რა პროგრამებით შეუძლიათ სარგებლობა გლეხებსა და ფერმერებს? - გზაპრესი

რა პროგრამებით შეუძლიათ სარგებლობა გლეხებსა და ფერმერებს?

როგორც შევიტყვეთ, წელს მოსახლეობა ხვნა-თესვისთვის ვაუჩერებს ვეღარ მიიღებს. დავინტერესდით, რას სთავაზობს ხელისუფლება გლეხებს და ფერმერებს, რა შეღავათებით შეუძლიათ ისარგებლონ და რა პროგრამები აქვს სახელმწიფოს? - ამ თემებზე ჟურნალის "გზა" მკითხველებისთვის სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა ისაუბრა.

nataliaa-copy-1680509981.jpg

- საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო, სახელმწიფო რა პროგრამებს სთავაზობს მოსახლეობას?

- სისტემურ პროექტებს წელსაც ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც გახლავთ იაფი ფული და სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებას მოიცავს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ვაფინანსებთ როგორც ძირითად საშუალებებს, ასევე გვაქვს გარკვეული მიმართულების საბრუნავი საშუალებები რაღაც პერიოდულობით. მაგალითად, ვაშლის ან ვენახის მოსავლის აღების დრო რომ დგება, კომპანიებს, რომლებიც იბარებენ არასტანდარტულ ვაშლს ან ყურძენს, საბრუნავ საშუალებებსაც ვუფინანსებთ. ძირითადი საშუალებების კომპონენტი მუდმივად გვაქვს და ვუფინანსებთ 11 პროცენტს, დანარჩენს თვითონ ბენეფიციარი იხდის. თუ ბანკი ფერმერს 11 პროცენტში დაუმტკიცებს სესხს, გამოდის, სრულად დავუფინანსებთ ამ 11 პროცენტს, თუ არადა, მხოლოდ იმ დარჩენილი პროცენტის დაფარვა მოუწევს. აგროკრეტიდის ასაღებად მსურველს ჩვენთან მოსვლა არ დასჭირდება, მიმართავს ნებისმიერ ბანკს და იქვე გაუფორმდება ხელშეკრულება. ჩვენ ბანკი გვაწვდის ამაზე ინფორმაციას და ვახდენთ სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს პროგრამა ხელმისაწვდომია ყველასთვის. 20.000 ლარიდან მილიონ ნახევრამდეა გასაცემი თანხა. ძალიან ვრცელია პროგრამა და მსურველებს შეუძლიათ, ჩვენს ვებგვერდზე დეტალურად გაეცნონ ამ პროგრამებს.

ასევე მნიშვნელოვანი პროექტია "დანერგე მომავალი". ეს არის მრავალწლიანი ბაღების გაშენებისთვის. დასავლეთ საქართველოში ბაღის გაშენების პერიოდი პირველი ნოემბრიდან 30 აპრილის ჩათვლითაა, აღმოსავლეთ საქართველოში 10 ნოემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით. განაცხადების მიღებას ვიწყებთ შემოდგომაზე, ოქტომბერში...

- "დანერგე მომავლის" ფარგლებში ისევ კრედიტების გაცემაზეა საუბარი?

- ამ შემთხვევაში გაიცემა გრანტი, ანუ რასაც გადავცემთ, იმას უკან აღარ ვითხოვთ, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს, ანუ ბაღს გააშენებს. ეს არის გრანტი, საჩუქარი და აქ ნერგების 70 პროცენტს და სარწყავი სისტემის 50 პროცენტს ვაფინანსებთ. ერთ ბენეფიციარს უფინანსდება არა უმეტეს 50 ჰექტარისა, არა უმეტეს 250.000 ლარისა, ყველა კულტურაზე გადაანგარიშებით, ერთ ჰექტარზე ლიმიტი 10.000 ლარია, ლურჯი მოცვის შემთხვევაში კი 15.000 ლარი. ჩვენ ასევე გვაქვს ჭაბურღილების დაფინანსების პროგრამა "დანერგე მომავლის" ფარგლებში. წვეთოვან სისტემას ვუფინანსებთ ერთ ჰექტარზე არა უმეტეს 2.500 ლარისა.

საინტერესოა სანერგე მეურნეობების კომპონენტიც, აქ ვაფინანსებთ თანამედროვე სანერგე მეურნეობებს, გვაქვს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დაფინანსებაც და ა.შ. თუ მაღალმთიანი ან ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის სოფელია, ან კოოპერატივია, დამატებით კიდევ 10 პროცენტით დაფინანსება ყველა იმ კომპონენტში, რაც ჩამოვთვალე. თუ სეტყვისგან, ქარიშხლისგან, წყალდიდობისგან დაუზიანდებათ ბაღები, ამ დროს ღირებულების 10 პროცენტს ვუნაზღაურებთ, აქაც მაქსიმალური თანხა გვაქვს ერთ ბენეფიციარზე 250.000 ლარი. კიდევ არის სისტემური პროექტი, რომელიც გახლავთ აგროდაზღვევა, სადაც ბენეფიციარებს პოლისის ღირებულების სამოცდაათი პროცენტი უფინანსდებათ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზის შემთხვევაში 50 პროცენტი. ერთ ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს მაქსიმუმ 10 ჰექტარი ყველა კულტურაზე და მარცვლეული კულტურების შემთხვევაში 50 ჰექტარი. კოოპერატივზე კი არ გვაქვს შეზღუდვა. სხვა კულტურის შემთხვევაში ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 50.000 ლარს.

- "დანერგე მომავლის" ფარგლებში რომ დააფინანსოთ ფიზიკური პირი, მინიმუმ რამდენ ჰექტარზე უნდა გააშენოს ხეხილის ბაღი?

- მინიმუმ ნახევარი ჰექტარი უნდა გააშენოს, მაქსიმუმი 50 ჰექტარია.

- უკვე აქტიურად მიმდინარეობს სოფლებში თხილის ბაღების აღრიცხვა, ამ პროგრამაზე რას იტყვით?

- ეს პროგრამა მოიცავს მთელ საქართველოს, მაგრამ რადგან თხილის ბაღები უფრო მეტად დასავლეთ საქართველოშია გაშენებული (ყველაზე მეტი არის სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში), აღიქმება, თითქოს ეს არის მხოლოდ დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი, მაგრამ ასე არ არის, მთელ საქართველოზე ვრცელდება, ასევე თხილის ბაღები აქვთ კახეთშიც, თუმცა არა იმ რაოდენობით. თხილის წარმოების ხელშეწყობის ფარგლებში ეს პროგრამა წელს დაინერგა და ვრცელდება იმ ფერმერებზე, რომლებსაც თხილის ბაღი აქვთ 02-დან 3 ჰექტრამდე. ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით ისინი 500 ლარს მიიღებენ. ეს ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს. თუ ფიზიკურ პირებს აქვთ 3 ჰექტარზე მეტი ბაღი ან იურიდიული პირია, მათ თხილისთვის საბრუნავი საშუალებები დაუფინანსდებათ, რომ შესაწამლი იყიდონ და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 5.000-დან 10.000 ლარამდე სესხის აღებაც შეუძლიათ. ამ სესხის 8 პროცენტს მათ სახელმწიფო დაუფინანსებს.

- ცნობილია, რომ ფაროსანამ ძალიან დააზიანა თხილის ბაღები, ამიტომ გადაწყდა ამის დაფინანსება?

- მარტო ფაროსანა არ იყო მიზეზი. კლიმატი რომ იცვლება, მოვლის საშუალებების მოხმარებაც სხვანაირად უნდა მოხდეს. შარშან უხვი ნალექი იყო დასავლეთ საქართველოში და ამან განსაკუთრებით დააზიანა თხილი. ზოგადად, მამა-პაპა როგორც უვლიდა, ისე ვაგრძელებთ ბაღების მოვლას, რეალურად კი კლიმატი შეიცვალა და სხვა საჭიროებები აქვს უკვე ბაღებს. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი შესაწამლი საშუალებების შეტანა უნდა მოხდეს. ფერმერებს არ ჰქონდათ საშუალება, ეყიდათ შესაბამისი საშუალებები, ამიტომ შარშან თხილის ხარისხი დავარდა, მოსავლიანობაც შემცირდა, ამიტომ გადაწყდა ფერმერების დახმარება. ერთ ჰექტარზე შესაწამლი საშუალებებისთვის 500 ლარს გავცემთ.

- ცნობილია, რომ სამეგრელოში თხილის ბაღებს ადრე არც წამლავდნენ, ფაროსანას შემდეგ მოსახლეობამ შეწამვლა დაიწყო. როგორ ფიქრობთ, 500 ლარი საკმარისი იქნება ჰექტარი ფართობის ბაღის შესაწამლად?

- დიახ, არ წამლავდნენ, მაგრამ როგორც აღვნიშნე, კლიმატი შეიცვალა და ახლა ჩვენი ჩვევებიც უნდა შევცვალოთ, უნდა მოვერგოთ დღევანდელ კლიმატურ პირობებს და ვებრძოლოთ იმ დაავადებებს, რაც აქამდე არ ყოფილა. ადრე თხილის ბაღები ჰქონდათ ეზოში, პატარა ფართობებზე, შემდეგ პროგრამა "დანერგე მომავლის" ფარგლებში ბევრი ბაღი გაშენდა, არა მარტო თხილის, სხვა ბაღებიც და როდესაც ისინი ინდუსტრიული ხდება, შესაბამისად, უფრო მეტი მავნებლები ჩნდება. აქ ორი ფაქტორია, ერთი კლიმატური პირობები და მეორე ბევრი გაშენებული ბაღი. მარტო ფაროსანას არ დაუზიანებია ბაღები, სხვა დაავადებებთანაც საჭირო გახდა ბრძოლა.

- რამდენიმე ადამიანმა სოფელში მითხრა, არ მივდივარ ჩემი თხილის ბაღის დასარეგისტრირებად, იმიტომ რომ მგონია, ახლა დაგვითვლიან ეზოში რამდენი ძირი თხილი გვაქვს და მერე ამაზეც გადასახადს გადაგვახდევინებს სახელმწიფოო. ვინც ასე ფიქრობს, რას ეტყვით მათ?

- ეს ერთადერთი პროგრამა არ არის, რომელზეც ასეთი შიშები აქვთ ხოლმე, სხვა პროექტების მიმართაც იყო და იქნება უნდობლობა. ეს პროგრამა არ შეგვიმუშავებია იმისთვის, რომ მერე გადასახადები დავაწესოთ. ეს მოდელი მოქმედებს ევროკავშირში, აბსოლუტურად ყველა კულტურას იმავე პრინციპით ხაზავენ რუკაზე და ნახულობენ, რომ ფართობი არის თხილის, მერე მიდიან ადგილზე, რწმუნდებიან, რომ ნამდვილად თხილია და მერე რისი ბაღის გაშენებაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, იმ კულტურას ასუბსიდირებენ. მაგალითად, თუ მარცვლეულია მნიშვნელოვანი, ამისთვის გამოყოფილია 400 ევრო, სხვა არამნიშვნელოვანზე კი 100 ევრო. იმავე პრინციპით არის გაკეთებული ეს პროგრამა ჩვენთან და მიზნობრივად თხილის ბაღისთვის გაიცემა ეს დახმარება. ასე რომ, ნუ შეშინდებიან, ჯობია დროულად დაარეგისტრირონ, მიიღონ დახმარება და დაამუშავონ თავიანთი ბაღები.

- იუსტიციას მიწის პრივატიზაციის სქემა რეგიონებისა და სოფლების მიხედვით აქვს გაწერილი, ბევრს კი სოფლებში მიწები დარეგისტრირებული არ აქვს და ელოდება ამ განრიგს, სხვა შემთხვევაში მათ დასარეგისტრირებლად 300 ლარის გადახდა უწევთ. ამ ადამიანებს ხომ არ შეეშლებათ ხელი, რომ ამ პროგრამით ისარგებლონ?

- ჩვენ გავითვალისწინეთ სისტემური რეგისტრაციის განრიგი, ამიტომ დავუშვით როგორც რეგისტრირებული, ასევე არარეგისტრირებული თხილის ბაღების აღრიცხვა და სუბსიდიების გაცემა. აქ გვეხმარებიან ადგილობრივი რწმუნებულები. ისინი გვიდასტურებენ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ამუშავებს ამ ნაკვეთს და ასე ვარეგისტრირებთ მათ. ამ კუთხით ფერმერების ინტერესი მაქსიმალურად გათვალისწინებულია. ჩვენ იანვრის ბოლომდე გვქონდა დრო თხილის ბაღის რეგისტრაციისთვის, მაგრამ ბევრი ფერმერი დროულად ვერ მივიდა, ზოგი პირადი მიზეზით, ზოგი კლიმატური პირობების გამოც, ამიტომ გადაწყდა გახანგრძლივებულიყო რეგისტრაციის პროცესი და 28 აპრილის ჩათვლით არის თხილის ბაღების რეგისტრაციის ვადა.

- ხვნა-თესვა, მიწის დამუშავება უკვე დაიწყო. სხვა წლებში გასცემდით ვაუჩერებს საწვავის შესაძენად, რათა გლეხებს მიწა დაემუშავებინათ. წელს ეს პროგრამა იქნება?

- წელს არ არის დაგეგმილი ვაუჩერების გაცემა.

lasha-shalamberidze-copy-1680509962.jpg

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ლაშა შალამბერიძეს:

- ბატონო ლაშა, სამეგრელოში ბევრს გაუწყდა ფუტკარი. ისინი თვლიან, რომ ეს ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულმა წამლობამ გამოიწვია. ამ ხალხს რაიმე დახმარება გაეწევა?

- სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდა. მეხუთე წელია ფაროსანას გასანადგურებლად ტერიტორიებს ვამუშავებთ და ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი ფაქტი, არც ერთი კვლევა არ გვაქვს, რომ ამის გამო ფუტკარს რამე დაემართა. სამწუხაროდ, ამ მწერის გაწყვეტის ძირითადი მიზეზი არის ვარუატოზი, ანუ ფუტკრის ტკიპა. სოფლის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ათასობით მეფუტკრეა გადამზადებული და ახლაც, 3 აპრილს იწყება გადამზადების მორიგი პროგრამა, 1200 მეფუტკრე გაივლის სწავლებას, როგორ ებრძოლონ ამას. რაც შეეხება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენი ქართული მოდელი არაერთმა, მათ შორის ევროპულმა ქვეყნებმა გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფო არ იღებს ზომებს მავნებლების წინააღმდეგ, ამერიკაში თუ ევროპაში ეს ყველა ვალდებულება არის ფერმერების კისერზე. ჩვენ უკვე დავიწყეთ მავნებლებთან ბრძოლა, ძირითადი შეწამვლა იწყება ამ კვირის ბოლოდან, როცა ტემპერატურა მაღლა იწევს და მწერები ბუნაგებიდან გამოსვლას იწყებენ... და აქვე გეტყვით, რომ ბოლო სამი წელია სურსათის ეროვნული სააგენტოს მართვის ცენტრი ფაროსანას დამუშავებას ახორციელებს ღამის საათებში, მზის ჩასვლის შემდეგ. ყველა მეფუტკრემ კარგად იცის, რომ ამ დროს ფუტკარი სკაშია, არ დაფრინავს. ეს ნივთიერება ნახევარი საათი არის ჰაერში, შემდეგ ნაწილაკებად იშლება, იფანტება და მერე საშიში აღარ არის. ასევე, ათასობით წერტილია დამონტაჟებული დასავლეთ საქართველოში, რომელიც იზიდავს მწერებს და კვირაში ერთხელ ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხის დამუშავება.

- დასავლეთ საქართველოში ხეხილს ძირითადად არ წამლავენ. ხომ არ ურჩევთ ადგილობრივ მოსახლეობას, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, შეწამლონ თავიანთი ხეხილის ბაღები?

- ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ და ყველას მივცემ რეკომენდაციას, აუცილებელია თხილის კულტურების დამუშავება და ასევე, სხვა კულტურებისაც, გამომდინარე იქიდან, რომ კლიმატი ძალიან შეიცვალა. დაახლოებით 20-25 წლის წინ ამდენი გამონაბოლქვი, ამდენი ტრანსპორტი არ იყო და მცენარეს შეეძლო დაავადებებისთვის გაეძლო. სამწუხაროდ, მხოლოდ მავნებლებზე არაა საუბარი, არის სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებიც და აქედან გამომდინარე, სწორად უნდა გამოიყენონ კალენდარი, რათა კარგი ხარისხის მოსავალი მიიღონ. მოსახლეობას ვურჩევ თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებზე განახორციელონ წამლობითი ღონისძიებები. სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონალური სამსახურები კვირაში ერთხელ, სოფლის ცენტრებში ატარებენ შეხვედრებს, სადაც გასცემენ რეკომენდაციებს არა მხოლოდ ფაროსანას წინააღმდეგ ან სხვადასხვა მავნებლებზე, არამედ იმ პროექტებზეც, რასაც სახელმწიფო ახორციელებს. ამიტომ, დაესწრონ ამ შეხვედრებს, მიიღონ მათთვის სასარგებლო ინფორმაციები. ასევე, ჩვენს გვერდზე შეუძლიათ გაეცნონ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს საველე ლაბორატორიები, გავდივართ სოფლებში და ვახორცილებთ ფერმერთა ინფორმირებას, ადგილობრივი თვითმართველობის გადამზადება დავიწყეთ ათივე რეგიონში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისგან მოსახლეობას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, "ფეისბუკითაც" ხდება ინფორმაციის მიწოდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობის მაქსიმალურმა რაოდენობამ შეიტყოს სიახლეებისა და რეკომენდაციების შესახებ და მათი სასიკეთოდ გამოიყენება შეძლოს.

თეა ხურცილავა