რა სქემით ახერხებს საქართველოს საბანკო სისტემა ზემოგებაზე მუშაობას? - გზაპრესი

რა სქემით ახერხებს საქართველოს საბანკო სისტემა ზემოგებაზე მუშაობას?

უძველესი მუსიკით ან არქიტექტურით... 2022 წელს კომერციული ბანკების მოგება საქართველოში 2 მლრდ 89 მილიონ ლარს გაუტოლდა, ხოლო 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2 მლრდ 83 მილიონი ლარი იყო! ეს ხდება ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. აღსანიშნავია, რომ ამ მოგების დიდი ნაწილი ბანკების საპროცენტო შემოსავლებზე მოდის. როგორ ახერხებს ღარიბი ქვეყნის საბანკო სექტორი ამხელა მოგების მიღებას? - ამ თემით ჟურნალი "გზა" დაინტერესდა.

"როგორ შეიძლება კომერციული ორგანიზაცია წელიწადში 600-700-პროცენტიან მოგებაზე მუშაობდეს?!"

ირაკლი უტიაშვილი, უფლებადამცველი, საერთაშორისო სამართლის ადვოკატი:

- ადვოკატი ვარ და ათეულობით ადამიანს ვიცნობ, რომელსაც ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ცხოვრება დაუნგრიეს: ჯერ ისედაც მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ, ამას ისიც ემატება, რომ კლიენტებთან კაბალურ ხელშეკრულებებს აფორმებენ და თუ ადამიანი თანხას დროულად ვერ გადაიხდის, ისეთ საკომისიო გადასახადს აკისრებენ, რომელიც მის გაღატაკებას იწვევს. ჩვენი მოქალაქეების მიერ მარტო საპროცენტო განაკვეთით გადახდილი თანხა რომ დაითვალოთ, გაოცდებით: ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს აღებული თანხის 300, 500, 1.000 პროცენტიც კი გადაუხდია! რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როდესაც მოქალაქემ სესხად აღებული 300 ლარის ნაცვლად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას 3 ათასი ლარი გადაუხდა... ცალკე საუბრის თემაა ე.წ. სწრაფი სესხები, რომელმაც ათასობით ადამიანი ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაში. რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ერთ-ერთმა კლიენტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართა და 1.200 ლარი ისესხა, რომელიც ერთ თვეში უკან უნდა დაებრუნებინა. ეს თანხა დააბრუნა, მაგრამ პროცენტის სახით თითქმის 500 ლარი გადაახდევინეს. კიდევ კარგი, ბოლო წლებში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა კანონით განისაზღვრა - ის მთლიანი თანხის 50%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, პრობლემა მაინც არსებობს და წლების განმავლობაში ვერ გვარდება. ქართულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კაბალურია პირგასამტეხლოც და ჯარიმაც, რომელიც მსესხებელმა გადაცილების შემთხვევაში უნდა გადაიხადოს. მაგალითად: ერთი კლიენტი მყავდა, რომელმაც 5 ათასი ლარის სესხი აიღო და 5-6 წლის შემდეგ, 90 ათასი ლარის გადახდას სთხოვდნენ! ამ ადამიანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ყველაფერი ხელახლა დაუანგარიშეს და გადასახდელი თანხა 15 ათას ლარამდე ჩამოუყვანეს. ალბათ მკითხველს გაუჩნდება სავსებით სამართლიანი და ლოგიკური შეკითხვა - როგორ შეიძლება კომერციული ორგანიზაცია წელიწადში 600-700-პროცენტიან მოგებაზე მუშაობდეს?! ეს უფრო ყაჩაღობა და თაღლითობაა. ეს ორგანიზაციები მსესხებელს ქონებას უყადაღებენ და უყიდიან, ეს დანაშაულია საკუთარი ხალხის წინაშე!

wiwinadze-copy-1680624795.jpg

"საქართველოს საბანკო სექტორი მხოლოდ მოსახლეობის ძარცვას ემსახურება!"

დავით ჭიჭინაძე, პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ხელმძღვანელი:

- სამწუხაროდ, ჩვენი საბანკო სექტორი მონოპოლიზებულია - შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდებიც ბანკების საკუთრებაა. შეიძლება სახელწოდება სხვა ჰქონდეს, მაგრამ მათი მფლობელები ბანკები არიან ან ბანკების ფული აქვთ გამოტანილი და მაღალ პროცენტში ასესხებენ. მთელი ეკონომიკა ორი თუ სამი ბანკის ბრჭყალებშია მოქცეული, სამშენებლო და სადაზღვევო კომპანიებიც მათია, საავადმყოფოებიც და აფთიაქებიც... მოკლედ, ბანკები საქართველოში არაპროფილურ საქმიანობას ეწევიან და მანიპულირების უზარმაზარი ბერკეტი აქვთ. შეხედეთ, ბოლო წლებში რამდენი კომპანია მიეყიდა ბანკებს. ქართველი ხალხის უმოწყალო ძარცვა მიდის. ქუჩაში აპარატები რომ დგას, იქაც 1-2 ლარით ძარცვავენ ხალხს და საბოლოო ჯამში, უზარმაზარი მოგება მიდის მათ ჯიბეში! როდესაც ეკონომიკის სათავეში ბანკები დგანან, იქ ძნელია ადამიანის ინტერესებზე ილაპარაკო. ნებისმიერი კომპანია, რომელიც დღეს საქმიანობას ეწევა, 70%-ს ბანკების მომსახურებასა და მათი სასესხო მანიპულაციებზე ხარჯავს. ამას ისიც ემატება, რომ ბანკები თვითონ არიან ბიზნესით დაკავებული და ბოლომდე გადაკეტილი აქვთ ქართული ეკონომიკა. მაღალი საპროცენტო განაკვეთებიც იმიტომ აქვთ, რომ ეკონომიკის განვითარებაზე კი არ ზრუნავენ, არამედ ხალხისა და კომპანიების ძარცვით არიან დაკავებული. ჩვენთან მხოლოდ იმ ხალხს აქვს უზრუნველი ცხოვრება, ვინც ბანკების არაპროფილურ საქმიანობაში ან სახელმწიფო სტრუქტურებშია დასაქმებული. ყველამ იცის, რომ ჩვენი ხალხის ძირითადი შემოსავალი ოჯახის წევრების გზავნილებია, ბანკები ვალუტის კურსსაც ისე არეგულირებენ, როგორც თავად სურთ და ემიგრანტებსაც ძარცვავენ. შეხედეთ, ლარის კურსი გაცილებით დაბალ ნიშნულზეა, საწვავიც გაიაფდა, მაგრამ ფასები მაინც იგივე რჩება. ემიგრანტების შემოსავლის დიდი ნაწილი ბანკების პროცენტების გასტუმრებაზე მიდის. ბევრმა ემიგრანტმა აქ ბინა გაყიდა, რომ უცხოეთში წასულიყო, ახლა ისევ ყიდულობენ და რადგან სამშენებლო სფეროშიც მონოპოლისტი საბანკო სექტორია, ემიგრანტები მათი გაუმაძღარი მადის მსხვერპლი ხდებიან. არადა, ამ ფულის შოვნა ყველას მძიმე, კატორღული შრომით უწევს. ქვეყნიდან ხალხის გადინების დონეს თუ დავაკვირდებით, საქართველო საცხოვრებლად მიმზიდველი ქვეყანა აღარ არის. ამიტომ, ყველა გაქცევაში ეძებს შველას და ამის გამო, ბანკების მოგება არნახულად იზრდება. კარგად გვახსოვს 10-15 წლის წინ, საბანკო სექტორის მოგება 100-120 მილიონის ფარგლებში მერყეობდა, ახლა კი ზემოგებაზე მუშაობენ - მათმა შემოსავალმა უკვე 2 მილიარდს გადააჭარბა. ქართული ბანკების მიერ ხალხის ძარცვის დონე იმდენად მაღალია, რომ მე არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ამას ჩვენი მოსახლეობა. ამ საპროცენტო განაკვეთებით, ასეთი ეროვნული ბანკით ეს ქვეყანა რამდენ ხანს გაძლებს? გვატყუებენ, რომ საბანკო სექტორის სტაბილურობა მნიშვნელოვანია. ნორმალურ ქვეყნებში ბანკების სტაბილურობა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკა განვითარდეს და მოსახლეობას ხელმისაწვდომი სესხები ჰქონდეს, ჩვენთან კი საბანკო სექტორი მხოლოდ მოსახლეობის ძარცვას ემსახურება. აბა, გააჩერეთ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბანკში შედის და ჰკითხეთ, აქვს თუ არა სტაბილურობის შეგრძნება? სახელმწიფო სამსახურშიც კი ადამიანები მონურად მუშაობენ იმიტომ, რომ სამსახური არ დაკარგონ. მთელი ქვეყანა ვალებითაა სავსე და ბანკებისთვის მუშაობს. ძალიან მაინტერესებს, სახელმწიფო ამ პრობლემაზე თვალს რატომ ხუჭავს და რატომ ვერ ხედავს, რომ საქართველოს მოსახლეობა კატასტროფულ მდგომარეობაშია?! პირდაპირ ვამბობ - ქართველი ხალხის ყველაზე დიდი მტერი დღეს არის საბანკო სისტემა. მათი პარპაში ხალხს აღატაკებს. ეროვნული ბანკი თავის მოვალეობას არ ასრულებს, ინფლაციის დონესაც ვერ აწესრიგებს, ამ ბანკის მონეტარული პოლიტიკა ხომ კრიტიკას ვერ უძლებს: საპროცენტო განაკვეთების ზრდით ბანკები გაამდიდრეს, ქართველი ერი კი გააღატაკეს. ქართულმა ბანკებმა ვალუტის კუპონიზაციას შეუწყვეს ხელი და ეს საკითხიც სერიოზულ გამოძიებას მოითხოვს. ეს იმხელა თემაა, რომელსაც გამოძიება სჭირდება და ტომები უნდა მიეძღვნას. ამ სექტორს დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი ხალხის ქვეყნიდან გაქცევასა და გაუბედურებაში! ამიტომ, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა დანაშაულის გამო, რაც ხალხის წინაშე ჩაიდინეს. დიახ, საბანკო სისტემამ ამის გამო პასუხი უნდა აგოს!

sarchvadze-copy-1680624783.jpeg

"საქართველოს ეკონომიკაში დადებითი ძვრები შეინიშნება"

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ყველგან და ყველაფერში არსებობს - ზოგჯერ ისეთ მოვლენებს შორისაც კი, სადაც კავშირი თითქოს სულ არ ჩანს. დავიწყებ იმით, რომ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობაზე აგებს პასუხს. მისი ძირითადი ინსტრუმენტია ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მოთოკოს და მიმოქცევაში არსებული ფულის მასა შეამციროს. ამის ყველაზე აპრობირებული საშუალება ბანკებისთვის საკრედიტო რესურსის გაძვირებაა. ამის შემდეგ, ბანკები მოსახლეობას კრედიტებს უძვირებენ - აი, რატომ არის საპროცენტო განაკვეთი გასულ წლებთან უფრო მაღალი. როდესაც მონეტარული განაკვეთი დაიკლებს, საპროცენტო განაკვეთიც შესაბამისად მოიკლებს. მარტივი ჭეშმარიტებაა: რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დაბალია იქ საპროცენტო განაკვეთი, რატომ? - იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა ძლიერი და სტაბილურია. სამწუხაროდ, ჩვენს ეკონომიკაზე ამას ვერ ვიტყვით, არადა, სტაბილურობის განცდა ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია: თუ საზოგადოებას არასტაბილურობის, არეულობის მოლოდინი აქვს, ბანკები ამას მყისიერად პასუხობენ და ყველა მოსალოდნელ რისკს საპროცენტო განაკვეთში დებენ - ისინი ამით უსაფრთხოების ბალიშს ქმნიან, რომ თავიანთი საკრედიტო რესურსი გაუფასურებისგან ან დაკარგვისგან იხსნან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტორი: სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ უფიქრდება, როცა სესხს იღებს... ძველი ქართული ანდაზა უნდა შეგახსენოთ: "საბანი ისე დაიფარე, რამდენზეც გაგწვდება". სამწუხაროა, რომ ბევრი ამ შეგონებას არ ითვალისწინებს. სწორედ ამის ბრალია ვადაგადაცილებული სესხების სიმრავლე და ის შედეგები, რაც ამას მოსდევს. არ მინდა პესიმისტური სურათი დავხატო, რადგან ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკაში დადებითი ძვრები შეინიშნება, მაგალითად: შარშან, პირველი აპრილისთვის ერთი ლიტრი ბენზინი ლამის 3,80 ლარი ღირდა, ახლა კი, 2,30 ლარამდე ჩამოვიდა, საშუალო ხელფასი თითქმის 300 ლარით გაიზარდა, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, მოსახლეობის შემოსავლებმაც მოიმატა. ჩვენი მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს: თითოეული ადამიანის შემოსავალი გაიზარდოს, რომ ხარჯებს ყველა გაუმკლავდეს. მართალია, შვეიცარიას, სკანდინავიის ქვეყნებს ან შუა ევროპას ვერ შევედრებით, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენცია მაინც მაიმედებს.

- გამოდის, რომ იმედიანად ხართ განწყობილი.

- იმედი ბოლოს კვდებაო, ამბობენ... ავიღოთ თუნდაც მეზობელი თურქეთი, სადაც საშინელი ინფლაციაა: საშუალო ხელფასის ოდენობით ჩვენ ამ ქვეყანას უკვე გადავუსწარით. ლირა და ქართული ლარი დოლარში რომ გადავიყვანოთ, ჩვენი ხელფასი უფრო მეტია. იდეალური მდგომარეობა დღევანდელ მსოფლიოში არსადაა, ამიტომ, მხოლოდ ტენდენციაზე უნდა ვისაუბროთ. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ დასაქმების მაჩვენებელი და დასაქმებულთა რაოდენობა გავზარდოთ. ბანკებს არაპროფილური საქმიანობა უნდა ავუკრძალოთ და ჯანსაღი კონკურენციის საფუძველი შევქმნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მევახშეებს უნდა მივმართოთ, რომელთა საპროცენტო განაკვეთი გაცილებით მაღალია. მევახშის მიერ დაწესებული განაკვეთი ზოგჯერ 4-5-ჯერ მეტია კომერციული ბანკების მიერ დაწესებულ საპროცენტო განაკვეთებზე. დაბოლოს, კიდევ ერთხელ გეტყვით: ჩვენს საზოგადოებას, პირველ ყოვლისა, სტაბილურობა სჭირდება: რუსთაველზე ამოტრიალებული თუნდაც ერთი მანქანა უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანას არასტაბილურობის იმიჯი ექმნება, უფრო ნაკლები ტურისტი შემოვა, ეროვნული ვალუტა რყევას დაიწყებს და ბანკებს საბაბი მიეცემათ, საპროცენტო განაკვეთები გაზარდონ. ამიტომ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას დიდი სიფრთხილე მართებს, როდესაც რაღაც ნაბიჯს გადადგამს... სწორედ სტაბილურობაზე გადის ჩვენი ხალხის კეთილდღეობაც, საპროცენტო განაკვეთების შემცირებაც და ჩვენი მომავალიც. საბანკო სისტემას კი მოფრთხილება სჭირდება, რადგან ეს ძალიან ფაქიზი სფეროა, თანაც, ეს ერთ-ერთი მიმზიდველი ბიზნესია უცხოელი ინვესტორებისთვის.

ხათუნა ჩიგოგიძე