„გაკვეთილებზე, მერხის ქვემოთ ფურცელი მედო და სულ ვხატავდი“ - გზაპრესი

„გაკვეთილებზე, მერხის ქვემოთ ფურცელი მედო და სულ ვხატავდი“

მალხაზ კუხაშვილი სამხატვრო აკადემიის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო, როცა სამუშაოდ ტელევიზიაში მივიდა და ეს თანამშრომლობა 50 წელზე მეტია გრძელდება. იყო დამდგმელი მხატვარი, მთავარი მხატვარი, დღესაც იქ არის და სულ დაკავებულია. მუდმივად დატვირთული განრიგი ჰქონდა, რადგან პარალელურად, სამხატვრო აკადემიისა და თსუ-ის პედაგოგი იყო. აქტიურად მუშაობდა წიგნის გრაფიკაზე - მხატვრულად გააფორმა ვაჟა-ფშაველას, გიორგი ლეონიძის, გოდერძი ჩოხელისა და სხვათა წიგნები. არის არაერთი მუსიკალური, მხატვრული, დოკუმენტური, სატელევიზიო ფილმისა და სპექტაკლის მხატვარი, რომელთა შორისაა: „არასერიოზული კაცი“, „სიყვარული, ივერია და...“, „ჭიდაობას რა უნდა“, „ყავა და ლუდი“, „გზა“... საქართველოს დამსახურებული მხატვარი დღესაც აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას.

ჩემი უბანი

- ვერელი ვარ, გუდაურის ქუჩაზე ვცხოვრობდი - ბარნოვისა და მლეთის ქუჩებს შორის ერთი ბეწო ქუჩა იყო, უფრო სწორედ, შესახვევი ერქვა. უბანი ლამაზი ზღაპარივით მახსენდება. გაჭირვების მიუხედავად (მაშინ ყველას უჭირდა), ბედნიერები ვიყავით. ძალიან კოლორიტულ ქუჩაზე ცხოვრობდნენ ქურდებიც - აფრემა და ჯუმბერა... თუმცა, არაფერი იკარგებოდა, ისინი უბნის მცველებივით იყვნენ. გვერდით ეზოში ინტელექტუალურად ვვითარდებოდით ზივი ასათიანთან, რომელსაც კინოპროექტორი ჰქონდა და ფილმებს უშვებდა. ბილეთებს მე ვხატავდი. არ ვყიდდით, ნაცნობებს ვურიგებდით. ჩვენს სახლში სულ 4 ოჯახი ვცხოვრობდით. პატარა ეზოს შუაში ძალიან დიდი ალუბლის ხე იდგა, იქვე იყო ონკანი, რომელსაც პატარა აუზი ჰქონდა. ამ ხის ქვეშ ხშირად ვიჯექი, პატარა მაგიდას ვდგამდი და ჩემთვის რაღაცებს ვხატავდი. ხატვის დროს არავინ მაწუხებდა. სკოლაში პირველი კლასიდან მოყოლებული მიცნობდნენ, როგორც მხატვარს. გაკვეთილზე რომ ვიჯექი, მერხის ქვემოთ ფურცელი მედო და სულ ვხატავდი. კლასელების შარჟებს ვაკეთებდი, კარგად ვამსგავსებდი და მოსწონდათ. ხატვის გარდა, ფეხბურთი მიყვარდა და ქუჩაში, რომელიც ფაქტობრივად ეზოსავით იყო, ყოველდღე ფეხბურთს ვთამაშობდით.

მამა ადრე გარდაიცვალა, სამხედრო იყო. დედა საბავშვო ბაღში მუშაობდა და მეც იმ ბაღში დავდიოდი, ვერაზე. პონერკოს ბაღს ეძახდნენ, რადგან დირექტორი იყო გვარად პონერკო. არაჩვეულებრივ სკოლაში შევედი, ჩემი სახლიდან ორ ნაბიჯზე მდებარეობდა მე-7 ვაჟთა სკოლა, ჯერ ასე ერქვა, მერე 53-ე გახდა. კლასში ყველანი კარგად ვსწავლობდით. ხანდახან ვჩხუბობდით კიდეც. ჩვენი სკოლის უკან, ე.წ. მიხოს ბაღში, პირდაპირ სკოლის კედლიდან გადავდიოდით. ეს ჩხუბი კი არა, ზეიმი იყო... მთელი სკოლა მოდიოდა საყურებლად, რომ ენახათ, ვინ გაიმარჯვებდა ჩხუბში, რომლის დამთავრების შემდეგ მოჩხუბრები რიგდებოდნენ და ერთმანეთს გადაეხვეოდნენ.

jambazi-copy-1681062775.jpg

ურთიერთობა ავთო ვარაზთან, უჩა ჯაფარიძესთან, ლადო გუდიაშვილთან

- ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა ავთო ვარაზი. მისი ძმისშვილი ვასიკო ჩვენი კლასელი იყო, ისიც მხატვრობდა მერე. ავთოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, სხვანაირი პიროვნება იყო, უბნის კოლორიტი. არ დამავიწყდება, როგორ წავედით ქურთების ქორწილში, სადაც ვიცეკვეთ კიდეც მე და ავთომ... დედაჩემმა ჩემი შესაძლებლობები რომ დაინახა, წამიყვანა ბატონ უჩა ჯაფარიძესთან, რომელიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა. ის, ასე ვთქვათ, დამიმეგობრდა და მითხრა, როცა გინდა, მოდიო. მისი სახელოსნო კარგად მახსოვს. როგორც მშობელთან მიდიხარ სახლში, აი, ასეთი ურთიერთობა გვქონდა. უჩა არაჩვეულებრივი პიროვნება, თბილი, ტკბილი კაცი იყო. ფანქრებს და ქაღალდებს მაძლევდა. მოსწონდა რასაც ვხატავდი. ლადო გუდიაშვილთანაც ვყოფილვარ და მის სახელოსნოშიც დამიხატავს. იქაც დედამ წამიყვანა. ლადოს სახლს ულაგებდა ერთი ქალი. ერთხელაც ვხედავ, ეს ქალი გახდილი ზის და ლადო ხატავს. გავგიჟდი, ისე გამიკვირდა, - ეს რaებს აკეთებს-მეთქი? ძალიან კარგად მახსოვს ლადოს სახლის ასასვლელი კიბე, კარი სულ ღია ჰქონდა. დიდხანს არ ვრჩებოდი, ესე გააკეთე, ისე გააკეთეო, - მასწავლიდა. ასე რომ, კარგი სკოლა მაქვს გავლილი.

„გამოფენა“ აკადემიაში

- სამხატვრო აკადემია დიდი სკოლა და უძვირფასესი პერიოდია ჩემთვის. ეს იყო დრო ყველაფრის შეცნობის, სწორად დანახვის. აკადემიაში რომ მოვეწყვე, რექტორი აპოლონ ქუთათელაძე გახლდათ. სტუდენტები სემესტროს მეძახდნენ. ვეხმარებოდი ხოლმე თანაკურსელებს, რომ სემესტრის ბოლოს კარგი ნიშნები მიეღოთ. ვისაც უნდა ეთქვა, არ დავიზარებდი - ნატურის დახატვა იყო თუ სხვა რამ, ამიტომ დამარქვეს სემესტრო. მასწავლიდნენ არაჩვეულებრივი სერგო ქობულაძე, კოკა იგნატოვი, დინარა ნოდია, თენგიზ სამსონაძე... მიდრეკილება მქონდა შარჟებისკენ და ვხატავდი ყველა პედაგოგს. ცარიელ კლასში მივადგებოდი კედლებს და ნახშირით ვხატავდი კოლია კანდელაკს, ჯუნა მიქატაძეს, ლადო ქუთათელაძეს... ცნობილი ვინც იყო აკადემიაში, ყველანი ერთ პანოზე დავხატე.

უცნაური განლაგება ჰქონდა აკადემიის ოთახებს, მაგალითად, ჩვენი კლასიდან გადავდიოდით მეორე კლასის სახურავზე. იქ ვისხედით ბიჭები და ეზოში ვიხედებოდით. პრორექტორი ზაზა მაჩაბელი ძალიან მკაცრი კაცი იყო. ერთ დღესაც სახურავზე ვართ და ვერთობით. ვხედავთ, ზაზა გვიყურებს ქვემოდან და, - ახლავე ჩამოდითო, - გვითხრა. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, ვიცინით, რაღაცებს ვყვებით. გაბრაზდა და ამოვიდა ჩვენთან, შეხედა ამ კედელს და: ასე დასცინით პედაგოგებს და თანაც, კედლებზე ხატავთო? გაცეცხლებული წავიდა რექტორთან და ყველაფერი მოახსენა. აპოლონმა, - აბა, წავიდეთ, ვნახოთო. პრორექტორებიც მოვიდნენ და მთელი სამხატვრო საბჭო შეიკრიბა. აპოლონმა უყურა, უყურა პანოს და მოეწონა. მაჩაბელი არ ჩერდება: ასეთი სტუდენტი არ უნდა გაირიცხოს აკადემიიდან? მარტო აქ კი არა, მეორე კლასშიც კედელზე დახატა პედაგოგები სტუდენტებთან ერთადო. აპოლონმა იკითხა: ვინ არის ეს სტუდენტიო? ჩემზე რომ მიუთითეს, რექტორმა თქვა: მოდი, ნუ გავრიცხავთ, სტიპენდია მოვუხსნათ, ასე დავსაჯოთო. სტიპენდია არა მაქვს-მეთქი, ვუთხარი. - მაშინ, დავუნიშნოთო... ისეთი კარგი შეგრძნება იყო, სამხატვრო საბჭოს წევრები რომ ათვალიერებდნენ იმ კედელს. ასე შედგა ჩემი პირველი ოფიციალური „გამოფენა“. ძალიან საწყენია, რომ ის ნახატი მერე წაიშალა, მაგრამ კარგად მახსენდება.

mananas-portreti-copy-1681062791.jpg

ლადო გრიგოლია

- აკადემიაში ჩემი პირადი ხელმძღვანელი ლადო გრიგოლია იყო. ულამაზეს და უწესიერეს ადამიანს, თუ რამდენად მძიმე ცხოვრება ჰქონდა გავლილი, ჩვენ ჯერ არ ვიცოდით. მაშინაც უჭირდა... ზოოპარკში გვქონდა პრაქტიკები, რომლის ხელმძღვანელი იყო ლადო გრიგოლია. მას უჭირდა სიარული და სადაც ჩვენ ვისხედით, იქ ვერ ამოდიოდა, გრძელი კიბე უნდა ამოევლო. ჩვენ ვერთობოდით, ლუდს ვსვამდით... ახალგაზრდები ვიყავით და ბევრ რამეს ვერ ვაფასებდით. სხვა სტუდენტებიც ასე იქცეოდნენ. ლადოს კი ეგონა, რომ ვმუშაობდით. ძალიან ბევრი რამ მასწავლა. თუ მე გრაფიკა მიყვარს, ეს ლადო გრიგოლიას დამსახურებაა. მან შექმნა ქართული შრიფტის ახალი ვარიანტები.

გვეუბნებოდა, რომ ქართული შრიფტი აუცილებლად ოთხ ხაზში უნდა დაიწეროს, ამაშია თავისებური სილამაზეო. ბეჭდურში არ შეიძლება, რომ „ლ“ იყოს ერთმუცლიანი, „ო“ არ შეიძლება კუთხის ფორმით დაიწეროს, უნდა იყოს მრგვალად და ა.შ. რასაც ლადო გვასწავლიდა, ამას დღეს სტუდენტები აღარ გადიან. ლადომ ჩამოაყალიბა კანონიკა, აკადემიაში შრიფტის სწავლების მიმართულების საფუძველი გახდა მისი ნაშრომი „ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი“. თავისი წიგნი პირადად მაჩუქა. არ ვიქებ თავს, მაგრამ მისი საყვარელი სტუდენტი ვიყავი.

რამდენიმე გამოფენის შესახებ...

- ჩემი პირველი გამოფენა გაიმართა 70-იანი წლების დასაწყისში, მხატვრის სახლში, მაშინ უკვე ტელევიზიაში ვმუშაობდი. საკმაოდ სრულყოფილი და დიდი გამოფენა იყო, საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია. 1989 წლის აპრილში მოსკოვში მხატვრის სახლმა უმასპინძლა ჩემს დიდ გამოფენას. მოხდა ისე, რომ ამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა ყველა ნახატი და ამერიკაში წაიღო. მაშინ საშუალება მომეცა, სახელოსნო გამეკეთებინა. მერე და მერე დაიწყო გამოფენების სერია... ერთ-ერთი პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში გაიმართა 90-იან წლებში, სადაც ბევრი ნახატი წარვადგინე და ამ გამოფენას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემი შემოქმედების წარმოჩენაში. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საბავშვო ილუსტრაციების გამოფენა მქონდა რამდენიმე წლის წინ. პატარა გამოფენის მოწყობა მიყვარს ჩემი დაბადების დღეს და ამას თითქმის ყოველ წელს ვახერხებ.

manana-da-malxazi1-copy-1681062763.jpg

მანანა

- ჩემი ცხოვრება დავაკავშირე ძალიან ლამაზ და ნიჭიერ ქალთან (თეატრმცოდნე მანანა თევზაძე. - ავტ.). როცა ვმუშაობ, მასწავლებელივით მადგას თავზე. თუ ნახატი არ მოსწონს, პირდაპირ მეუბნება. ვუბრაზდები ხოლმე, - დამანებე თავი, მე ჩემი საქმე მაქვს, შენ - შენი. მე ხომ არ ვერევი შენს თეატრალურ საქმიანობაში-მეთქი?! მეუღლის არაერთი პორტრეტი დამიხატავს... თავიდან, როცა გავიცანი და გამიტაცა მანანას სიყვარულმა, გამუდმებით ვხატავდი - მაქვს მისი პორტრეტები, პატარა ჩანახატები, ესკიზები, შარჟები... დამიხატავს ჩაძინებული, ატირებულიც... ვხატავ მის იმ წუთიერ ემოციას, რასაც დავიჭერ და ვფიქრობ, რომ მისი განწყობა ყოველთვის ჩანს ამ ნახატებში. ძალიან კარგად ვიცნობ და რა თქმა უნდა, ვხედავ მის ცვალებად ხასიათს, ზოდიაქოთი ტყუპია და ხშირად არის განსხვავებულ ხასიათზე. ის დღესაც ჩემი მუზაა.

ნანული ზოტიკიშვილი