"დათო ტურაშვილის დიდი და მტკივანი გულიც გადაიტანს ამ შემოტევებს..."
ხელისუფლების განცხადებები ქართველი ხალხის მწვავე რეაქციების საპირწონედ და ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრებას; კიდევ უფრო ძლიერი განხეთქილება საზოგადოებაში, ახალი თავდასხმები იმ მწერლებსა და პოეტებზე, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას არ იზიარებს - ეს არის თემები, რომელთა გარშემოც არაერთი წიგნის ავტორებმა - ბექა ქურხულმა, რატი ამაღლობელმა და როსტომ ჩხეიძემ ჟურნალის "გზა" მკითხველებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
ბექა ქურხული, სამხედრო ჟურნალისტი, მწერალი:
- ე.წ. კანონპროექტის საკითხს, ყველაზე უკეთესად "რაშა თუდეის" ხელმძღვანელის, მარგარიტა სიმონიანის განცხადება ჰფენს ნათელს: - თუ ამ კანონს არ მიიღებთ ქართველები, ახლა თქვენთან ჯაჯგურისთვის არ გვცალია, ჯარსაც არ დავძრავთ, მაგრამ რამდენიმე უმართავ ბალისტიკურ რაკეტას გამოვუშვებთ თბილისზე და სადაც დაეცემა, დაეცეს, ქართველებს კი გეყოფათ გონზე მოსასვლელადო... ასევე ცოფებს ყრიდა კრემლის მეორე "შტატიანი გებელსი" სოლოვიოვიც: როგორ გაბედეს "ქართველმა ნაციონალისტებმა" და "რევანშისტებმა", რომ გააპროტესტეს, თან ღიად და დაუფარავად სკანდირებდნენ - სოხუმი! სოხუმიო!..
ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი და გასაგებია!.. როდესაც შენი და შენი მოსისხლე მტრის, ოკუპანტის ნარატივი ერთმანეთს ემთხვევა, როდესაც კრემლის განცხადებებს სიტყვასიტყვით იმეორებ, ეს ნიშნავს, რომ როგორც ხელისუფლება, პირდაპირ კრემლიდან იმართები. ამას ვეღარც და აღარც უარყოფს მრავალტანჯული და მრავალჯერ გაყიდული "ქოცების" მთავრობა. უკვე არანაირი კითხვის ნიშანი და - "იქნებ ცდებიან" და "იქნებ რაღაც ხდება" - აღარ არსებობს. ყველაფერი დღესავით ნათელია - ხელისუფლება სრულიად განუდგა საკუთარ ხალხს და ქვეყანას!.. არა მარტო დღეს, უკვე კარგა ხანია, ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებასა და განსაკუთრებით ახალგაზრდობას შორის სრული ეგზისტენციალური და მენტალური აცდენაა... ხელისუფლება ცუდადაც იქცევა და სულელურადაც, როდესაც ახალგაზრდობის სახით - არც მეტი, არც ნაკლები - დროსა და ეპოქას ებრძვის, რაც სრული იდიოტიზმია... თუ ვინმემ არ იცის, ახალგაზრდობა მხოლოდ ასაკობრივი კატეგორია არ არის: 90 წლის ქალბატონი მზექალა შანიძე გაცილებით ახალგაზრდა და თანამედროვე გახლავთ, ვიდრე 35 წლის ირაკლი ღარიბაშვილი ან ირაკლი კობახიძე.
ჯერ კიდევ მაშინ, დღევანდელი თინეიჯერების ასაკისანი რომ ვიყავით, დიდი მერაბ კოსტავა აფრთხილებდა ჩვენს პლეადას, - მთავარი ბრძოლა საქართველოს გათავისუფლებამდე კი არა, საქართველოს გათავისუფლების შემდეგ დაიწყებაო, - და ასეც მოხდა. საქართველოს 5000-წლიანი ისტორია უწყვეტი ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, ასე იყო ჩვენი წინაპრების, ჩვენი მამა-პაპის დროს, ასეა ახლაც და ასე იქნება 100 და 1000 წლის შემდეგაც... საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას კომპრომისი, გამონაკლისი და წუთშესვენება არა აქვს და ვერც ექნება! ზოგჯერ საკითხი ძალიან მარტივად დგას - არ გინდა ბრძოლა თავისუფლებისთვის, მაშინ შეწყვიტე ომი, დაყარე იარაღი, დანებდი მტერს და დაელოდე, როდის მოჰბეზრდება შენი უსიტყვო მორჩილება, როდის გამოგჭრის ყელს ზიზღით, სამსხვერპლოზე მოყვანილი ზვარაკივით...
- როგორ ფიქრობ, არ ელოდნენ ასეთ რეაქციას?
- მე ის უფრო მიკვირს, რატომ დაიჯერეს, რომ ქართველი ხალხი უტყვ და უმწეო ზვარაკად იქცა?.. განგვიცხადეს და გავიგეთ, რომ "წიგნი და განათლება სხვადასხვა რამეა" და რომ "ღალატს განათლება არ სჭირდება..." შესაბამისად, სტრაბონის, ჯუანშერის, ლეონტი მროველისა და ვახუშტი ბაგრატიონის ისტორიულ ქრონიკებში ჩახედვას ვინ მოგთხოვთ, მაგრამ თქვენს წინამორბედებს მაინც გადახედეთ, თქვე უბედურებო, ჰკითხეთ და მოგიყვებიან, ბოლოს ვინ ზვარაკი გამოდგა და ვინ - გაბრაზებული და კბილებდაკრეჭილი ალგეთის რუხი მგელი... მაშინ, როცა თქვენს ივანიშვილს დახლი სულ ახალი გამოშლილი ჰქონდა, ვაჭრობასა და აღებმიცემობას სწავლობდა, ედუარდ შევარდნაძე ყველაზე დიდი იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რონალდ რეიგანს, ჰელმუტ კოლსა და ჟაკ შირაკს "ტეტ-ა-ტეტ" ელაპარაკებოდა და ბოლოს, რომ გავბრაზდით, საპარლამენტო სხდომიდან ძლივს გაგვასწრო, ჩაი დარჩა დაულეველი. მიხეილ სააკაშვილი თავის სავარძელში ამათზე მყარადაც იჯდა, უფრო აწყობილი ძალოვანი სტრუქტურებიც ჰქონდა და უფრო სასტიკი სადამსჯელო აპარატიც... სად არიან ახლა?!. ერთი - მიწაში და მეორე - ციხეში... ჰკითხეთ ერთს ან მეორის წარმომადგენლობას და არ დაგზარდებიან, მოჰყვებიან, როგორი საშიში და სახიფათო ხელის შემობრუნება იცის თბილისმა, საქართველომ და ქართველმა ხალხმა, თუ გაბრიყვდები და დაჩაგვრას, მასხრად აგდებას დაუპირებ...
- ახალგაზრდების აქტიურობა ასე შეაფასეს - სულზე მოგვისწრეს "ეგვიპტიდან გამოსულებს უდაბნოში დაბადებულმა შვილებმა"... ახალი თაობა ახალ იმედებს გვიჩენს?..
- ამა თუ იმ თაობისთვის ასე ხელაღებით რაიმე "ტიტულის" მინიჭებას, "უდაბნოს თაობა" და ა.შ. არ ვემხრობი. ჩვენც, 90-იანელებს ათასი რამე გვიძახეს: "დაკარგული თაობა", "დაღუპული თაობა..." არც დავკარგულვართ - თანამედროვე ლიტერატურა, სპორტი, ხელოვნება, არმია სწორედ ჩვენი თაობის შექმნილია და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სიცოცხლე შეეწირა საქართველოს, ბოლომდე მაინც არ დავღუპულვართ, ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და ჩვენს წილ არც ომს ავიცდენთ, არც ბრძოლას და არც ტყვიას... ეს უფრო უწყვეტი გენეტიკური კოდი მგონია, როგორც ჩემსა და ჩემს შვილებს შორის, მთელი განსხვავებებისა და სპეციფიკის მიუხედავად. აკი წეღანაც მოგახსენეთ - ქალბატონი მზექალა შანიძე გაცილებით ახალგაზრდად მიმაჩნია, ვიდრე ვინმე პარლამენტში წამოსკუპებული მედროვე ჯეელი... ახალგაზრდებმა მართლაც მაგრად გამოიჩინეს თავი და კიდევ ერთხელ უჩვენეს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო უკვდავია. უსაზღვროდ ვამაყობ მათით და რაც უფრო მეტად გვაჯობებენ, მით ბედნიერი ვიქნები...
ხელისუფლება, ის დროა, "სრული დატვირთვით ჩაბარგებასა და მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად წასვლაზე" "მუშაობდეს..." ვერავის ვერაფერს დააკლებენ, საკუთარი თავის გარდა. კიდევ ერთხელ შევახსენებ, როდის დამთავრდა დე ფაქტო საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში - 1989 წლის 9 აპრილის ღამე... ეს რეჟიმიც საქართველოში 2023 წლის 7-8-9 მარტს დასრულდა და დასრულდა საბოლოოდ, უკან მოუბრუნებლად!.. და ისედაც, როგორც ჩემს დედულეთში, კახეთში ამბობენ: "აი, ერთბაშად ხვლიკის ჯოგები არ დამიფრთხვინონ, რა..." ევროკავშირიც იქნება, ნატოც, რუსეთსაც ბოლომდე დავამარცხებთ უკრაინელებთან ერთად, მთავარია, მაგრად ვიყოთ, არ დავიღალოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ ყველაზე მთავარი ღირებულებისთვის - თავისუფლებისათვის!
რატი ამაღლობელი, პოეტი:
- ამდენი ხანია, ევროკავშირი 12 პუნქტის შესასრულებელ ვადას ახსენებს; არც ერთი ნაბიჯით წინ არ წაუწევიათ. არადა, ეს რომ არ გამოვიდეს, საქართველო იზოლაციაში მოექცევა. ესენი კი დიდ გულზე არიან, ეს ჩემი ბოსტანი, ჩემი ყანაა, თავი დაგვანებეთო... მხოლოდ "აგენტების" კანონის გამო კი არა, ამაზეც უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს მძაფრი, დაუღალავი პროტესტი. ბოლოს და ბოლოს, რაღაც დროს ყველაფერი მთავრდება: ახლა ეს შანსი თუ არ გამოვიყენეთ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი თუ გავუშვით, ყველაფერი თავდაყირა დადგება და არავინ იცის, კიდევ ერთი შესაძლებლობა როდის მოგვეცემა.
ეს რეჟიმი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, აუცილებლად დასრულდება. მუამარ კადაფის, სადამ ჰუსეინისა და კაციჭამია ლიდერების რეჟიმები დასრულდა და ივანიშვილის რეჟიმი იქნება სამუდამო?!. მთავარია, მალე დასრულდეს, რომ ქვეყნისთვისაც ნაკლები ზიანის მოტანა შეძლონ, თორემ ერთი პატარა ბიძგი უნდა, ხუხულასავით დაეშლებათ თავზე ყველაფერი, რადგან არავითარი პრინციპი, იდეალები, ღირებულებები არ გააჩნიათ, მხოლოდ პირადი გამორჩენის სურვილი ამოძრავებთ.
თავის დროზე, ბაბუაჩემსა და მის თაობას ვერავინ დააჯერებდა, რომ ეროვნული მოძრაობის გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნების, მის მიერ განვლილი გზის აღიარებას მოესწრებოდა. მისი ფოტო რომ დაინახა, გაოგნდა, - ასე როგორ შეიცვალა დროებაო!.. მთელი ახალგაზრდობა სტალინ-ბერიას რეჟიმის პირობებში გაატარა და ცვლილებები წარმოუდგენელი ეგონა, მაგრამ უეცრად მოაშთეს ორჯონიკიძის ძეგლი... არადა, ლამის ერთსაუკუნოვან საბჭოთა რეპრესიებზე მდგარი კომუნიზმი მალე ჩამოიშალა... როგორც ჩანს, "ოცნებაში" ჯერ კიდევ ძლიერია საბჭოთა მენტალობა და ჰგონიათ, სამუდამოდ იქნებიან ხელისუფლებაში. თუნდაც ამაში ეტყობათ, რომ ქართველ ხალხს, მის გენსა და კულტურას არ იცნობენ. ახლა ხომ შემზარავია ამის დანახვა, მაგრამ ისტორიის გადასახედიდან კიდევ უფრო საშინელი იქნება: ქვეყანას ჰყავდა ხელისუფლება, რომელიც თავის ხალხს არ იცნობს... სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეებიც ასე ირწმუნებოდნენ თავის დროზე და ხალხსაც აჯერებდნენ, - ხალხისთვის ეს გზა უკეთესიაო, მაგრამ ისტორიამ მათ თავისი ადგილი მიუჩინა. ისტორია არავის ინდობს.
ახლა "ტროლებმა" შეტევის სხვა გზა აირჩიეს - საზოგადოებისთვის პატივსაცემი, მართლა ქართული საქმის მკეთებელი პირების წინააღმდეგ მიმართეს პროპაგანდის მანქანა. ამიტომ ბრძოლა გრძელდება, მაგრამ მოთმინებით, გონიერებით, შორსმჭვრეტელობით. ოღონდ, მოთმინება სინდისისა და ღირსების კი არა - პიროვნული ემოციების ხარჯზე. სიტუაციას გრძელვადიანი გათვლები, ნებისყოფა, დაუღლელობა სჭირდება. პირველობის სურვილმა არ უნდა გვძლიოს. სიბრძნე და წინდახედულობა სჭირდება ოპოზიციასაც, რომელსაც არც ლეგიტიმური ბრაზი უნდა დაავიწყდეს და თანამიმდევრულად მიჰყვეს პროტესტს. ახლა შიდა დაპირისპირებისა და საკუთარ პერსონაზე ფიქრის დრო არ არის.
როსტომ ჩხეიძე, მწერალი:
- ხელისუფლება არ ელოდა საზოგადოებისგან ასეთ ერთსულოვან სულისკვეთებას. ეგონა, რომ მისი მიზანმიმართული და გავეშებული ანტიდასავლური პოლიტიკა შესაფერის ნაყოფს გამოიღებდა და ამ ყოვლად გაუმართლებელი (დანაშაულებრივი თუ არა) კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ცოტანი აღმოჩნდებოდნენ და ადვილად გაუსწორდებოდა. როდესაც "ხალხის ძალად" სახელდებული ჯგუფი გამოიყო მმართველი გუნდიდან, უკვე ჩაფიქრებული იყო ეს კანონპროექტი. ამიტომაც დაიწყეს მათ დასავლური სამყაროს ლანძღვა, საბჭოთა კავშირის დროინდელ ანტიდასავლურ პროპაგანდას ზუსტად იმეორებდნენ... აგენტების შესახებ კანონპროექტის შემოტანამდე პარლამენტში "ქართული ოცნების" მიერ დაბეჯითებით ითქვა, რომ რუსეთი წარმატებას აღწევდა უკრაინასთან ომში, რაც მალე დასრულდებოდა უკრაინის დამარცხებით. ამით ხომ ყველაფერი ნათელი იყო?!.
ეგონათ, "ქართული ოცნება" შეეცდებოდა, ლაგამი ამოედო ოპოზიციური აზრისთვის, რათა ხელისუფლების ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური ქმედებები სრულიად დაუსჯელი დარჩენილიყო, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებით კიდევ ერთხელ ჩაეგდო ხელთ ძალაუფლება - არჩევნების ტოტალურ გაყალბებას წინ რა დაუდგებოდა?!.
თუმცა, ხელისუფლების პროპაგანდა ჩაფლავდა. როგორც "ხალხის ძალის" განდგომილება არ დაუჯერებია არავის, ისე ვერც ანტიდასავლური კამპანიით აიყოლიეს ხალხი, რადგანაც ძალზე მკვეთრია დაპირისპირება არჩევანს შორის: ან საქართველოს ბუნებრივი და განუხრელი განვითარება სახელმწიფოებრივი გზით - ევროატლანტიკური სივრცის განუყრელ ნაწილად გადაქცევის შემდეგ, ან რუსულ ჭაობში ჩათრევა და სრული უპერსპექტივობა. ამას მკაფიოდ ხედავს ხალხი და თვალს ვერ აუხვევს ვერავითარი პროპაგანდა, როგორც უნდა იყოს შეფუთული, როგორი ძალმომრეობითაც განხორციელებული.
ხელისუფლებას დეპოლარიზაცია ესმის როგორც საპირისპირო აზრის ჩახშობა, ოპოზიციის განადგურება. თუმცა ახალი, მართლაც "უდაბნოში დაბადებული" თაობა ენერგიულად ჩადგა ავანგარდში, რათა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ წამოწყებული სახელმწიფოებრივი გარჯა შესაფერისადაც დაგვირგვინდეს - საქართველო უნდა გახდეს ძლიერი სახელმწიფო ძლიერი კავკასიის შუაგულში. ამასთან, ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური და სულიერი ნაწილია იმ დასავლური სამყაროსი, რომელსაც ვეღარაფერი ჩამოგვაშორებს, რადგან ასეთია ქართველი ხალხის ურყევი და შეუცვლელი ნება.
გასაკვირიც არ არის, ახალგაზრდობის ამგვარი აქტიურობა მწვავე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის ფონზე. ახალგაზრდობა ყოველთვის წინ არის ასეთ დროს. მათი სიალალე, დაუოკებლობა, გაბედულება და შეუპოვრობა გადამწყვეტი აღმოჩნდა დღესაც, ისევე როგორც 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც სწორედ ახალგაზრდობის გამოსვლამ გადაწყვიტა სასიკეთოდ ქართული ენის ბედი, რომელსაც კონსტიტუციიდან ამოღება, სახელმწიფოებრივი სტატუსის ჩამორთმევა და "საშინაო ენად" გადაქცევა ემუქრებოდა, რაც თანდათან გაუფასურებასა და გაქრობას უქადდა. მაშინდელი უფროსი თაობისგან შინაგანი მომზადება რომ არა, ახალგაზრდები მოვერიდებოდით ასეთ თავგანწირულ ქმედებას, მაგრამ ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით და ვხედავდით სრულიად უნუგეშო მომავალს, თუ ხელისუფლება თავისას გაიტანდა. ასე რომ, "უდაბნოში დაბადებულმა" თაობამ საბოლოოდ უნდა გაგვიყვანოს დიდი და ნამდვილი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე, რომლის ფუნდამენტიც 1991 წლის 9 აპრილს ჩაიყარა.
თუმცა ხელისუფლება ამ მწარე მარცხს არ ეგუება. უკვე აამოქმედეს ტროლ-ბოტების ქარხნები, გააძლიერეს პროპაგანდა - აგენტების გავლენის შესახებ კანონი კარგია, მაგრამ ხალხს მისი მნიშვნელობა ვერ ავუხსენით, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდამ გადაწონაო. თითქოს ქართველი ერის დასავლური არჩევანი რომელიმე პარტიის ზეგავლენის შედეგი იყოს და - არა მისი სულისკვეთება. ვერ ეგუება და ვერც შეეგუება "ქართული ოცნება" ამ გარდაუვალობას, თვალს არ უსწორებს რეალობას, რადგანაც მისი ყოფნა ხელისუფლებაში რუსეთის მხარდაჭერითა და თანადგომით ამ კანონის მიღებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც მიმართეს ლანძღვა-გინების ნაკადი მწერლების წინააღმდეგაც, გიორგი კეკელიძე იქნება, დათო ტურაშვილი თუ დათო გორგილაძე... მაგრამ ამაოა ეს მცდელობა, რადგანაც მწერლობა ყოველთვის იდგა სიმართლის მხარეს და ახლაც ასე იქნება. დათო ტურაშვილის დიდი და მტკივანი გულიც გადაიტანს ამ შემოტევებს. ასეთი შემოტევები კიდევ უფრო აძლიერებს მწერლობას მორალურად და ფსიქოლოგიურად, რადგანაც მწერალი ქვეყანას ემსახურება და არა ჩინოვნიკებს. ან რა დაგვრჩენია - უნდა შევეგუოთ კიდევ ერთხელ ჩავარდნას რუსული გავლენის ქვეშ და ან საბოლოოდ გავაღწიოთ საქართველოსთვის შესაფერის სახელმწიფოებრივ გზაზე, ან დასამარდება ჩვენი მისწრაფებები. ევროკავშირიც ხედავს, რომ "ქართული ოცნების" მისწრაფება ქართველი ხალხისას არ ემთხვევა, ამიტომ ხალხი იმსახურებს იმას, რომ დასავლური სამყაროს განუყოფელ ნაწილად იწოდებოდეს.
ლალი პაპასკირი