თავისუფლების მოტრფიალე პოეტი - დემონი - გზაპრესი

თავისუფლების მოტრფიალე პოეტი - დემონი

"ამ პოეტის აღარც დრო-ჟამისგან ფერწასული რვეულები შემორჩენილა, არც საფლავის ქვა, თუმცა ბალახი ისევ ძველებურად ბიბინებს სასაფლაოზე და ისევ ისე დგანან მდუმარე, ძაძით მოსილი ნაძვები. საუბარია დიმიტრი (ქუჩუ) ქავთარაძეზე, რომელიც გალაკტიონის მეგობარი იყო. ისინი ერთად სწავლობდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში. სამწუხაროდ, ქუჩუ ადრე განეშორა ამ წუთისოფელს", - ამბობს ფილოლოგიის დოქტორი მამუკა შელეგია და საინტერესო ამბებს გვაცნობს დიმიტრი ქავთარაძის შესახებ.

- ორიოდე სიტყვით შევჩერდები ძველ სენაკელ ქავთარაძეებზე, ამ კუთხეში მათი გვარის ისტორიაზე, რომლის ერთი ვერსია ამგვარია: მე-17 საუკუნის მიწურულს თუ მე-18 საუკუნის დასაწყისში, სოფელ ძველ სენაკში მხეიძეებმა და დადიანებმა მაცხოვრის სახელობის ბაზილიკა ააგეს, რომლის წინამძღვრად დაინიშნა წარმოშობით მოხევე დავით ფარნავაზის ძე ქავთარაძე. ის დასახლდა ძველ სენაკში, ცოლად შეირთო საჭყონდიდოელი აზნაურიშვილი დოდო ჩიქოვანი. მათ შეეძინათ ორი ვაჟი - სიმონი (შინაურობაში ფარნაოზი) და ბესარიონი. ფარნაოზმა და მისმა მეუღლე ოლინკა ელიავამ 8 შვილი გაზარდეს - 4 ვაჟი და 4 გოგო, მეექვსე იყო დიმიტრი (ქუჩუ). ძველი სენაკის ქართული სათავადაზნაურო სკოლა ქუჩუ ქავთარაძემ 1906 წელს დაამთავრა (დაიბადა 1890 წელს) და იმავე წლის შემოდგომიდან თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფეა. ქუჩუ დიდი ინტერესით ეცნობა სასწავლებელს, ახალ გარემოს, მეგობრებს...

გალაკტიონი თავის მოგონებებში წერდა:

"დემონი - ფსევდონიმი იყო ქუჩუ ქავთარაძის, რომელიც მთელ სასულიერო სემინარიას უყვარდა გულწრფელი, ღრმა, ამხანაგური სიყვარულით. ქუჩუს ნამდვილი სახელი თითქმის სრულიად არ იყო ხმარებაში, ყველგან დემონს გაიძახოდნენ: - დემონი სოფელში წავიდა, დემონი პოემას წერს, დემონი ჟურნალის გამოცემას აპირებს და სხვ. მე ჯერ კიდევ სოფელში ვიყავი, როცა დემონის რამდენიმე ლექსი წავიკითხე თბილისის ერთ-ერთ ჟურნალში, მშვენიერი, გრძნობიერი ლექსები, უბრალო, აკაკის ენით დაწერილი და შთაბეჭდილების მომგვრელი, როგორც, მაგალითად, მისი ცნობილი ლექსი: "ვიშ, ამ საღამოს, ნეტარ-საამოს,/ ვიშ, ამ წალკოტსა გადაფენილსა,/ ედემ-სადაროს, მაგრამ საბრალოს,/ მტრის დაბრიყვებულს, ობლად შთენილსა./ სამშობლო მხარევ, მტირალ-მცინარევ,/ თავს ვით ფარვანა შემოგევლები,/ მაგრამ შენს ახლოს ტანჯვა მკლავს, მახმობს/ და შეუმჩნევლად ნელ-ნელა ვკვდები!"

ლექსი ზეპირად მომყავს, იგი ზეპირად დავისწავლე, რადგან მაშინ ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. თბილისისკენ გამგზავრების წინა დღეებში ქუთაისში ერთი სემინარიელი შემხვდა. - იცი, - მითხრა მან, - სემინარიაში მარტო არ იქნები, იქ ერთი პოეტი დაგხვდება. - მართლა? ვინ? - დემონი, ქუჩუ ქავთარაძე. მოუთმენლად ველოდი მის გაცნობას. მე ეხლაც გუშინდელ დღესავით მახსოვს თბილისში ჩასვლის პირველი დღე, ენკენისთვის პირველი დღეები. მზე არ სჩანდა და ჰაერი დაგუბებული იყო, სუნთქვა მიძნელდებოდა. სოფლებიდან ჩამოსული სემინარიელები იდგნენ სემინარიის შენობის წინ... დავინახე, რომ სემინარიელები ირგვლივ შემორტყმოდნენ ერთ ამხანაგს და გატაცებით უსმენდნენ მას. მოსაუბრე სემინარიელს შავი ლაიკის ბრწყინვალე ქუდი ეხურა, სუფთა შავი ფორმის პალტო და ხელთათმანები... - დემონი! - გავიფიქრე მე, - დემონი უნდა იყოს! ცოტათი გამხდარი სახე და ცისფერი, ოცნების გამოხედვით თვალები, რამდენიმე ძლივს შესამჩნევი უდროო ნაოჭი შუბლზე, სერიოზული, დინჯი სახის გამომეტყველება, ყველა ამან ერთბაშად მომაჯადოვა. დემონი საუბრობდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. საუბრობდა დიდი სიყვარულით მისდამი, რაც საუბარს ელფერს მატებდა. შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ ამ ყმაწვილის მსგავსი მოსაუბრე მთელ სემინარიაში ერთიც არ მოიპოვებოდა".

დემონი საოცრად კოლორიტული პიროვნება იყო, მას მუდამ გარს ეხვივნენ მეგობრები; ქუჩუს ჰბაძავდნენ არა მხოლოდ პოეზიაში, არამედ მეტყველებაში, თავის დაჭერაში, ჩაცმაშიც კი. სემინარიის გამორჩეული მოსწავლე თავის ლექსებს პერიოდულ გამოცემებში ბეჭდავდა. ახალგაზრდა გალაკტიონისთვის დიდად გასახარებელი იყო, რომ სულ მალე ის სახელმოხვეჭილი დემონის გვერდით დააყენეს. ქუჩუ და გალაკტიონი მალე დამეგობრდნენ, ხშირად იყვნენ ერთად და ამ წუთებს გალაკტიონი უბედნიერესად თვლიდა. ქუჩუმ მიიყვანა ის ჟურნალ "საქართველოში". ისინი ერთმანეთსაც უძღვნიდნენ ლექსებს. ერთ-ერთი პოემა "შანშე" გალაკტიონმა დემონის ხსოვნას მიუძღვნა.

dimitri-kavtaraze-1679858915.jpg

სემინარიაში პირველივე შაბათს, წირვის დროს, გალაკტიონი დიდი ყურადღებით მისჩერებია ქუჩუს: "მე მეგონა, რომ მთელი სემინარია ჩემთან ერთად მისჩერებოდა ამ კაცს, აკვირდებოდა სიყვარულით, გულისფანცქალით, თუ როგორ გაინძრეოდა, რანაირად და რას იტყოდა ეს მოძრაობა. როგორც სჩანდა, იგი დაიღალა ფეხზე დგომით და ცოტათი კედლისკენ გადაიხარა და კედელს მიაწვა. ზედამხედველმა იმ წამშივე შეამჩნია ეს და არწივივით გაექანა იმ ადგილისაკენ, სადაც დემონი იდგა. რაღაც ჩურჩული გაისმა დემონსა და ზედამხედველს შუა. საუბარმა, ალბათ, სხვანაირი ხასიათი მიიღო, მთელმა სემინარიამ იქითკენ დაიწყო ცქერა, სადაც ინციდენტი ხდებოდა. ბოლოს, გაწითლებული ზედამხედველი თვალების ბრიალით წავიდა თავის ადგილისაკენ. დემონი კი იდგა სწორად დაშვებული ხელებით, სრულიად აუღელვებლად, ისე როგორც მოითხოვდა სემინარიის დისციპლინა".

დრო გადის და ლაღ ცხოვრებას შეჩვეულ ქუჩუ ქავთარაძეს სულ უფრო უჭირს, რადგან სემინარია აუტანელ რეჟიმსა და გაუსაძლის პირობებს ქმნის. ქუჩუ მეგობრებთან ერთად იბრძვის შექმნილი ვითარების შესაცვლელად. აარსებს ხელნაწერ ჟურნალ "წვეთს". "დემონისა" და "ბონაპარტის" ფსევდონიმებით თანამშრომლობს ჟურნალ-გაზეთებში, სადაც მკაცრ, მამხილებელ წერილებს ათავსებს არა მხოლოდ სემინარიის, არამედ საერთოდ, ქართველი საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე. სასწავლებელში ჩამოყალიბებული იყო "საამხანაგო წრე", რომლის წევრები იყვნენ ქუჩუ ქავთარაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ანდრო ანჯაფარიძე და სხვები. მათ საქმიანობას კონკრეტული მიზანი ჰქონდა - გამოეფხიზლებინა მოსწავლე-ახალგაზრდობა და გაეუმჯობესებინა ხალხის ცხოვრება.

სასწავლებელს განსაკუთრებული მხედველობის ქვეშ ჰყავდა თავისუფლების მოტრფიალე ქუჩუ, რომელსაც ასეთი "ყურადღება" არ მოსწონდა და სემინარიის ხელმძღვანელთაგან არაერთხელ დაუმსახურებია რისხვა. ამას მისი არაორდინარული ქცევაც განაპირობებდა. კერძოდ, დამოკიდებულება ზოგიერთი საგნისადმი. გალაკტიონი თავის დღიურში გვამცნობს: "გავიგე, რომ ის მეორე კლასში დატოვეს ლათინურის გამო, ეს გარემოება მას თითქმის სრულიადაც არ ადარდებდა".

მეგობრები და სემინარიელები მოგონებებში ქუჩუს ასე იხსენებენ: "კეთილი გულის და ამხანაგების მეტად მოყვარული, ხშირად განცალკევებული დადიოდა. აშკარა იყო, მის მაღალ სულს სულ სხვა ადგილი სჭირდებოდა", ან კიდევ - "ის იყო მეტად გრძნობიერი, გულწრფელი, ამხანაგებისადმი კეთილისმდომი და ამავე დროს, ხასიათით სუსტი". დიმიტრი აროშენიძე წერს: "ქუჩუ ხშირად იტყოდა ხოლმე - პოლიტიკა თქვენი საქმეა, პუბლიცისტებო, მე კი ისევ აპოლონის თაყვანისმცემლობას განვაგრძობ". ცნობილია აპოლონისა და დიონისეს სახელებთან დაკავშირებული ცნებები. ზოგადად, აპოლონი სიმბოლოა სინათლის, ჰარმონიის, ზომიერების, დიონისე - სიბნელის, ზომიერების უარყოფის, ქაოსურის. მეოცნებე ჭაბუკის ნატურა, განწყობა და სულისკვეთება აპოლონური იყო. ქუჩუ ვერ ეგუებოდა ირგვლივ გამეფებულ მძიმე ატმოსფეროს. უბედურება იმაში იყო, რომ რომანტიკოსმა ყმაწვილმა ამ ორი საწყისის - აპოლონურისა და დიონისურის მორიგება ვერ შეძლო. ეს ტრაგედიის მიზეზი შეიქნა და 1910 წლის იანვარში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.

მისი გარდაცვალების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი იუწყება: "17 იანვარს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე დიმიტრი ქავთარაძე საკლასო ოთახიდან დერეფანში გავიდა. მას ხელში კარბოლისმჟავიანი პატარა შუშა ეჭირა. მან მიიყუდა ეს შუშა და გარკვეული რაოდენობის ზემოაღნიშნული მჟავის გადაყლაპვა მოასწრო, სანამ უკან მომავალი ორი ამხანაგი შეაჩერებდა. ქავთარაძე დაუყოვნებლივ წაიყვანეს სემინარიის საავადმყოფოში... იქიდან გადაყვანილ იქნა რკინიგზის ლაზარეთში, სადაც მას კუჭი ამოურეცხეს. ამის შემდეგ, მკურნალობის გასაგრძელებლად კვლავ სემინარიის საავადმყოფოში მიიყვანეს... 19 იანვარს ავადმყოფის მდგომარეობა მძიმე იყო... გული ცუდად მუშაობდა... ღამის 2 საათსა და 5 წუთზე ქავთარაძე გარდაიცვალა".

დემონის გარდაცვალებიდან ათი დღის შემდეგ გალაკტიონი დღიურში წერს: "ძვირფასო მეგობარო... შენი აჩრდილი თვალწინ მიდგას ყოველ ნაბიჯზე. ცრემლმორეული დავფარფატებ სემინარიის კედლებში... "დაობლდაო", ჩურჩულებენ მოსწავლეები. ცეცხლის გენიას მიკიდებს ეს ერთი სიტყვა. ნუთუ მართლა დავობლდი... ნუთუ მართლა აღარ არის ქუჩუ... ჩვენი ქუჩუ..."

ქუჩუ ქავთარაძე მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. 1910 წლის იანვრის მიწურული იდგა. თოვლით გადათეთრებულიყო ძველი სენაკის შემოგარენი, სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ისინი ღრმა გულისტკივილით ეთხოვებოდნენ ნიჭიერ ახალგაზრდას. აქვე იყვნენ დემონის ამხანაგებიც, მათ შორის გალაკტიონი. მან მეგობრის საფლავთან ლექსი წაიკითხა, რომელშიც არა მარტო დიდი წუხილი გამოხატა, არამედ იმდროინდელი საზოგადოების გულცივობა და გაუტანლობაც ამხილა: "სიყვარულს, გრძნობას და მეგობრობას/ ადამიანებს სთხოვდა ამაოდ,/ აღფრთოვანებული გრძნობა ზღვად იქცა,/ გული კუბოდ და სასაფლაოდ./ ვერ აიტანა სპეტაკმა სულმა/ ადამიანთა მტრობა და შური,/ ხელთგან გაუსხლტა სამტრო მახვილი/ და ძირს დაეცა სუსტი, უძლური./ მხოლოდ როდესაც იგივე კაცი/ თრთოლვით იწევდა მისკენ საშველად,/ "ჩამომეცალე", სთქვა მომაკვდავმა/ და ცას შეხედა უკანასკნელად".

ბევრი მგრძნობიარე, ტკივილიანი სიტყვა უთქვამთ იმ დღეს და გვიან, ძალიან გვიან, საღამო ჟამს ჩაუსვენებიათ მისი ნეშტი სამარეში.

ნანული ზოტიკიშვილი