"ქუჩაში იშვიათად ვხედავ გაღიმებულ, ბედნიერ სახეებს, ზოგჯერ მისალმებაზეც არ გპასუხობენ" - გზაპრესი

"ქუჩაში იშვიათად ვხედავ გაღიმებულ, ბედნიერ სახეებს, ზოგჯერ მისალმებაზეც არ გპასუხობენ"

20 წლის აკაშ იადავი საქართველოში ცხოვრობს და სწავლობს. აპირებს, ოდესმე აუცილებლად ჩამოიყვანოს მშობლებიც და დაათვალიერებინოს ის ადგილები, რომლებიც თვითონ მოინახულა და მოიხიბლა.

- დავიბადე ინდოეთში, გურგაონში, რომელიც ნიუ-დელის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. ეს არის ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიული კერა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალ შემოსავალს გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ გურგაონში 250 კომპანიის 500-მდე ოფისია განთავსებული. იქ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, დედმამიშვილები არ მყავს. დედა დიასახლისია, მამა - ბანკირი. მოგეხსენებათ, ინდოეთში ბევრი კასტაა. მე საშუალოზე მაღალ კლასს, იადავების კასტას მივეკუთვნები და ჩემი გვარიც იადავია. ძნელია ინდოეთში იპოვო საშუალო ფენა - ან ძალიან მდიდრები არიან, ან ძალიან ღარიბები, რომელთაც უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ. ამ ფონზე მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი უფრო და უფრო ცუდ პირობებში ცხოვრობენ.

- მოსახლეობა პროტესტს თუ გამოხატავს?

- პროტესტის გამოხატვა რთული საკითხია. ვიცით, რომ არანაირ შედეგს არ გამოიღებს და ამიტომ, ყოველთვის ვარიდებთ თავს. კონტაქტი არ არის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, არც არავინ არის ისეთი, ვინც ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

- თქვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

- მომწონს, რომ მოსახლეობის რიცხოვნობით უკვე პირველ ადგილზე ვართ, ჩინეთსაც კი გავუსწარით; ინდოეთი მულტიკულტურული ქვეყანაა - ასზე მეტი ეთნიკური ჯგუფი თანაარსებობს და თითოეულს თავისი ადათი აქვს; მომწონს, რომ უძველესი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები გვაქვს. მაგალითად, დაქორწინების შემდეგ ისევ მშობლებთან და ნათესავებთან ერთად ცხოვრობენ.

304910497-3402403633339785-7332609986847427253-n-copy-1680510178.jpg

- ე.ი. ახალგაზრდა თაობისთვისაც მისაღებია ეს ტრადიცია?

- ინდოეთში შვილებს ისე ზრდიან, რომ დაოჯახების შემდეგაც არ სურთ ცალკე გადასვლა, თუმცა დასავლური გავლენა უკვე შესამჩნევია და ბევრი წყვილი გამოთქვამს სურვილს, იცხოვრონ ცალკე, დამოუკიდებლად, მშობლების, და-ძმებისა და ნათესავების გარეშე - ეს კი ოჯახში განხეთქილებას იწვევს. უფროსებს არ ესმით, რატომ სურთ ახალგაზრდებს დამოუკიდებლად ცხოვრება. ეს ტრადიცია დღესდღეობით სოფლებში უფროა შემორჩენილი. ასე იყო ჩვენს ოჯახშიც, თუმცა რაკი სამსახურები ქალაქში აქვთ, დეიდებს, ბიძებსა და მამიდებს სხვაგან უწევთ ყოფნა. დაქორწინების შემდეგ მშობლების სახლში ცხოვრების ტრადიცია მეც სწორად მიმაჩნია და მომწონს.

- რატომ?

- თუ რამე პრობლემა შეგექმნება იმ ადამიანთან, ვისთანაც ოჯახს ქმნი, ყველა ერთად მოძებნის მისი მოგვარების გზებს, მხარში ამოუდგებიან ახალგაზრდებს, რომლებსაც ამის გარეშე გაუჭირდებათ პრობლემებთან გამკლავება. ამიტომაც მირჩევნია ვიცხოვრო მშობლების ოჯახში, ვიდრე ცალკე. რაც არ მომწონს, არის ის, რომ ინდოეთში რომელიღაც კასტა უფრო მეტად პრივილეგირებულია, რომელიღაც - ნაკლებად; ასევე, არ მომწონს, რომ კორუფციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

- როდის ჩამოხვედით საქართველოში და რატომ აირჩიეთ სწავლის გასაგრძელებლად მაინცდამაინც ეს ქვეყანა?

- ჩამოვედი 2019 წლის 20 ოქტომბერს. ვსწავლობ ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე. ინდოეთში არიან აგენტები, რომელთაც აქვთ შეთავაზებები მათთვის, ვისაც სურს სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლა. აგენტმა, რომელიც დამიკავშირდა, რამდენიმე ქვეყანა შემომთავაზა: რუსეთი, ჩინეთი და საქართველო. მანვე მირჩია საქართველო, უფრო ახლოა ევროპასთან და პირობებიც კარგია, თან იქ უკვე ბევრი ინდოელია და ადაპტაცია არ გაგიჭირდება, სწავლაც შედარებით იაფიაო. საცხოვრებლის ფასები ახლა კი გაიზარდა, მაგრამ მაინც იაფია სხვა ქვეყნებთან შედარებით. როდესაც პირველად გავიგე საქართველოს შესახებ, ამერიკის შტატი მეგონა. შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია, როგორი ქვეყანა იყო, დავინტერესდი კერძებითაც. აღმოვაჩინე, რომ აქაურებმა ინდოეთზე ბევრი რამ იცოდნენ, უყვართ ინდური ფილმები, მსახიობები. მახსოვს, ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ტაქსიში ჩავჯექი და როცა მძღოლმა გაიგო, ინდოეთიდან ვიყავი, დაიწყო სიმღერა: „ჯიმი, ჯიმი, აჯა, აჯა“. ასეთი ბევრი შემთხვევა მახსოვს. რა თქმა უნდა, ვიდრე ჩამოვიდოდი, ვფიქრობდი, როგორი ქვეყანა და ხალხი დამხვდებოდა, რაღაცები დაემთხვა ჩემს მოლოდინს, რაღაცები - არა. მაგალითად, მეგონა, ქართველები უფრო გახსნილები და გულღიები იქნებოდნენ, მაგრამ ასე არ არის. ქუჩაში იშვიათად ვხედავ გაღიმებულ, ბედნიერ სახეებს, ზოგჯერ ღიმილსა და მისალმებაზეც არ გპასუხობენ. თუმცა ისიც შევამჩნიე, რომ ერთი ჭიქა სასმლის შემდეგ უფრო გულახდილები ხდებიან.

- ვიცი, მოგზაურობა გიყვართ, რა ნახეთ და რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ან რა იყო ისეთი, რამაც განსაკუთრებით დაგაინტერესათ?

- ბევრი ლამაზი ადგილი ვნახე. ვიყავი გუდაურში, მცხეთაში, ბაკურიანში, სიღნაღში, ბათუმში. რამდენიმე დღის წინ ახალციხეში ვიყავი მეგობართან ერთად. დავათვალიერეთ ვარძია, რაბათი. ერთნაირად მიზიდავს არქიტექტურული ძეგლების სილამაზეც და ისტორიაც, მაინტერესებს, რომელი საუკუნის ძეგლია, რა დატვირთვა აქვს, რატომ არის გამორჩეული და ა.შ. რამაც ძალიან გამაკვირვა, ნათლობის რიტუალი იყო, წყალს რომ ასხამენ ბავშვებს თავზე. მსგავსი რამ არასდროს მქონდა ნანახი და მეგობარს ვკითხე, სინამდვილე იყო თუ დადგმული.

- საქართველოში ყოფნისას რა გამოწვევების წინაშე დადექით?

- ბევრმა არ იცის ინგლისური, განსაკუთრებით უფროსმა თაობამ. ამას წინათ ვიღაცამ ზედა სართულიდან ნაგვის პარკი გადმოაგდო. ამოვიდა ქალბატონი და დიდხანს მიყვიროდა, მეჩხუბებოდა, მე კი ვერაფერს ვაგებინებდი ინგლისურად. შემდეგ გაირკვა ვინც გადმოყარა ნაგავი, ამოვიდა იმ ქალბატონის შვილი და დედამისის ნაცვლად მომიბოდიშა. არასასიამოვნოა, მაგრამ ასეთი შემთხვევა სხვა დროსაც ყოფილა.

- რას აპირებთ სამომავლოდ?

- ჯერ საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილი, თუმცა არა მგონია, ექიმად დავიწყო მუშაობა. ძალიან მაინტერესებს ბიზნესი, ასევე აგრონომია და როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, პოლიტიკა. ვნახოთ, ფიქრის დრო კიდევ მაქვს.

337126366-166368299228387-2084157570818034152-n-copy-1680510223.jpg

- ბევრი მეგობარი გყავთ საქართველოში?

- ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი ამ 4 წლის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს - გოგა ძელური. რა თქმა უნდა, გული დამწყდება, როდესაც ინდოეთში წავალ, რადგან სტუდენტობის საუკეთესო წლებს აქ ვატარებ, თანაც მომწონს საქართველო. დარჩენილ 2 წელში ალბათ კიდევ ბევრ ადგილს მოვინახულებ. მინდა ოდესმე მშობლებიც ჩამოვიყვანო საქართველოს გასაცნობად. ვიცი, მომენატრება ჩემი საუკეთესო მეგობარი და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც ყოველთვის მეპატიჟებიან დღესასწაულებზე. მას ვპირდები, რომ აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში, მის ქორწილში.

- რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ინდოეთში მოგზაურობა?

- ყველას ჰგონია, რომ ჩემს ქვეყანაში ყველგან სიბინძურეა და ყველა ღარიბულად ცხოვრობს. თვითონაც ნახავენ, რომ ასე არ არის. თუმცა ჰაერის დაბინძურება მაღალ დონეზეა, რაც იწვევს ბევრ დაავადებას, ალერგიას და ამიტომ ყველას, ვინც დაგეგმავს ინდოეთის მონახულებას, ვურჩევ წინასწარ გაეცნონ ინფორმაციას.

ნინო ჯავახიშვილი