"უძლეველი" ამერიკელის დამარცხება, სექსი როგორც დოპინგი და ხრუშჩოვის თბილისური ქეიფი - გზაპრესი

"უძლეველი" ამერიკელის დამარცხება, სექსი როგორც დოპინგი და ხრუშჩოვის თბილისური ქეიფი

დიდოსტატ ბუხუტი გურგენიძესთან ერთად იმ სკოლაში მოიწვიეს, სადაც ვსწავლობდი. თურმე თავის დროზე ორივეს სწორედ თბილისის მე-100 საშუალო სკოლა დაუმთავრებია. ბუხუტი კარის მეზობელი და ჩემი ნათლია იყო. ჭადრაკში მისი მიღწევების შესახებ უკვე ბევრი რამ ვიცოდი. აი, ბატონი რობერტის გამარჯვებებზე კი პირველად მაშინ შევიტყვე, რომის ოლიმპიურ თამაშებზე ვიღაც ამერიკელისთვის რომ მოუგია და ჩემპიონის ოქროს მედალიც მოუპოვებია...

1-ლ აპრილს რობერტ შავლაყაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. მის შესახებ იმდენი სტატია დაწერილა, იმდენი თქმულა, რომ ახალს ალბათ ვერაფერს დავამატებ, თუმცა შევეცდები მისი ბიოგრაფიიდან ისეთი ეპიზოდები გავიხსენო, მკითხველისთვის ნაკლებად რომაა ცნობილი.

რობერტ შავლაყაძე დიდუბეში, მაშინდელ ვაჟთა მე-3 სკოლაში სწავლობდა. 15-16 წლის იქნებოდა, ერთბაშად ტანი რომ აიყარა, და ფიზკულტურის მასწავლებელმა მძლეოსანთა საქალაქო შეჯიბრებაში გამოსვლა რომ სთხოვა. უარი მიიღო, ხტომა ჩემი საქმე არ არისო, მაგრამ შემდეგ სკოლის დირექტორმა, მიშა შაიშმელაშვილმა დაიბარა და პირადად დაავალა სკოლის ღირსების დაცვა... ბატონმა რობერტმაც ის შეჯიბრება, ყველასათვის მოულოდნელად, საკმაოდ კარგი შედეგით მოიგო.

ბატონ რობერტს ბოლოს, როგორც მახსოვს, დაახლოებით 10-12 წლის წინ ვესტუმრე შინ. ეს და კიდევ სხვა საინტერესო ამბები სწორედ მაშინ გაიხსენა. მათ შორის - რომაული ისტორიებიც.

რობერტ შავლაყაძის მოგონებებიდან:

"1960 წლის სიმაღლეში ხტომაში XVII ოლიმპიური თამაშების უცილობელ ფავორიტად ამერიკელი ჯონ თომასი ითვლებოდა. ნამდვილი ათლეტი იყო. თითქმის 2 მეტრი სიმაღლის. მსუბუქი, დახვეწილი ტექნიკა ჰქონდა და ჩინებულად ხტებოდა. იმ დროს ის 222 სმ-ით მსოფლიოს რეკორდსმენი იყო. ჩემი პირადი რეკორდი კი მაშინ მხოლოდ 213 სმ იყო. თომასის გარდა ევროპის რეკორდსმენი, ვალერი ბრუმელიც (217 სმ) სერიოზული კონკურენტი იყო, მაგრამ მათთან შედარებით მე ასაკითაც ბევრად უფროსი ვიყავი და გამოცდილებაც სოლიდური მქონდა... ვარჯიშის დროს თომასი რომელიმე სიმაღლეზე რომ ახტებოდა, მწვრთნელი ყველას გასაგონად, ხმამაღლა ყვიროდა: ყოჩაღ, 215, 220 სმ-ზე გადახტიო! თუმცა მე თავად ვხედავდი, რომ თამასა მხოლოდ 205, 210 სმ-ზე იყო გადებული. ე.ი. ამერიკელები დარწმუნებულები არ იყვნენ თომასის გამარჯვებაში და ფსიქოლოგიურად ცდილობდნენ ჩემზე ზემოქმედებას. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ პირველი ეტაპი მე მოვიგე... მოგეხსენებათ, ამ რანგის შეჯიბრებებში დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომზადებას და ნერვებს. ბევრი სპორტსმენი გადამწყვეტი ასპარეზობების წინ ვერ ისვენებს, ზედმეტად ნერვიულობს და ხეირიან გამოძინებასაც ვერ ახერხებს, მეორე დღეს კი გადაღლილი გამოდის სტარტზე. არ ვიცი, გაგიგონიათ თუ არა, მაგრამ ზოგი ამ სტრესის მოსახსნელად ცოტა ღვინოს სვამს, რომ კარგად დაეძინოს. მე სხვა მეთოდი მქონდა. შეჯიბრების წინ სექსი ლამაზ გოგონასთან, რაც საბჭოთა ათლეტებს სასტიკად ჰქონდათ აკრძალული, მით უმეტეს - უცხოეთში".

ამას რომ მიყვებოდა, ბატონი რობერტი უკვე 80 წელს მიტანებული იყო. მაშინ ეს ისტორია არავისთვის არ მომიყოლია, ჩემთვის გულში ჩავიმარხე, მაგრამ გავიდა დრო და იგივე ისტორია უკვე მის ავტობიოგრაფიულ ბროშურაში წავიკითხე. უფრო მეტიც, შავლაყაძის ხრიკების შესახებ ჯერ რომშივე მის თანაგუნდელს, იგორ ტერ-ოვანესიანს გაუგია, ხოლო მერე - საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლაი რომანოვს. ყველა ფიქრობდა, რომ შავლაყაძეს სამაგალითოდ დასჯიდნენ, მაგრამ ქართველმა მძლეოსანმა ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა და აბა, ვინ რას ეტყოდა?! პირიქით, ამ გამარჯვებისთვის ბატონ რობერტს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ლენინის ორდენი თვით ქვეყნის პირველმა პირმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა გადასცა.

ხრუშჩოვთან დაკავშირებით რობერტ შავლაყაძემ ერთი კურიოზიც გაიხსენა:

"სიმაღლეზე ხტომებში ოლიმპიურ თამაშებში, როგორც წესი, ყოველთვის ამერიკელი ათლეტები იმარჯვებდნენ. ამიტომ ეს სახეობა მძლეოსნობაში წმინდა ამერიკულ სახეობად ითვლებოდა. მაგრამ რომში მე 216 სმ-ზე ავხტი და ოლიმპიური რეკორდით ოქროს მედალი მოვიპოვე. ამერიკელთა მსოფლიოს რეკორდსმენი ჯონ თომასი 214 სმ-ით მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ეს მათთვის კრახის ტოლფასი იყო. იმავე დღეს ამერიკელებმა მძლეოსნობის კიდევ რამდენიმე სახეობაში წააგეს და ტრაგედიის ნიშნად თავადვე, ოლიმპიურ სოფელში დიდი შავი დროშა გამოფინეს, ჩემს გამარჯვებას კი უცხოელი ჟურნალისტები საბჭოელების კოსმოსში მიღწეულ წარმატებებს ადარებდნენ. ამის გამო კრემლიც და ნიკიტა ხრუშჩოვიც ყველგან იწონებდნენ თავს ჩემი ოქროს მედლით.

1961 წელს თბილისში საქართველოს პარტაქტივის კრება ჩატარდა, რომელსაც ნიკიტა ხრუშჩოვიც დაესწრო. ნიკიტამ ჩემთან შეხვედრა მოინდომა და ლესელიძიდან სასწრაფოდ ჩამომიყვანეს თბილისში. რკინიგზის სადგურიდან პირდაპირ სოფლის მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე გამაქანეს, სადაც საქართველოს კომპარტიის პირველ მდივანს, ვასილ მჟავანაძეს სუფრა ჰქონდა გაშლილი საპატიო სტუმრისათვის. ხრუშჩოვს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, სულ მხრებზე მიტყაპუნებდა ხელებს და მლოშნიდა. ეტყობა, უკვე გვარიანად ჰქონდა დალეული არაყი. სწორედ ამ დროს მჟავანაძის დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ღორის მწვადები შემოიტანა, ნიკიტას მიართვა და თან მიაყოლა - "კუშაიტე სუკი" ("მიირთვით, ბოზებო"; სიტყვების თამაში: "სუკი" - ანუ სუკის ხორცია, მაგრამ რუსულად "ძუკნებს" ან "ბოზებს" ნიშნავს. - რედ.), მაგრამ ვფიქრობ, შეზარხოშებული ბოსი ვერ მიხვდა, რა უთხრეს და ინციდენტმაც მშვიდობიანად ჩაიარა".

აი, ამ ამბავს კი, რომელიც ბატონმა რობერტმა მომიყვა, ალბათ ზოგი დაიჯერებს და ზოგიც - არა. ყველას თავისი რწმენა აქვს და, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის ნაამბობსაც ამის მიხედვით განსჯის. პირადად მე ეჭვიც არ შემპარვია შავლაყაძის ნაამბობში:

robert-shavlakadze-1960-1681062568.jpg

"იმხანად, ვახუშტის ქუჩაზე, დიდუბის ეკლესიასთან ახლოს ვცხოვრობდით. 1-ლ სექტემბერს, ანუ ოლიმპიურ თამაშებზე სიმაღლეზე ხტომებში შეჯიბრების დღეს, დედაჩემი დილაადრიან ამდგარა და ფეხშიშველი, დიდუბის ეკლესიაში წასულა. ღრმად მორწმუნე ქალი იყო. სამჯერ შემოუარა ტაძარს. მერე დარაჯს კარი გააღებინა, შიგნით შევიდა და სანთლები აანთო. რაღა თქმა უნდა, ილოცა და ისევ ფეხშიშველი სახლში დაბრუნდა. სწორედ ამ დროს ფანჯარას მტრედი მოაწყდა, თითქოს შინ შემოსვლა უნდოდა. დედამ ჩემი და-ძმები გააღვიძა და ახარა, ეს კეთილის ნიშანია, რობერტი რომში უეჭველად გაიმარჯვებსო, და მართლაც ასე მოხდა. ყველაფერი ეს იტალიიდან დაბრუნების შემდეგ გავიგე. სხვათა შორის, იმ დღეს, 1-ლ სექტემბერს, პაპაჩემის დაბადების 100 წლისთავიც იყო".

მძლეოსნობა, და მით უფრო სიმაღლეზე ხტომა, სპორტის ძალიან რთული სახეობაა. შეჯიბრებები აქ 10-12 სთ-ს გრძელდება და გამარჯვებულის საკითხს ყოველი სანტიმეტრი წყვეტს. შესაბამისად, ოქროს მედალსაც განსაკუთრებული ფასი ედება. ალბათ ამიტომაა, რომ ათლეტები ზოგჯერ დოპინგსაც იყენებენ, ოღონდაც კი პირველობა მოიპოვონ. ლენინგრადელი იური სტეპანოვი რობერტ შავლაყაძის თაობის მძლეოსანი იყო. პირველმა სწორედ მან გადალახა 216 სმ და მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა, მაგრამ მალე ამას მოჰყვა შიზოფრენია და რომის ოლიმპიადის ნაცვლად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაშინ 31 წლის იყო.

ვლადიმირ იაშჩენკოს მსოფლიოს რეკორდი - 234 სმ უკვე თავად მაქვს ნანახი თბილისის "დინამოს" სტადიონზე. მაშინ სულ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა საქართველოს რადიოში და დოპინგის მოქმედება სპორტსმენზე საკუთარი თვალით ჯერ ნანახი არ მქონდა. რეკორდით გახარებული იაშჩენკო გიჟივით გავარდა სარბენ ბილიკზე და უაზროდ მოჰყვა ხტუნვას. ვერაფერს მივხვდი. იქვე ცნობილი მსაჯი, მამია ტუღუში იდგა, მან ამიხსნა, რაშიც იყო საქმე, - აქაც დოპინგი. სწორედ ეს ორი ეპიზოდი გავახსენე ბატონ რობერტს და კომენტარი ვთხოვე.

რობერტ შავლაყაძის მოგონებებიდან:

"დოპინგს, რა თქმა უნდა, ახლაც იყენებენ და ჩემს დროსაც იყენებდნენ, განსაკუთრებით - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და ბულგარეთის ათლეტები. მაგრამ მე არასდროს არ გამომიყენებია, უბრალოდ არ მჭირდებოდა. თავადაც შემეძლო ჩემი თავის ფსიქოლოგიურად განწყობა. მაგალითად, რომის ოლიმპიადაზე რომ გამიჭირდა, დავჯექი და ჩემს თავს შევუძახე: "რობერტ, გაიხსენე, საიდან ხარ, ვისი გორისა ხარ. თბილისში რომ ჩახვალ, რას ეტყვი შენს მეგობრებს, ახლობლებს? ძალა მოიკრიბე, უნდა აჯობო, უნდა გადახტე!" აი, ასეთი იყო ჩემი განწყობა და ეს იყო ჩემი დოპინგი".

გოგი ფრანგიშვილი