"ბავშვმა საყვედური მითხრა: ბაბუა, რატომ მოკალი ხარება და გოგიაო?!" - გზაპრესი

"ბავშვმა საყვედური მითხრა: ბაბუა, რატომ მოკალი ხარება და გოგიაო?!"

ცოტა ხნის წინ რედაქციაში ქუთაისიდან გვესტუმრა ჟურნალ "გზის" ერთგული მკითხველი და დიდი გულშემატკივარი, ბატონი ნოდარ მსხვილიძე, რომელიც გარშემო მყოფების ყურადღებას იქცევს თავისი ჩაცმულობით. თავად ვარ მოწმე, რომ ხშირად სთხოვენ, იქნებ თქვენთან ფოტოს გადაღების უფლება მოგვცეთო და როცა რედაქციაში შემოსულს დაჯდომა შევთავაზე, დაღლილი იქნებით-მეთქი, სიცილით მითხრა: ქუთაისიდან თბილისამდე რა დამღლიდა, ტრანსპორტში ვიჯექი, მაგრამ აი, დიდუბიდან, ვიდრე თქვენამდე მოვაღწევდი, ვერც დავთვალე, რამდენმა გამაჩერა და ჩემთან ერთად მათ ფოტოს გადაღებაზე უარს როგორ ვეტყოდიო?

- წლებია ჩოხა-ახალუხით დავდივარ და ამის გამო არა მარტო ინტერესს იჩენენ ჩემ მიმართ, არამედ კურიოზულ სიტუაციაშიც ბევრჯერ აღმოვჩენილვარ. მაგალითად, ამას წინათ ერთ ადგილას ვსადილობდი. 4-5 წლის ბავშვი მომიახლოვდა და საყვედური მითხრა: ბაბუა, რატომ მოკალი ხარება და გოგიაო?! - ბაბუა, ვინ გითხრა მაგი-მეთქი? იქით გამახედა, სადაც მისიანები (ჩემი ამხანაგები) ისხდნენ. - მე ხარება და გოგია ძალიან მომწონს და იმ მაგიდასთან მსხდომებმა მითხრეს, რომ შენ მოკალიო. ვიუარე, არა ბაბუ, ალბათ გაგეხუმრნენ-მეთქი. - როგორ არა, შენ გეკავა იარაღი და ისროდიო. ვერაფრით დავაჯერე, რომ მკვლელი არ ვიყავი (იცინის)... კიდევ, უცხოელები რომ დამინახავენ, ისინიც ფოტოს გადაღებას მთხოვენ და ხანდახან ფულს გამომიწვდიან ან ჯიბეში მიტენიან ხოლმე, უხერხულ სიტუაციაში მაგდებენ, მაგრამ რა ვქნა, მიყვარს ქართული სამოსი და ამ მცირე კურიოზების გამო მას ვერ შეველევი...

- როგორც მითხარით, სათქმელი დაგიგროვდათ და ნაწილობრივ ამიტომაც გვესტუმრეთ. რაზე გსურთ გველაპარაკოთ?

- ჩემს სატკივარზე უნდა დაგელაპარაკოთ. გული მტკივა, რადგან რაც კომუნისტები გადავდექით, მას მერე საქართველოს პატრონი არ ჰყოლია და უკვე იმასაც ვფიქრობ, რომ არც ეყოლება. ხალხზე არავინ ფიქრობს. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსებმა ეკონომიკის გაძლიერების გზები ეძებონ, ერთმანეთს ეჩხუბებიან, მიკროფონს ესვრიან. ჩვენს დროს სამთავრობო სხდომებზე ბუზის ხმას გაიგონებდი. ერთი რომ ლაპარაკობდა, მას ყველა უსმენდა. ახლა კი ვერ გაიგებ, ვინ რას ამბობს, რადგან სიტყვის თქმას არავის აცდიან. არაა დისციპლინა.

ახლა გაიძახიან, ევროპა და ამერიკა გვინდაო, აღარ უნდათ რუსეთი და გასაგებიცაა, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს ქვეყანა მუდამ ჩამორჩენილი იყო. ბოლოს და ბოლოს, 300 წელი მონღოლების უღელქვეშ იცხოვრეს და მათ ხარკს უხდიდნენ. მერე მოვიდა პეტრე პირველი, ისიც ქართული ფესვების მქონე იყო და მან მონღოლების გარეკვა შეძლო, ამოისუნთქა ქვეყანამ. მისი გარდაცვალების შემდეგ ეკატერინე მეორე მოვიდა და მერე კი იცით, როგორც წავიდა საქმე... ამისთანა სახელმწიფო რაში გაგიმართავს ხელს? ვერაფერში. იმიტომ უნდა სხვა ქვეყნების ძმობა, რომ თვითონაც კარგად იყოს. სულ ჩამორჩენილი იყო და ახლაც ასეა, კი ბატონო... მერე მოვიდა ლენინი და სტალინი. სტალინმა რუსეთი წინ წასწია. სხვა თუ არაფერი, ის მაინც ხომ ვიცით, რომ ომი მოიგო. ამ ომის მონაწილეები აღნიშნავდნენ ხოლმე: ჩვენ უმეტესად მშიერი ვიყავით, არაფერი გვქონდა, აი, გერმანელი მიცვალებულების ჩანთებში კი თეთრ პურსაც ვაწყდებოდითო. წარმოიდგინეთ, მშიერმა ხალხმა გამარჯვება მოახერხა... ამაში ქართველი კაცის, სტალინის დიდი დამსახურება იყო. რუსები ასეთები არიან: თუ დავალებას მისცემ, 100 პროცენტით შეგისრულებენ, თუ არადა, დამოუკიდებელი აზროვნების თავი არ აქვთ. მათ სტალინი ზურგზე აჯდა და ხედნიდა. გამოიძახებდა თანამდებობის პირებს, მათ აზრს მოისმენდა და საქმეს ანაწილებდა. ერთხელაც თურმე, მათ უთხრა: ჩემ შემდეგ თუ ჩემი გზით წახვალთ, ხომ კარგი, თუ არადა, დაიქცევითო. დაცვის უფროსის მოადგილესთან, თევდორაძესთან დაუჩივლია: მეტი არაა ჩემი მტერი, მე რომ არ ვიქნები, ესენი საქმეს გაუძღვნენ, შერეკილების ხროვად გადაიქცევიანო, - და ასეც მოხდა...

კი ბატონო, რუსეთი ოკუპანტია და არ გვინდა, მაგრამ ამერიკა არაა ჩვენი მტერი? ისიც ოკუპანტი არაა? ჯერ იყო და იაპონიაში ნაგასაკა და ჰიროსიმა გაასწორა მიწასთან, 60-იან წლებში ვიეტნამი 5 წლის მანძილზე ბომბა, მერე ავღანეთი, პაკისტანი, სირია... თავის დროზე ჩეხოსლოვაკიამ ამბოხი რომ მოაწყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ესეც ამერიკის შეგონებით მოხდა და ჩამოგვაშორა ევროპასაც. აბა, მითხარით, რომელი ომი გააჩერა ჩვენ გამო? ტერიტორიები წაგვართვეს, ხალხი ამოგვიხოცეს და რა, რით დაგვეხმარა? აზერბაიჯანი და სომხეთი წააჩხუბა, იქით - რუსეთი და უკრაინა. ჩვენც ცუდ დღეში ვართ და არ ვიცით, რა ვქნათ, რათა ომმა აქ არ გადმოინაცვლოს...

- რატომ გგონიათ, ამერიკამ წააჩხუბა ეს ქვეყნები? არ ფიქრობთ, რომ რუსეთს უბრალოდ, უკრაინის ტერიტორიების თავის შემადგენლობაში დაბრუნების სურვილი კლავს?

- რუსეთს რაც უნდა, ვიცით და ისიც, რომ ოკუპანტური ბუნება აქვს, მაგრამ ვიდრე ამერიკა იარსებებს, მსოფლიოში ომი არ გამოილევა - ამაშიც დარწმუნებული ვარ. ამ ქვეყნის მმართველები ნამდვილად "კარგ ჭკუაზე" არიან, სხვის ტერიტორიაზე აწარმოებენ ომს, თვითონ კი იარაღს ასაღებენ და უბრალოდ შეშფოთებას გამოთქვამენ, თორემ სადმე გინახავთ, რეალურად რომ გამოეწოდებინოს დახმარების ხელი?! მე არ მინახავს და გამიხარდება, ვინმე თუ საპირისპიროს დამიმტკიცებს...

- ბატონო ნოდარ, ტელეფონით საუბრისას მითხარით, რომ ქუთაისის თვითმმართველობას არ ემდურით, რადგან ხალხისთვის სასარგებლო საქმეებიც კეთდება შესაძლებლობის ფარგლებში.

- ასეა. ჩვენი მერი - ხახალეიშვილი ზრუნავს ქალაქის ინფრასტრუქტურაზე. რაც შეუძლია, აკეთებს, ქალაქს დღითი დღე ამშვენებს. ასეთი ხასიათი მაქვს: რაც კარგია, უნდა ვთქვა, რაც ცუდია, ვერც იმაზე დავხუჭავ თვალს. ჩვენს ქალაქში არსებობს "მადლიერების სახლი", უფასო სასადილო, სადაც შეჭირვებულ ხალხს ემსახურებიან. დამერწმუნეთ, არაჩვეულებრივი მომსახურება და კარგი კერძები აქვთ. არის რაღაცები, რის გამოსწორებასაც ვისურვებდი, მაგრამ რა ქნას მერმა, ზევიდან თუ არ ექნება ხელშეწყობა?..

იცით, რა მაინტერესებს? მილიარდობით თანხას ვალად რომ გვარიცხავს ამერიკა და ევროპა, ეს სესხი ვინ უნდა გაისტუმროს? ჩვენმა შვილებმა, ხომ? კარგი, ავიღეთ სესხი, მაგრამ სად მიდის ეს თანხა? ეკონომიკამ წინ ვერ წაიწია, ხალხმა ვერ ამოისუნთქა და ასეთი ვალის აღებას რა ფასი აქვს? სად იკარგება ეს თანხა? მე ვფიქრობ, პარლამენტშივე ქრება! ჩინოვნიკებს თვითონ უამრავი სახლი აქვთ სხვის სახელზე გადაფორმებული, საწყალი ხალხი კი ნაგვის ბუნკერში იქექება ან მოწყალებას ითხოვს. ახლა გზად მოწყალების მთხოვნელ ერთ ქალბატონს ვკითხე: კი მაგრამ, პენსია არ გყოფნით-მეთქი? - რას მეყოფა, წამლებში მიდის ფულიო. ა, ბატონო, ავადმყოფს რომ წამალს გაუძვირებს, ის ხალხის მტერია, აბა, რა არის? კომუნისტებს ასე რომ აძაგებენ, ჩვენს დროს ასეთ ქორვაჭრებს, წურბლებს ვიჭერდით. კაპიკებში შემოგვქონდა ყველაფერი. ვზრუნავდით, რომ ხალხს ხვალინდელი დღის არ შეშინებოდა.

ახლა მინდა ზოგიერთ ე.წ. ექსპერტ ანალიტიკოსებზეც ვთქვა ორიოდე სიტყვა... მათი ტელეფონის ნომერს არ მომცემთ, თორემ პირში მივახლიდი სათქმელს. არ გვინდა საბჭოთა კავშირის მსგავსი ყოფის დაბრუნებაო. თვითონ რომ დაამთავრეს უმაღლესები, ის პერიოდი გაიხსენონ. ოღონდ ესწავლათ და სტიპენდიას ვაძლევდით, დიპლომსაც, ახლა კი ჩვენ გვლანძღავენ. ნეტავ მაშინდელ ყოფას, სიცოცხლე ჩქეფდა, ხალხს სამსახური ჰქონდა. სტალინს რომ ლანძღავენ, რა გაუკეთა საქართველოსო? მარტო ქუთაისს მოვიყვან მაგალითად: ტყვეები ჩამოაყვანინა და ააშენებინა ავტოქარხანა, ელექტრომექანიკური ქარხანა, აბრეშუმკომბინატი და ა.შ. ჩამოატანინა დაზგები, დაასაქმა ხალხი. მუშებს ხელფასს დროულად უხდიდნენ, ავანსს ურიცხავდნენ, ბიულეტინს უპრობლემოდ გასცემდნენ, იყო ფასიანი თუ უფასო შვებულება, კურორტიც - უფასო. მუშებს საცხოვრებელ ბინებს ურიგებდნენ, მოწინავეებს კი მანქანით აჯილდოებდნენ... აბა, ახლა, ამ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოში რა ხდება კარგი, იქნებ ჩამომიყალიბონ... იქნებ მიპასუხონ, ამ კარგ წყობაში ხალხს რატომ აშიმშილებენ?

ამბობენ, რუსების მონები ვიყავითო. ვინ იყო მონა? ასეთად თავი არასდროს მიგრძნია, საბჭოთა ჯარშიც კი ზედმეტს არავინ გაკადრებდა. მონები ჩვენ კი არ ვიყავით, თავად გვემონებოდნენ რიგ საკითხებში. ქართველებს დიპლომატია არასდროს გვაკლდა, ახლა კი ყველაფერი შეცვლილია...

339759737-1266125660921940-9118859923458545090-n-1681063120.jpg

- როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში შევძლებთ გავძლიერდეთ, რომ კომუნისტური წყობა სანატრელი არ იყოს ზოგიერთისთვის?

- შვილო, არ შეიძლება ქართველი თავის ჭკუაზე გაუშვა. ახლა ქვეყანაში თარეშობენ ერთეულები, ვისაც ძალაუფლება ჩაუვარდა ხელში და ყველაფერს იჯიბავენ. ჩვენ ან ვიღაც უნდა გვეგულებოდეს პატრონად, ან იმედია გამოჩნდება სამშობლოს მოყვარე ქართველი, რომელსაც ნამდვილად ექნება პატრიოტიზმი და არა ფსევდოსიყვარული... ხალხმაც უნდა გავანძრიოთ ხელი და მარტო სოციალური დახმარებების იმედად არ ვიყოთ. ადრე ქართველი კაცი მიწას ამუშავებდა, ყველაფერი თავისი სამყოფი მაინც მოჰყავდა, ახლა რა ხდება? რაიონებში რომ წახვიდეთ, ნახავთ, რომ გავერანებულია ყველაფერი, მიწას არ ამუშავებენ. აღარ მიუწევთ მუშაობისკენ გული. სამაგიეროდ, აბა ჩაბრძანდით ბოლნისსა და მარნეულში, ნახავთ, რომ ერთ გოჯ მიწასაც არ დატოვებენ დაუმუშავებელს და მყარადაც დგანან ფეხზე... თუმცა, ისე არ გამომივიდეს, რომ ყველა ქართველი ზარმაცია, ამისგან უფალმა დაგვიფაროს. აი, დედაჩემი 97 წლის არის, ამ ხნის ქალია და კიდევ ფრინველებს ზრდის. ჩემი ძმაც მეურნეა და რაიონში მშვენივრად ცხოვრობს. ხალხმა მიწა რომ დაამუშაოს, ამისთვის სახელმწიფომ მათ სტიმულირებაზე უნდა იფიქროს, მაგრამ დახმარებაც მხოლოდ ერთეულებისთვისაა ხოლმე განკუთვნილი.

- ბოლო დროს გელათში თუ იყავით? ხომ არ დაუწყიათ სამშენებლო სამუშაოები?

- არა, ჯერ ისევ არავის უზრუნია ამ პრობლემის მოგვარებაზე, რომ ტაძარი გადაეხურათ. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა, ამდენი ფრესკა ზიანდება... კიდევ ერთი უბედურება გვჭირს: სამტრედიაში, საჯავახოს ახალი ხიდი რომ ააშენეს, რამ გააფუჭა? ვითომ საქმეს აკეთებენ და მადლს მარილს არ აყრიან. რიონია მოდიდებული და ხიდი ამიტომ დაზიანდაო. რას ამბობენ, თუ იციან? რა მოდიდებული, ადამიანო, ნაპირიდან ნაპირზე ფეხით გადახვალ. სიმართლე ისაა, რომ ხარისხიანად არაა გაკეთებული და მასზე მოძრაობა რომ გახშირდა, დატვირთვას ვერ გაუძლო და ჩაინგრა. მადლობა ღმერთს, არავინ დაშავდა, თორემ სად წაუვიდოდნენ ცოდვას? ტრაილერის მძღოლმა თურმე მოასწროო მანქანიდან გადმოხტომა, მანქანა კი დაზიანდა, თუმცა მაგას ვინ ჩივის?.. მერე ახალაშენებული გვირაბიც მოირღვა, რიკოთიც დაიკეტა მიზეზების გამო. ხომ უნდა მივხვდეთ, რომ რაღაც არასწორი ხდება?! დროა, გონს მოვიდეთ, თორემ ჩვენი ქმედებებისგან ცუდად წაგვივა საქმე...

ლიკა ქაჯაია