„პირველი თიანეთელი ბაიკერი“ - გზაპრესი

„პირველი თიანეთელი ბაიკერი“

„ჰარლი-დევიდსონი“ ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული ფირმაა, რომელიც მოტოციკლებს ამზადებს. კომპანიამ თავისი პირველი მოტოციკლი 1903 წელს გაყიდა. ფირმამ სახელი პირველი მსოფლიო ომის დროს გაითქვა და ეტაპობრივად გაფართოვდა. „ჰარლი-დევიდსონმა“ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოტოციკლები პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცებისთვის დაამზადა (მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, „ჰარლი-დევიდსონის“ 90 000 მოტოციკლი გაიყიდა). წლებთან ერთად, კომპანიას სხვადასხვა მოდელი ემატებოდა და კონკურენციას გაუძლო. წარმატებულმა ბრენდმა 2023 წელს, მე-100 დაბადების დღე აღნიშნა და მისი პროდუქტი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე.

თიანეთში ბევრს დღემდე ახსოვს მიშა ხეთაგიშვილი (იგივე „პუჭურ მიშა“), რომელიც ამ დაბაში „ჰარლი-დევიდსონის“ ფირმის მოტოციკლით დადიოდა. მას სხვადასხვა პროფესიით უმუშავია: სტამბაში, (ყაზბეგისა და თიანეთის რაიონული სტამბების გამგედ), ბუღალტრად, მაღაზიის გამგე-გამყიდველად და ა.შ. ინფორმაცია და ფოტომასალა „პირველ თიანეთელ ბაიკერზე“, თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სპეციალისტმა ვატო ურუშაძემ, მიშა ხეთაგიშვილის შვილთაშვილის, ირაკლი ჯანგირაშვილის ხელშეწყობით შეაგროვა. მე კი უფლება მომცა, ჟურნალ "გზის" მეშვეობით, მიხეილ ხეთაგიშვილი მეტი ადამიანისთვის გაგვეცნო.

3-copy-1680512176.jpg

ვატო ურუშაძე:

- მიხეილ გიორგის ძე ხეთაგიშვლი 1900 წელს თბილისში დაიბადა. ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა მუშაობა თბილისის რკინიგზის სტამბაში, მბეჭდავად დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან შემოიტანა თიანეთში პირველი სტამბა და თავადვე უძღვებოდა ამ საქმეს. მოგვიანებით მიშა ახალსოფლის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ზოგადად, ის ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივად განვითარებული ადამიანი იყო, რომელსაც კარგად სცოდნია ელექტრომოწყობილობების აწყობა და გამოყენება. მან საკუთარი ხელით, მანქანის მოტორით, ელექტროწისქვილი გააკეთა, რომელიც იმდენად კომპაქტური იყო, რომ სხვადასხვა სოფელში ურმით დაჰქონდა.

მიხეილ ხეთაგიშვილს ძალიან უყვარდა ნადირობა და შინ ნანადირევი ხშირადაც მიჰქონდა. კარგად გაწვრთნილი, მონადირე ძაღლი ჰყავდა. მიშა ხორცის ნაჭერს დინგზე რომ დაადებდა, ძაღლი მანამ არ ჭამდა, სანამ პატრონი ნებას არ დართავდა.

მიშა ხეთაგიშვილს (იგივე "პუჭურ მიშას“) "პირველი თიანეთელი ბაიკერი“ შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, თიანეთში ლეგენდარული HARLEY -DAVIDSON („ჰარლი-დევიდსონის“) მოტოციკლით დადიოდა. მას თავის ლეგენდარული მოტოციკლი მეორე მსოფლიო ომიდან ჰყავდა ჩამოყვანილი, რომლის მონაწილეც თავად იყო. სწორედ ამ ტრანსპორტს უკავშირდება შემდეგი სახალისო ამბავი:

მაშინდელ მოტოციკლებს ხმის დამხშობი არ ჰქონდა, ამიტომ მოტორი ძალიან დიდ ხმას გამოსცემდა. მიშა თავის მოტოციკლს რომ დაქოქავდა, იმ ხმის გაგება თიანეთის ნებისმიერ წერტილში შეიძლებოდა. ხმაურმა მაშინდელი რაიკომის მდივნის, ვიქტორ დვალის ყურამდეც მიაღწია, რომელიც თავისი სიმკაცრით რაიონს შიშის ზარს სცემდა და გადაწყვიტა, ეს პრობლემა თავად მოეგვარებინა.

2-copy-1680512166.jpg

ერთ დღეს ვიქტორ დვალი და მიშა ხეთაგიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, ეს უკანასკნელი ჩვეულად, თავისი ჰარლით იყო. რაიკომის მდივანი, თავისი თანამდებობისათვის შესაბამისი ქედმაღლობით მასთან მივიდა და საყვედურის ტონით უთხრა: რა არის, რით დადიხარ?! შენი მოტოციკლის ხმით ყველა შეწუხდაო. ამაზე მიშას მაშინვე გაუცია პასუხი: "კაკოი გოროდ, ტაკოი ტრანსპორტ!“ ("რაც ქალაქი, ის ტრანსპორტი“). ამ მოკლე დიალოგის შემდეგ, რაიკომის მდივანი ვერაფერს გახდა და "პრობლემა“ მოუგვარებელი დარჩა.

მიშა ხეთაგიშვილი, გარდა პიროვნული თვისებებისა, გარეგნულადაც გამორჩეული და კოლორიტული ტიპაჟი იყო. მას ძალიან დამახასიათებელი ჩაცმის სტილი ჰქონდა - წლის ყველა სეზონზე, ყოველთვის ტყავის მაღალყელიან ჩექმას ატარებდა. ვინც მას იცნობდა, ჭკვიან და დადებით ადამიანად ახასიათებს...

ანა კალანდაძე