რა ვერ გათვალეს ე.წ. აგენტების კანონის ინიციატორებმა და რა ხდება ახლა მმართველ გუნდში - გზაპრესი

რა ვერ გათვალეს ე.წ. აგენტების კანონის ინიციატორებმა და რა ხდება ახლა მმართველ გუნდში

"საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა დროულად გააცნობიერა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხე და დადგა ქვეყნის სადარაჯოზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ეს იყო ის, რაც მე ძალიან მაკლდა... სულ ვდარდობდი, რომ აქტიურ ახალგაზრდებს ვერ ვხედავდი, დღეს კი დავინახე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ", - ასე აფასებს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი და "ქართული ოცნების" ყოფილი წარმომადგენელი.

როგორი პასუხი შეიძლება გასცეს სახელისუფლებო პარტიამ გააქტიურებულ ახალგაზრდებს, რა პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს ახლა მმართველ გუნდში და რა შეიძლება ყოფილიყო ე.წ. აგენტების კანონის მთავარი მიზანი - ამის შესახებ ეკა ბესელია უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- ვერ გეტყვით, ვის გონებაში შეიძლება მომწიფებულიყო ე.წ. აგენტების კანონპროექტის ინიცირება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - ისინი ნამდვილად არ იყვნენ, ვინც დაიბრალეს... ისიც ცხადია, რომ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ამ სახიფათო "ტესტის ჩატარების" შემდეგ. კანონის უკან წაღება ისე არ ჩაივლის. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" მხრიდან აუცილებლად მოჰყვება შემდგომი ნაბიჯები, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება წინააღმდეგობრივი და შიდა დაპირისპირების პროვოცირებასაც მოახდენს.

- როგორ გგონიათ - ამ კანონის ინიცირება იყო თუ არა ივანიშვილის დაკვეთა?

- დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი.

- თქვენ ივანიშვილს კარგად იცნობდით. როგორი წარმოდგენა გაქვთ - შეეძლო თუ არა მას განესაზღვრა ის რეაქცია, რომელიც ამ კანონის ინიცირებას მოჰყვა?

- ვერ გეტყვით, ის საკმაოდ პრაგმატული ადამიანია, თუმცა არსებობს ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი: როდესაც ხელისუფლება ხალხში წინააღმდეგობას ვეღარ ხედავს, საზოგადოებას მორჩილად აღიქვამს, ის ძალიან ბევრ სისულელესა და სიგიჟეს აკეთებს. ასევეა ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ფული აქვს და მის გარშემო წინააღმდეგობის გამწევს ვერავის ხედავს. ასეთ შემთხვევაში ფატალური შეცდომების დაშვების დიდი ალბათობაა. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვერც ივანიშვილმა და ვერც ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა ვერ გათვალეს, რა შეიძლება მოჰყოლოდა "რუსული" კანონის შემოღებას.

- რა შეიძლება ხდებოდეს ახლა "ქართული ოცნების" კულუარებში?

- დიდი ამბავი ექნებათ ატეხილი, სამთავრობო ცვლილებებიც ამის გამოძახილია. თუმცა, ტყუილად ჰგონიათ, რომ განათლების სისტემაში რეპრესიების გატარებით სტუდენტების წინააღმდეგობას ჩაახშობენ. ეს წარმოუდგენელია! ახლა გუნდში ბევრ საკითხთან დაკავშირებით იქნება დაპირისპირება. ძალიან მწვავე არჩევანის წინაშე დააყენებენ მათ, რომლებიც საჯარო განცხადებების გაკეთებას მოინდომებენ; ვინც ჩუმად წავლენ, მათ არაფერი ემუქრებათ. უფრო მეტიც, მანდატის სანაცვლოდ სხვა, ალტერნატიულ წინადადებებს შესთავაზებენ, მაგრამ ამაზე დათანხმება, ჩემი აზრით, შეცდომა იქნება. დიდი გაბედულება სჭირდება საკუთარ გუნდთან დაპირისპირებას, საჯაროდ მწვავე განცხადების გაკეთებას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში: ჩემი არჩეული გზა იყო არა მხოლოდ უვადოდ ასარჩევი ათი მოსამართლის სიის ჩაგდება, არამედ საჯარო კრიტიკა. პარტიიდან ჩუმად წასვლა ისევ უმრავლესობის წისქვილზე დაასხამს წყალს. ვისურვებდი, რომ ამ ადამიანებმა მანდატი კი არა, უმრავლესობა დატოვონ, პარლამენტში დარჩნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ეს უფრო დაეხმარება ახლა საზოგადოების გაძლიერებასა და პარლამენტის დაკარგული იმიჯის დაბრუნებას.

- თქვენ როგორ აღიქვამთ დასავლელი პარტნიორების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ იმსახურებს?

- საქართველოს მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მზად არიან ევროპული მომავლისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ უჩვენა - ევროპული მომავალი არ უნდა და რუსეთის მორჩილებას არჩევს. აი, ეს დაინახეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. მათ გამიჯნეს ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, და ეს ნამდვილად დამაიმედებელი გზავნილია - შეიძლება ითქვას, რომ ისევ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება, ის უნდა იყოს ახლა პროცესების ავანგარდში. ძალიან პრინციპულად უნდა მივყვეთ ახლა ამ ამბავს და დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ ევროპულ ოჯახში ყოფნას.

- თქვენი აზრით, ოპოზიცია, რომელსაც აქამდე არაერთი შეცდომა დაუშვია, შეძლებს პროცესების სწორად წარმართვას?

- შეძლებს, თუ შიდა კინკლაობას თავს დაანებებს. პოზიციები უნდა შევაჯეროთ და გამოვიდეთ ახალი მოთხოვნით - ვადამდელი არჩევნები და ახალი ხელისუფლება არის ახლა ერთადერთი შანსი იმისა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ვენეციის კომისიის დასკვნა იმის ნიშანია, რომ რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, ყველაფერი ფარსია. არც ამ სამუშაო ჯგუფებში არ კეთდება არაფერი. ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთელი ენერგია და რესურსი ვადამდელი არჩევნებისკენ იყოს მიმართული.

- ხელისუფლებამ, შალვა პაპუაშვილის პირით, უკვე თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. ვადამდელ არჩევნებს არც ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს მართებულად, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ისევ ძველი საარჩევნო კოდექსით ჩატარდება, ოპოზიციამ კი საკმაოდ ბევრი იბრძოლა არჩევნების წესების შესაცვლელად. ამასთან, 2024 წელს ისედაც უწევს მორიგი არჩევნები.

- ერთ წელიწადში შეიძლება ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი დაკარგოს. რაც შეეხება პროპორციული სისტემით ჩატარებას - ბარიერი უნდა შეიცვალოს. ევროკავშირი საარჩევნო რეფორმასაც ხომ ითხოვს?! ამის გარეშე 2024 წლის არჩევნების ჩატარებაც საფრთხის ქვეშაა.

ხათუნა ბახტურიძე