგთან და ასე ხდება სიპაპ აპარატის პარამეტრების დადგენა. არსებობს სახის და ცხვირის ნიღაბი, რომელთა არჩევა შეიძლება ძილის აპნოეს სიმძიმის მიხედვით. სიპაპ თერაპიის შედეგად უმჯობესდება ღამის ძილი, ასევე - ქსოვილების მომარაგება ჟანგბადით და ხელს უწყობს გულის მუშაობას. სიპაპ თერაპია მნიშვნელოვნად აქვეითებს ძილის აპნოესთვის დამახასიათებელ რისკს. უმჯობესდება პაციენტის შრომისუნარიანობა, მისი ემოციური ფონი. ეს აპარატები ყოველღამე, ძილის დროს უნდა გამოიყენოს, ოღონდ ინდივიდუალური რეჟიმის განსაზღვრა აუცილებელია.

- რამდენად ეფექტიანია ეს მეთოდი და რა შემთხვევაში შეიძლება პაციენტმა ხვრინვა შეწყვიტოს?

- ვინც ამ მოწყობილობას გამოიყენებს, აღარ ხვრინავს. რაც შეეხება ხვრინვის შეწყვეტას, ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ხანგრძლივი მართვა სჭირდება. მთავარი იცით, რა არის? - პაციენტი დაცულია იმ მძიმე შედეგებისგან, რომელსაც ძილის აპნოეს სინდრომი იწვევს: როგორც გითხარით, ეს შეიძლება იყოს ინსულტი, ინფარქტი, მეხსიერების პრობლემები და მრავალი გართულება, მათ შორის, გახშირებული შარდვა და იმპოტენციაც... ჩვენ პაციენტებს ვიდეოსაც ვუღებთ და ვადგენთ, გვერდული წოლის დროს ხვრინავს თუ გულაღმა წოლისას. შეიძლება წონის ბრალიც იყოს, ამ დროს ვურჩევთ, რომ წონაში დაიკლოს და ფეხით მეტი იაროს. 3 თვის მერე გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს და თუ ამდენი მცდელობის შემდეგ მაინც ხვრინავს, ე.ი. უნდა იმკურნალოს.

- დამოკიდებულია თუ არა ხვრინვა ასაკზე?

- ასაკი განმსაზღვრელი არ არის, რადგან შეიძლება ბავშვიც ხვრინავდეს, მაგრამ ძირითად შემთხვევებში, საშუალო ასაკამდე ხვრინვის პრობლემა არა აქვთ.

- რა შემთხვევაში ხვრინავენ ბავშვები?

- ეს შეიძლება იყოს ლარინგოლოგიური პრობლემების ბრალი, თუნდაც, იმავე პოლიპების და რადგან ცხვირზე ოპერაცია 15 წლამდე მოსარიდებელია, საჭიროა დახმარება, რომ ბავშვის ორგანიზმში სატურაციის ნაკლებობა არ იყოს. მანამ, სანამ მოზარდი მიაღწევს იმ ასაკამდე, როცა ოპერაცია დასაშვებია, ნორმალური სატურაცია უნდა შევინარჩუნოთ

- დაბოლოს, იქნებ რამდენიმე რჩევა მოგვცეთ...

- ვინც ხვრინავს, უნდა გაიკეთოს საფუძვლიანი გამოკვლევა და დარწმუნდეს, ხვრინვასთან ერთად აქვს თუ არა სუნთქვის მოშლა და სუნთქვის შეკავება. საჭიროა ძირეული კვლევა, დათვალიერება, მკურნალობის მეთოდები რომ განისაზღვროს: კარგია ორთოპედიული მატრასის და ორთოპედიული ბალიშის გამოყენებაც. თუ დავინახავთ, რომ პაციენტი გვერდზე წოლისას არ ხვრინავს, მაშინ სპეციალურ ქამარს ვურჩევთ, რომელსაც იკეთებენ და ზურგზე ვეღარ დაწვებიან. ოღონდ, ეს საწყის ეტაპზე მოქმედებს. სუნთქვის სისტემის მოშლა სულ სხვა, ძალიან რთული პროცესია, რომლის უკან ნეიროფიზიოლოგიური დარღვევები დგას. როგორც ხედავთ, ხვრინვის მიზეზი და მისი მკურნალობის გზა უამრავია, მაგრამ მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია, ყველაფერში ზუსტად გაერკვეს და სათანადო მკურნალობა დაუნიშნოს პაციენტს.

ხათუნა ჩიგოგიძე