რა შემთხვევაში იქნება მარცხისთვის განწირული ხელოვანების დაყოფის მცდელობა - გზაპრესი

რა შემთხვევაში იქნება მარცხისთვის განწირული ხელოვანების დაყოფის მცდელობა

პროზაიკოსი, დრამატურგი, სცენარისტი, არაერთი პროზაული კრებულის და ნაწარმოების ავტორი, ლიტერატურული პრემია "საბასა" და სხვა კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული, მწერალი ბაჩო კვირტია თავის შემოქმედებაში ყოველთვის გამოირჩევა სიმართლის შეულამაზებლად წარმოჩენით. შესაბამისად, არც ინტერვიუში გასჭირვებია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას სიმართლისთვის თვალის გასწორება...

- რა თქმა უნდა, ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ვადევნებდი თვალს. ამ დღეებმა ბევრი რამ დაგვანახა - ჩვენი ახალი თაობა, ჩვენი ახალგაზრდობა (და არა მარტო ისინი) არიან ბრძოლისუნარიანი, პრინციპული. იციან რა სურთ, საით მიდიან, რა არის მათი არსებითი, უმთავრესი მიზანი და როგორ უნდა გადარჩნენ, როგორ გამოაღწიონ წყვდიადიდან, უღრანი ტყიდან, აღელვებული ოკეანიდან! ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა! ბედნიერებაა, როცა ასეთი შეგნებული, განვითარებული, საღად მოაზროვნე ახალი თაობა გვყავს! მაგალითად, მე ვიცი ქვეყნები, სადაც ასეთი ახალი თაობა არ არსებობს. მსგავსი ქვეყნებიდან ზოგი ჩვენგან ახლოს მდებარეობს, ზოგიც უფრო შორსაა, მაგრამ ზუსტად ვიცი და ვხედავ, რომ მათ არ გააჩნიათ მიზანი, პრინციპები, ძალა, რათა გავლენა იქონიონ საზოგადოებასა და ხელისუფლებაზე. უბრალოდ, არსებობენ და მორჩა! ამიტომ, ისეთი ახალი თაობა, როგორიც ჩვენ გვყავს, ჩვენი ბედნიერება და სიმდიდრე, იმედი და ძალაა. ხელისუფლებამ შესაძლოა, დაუშვას უხეში, ზოგჯერ საბედისწერო შეცდომა (რისი უამრავი მაგალითიც ახსოვს ჩვენს ქვეყანას ბოლო 30-35 წლის განმავლობაში), მაგრამ იმავე ხელისუფლებას ასევე უნდა ეყოს გონიერება, ღირსება, რომ ეს შეცდომა აღიაროს და მის გამოსწორებაზე, მისგან მომკილი შედეგების განეიტრალებაზე იზრუნოს, რათა საკუთარ ქვეყანას, ხალხს გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს. რასაც დღეს ვუყურებთ, ისაა, რომ კიდევ უფრო მტკიცდება აზრი: საზოგადოებაა, ხალხია და რაც უმთავრესია, ახალი თაობაა ჩვენს ქვეყანაში მთავარი გამწევი ძალა, საყრდენი. მხოლოდ და მხოლოდ მის ხელშია ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი, რომელიც აუცილებლად ისეთი იქნება, როგორიც ხალხს, ახალგაზრდობას სურს და არა ერთ, ორ ან თუნდაც, 250 ადამიანს!

- 1990-იანი წლების პროცესები, თქვენ (თქვენი თაობის) თვალწინ განვითარდა, თავისი ცუდი და კარგი შედეგებით. გასულ დღეებს, იმ წლების მოვლენებს ადარებენ. თავად რა განსხვავებები და მსგავსებები დაინახეთ?

- 1987-1988 წლებში, მაშინ, როცა უკვე ცხადად, დაუფარავად და თამამად დაიწყო ეროვნული მოძრაობა საქართველოში, მე უკვე არც ისე პატარა ვიყავი (13-14 წლის), რომ არ მახსოვდეს, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ყველაფერს შესანიშნავად ვხედავდი და ვხვდებოდი, მით უმეტეს, რომ მამაჩემისგან უკვე კარგად მქონდა ჩანერგილი და შეგნებული, ვინ ვინ იყო და რას რა ერქვა... 90-იანი წლები კი ჩემს თაობასთან ერთად, მართლაც საკუთარ მხრებზე გადავიტანე და საკუთარ ტყავზე გამოვცადე - სიბნელით, საშინელი განუკითხაობით, სასოწარკვეთილებით, უსახსრობით, ომით, გაუგონარი კრიმინალით, უკანასკნელი ნაძირალებისა და გარეწრების აღზევებით და მათი თარეშით ჩვენს გაუბედურებულ, ნახევრად გადაბუგულ, გაწეწილ და გაგლეჯილ ქვეყანაში... კატეგორიულად არ დავეთანხმები არავის, რომ 90-იანი წლების პროცესებს რაიმე სახის, ოდნავ მაინც კარგი შედეგი ჰქონდა! როგორ შეიძლება კარგი შედეგი ჰქონდეს იმ უბედურებას, სიკვდილსა და ენით გამოუთქმელ ტრაგედიებს, რომლებიც მაშინ საქართველოში ხდებოდა?! სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ 90-იანი წლების მოვლენებმა ჩვენი ქვეყანა წარმოუდგენლად უკან დახია, ჩამოვრჩით საბჭოთა კავშირის დანარჩენ ქვეყნებს, დაგვაკარგვინა საკუთარი ტერიტორიები, წაგვართვა ათასობით ახალგაზრდის, ქალის, ბავშვის, მოხუცის სიცოცხლე, კარ-მიდამო, ბოლოს და ბოლოს - რწმენა, იმედი, რომ ოდესმე უკეთესი ცხოვრება, ნათელი მომავალი იქნებოდა... რაც შეეხება მსგავსებას და განსხვავებას დღევანდელ მოვლენებთან, ერთიც არის და მეორეც, მაგრამ განსხვავება ბევრად მეტია. ჩემი აზრით, მსგავსება ის არის, რომ 90-იანი წლების საქართველოში საზოგადოებას, ხალხს, მაშინდელ ახალ თაობას არანაკლები სულისკვეთება და ბრძოლის ჟინი ჰქონდა, რათა ჩვენი ქვეყანა იმ უთანასწორო, საბედისწერო ომიდან გამარჯვებული, მთელი გამოსულიყო, გადარჩენილიყო და 9 აპრილს დაღვრილი უდანაშაულო გოგონებისა და ქალების, ბიჭების სისხლი ამაო არ გამომდგარიყო (სულ 2 წელი იყო გასული 9 აპრილის ტრაგედიიდან, როცა თბილისის სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელსაც პირადად მე, საქართველოს ბედის ბორბლის უკუღმა დატრიალების დასაწყისად მივიჩნევ). ამით ჰგავს მაშინდელი დრო და მაშინდელი ხალხი დღევანდელს. შესაბამისად, ჩვენი - ქართველი ხალხის შეხედულება, სულისკვეთება არ იცვლება, მიუხედავად დროის საოცარი, კონტრასტული ცვლილებისა, მიუხედავად თაობებისა და მათი შეხედულებების, გემოვნების, მენტალიტეტის ცვლილებისა. და ეს ძალიან სასიხარულოა, დამაიმედებელია. განსხვავება კი გაცილებით მეტია: ბოლოს და ბოლოს, 30 წელზე მეტი გავიდა, სულ ცოტა სამი თაობაა დღემდე მოსული, სულ სხვა გარემოა, სხვა ფასეულობები და თვალსაზრისებია პრიორიტეტული. სხვა დროა, თავისუფლების სხვა ხარისხია, რომელიც მაშინდელი დროებისგან აბსოლუტურად განსხვავებულმა დღევანდელმა ეპოქამ, ცივილიზაციის, ტექნოლოგიების გასაოცარმა განვითარებამ მოიტანა. ის, რისი შესაძლებლობაც დღევანდელ ახალ თაობას აქვს, წარმოუდგენელი იყო 90-იანი წლების თაობისთვის. ამ შესაძლებლობების გამოყენება კი გონივრულად, დაკვირვებით, ზომიერებითაა საჭირო, რათა სასურველ მიზანს მიაღწიოს ახალმა თაობამ და მასთან ერთად ქვეყანამ, ხალხმა.

- ახალგაზრდებზე თქვეს, სულზე მოგვისწრეს ეგვიპტიდან გამოსულებს, უდაბნოში დაბადებულმა თაობამო, რაც ახალი ძალის გამოჩენის იმედადაც მიჩნიეს. თქვენ როგორ ხედავთ მათ პოტენციალს?

- ებრაელებმა ეგვიპტიდან რომ გამოაღწიეს, მოსემ ისინი 40 წელი ატარა, ვიდრე აღთქმულ მიწაზე არ დაიდეს ბინა. ამას გვიამბობს ძველი აღთქმა. მაგრამ შეხედეთ, როგორი ქვეყანაა დღეს ისრაელი, რომელიც პრაქტიკულად, უდაბნოშია აშენებული, ხრიოკ, უწყლო, უტყეო და უმინდვრო მიწაზე, სადაც წყალს ოქროს ფასი აქვს, ტყესა და ჩრდილს კი - ბაჯაღლოსი; სადაც ლამის თვე არ გავა, რომ თოფი არ გავარდეს, საჰაერო განგაში არ გამოცხადდეს და ტერაქტი არ მოხდეს მეზობელი პალესტინელების ხელით, მაგრამ ქვეყანა ფეხზე დგას! ცხოვრება გრძელდება და ქვეყნის შენებაც მიმდინარეობს. არც ეკონომიკა ღაფავს სულს და არც მშპ-ს უჩივის ქვეყანა. ეს ისე, ეგვიპტიდან გამოღწევას მოვაყოლე. ახალი თაობის პოტენციალსა და მათ ძალაზე, რესურსებზე ვისაუბრე, მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ თუ რამეზე დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი, მისი განვითარება, მისი გამთლიანება, აყვავება, დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს წრეში ღირსეულად დადგომა, ეს ცალსახად, ახალი თაობაა! და არა პოლიტიკური საიქიოდან უკვე მერამდენედ წამომდგარი ვამპირი პოლიტიკანები - რის აღარ მკადრებლები, ორპირები, მოღალატეები და მავნებლები, უღირსობისა და არაკაცობის განსახიერებანი, რომელთა ერთხელ და სამუდამოდ, უკანმოუხედავად, ისტორიულ სანაგვეზე კვლავ გასტუმრება სწორედ ახალ თაობას შეუძლია და ეს სწორედ მათ უნდა გააკეთონ! ეს არის ისტორიული კანონზომიერება და ეს მოხდება ძალიან მალე.

- ხშირად საუბრობენ, რომ მავანნი (მათ შორის დასავლეთში) მიზეზს ეძებენ საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად!.. თქვენ ხედავთ ამის ნიშნებს? თუ ხედავთ, ვის ინტერესებში შედის ეს?..

- ყველა სხვა ბოროტებასთან ერთად, რასაკვირველია, ვხედავ ამის ნიშნებსაც. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღემდე, რაც კი საქართველოში უკეთურობა, ბოროტება, ადამიანების, ღირსეულ მამულიშვილთა სიკვდილი და ვინ მოთვლის კიდევ ტრაგედიებს, მომხდარა (პოლიტიკურიც და ზოგჯერ არაპოლიტიკურიც), რომლებსაც საერთო-საქვეყნო მასშტაბი ჰქონია, აბსოლუტურად ყველაფრის ინსპირატორი, ინიციატორი, დამკვეთი და შემსრულებელი ჩვენი ჩრდილოელი „კეთილისმსურველი მეზობელი“რუსეთია! ამ აზრს ვერავინ და ვერაფერი შემიცვლის, ამ აზრზე დავრჩები მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება. შესაბამისად, ამ ყბადაღებული მეორე ფრონტის უპირველესი ინიციატორი და შთამაგონებელი ძალაც იქ - ჯანდაბაში, ანუ კრემლშია... ამის საპირწონედ ჩვენს ხალხს, საზოგადოების შეგნებულ ნაწილს - ახალგაზრდებსაც და ძველგაზრდებსაც, ხელისუფლებას უნდა გვეყოს კეთილგონიერება, სიბრძნე, გამოცდილება (თანაც, მწარე გამოცდილება), რომ საქართველო კიდევ ერთხელ არ ვაქციოთ რუსის ჩექმის სათარეშო ტერიტორიად.

bacho1-1681108987.jpg

- ხელისუფლებამ „თავისიანებად“ და „სხვისიანებად“ დაყო ხელოვნების, კულტურის წრეები, მათ შორის, მწერლები. ეს ცდუნება ყველა მმართველობას ახასიათებს. რა შეიძლება გვითხრათ ბრძოლის ამ ფორმაზე?..

- შესაძლოა გაგიკვირდეთ (ან არც გაგიკვირდეთ), მაგრამ აქაც რუსულ ბინძურ კვალს ვხედავ. დღეს ჩვენს ქვეყანაში ტოტალური პოლარიზაციის ექსპანსიაა, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული მეთოდია საზოგადოების გასათიშად, მის დასასუსტებლად, სიტუაციის ასამღვრევად, დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, რის შემდეგაც ბევრად ნაკლები ძალისხმევა იქნება საჭირო ერის, ხალხის, საზოგადოების გასატეხად და დასაჩოქებლად. აქაც რუსეთის ხელისუფლების მყრალი სუნი ტრიალებს, სადაც ისევ და ისევ ჩვენი გონიერება, თავშეკავება, ღირსეული ნაბიჯები და რაც ყველაზე მთავარია - ერთად დგომა გადაგვარჩენს. ჩათვალეთ ეს სიტყვები ბანალურად, მაგრამ წარმოიდგინეთ და ეს სრული ჭეშმარიტებაა - ნებისმიერის მცდელობა, დაყოს ადამიანები კულტურის სფეროში „თავისიანებად“ და „სხვისიანებად“, ამაო და მარცხისთვის განწირული იქნება, თუ ამ ე.წ. დაყოფილ მწერლებს, მუსიკოსებს, მსახიობებს თუ მომღერლებს ეყოფათ ნებისყოფა, ღირსება და ჭკუა, იყვნენ განუყოფელნი ერთმანეთისგან! ამით საკუთარ თავსაც გადაირჩენენ და ქვეყანასაც თავიდან აარიდებენ მორიგ განსაცდელს.

- როგორ ფიქრობთ, ოდესმე დადგება დრო, როდესაც მოვეშვებით ერთმანეთში მოღალატის ძებნას და შევძლებთ გარჩევას, ვინ მტერია და ვინ მოყვარე?..

- ეს დრო აუცილებლად დადგება! უნდა დადგეს, უნდა მოვიყვანოთ, სხვაგვარად დავიღუპებით. სწორედ ამ საშინელი დაპირისპირებების, გაუტანლობის, ჯიბრისა და მტრობის მოშლა განაპირობებს ჩვენს წარმატებას, პროგრესს, გაცილებით სწრაფ წინსვლას ევროპის წიაღისკენ. დანარჩენ სხვა სერიოზულ ხარვეზებთან ერთად (თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ საგარეო პოლიტიკურ პრობლემებს რუსეთთან), სწორედ მწვავე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოლარიზაციაა ის ნეგატიური, საშინლად შემაფერხებელი ძალა, რომელიც გასაქანს არ აძლევს ჩვენს ქვეყანას, რათა გაარღვიოს ეს მოჯადოებული წრე და მოზრდილი, მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთოს სინათლისკენ.

ლალი პაპასკირი