ქვები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ - გზაპრესი

ქვები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

მარინა ზაქრაძე წლების განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. სწორედ მაშინ დაინტერესდა ასტროლოგიით, მინეროლოგიით, ხელნაკეთი ნივთების შექმნით. ამბობს, რომ სწორად შერჩეული ნატურალური ქვები მფლობელის ცხოვრებაში იზიდავს იღბალს, ბარაქას, წარმატებას, სიყვარულს. ასევე არსებობენ მინერალები, რომლებიც გვიცავს უარყოფითი ენერგეტიკისგან, გვეხმარება კარიერულ წინსვლაში, სურვილების ასრულებასა და მიზნების მიღწევაში. ნაირ-ნაირ ნატურალური ქვებთან ერთად, რად აღარ ნახავთ მის სახლში - თმის აქსესუარებს, ყელსაბამებს, გულსაბნევებს, საყურეებს, სამაჯურებს, ბარაქის ხეებს, ნახატებს, მინიატიურული სასმელების კოლექციას...

- წარმოშობით გურული ვარ, საჭამაიასერიდან ყოფილა ჩემი პაპა. დიდხანს ვიყავი ემიგრანტი, 22 წელი საბერძნეთში ვიცხოვრე. ბავშვობდან ვხატავდი და ვწერდი, ემიგრაციაში ყოფნისას 2 წიგნიც დავბეჭდე. ვწერ ლექსებს, ჩანახატებს, მოთხრობებს, რომანებს. ომის დროს ლესელიძეში, მამიდასთან ვიყავით მე და ჩემი ძმა, იქ მქონდა ორი ასფურცლიანი რვეული და დამეწვა. 13-14 წლის ვიყავი მაშინ და რაღაცნაირად გული ავიყარე წერაზე. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ბიოსამედიცინო ფაკულტეტზე. არანაირი სურვილი არ მქონდა, მაგრამ ჩემს ოჯახს სურდა ექიმი გამოვსულიყავი, მე კი იურიდიულზე ჩაბარება მინდოდა. სწავლა საბერძნეთში გავაგრძელე და 11 წელი ვიმუშავე კიდეც პროფესიით.

- რატომ მოგინდათ ქვებისგან ულამაზესი სამკაულები და სხვა ნივთები შეგექმნათ?

333436361-512216304224915-2244220425273436672-n-1-1679910087.jpg

- საბერძნეთში ახალჩასულმა მუშაობა დავიწყე ერთ ოჯახში, ხნიერი ცოლ-ქმარი იყო, შვილი არ ჰყავდათ. მე მათზე ვზრუნავდი, ისინი კი ჩემზე. ყველას ეუბნებოდნენ, ჩვენი შვილიაო, მეც მამობილს და დედობილს ვეძახდი. სახლში უამრავი მინერალური ქვა ჰქონდათ. ჩემი ბერძენი მამობილი კუნძულიდან სკიროდან იყო, სადაც ქვების მეტი, არაფერია. პროფესიით ადვოკატი გატაცებული გახლდათ არქეოლოგიით, მინეროლოგიით, გეოლოგიით, ასტროლოგიით. არქეოლოგიურ გათხრებზე დადიოდა და მეც თან დავყავდი. ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ერთხელ რამდენიმე სამკაული ავაწყვე ჩემთვის. ჩემს მეგობარს ხელნაკეთი ნივთების მაღაზია ჰქონდა და შემომთავაზა, წავიღებ, მაღაზიაში დავდებო. ნივთი მალევე გამიყიდა და იმდენი თანხა მომცა, რომ გამიკვირდა. მაშინ არც ვიცოდი, ხელნაკეთ ნივთებს ამხელა ფასი თუ ჰქონდა... დილიდან საღამომდე კლინიკაში ვიყავი, დრო არც მქონდა. ათენში გავიარე ფსიქოლოგიის წელიწადნახევრიანი კურსი. ჩვენს კლინიკაში ფეხმძიმე ქალების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრი გაიხსნა და იქაც დავიწყე მუშაობა. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, სამკაულებს ვაწყობდი, მსიამოვნებდა ეს საქმე. რა ნერვები გაქვსო? - დღემდე მეკითხება ბევრი. მე კი პირიქით, მიყვარს და მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ.

ჩემი მამობილი გარდაიცვალა, მე კი საქართველოში დაბრუნება მომიხდა, რადგან ოჯახის წევრებს ჩემი დახმარება სჭირდებოდათ, მამა მყავდა ავად. ამიტომ ჩამოვედი, მაგრამ საბერძნეთში მაინც ხშირად ჩავდიოდი, რადგან იქ ცხოვრობდა ჩემი შვილი, სიძე, შვილიშვილები და დედაჩემი, რომელიც დღემდე ემიგრანტია. ერთ-ერთი ჩასვლისას დავინახე წარწერა, რომ იყიდებოდა ნატურალური ქვების მაღაზია. საბერძნეთში, როდესაც შვილს არ უნდა ბიზნესის გაგრძელება, მშობლები ყიდიან და აწერენ, რომ იყიდება პენსიის გამო. მოკლედ, შევთანხმდით ფასზე და რაც მაღაზიაში ჰქონდა, ყველაფერი ვიყიდე, ნაწილ-ნაწილ წამოვიღე. რაკი საქართველოშიც უკვე ბევრი მომხმარებელი მყავდა, გავხსენი ხელნაკეთი ნივთების მაღაზია და ჩემი ნახატებიც გამოვფინე. წელიწადზე მეტხანს ვამუშავებდი, მაგრამ კორონას პერიოდში ქირა გამიზარდეს და იძულებული გავხდი დამეკეტა. პანდემიის დროს მაინც არ გავჩერებულვარ, შევისწავლე ფენ შუი, ძველი აღმოსავლური ხელოვნება, მაკრამეს ქსოვა, ტიბეტური ამულეტები, ტიბეტის ისტორიასთან ერთად. ტიბეტური ამულეტები უძლიერესი თილისმებია, რომლებიც ტიბეტმა უძველესი დროიდან შემოგვინახა, მათ საოცარი ენერგეტიკა გააჩნიათ. ტიბეტური ამულეტების მრავალი სახეობა არსებობს და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს - ფინანსური კეთილდღეობის, წარმატების, ჯანმრთელობის, სიყვარულის და ა.შ.

- შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ იმის შესახებ, თუ რომელ ქვას რა ენერგეტიკა აქვს?

- ნატურალური ქვებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ზოგი მინერალი აღადგენს სულიერ და ფიზიკურ ბალანსს, ზოგი მფლობელს შინაგანი წონასწორობის მიღწევაში ეხმარება, ზოგი მატებს თვითრწმენასა და მომავლის იმედს, ხსნის სტრესს. ზოდიაქოს სამაჯურები, რომლებსაც მე ვაწყობ, მზადდება შემკვეთის პირადი ქვებით, რომელსაც დაბადების თარიღის მიხედვით ვადგენ. ბევრი ადამიანი თვითონ ყიდულობს ქვებს და აწყობს სამაჯურს - ამ შემთხვევაში აუცილებელია გაითვალისწინონ, რომელი ქვა რომლის გვერდით იქნება, რადგან ზოგი ქვა სხვა მინერალთან არც შეიძლება, რადგან ერთი მეორის ენერგიას ანეიტრალებს; ზოგი ქვა ვიღაცისთვის საერთოდ აკრძალულია სატარებლად. მოკლედ, ყველაფერს ცოდნა სჭირდება. ამიტომაც ვაძლევ რჩევას, მაგრამ ზოგი ითვალისწინებს, ზოგიც - არა. ყველა ქვის ენერგეტიკაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა შემიძლია რამდენიმეზე გითხრათ: სერდოლიკის, იგივე კარლეონის, იგივე კარნელიანის სამკურნალო თვისებები იმდენად გამოხატულია, რომ მედიცინაში ცალკე მიმართულებაც კი ჩამოყალიბდა, რომელსაც „კარნელი თერაპია“ ჰქვია. ქვის სამკურნალო თვისებები განპირობებულია მისი რადიოაქტიურობით, რომლის დონე იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ ძალუძს ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების მოხდენა. მინერალში რადიოაქტიური გამოსხივების მცირე დოზა დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემის ფუნქციონირებაზე. ის დაჯილდოებულია ძლიერი სამკურნალო თვისებებით. მინერალის ტარება დაგეხმარებათ რეპროდუქციული პრობლემის მოგვარებაში, ორგანიზმში აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს და დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

ბევრმა არ იცის, რომ სერდოლიკს ქარვაზე ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს. მისი ტარება ყელთან ახლოს აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ჩიყვის დაავადებას და აჩერებს ფარისებრი ჯირკვლის ანთებას, ასუფთავებს სისხლსა და ლიმფას. ამიტომაც სხვა ონკოლოგიური დაავადებების დროსაც საუკეთესოა მისი ტარება. ასევე, ეს მინერალი გამოადგებათ ქალებსა და გოგოებს - ის პასუხისმგებელია გრძნობებზე.

თუ ურთიერთობაში, ოჯახში პრობლემები გაქვთ ან უბრალოდ გსურთ მამაკაცის ყურადღების მიქცევა, აჩუქეთ მას სამაჯური სერდოლიკით. მინერალი აძლიერებს გრძნობებს და იცავს სიყვარულის ობიექტს სხვების ზეგავლენისაგან. დაკავშირებულია მზესთან და მერკურთან. სერდოლიკში გამოვლენილი ჯადოსნური თვისებები დაიცავს ადამიანს შურისგან, მისცემს მას თავდაჯერებულობას, ხელს შეუწყობს ინტუიციის განვითარებას. ქვა მის მფლობელს სასიცოცხლო ენერგიით შეავსებს, აუმჯობესებს განწყობას, იღბალს და ფინანსურ წარმატებებს მოგიზიდავთ. სერდოლიკის ყიდვისას გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ იმ ადამიანის პროფესიას, ვინც ის უნდა ატაროს. მინერალის უჩვეულო თვისებებს ყველაზე კარგად ხედავენ მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, მოქანდაკეები, მსახიობები, ხელოსნები და ბიზნესმენები. ამ მინერალის ტარება შემოქმედებით შთაგონებას მისცემს და დაეხმარება მათ წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის მიღწევაში. მას ბევრ განსაკუთრებულ თვისებას მიაწერენ. ეზოტერიკოსები თვლიან, რომ სერდოლიკი სიყვარულს, ბედნიერებას და მშვიდობას ჩუქნის თავის მეპატრონეს. აუმჯობესებს გუნება-განწყობას, იცავს მფლობელს ავი სულებისგან, მოაქვს წარმატება საქმიანობაში და სიმდიდრე. ძველ საბერძნეთში კი სწამდათ, რომ ქვა მეპატრონეს სიმამაცესა და გამბედაობას მატებდა, თავის თავში დარწმუნებულს ხდიდა. ის ეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში კამათის დროს, იცავს კონფლიქტებისა და უსიამოვნებისაგან, ააქტიურებს ენერგიას და აძლიერებს მფლობელს. ბევრს სარდიონი, იგივე სარდონიქსი სერდოლიკი ჰგონია. ადამიანები, რომლებიც კარგად არ ერკვევიან მინერალებში, ხშირად ურევენ სერდოლიკს წითელ აქატთან. აქატი ხასიათდება მძლავრი ენერგიით, რომელიც ავსებს ადამიანს სიცოცხლისუნარიანობით და უბიძგებს მას საქმის ასრულებისაკენ. ასეთ ქვას შეუძლია ზიანი მიაყენოს ზედმეტად ემოციურ ადამიანებს და შეიძლება აგრესიული შეტევები დაეწყოთ ან აზარტული თამაშებისკენ უბიძგებს. აქატისგან განსხვავებით, სერდოლიკი სიმშვიდის სიმბოლოა. ის ავსებს ადამიანს დადებითი ენერგიით, მის ემოციურ ფონზე ზემოქმედების გარეშე. ეს მინერალი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს იყოს აქტიური და ამავდროულად შეინარჩუნოს სიმშვიდე. ის თითქმის ყველა ზოდიაქოსთვის არის რეკომენდებული, მხოლოდ მორიელის ზოდიაქოს ნიშანს ეკრძალება მისი ტარება.

საქართველოში საკმაოდ ცნობილი მინერალია გიშერი, რომლის თვისებების შესწავლა 5 წლის წინ დავიწყე. გიშერს, ისევე როგორც ქარვას, დიდი წონა არა აქვს, რადგან შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ გიშერი საუკუნეების მანძილზე გაქვავებული დანახშირებული ხეა, მას შავ ქარვასაც ეძახიან. ყველა ახალდაბადებულ ბავშვს გიშერს აბნევენ საქართველოში, თვალისგან დასაცავად. თუმცა, ქალწულისა და ვერძისთვის არ შეიძლება ამ ქვის ტარება. გიშერს სხვა დატვირთვაც აქვს. ფსიქოლოგიურად, მას აქვს სასარგებლო ეფექტი. ის ხსნის უძილობას, ფობიებს და შფოთვას, ხელს უწყობს სულიერ წონასწორობას და აძლიერებს ენერგიას. მისი ტარება სასარგებლოა დეპრესიის მოსახსნელად. მინერალი არბილებს ხანგრძლივი განშორებისა და უპასუხო სიყვარულის სევდას. გიშერი შთანთქავს ყველაფერ ნეგატიურს. უძველესი დროიდან „შავი ქარვა“ ჯადოსნური თვისებებით იყო დაჯილდოებული. მას იყენებდნენ დემონებისა და ბოროტი სულების განსადევნად. ვარდისფერი კვარცის ჯადოსნური და სამკურნალო თვისებების შესახებ ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ეს არის მინერალი ძლიერი მაგიით. საინტერესოა, რომ მისი თვისებები მხოლოდ მაშინ გაძლიერდება, თუ საჩუქრად მიიღებთ და არა თვითონ იყიდით. კრისტალი შეიძლება იყოს ნაჩუქარი ან მემკვიდრეობითი. მაშინ ქვა აიღებს გამცემის მხოლოდ დადებით ენერგიას, დაამატებს მას თქვენს ენერგიას და ძალას. აძლიერებს ინტუიციას და ზოგმა უნარიანმა ადამიანმა შესაძლოა, ამ ქვის ტარებისას ნათელმხილველობის ნიჭიც გამოავლინოს. ხელს უწყობს დაბლოკილი ჩაკრების ხელახლა გააქტიურებას; ეხმარება მედიტაციაში. ქალისთვის ქვას უდიდესი ღირებულება აქვს. გოგონებს ეხმარება, რომ გახდნენ უფრო ქალურები, ნაზები და მგრძნობიარენი. გაუთხოვრებისთვის კი საუკეთესო კრისტალია, დაგეხმარებათ სწრაფად იპოვოთ თქვენი სულიერი მეგობარი. ასევე, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ანელებს დაბერების პროცესს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ზოგიერთი მკურნალი ამტკიცებს, რომ ის ხელს შეუწყობს ინსულტისა ან გულის შეტევის თავიდან აცილებასაც კი, აუმჯობესებს ორსულების ზოგად მდგომარეობას და ნაყოფის სწორ განვითარებას უწყობს ხელს.

333589389-1012637079715477-4451569515171687505-n-1679910105.jpg

ფირუზი ამ სხვა მინერალებთან შედარებით ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი ქვაა, მაგრამ ბევრმა მისი დანიშნულება არც იცის. ფირუზი მინერალია, რომელსაც მოაქვს ბედნიერება, წარმატებას ნებისმიერ ბიზნესში, მეუღლეებს შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგება; იცავს ბავშვებს ბოროტი თვალისგან. ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას, განწყობის გაუმჯობესებას, კუჭისა და ღვიძლის დაავადებებისგან თავის დაღწევას, თუმცა მისი მთავარი სამკურნალო ღირებულება არა დაავადებების განკურნებაში, არამედ მათ დიაგნოზშია. ითვლება, რომ ადამიანის სხეულთან შეხებისას მინერალი ფერს იცვლის. თუმცა, ზოგიერთისთვის ფირუზის ტარება არასასურველია. მაგალითად, სიფრთხილე მართებთ ქალწულებსა და კირჩხიბებს, ასევე ლომს.

თუ მინერალური ქვა უკანონოდ იქნა მოპოვებული, მას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია, უარყოფითად იმოქმედებს მფლობელზე. ზოგჯერ სხვისი ნატარები ქვების ტარებაც არ შეიძლება.

- ბევრი კლიენტი გყავთ?

- კი და მათთან ურთიერთობისას ხშირია კურიოზიც. მაგალითად, დამირეკა ქალბატონმა და მითხრა: მეუღლესთან ერთად მაქვს ბიზნესი, ბოლო დროს საქმე ცუდად მიგვდის, შეკვეთები აღარ გვაქვს და იქნებ მირჩიოთ ქვა, რომელიც წარმატებას და სიმდიდრეს მოგვიტანსო. - კი ბატონო, დაგეხმარებით, ოღონდ მაინტერესებს, კონკრეტულად მაინც რას საქმიანობთ-მეთქი? - კუბოებს ვაკეთებთო. ეს რომ გავიგე უარი ვუთხარი: არა, გენაცვალე, ვერ დაგეხმარებით-მეთქი.

- შშმ პირებს ასწავლით ქვებზე მუშაობას. როგორ გაჩნდა ეს იდეა?

- ერთ ზაფხულს ბათუმში ვიყავი გამოფენა-გაყიდვაზე. ერთმა არაბმა აარჩია ბევრი ნაკეთობა და ფასიც არ უკითხავს, - ყველა მინდაო. არ მივყიდე, რადგან მივხვდი, საჩუქრად არ უნდოდა. მალე ცოლთან ერთად მომაკითხა, ქალი ქართულად ლაპარაკობდა. რატომ არ მიჰყიდე, ხომ არ შეგვაჭრებიაო? - მკითხა. დიზაინის მოპარვა უნდა, მე კი არ ვაპირებ, იდეები გავყიდო-მეთქი. მართალი ხარო. თურმე სამკაულების მაღაზია ჰქონია და შშმ პირებს ასაქმებდა. ეს რომ გავიგე, ნივთებიც მივყიდე და "ფეისბუკ"-გვერდის მისამართიც მივეცი, რომელსაც გინდა, ფოტო გადაუღე-მეთქი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, მე მოვპარე იდეა, ოღონდ არა დიზაინის და თავდაპირველად დავასაქმე 4 შშმ პირი, მათ ყოველდღე ორსაათიან ტრენინგს ვუტარებდი, ვასწავლე ყველაფერი, რაც უნდა სცოდნოდათ სამკაულების აწყობის და ქვების შესახებ.

333581060-557761016449237-5978883388168529491-n-1-1679910119.jpg

- ერთ-ერთი მათგანი იყო თქვენი მეგობარი, შორენა ტყეშელაშვილი, რომელიც შარშან გარდაიცვალა...

- შორენა ჩემი მეგობარიც იყო, დაც, დედაც და გული მტკივა, რომ ასე უსამართლოდ მოექცა წუთისოფელი. ოჯახის წევრების ავადმყოფობის გამო საქართველოში რომ დავბრუნდი, რა თქმა უნდა, შემოსავალი მჭირდებოდა. ხშირად მივდიოდი საბერძნეთში მძიმე ავადმყოფებთან სამუშაოდ და იქაც არ ვისვენებდი, სულ რაღაცას ვაწყობდი. მიწის სტიქია ვარ და განსაკუთრებულად მიყვარს ხეები, მათგან ვიღებ ენერგიას. ერთხელ ჩემი ჰოროსკოპის მიხედვით ავარჩიე ქვები, ვიყიდე მეტალის მინიატიურა და ავაწყვე ბარაქის ხე, ფოტო კი "ფეისბუკზე" დავდე. უამრავმა მომწერა, მეც მინდაო და იმდენი შეკვეთა მქონდა, სხვა ვეღარაფრის კეთებას ვასწრებდი. იმ პერიოდში დამირეკა ქალმა, ვეფხვის თვალის სამაჯური შემიკვეთა: თანხა არ მაქვს, თვეში ხან 2 ლარს ჩაგირიცხავ, ხან სამს და როდესაც სულ გადავიხდი, მერე გამომიგზავნეო. ვიფიქრე, როგორ უნდა უჭირდეს ადამიანს, რომ ეს გთხოვოს-მეთქი. მეორედ რომ დამირიცხა თანხა, ვუთხარი, მისამართი მოეწერა და რამდენიმე დღეში შინ მივაკითხე. გაუკვირდა. აღმოჩნდა, რომ ავად იყო და თავისი დიაგნოზის გამო ვერ მუშაობდა. დედა პენსიონერი ჰყავდა, თვითონ კი პენსიაც არ ჰქონდა. ვკითხე, რით ირჩენდა თავს და მაშინვე შევთავაზე ჩემთან ემუშავა. შევთანხმდით, რომ მასალას მივუტანდი და სამაჯურებს ააწყობდა. ასე გაუჩნდა შემოსავალი, გააკეთა "ფეისბუკ"-გვერდიც და 4 წელი ასე მუშაობდა, ჩემი დღე შორენათი იწყებოდა და შოკათი მთავრდებოდა, ამიტომაც გამიჭირდა შეგუება მის გარდაცვალებასთან.

ნინო ჯავახიშვილი