რუსულ ბანაკგამოვლილი ქალის ნაამბობი - გზაპრესი

რუსულ ბანაკგამოვლილი ქალის ნაამბობი

დაუზუსტებელი მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ტყვედ ხუთი ათასზე მეტი სამოქალაქო პირი ე.წ. ფილტრაციის გავლის შემდეგ წაიყვანეს და რუსეთის სხვადასხვა ქალაქსა და დასახლებაში გადაანაწილეს. ოჯახის წევრებს ბევრ მათგანთან დღემდე არ აქვს კავშირი. უცნობია, სხვა გვარ-სახელით აგრძელებენ ცხოვრებას თუ ცოცხლებიც აღარ არიან. ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, უამრავი ადამიანი ცდილობს დაკარგული ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების კვალს მიაგნოს, მაგრამ თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას, მათი ძალისხმევა უშედეგოა.

ადგილობრივების თქმით, რუსეთის ხელისუფლება და კოლაბორაციონისტები განსაკუთრებით ერჩოდნენ იმათ, ვინც ანტირუსული განწყობებით გამოირჩეოდა. რამდენიმე დღის წინ, სამშობლოში ორი ათასამდე ტყვე დააბრუნეს. ერთ-ერთი მათგანია ანა მულარჩუკი, რომელმაც მხოლოდ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა, რომ რამდენიმე თვე დედამისიც დონეცკის ციხეში ყოფილა დაპატიმრებული...

- მარტის შუა რიცხვებში, კიევის ოლქში, ბუჩასა და ირპენში რუსული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა. ქალაქ ბუჩაში პატარა კერძო სახლი გვქონდა. მე და ჩემს მეუღლეს მცირეწლოვანი შვილები გვყავს. ბავშვები მუდმივი დაბომბვისგან იმდენად შეშინებული იყვნენ, ტირილისგან სპაზმი დაემართათ და გადავწყვიტეთ ისინი ჩემს დასთან, ლვოვში გაგვეშვა. მეუღლის და თარჯიმანია და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ბავშვები სამშვიდობოს გავიყვანეთ... მათ ჩვენ გარეშე ერთი ღამეც კი არსად გაუთენებიათ, ამიტომ წასვლა ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ მაშინ ასეთი სენტიმენტებისთვის არავის ეცალა. მთავარი იყო, გადავრჩენილიყავით.

- რუსული არმიის ნაწილები რომ შემოვიდნენ, ქალაქში იყავით?

- დიახ, რუსულმა ჯავშანტრანსპორტიორმა ჩვენი ღობე შემოგლიჯა და პირდაპირ სახლს მოადგა. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში თუ მინახავს... დამალვას აზრი არ ჰქონდა, შეიძლება პირდაპირ ჩვენკენ შემოეტრიალებინათ ლულა და იქვე ჩავეხოცეთ. ამიტომ გარეთ გამოვედით. მეუღლეს სახეში კონდახი ჩაარტყეს, - იარაღი სად გაქვს, სახლში ვის მალავო?.. ამასობაში სხვები შიგნით შეცვივდნენ და ცეცხლი გახსნეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში არ წყდებოდა ავტომატის ჯერი. მუხლებზე დავეცი და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ბავშვების გაყვანა მოვასწარი. ისინი საიმედო ხელში იყვნენ, მათ უპატრონებდნენ და ფეხზე დააყენებდნენ... არ ვიცი, შიშისა და ისტერიკისგან ამ ყველაფერს ვჩურჩულებდი თუ ვლოცულობდი, მაგრამ შეიარაღებულმა კაცმა, რომელიც მანამდე რაღაცას ჩამყვიროდა, კიდევ ერთხელ დამიღრიალა: - რას ბუტბუტებ, ქალოო, და ღობეს მიმანარცხა. დავინახე, როგორ გადატენა იარაღი და დამიმიზნა, მაგრამ მეორემ ხელი აუკრა, - არ გინდა, თან წავიყვანოთ, რახან აქ იყვნენ, ბევრი რამ ეცოდინებათო... ჩემი ქმარი სახლში შეიყვანეს, მე კი სკოლის შენობასთან მიმიყვანეს, სადაც უამრავი ადამიანი მოეგროვებინათ... ერთმანეთთან დალაპარაკებას გვიშლიდნენ, რამდენიმეს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. ძირს დაგდებულებს ფეხებს ურტყამდნენ. გვიყვიროდნენ, - ამერიკელებს ფულის, საკვებისა და კომფორტის გამო მიეყიდეთ, ადამიანური არაფერი დაგრჩათ, მოხუცებს დასცინით, ბავშვებს რყვნით, ღმერთი დაივიწყეთ და გარყვნილებაში გადაეშვით... ის, რის წინააღმდეგაც სულ რაღაც ექვსი ათეული წლის წინ ერთად ვიბრძოდით, ახლა თქვენი ნებით შემოიტანეთო... "აზოვის" ბატალიონს ახსენებდნენ, - ის ფაშისტები გმირებად აქციეთო.

რამდენიმე საათის შემდეგ, "უაზის" მოდელის მანქანაში ჩამსვეს და ისევ სახლში მიმაბრუნეს, სადაც ჩემი ქმარი დასისხლიანებული, ხელებშეკრული, მუხლებზე იდგა და გაყინული სახით უყურებდა, როგორ ტვირთავდნენ ჩემი სახლიდან ავეჯს, ტექნიკას, ბავშვების სათამაშოებს პირდაპირ სამხედრო მანქანაში. ეს ჩვენი დანგრეული ცხოვრების უკანასკნელი კადრები იყო. უცებ ერთ-ერთი ჩემთან მოვიდა, ქმართან მიმათრია და მითხრა, - დაემშვიდობეთ!.. რატომ-მეთქი? იმიტომ, რომ შენ ჩვენთან ერთად მოდიხარ, მასთან კი ჩვენს ბიჭებს სამუშაო აქვთო, - ცინიკურად მითხრა. მხოლოდ ის შევძელი, რომ ტანსაცმლის სახელოთი სახიდან სისხლი მოვწმინდე. ჩემს ქმარს თავიც არ აუწევია, თითქოს საკუთარი უსუსურობა ახრჩობდა და ყველა, მათ შორის მეც ვეზიზღებოდი, რადგან ამ მდგომარეობაში მხედავდა.

რუსმა ჯარისკაცებმა, რომელთაც ბინძური ტანსაცმელი ეცვათ და ჭუჭყიანი ხელებით ჩვენი სახლის სამზარეულოში ნაპოვნ საჭმელს ისუსნებოდნენ, აგდებულად მითხრეს, საკმარისია, შესაძლოა, რუსეთში უფრო ღირსეული ქმარი გიპოვონ და ეს საცოდავი მალე დაგავიწყდებაო... მაშინ ვიკითხე, რას გვიპირებდნენ? "ჩვენს მოსახლეობას შეემატებით!" - მითხრა მძღოლმა, რომელიც მონჯღრეულ მანქანას მართავდა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ჩემი ქმარი ჯერ ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ სხვა პატიმრებთან ერთად, ბრიანსკში წაუყვანიათ. არ ვიცი, რას ითხოვდნენ მისგან. დეიდაშვილი "აზოველი" ჰყავდა და შესაძლოა, ვიღაცამ მათ ამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია... მითხრეს, რომ ის "სპეცკონტინგენტში" შედიოდა და მისი გათავისუფლება რთული საქმე იყო. ბრიანსკის შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა.

ჩვენ ე.წ. ფილტრაციის ბანაკი გავიარეთ, სადაც თავად შევესწარი, როგორ უსწორდებოდნენ "საეჭვო წარსულის მქონე" ქალებსა და კაცებს. რამდენიმეს ისე სცემეს, იქვე გახსნილ საველე ჰოსპიტალში გადაყვანა დასჭირდათ. მე მხოლოდ ერთი ღონიერი სილა მომხვდა იმისთვის, რომ მოვასწარი და შვილები ლვოვში გავუშვი. ჩვენთან ერთად ცხოვრება არ გინდათ, ტვინი გაქვთ მოწამლული, არადა, ჩვენი მშობლები ერთად აშენებდნენ დიად საბჭოთა კავშირს, სადაც ყველა მშვიდად და მეგობრულად ცხოვრობდაო, - მიყვირა მამაჩემის ასაკის კაცმა და სახეში ისე გამარტყა, შევბარბაცდი, მაგრამ თავის შეკავება მოვახერხე, რადგან ვიცოდი, ვინც დაეცემოდა ან დაიჩოქებდა, ფეხებiT ურტყამდნენ. სამაგიეროდ, აღარასდროს შეხვდები შვილებსო, - მშვიდად მითხრა ქალმა, რომელიც manამდე ჩუმად იჯდა და საბუთებში რაღაცას ინიშნავდა...

ana-mularchuk-1-1680505965.jpg

- იცოდით, სად მიჰყავდით?

- არა. ვცადეთ გარკვევა, მაგრამ გვითხრეს, - ჩვენც ველოდებით, "რაციით" უნდა გადმოგვცენო. გზაში, როდესაც ზედამხედველი ქალი იძინებდა, ტყვეები ერთმანეთში ჩუმად ვლაპარაკობდით, ინფორმაციებს ვცვლიდით. ჩემ გვერდით მჯდომი ახალგაზრდა გოგონა გოსტომელიდან მოჰყავდათ. მშობლებზე არაფერი იცოდა და დარდობდა. მამა მანქანით შინისკენ მოდიოდა, ოჯახისა და მეზობლებისთვის პური მოჰქონდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა გააჩერეს, თავზე ტომარა წამოაცვეს, სცემეს, მანქანა წაართვეს და სახლში მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოუშვესო. გოგო მშობლების თვალწინ წამოუყვანიათ, ვითომ დასაკითხად. სკოლაში მუშაობდა, უნდა გავესაუბროთ, მას ყველას შესახებ ექნება ინფორმაციაო, და პირდაპირ "ფილტრაციის ბანაკში" წამოიყვანეს.

იყვნენ წყვილები, რომლებიც დაკითხვაზე ცალ-ცალკე შეიყვანეს. თუ ქმარს რაღაც საეჭვოს უპოვიდნენ, ცოლს ეუბნებოდნენ, რომ სხვა ეტაპს უნდა გაჰყოლოდა და ქმარიც მალე დაეწეოდა, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა ადგილას ანაწილებდნენ. ერთმანეთს აცილებდნენ, დიდი ალბათობით, სამუდამოდ ან manამდე, ვიდრე პუტინის რუსეთი მუხლებზე არ დაეცემა. იმედია, ამას ძალიან მალე ვიხილავთ.

ჩვენთან ერთად მოდიოდა მამაკაცი, რომელიც მხოლოდ იმიტომ აიყვანეს ტყვედ, რომ სარდაფში მწვანე საძილე ტომრები უპოვეს და ჩათვალეს, რომ ის იქ "ტერიტორიული თავდაცვის ბიჭებს" მალავდა. მათ ხომ ყველგან "აზოველები" და "თავდაცვის ბიჭები ელანდებოდათ", არადა, წლების განმავლობაში მექანიკოსი ვიყავი, მანქანების შეკეთება მევალებოდა და საძილე ტომრები, ბრეზენტი და სხვა ნივთებიც ამისთვის მჭირდებოდაო. ძალიან იყო ნაცემი. ცალ თვალში მხედველობა დაკარგული ჰქონდა, ყურში არ ესმოდა... შვილებსა და ცოლზე დარდობდა. დაბომბვის დროს თავშესაფარში ერთმანეთს ავცდით, მას შემდეგ დენი გაითიშა, კავშირი გაწყდა და ვერ დავურეკე. ამასობაში რუსები მოვიდნენ, ტყვედ ამიყვანეს და ცოლ-შვილისთვის რაიმეს მინიშნება, ცოცხალი რომ ვარ, ვერ მოვასწარიო... ავტობუსში გაიგო, რომ და და დისშვილები დაუხვრიტეს. ჩუმად ტიროდა და ცალი თვალიდან ცრემლს გულსაკლავად იწმენდდა.

ბევრს იმედი ჰქონდა, რომ გზაშივე შეძლებდა სიტუაციის მოგვარებას და ყირიმში ჩასვლის შემდეგ, საქართველოსკენ აიღებდა გეზს. მე არ გამიშვეს. შვიდ ქალთან ერთად, სიმფეროპოლის ციხეში გადამიყვანეს. ერთ-ერთს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, დაახლოებით ჩემი შვილების ტოლი. იმ რამდენიმედღიან ტანჯვით გავლილ გზაზე მოკლედ კი ვყვები, მაგრამ ყველა წუთი და წამი დამცირებით, ბრაზით აღსავსე იყო და ვნანობდი, რომ ბუჩიდან ცოცხალმა გამოვაღწიე... ბავშვების დედა ძალიან ლამაზი გოგო იყო და ციხის ადმინისტრაციამ მაშინვე დაადგა თვალი. ღამით, ვითომ დასაკითხად მიჰყავდათ, სინამდვილეში მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ. ის ერთადერთი არ იყო, ვისაც ასე ექცეოდნენ... სცემეს და გააუპატიურეს რუსი დებიც, რომლებიც პროუკრაინულ განწყობას არ მალავდნენ. ძალიან ცოტა საჭმელს გვაძლევდნენ. საპირფარეშო არ არსებობდა. ერთ ოთახში, რომლის კუთხეშიც ორმო იყო ამოთხრილი, ჭურჭელსაც ვრეცხავდით და საპირფარეშოდაც ვიყენებდით. სუნს რომ არ გავეგუდეთ, ზედ ნაჭრები გვქონდა დაფენილი.

საჭმელს ვზოგავდით, რათა ბავშვებს მეტი შეხვედროდათ. ძირითადად, ძეხვს, პურსა და თევზის კონსერვებს გვაძლევდნენ, რაც ძალიან გვაწყურებდა, წყალი კი არ იყო... იქ რამდენიმე თვე დავრჩით და ამ ხნის განმავლობაში, დაღესტნელმა ქალმა ბავშვებს სამჯერ შემოუტანა ბრინჯის ფაფა.

დროდადრო გავყავდით და სამხედროების ბინძურ ტანსაცმელს გვარეცხინებდნენ... რამდენიმე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში თავის ახლობლებს დაუკავშირდა და დიდი წვალებით, ქრთამის გადახდის და ხალხის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. მე იქ არავინ მყავდა...

რუსი ადვოკატი, ელენა სკვორცი მირჩიეს, რომელიც წითელ ჯვართან თანამშრომლობდა. უკრაინელმა ტყვეებმა დამარიგეს, წერილი მზად გქონდეს და როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემა, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს მიაწოდეო, მაგრამ საკანში დღეში რამდენჯერმე შემოდიოდნენ და გვჩხრეკდნენ. ჩამორთმეული მქონდა საბუთები და პირადი ნივთები. ერთადერთი, რაც მოვახერხე, ერთ გოგოს ჩავაწერინე ჩემი მონაცემები და ჩემს სახელზე წერილის დაწერა ვთხოვე, რათა "წითელი ჯვრისთვის" გადაეცა. ეს ძალიან სარისკო იყო.

ერთ ღამეს მორიგე ქალმა საკანში თავი შემოყო და გამოგვიცხადა, რომ 20 წუთი გვქონდა მოსამზადებლად, რადგან სხვაგან გადავდიოდით. გზაში გაირკვა, რომ ტაგანროგში მივყავდით, სადაც დროებით მუშაობის, ხელფასის მიღებისა და ცალკე ოთახის "ფუფუნება" გვექნებოდა. ზედამხედველები და გამცილებლები წუწუნებდნენ, რომ გამუდმებით გზაში ყოფნა უწევდათ, გამოძინებას ვერ ასწრებდნენ, დაღვრემილ უკრაინელებთან ურთიერთობა არ მოსწონდათ, არადა, თურმე, მადლიერები უნდა ვყოფილიყავით, რადგან ომს გამოგვარიდეს... რამდენიმე დღის შემდეგ ჩავედით ტაგანროგში, სადაც უკვე დამხვდნენ უკრაინელები. სამი ქალი იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მე მიმიყვანეს, დამლაგებლად მუშაობდა. იქაური საბუთები მომცეს, ორ უკრაინელ ბოშასთან ერთად ოთახი გამომiყვეს და ჩემი მოვალეობები ამიხსნეს... არავითარი პირობები არ იყო, წყალს სართულებზე სათლებით ვეზიდებოდით, ძალიან დაბალკალორიული კვება და მძიმე ცხოვრების პირობები მქონდა. დღე და ღამეს დერეფნების წმენდაში ვატარებდი. გავცივდი და ფილტვების ანთება დამემართა იმდენად რთულ ფორმებში, რომ სისუსტისგან რამდენჯერმე გონება დავკარგე. იქ მედპუნქტში ადგილები არ იყო და სხვა საავადმყოფოში გადამიყვანეს, რომლის სამედიცინო პერსონალის დახმარებით დავუკავშირდი რამდენიმე ადვოკატს, მათი ძალისხმევით კი "წითელ ჯვართან" კომუნიკაცია შევძელი... შედეგად, დავტოვე საძულველი ტაგანროგი და სხვა უკრაინელებთან ერთად, ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი. ცოცხალი რომ ვიყავი, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ჩემს გაზრდილ, შეცვლილ და გულდამძიმებულ შვილებს ჩავეხუტე. დედა ციხეში დამხვდა, ქმრის გზა-კვალის პოვნას დღემდე ვცდილობ. ერთი ადამიანისთვის ზედმეტად ბევრი უბედურების გადატანამ მომიწია... მაგრამ ვნახე იმაზე მეტად გაუბედურებული რუსეთი, ვიდრე ეს თუნდაც ომამდე წარმომედგინა და ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა ამ ფორმით დიდხანს ვერ იარსებებს.

ლალი პაპასკირი