როგორია ფოტოჟურნალისტის თვალით დანახული საქართველო - გზაპრესი

როგორია ფოტოჟურნალისტის თვალით დანახული საქართველო

"ფოტოგრაფია ჭეშმარიტებაა", - წერდა ცნობილი ფრანგი რეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი. ფოტოგრაფიას მართლაც შეუძლია, ზედმიწევნით ასახოს არა მხოლოდ ადამიანის განწყობა და ხასიათი, არამედ იმ ეპოქის სული, რომელშიც ვცხოვრობთ. როგორია ფოტოჟურნალისტის თვალით დანახული თანამედროვე საქართველო? - ამ საკითხზე სასაუბროდ გოგა ჩანადირს მივმართეთ.

- მარტის აქციებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და საქართველოშიც ბევრი რამ შეცვალა. თქვენ თუ იღებდით ამ აქციებს?

- არა, რადგან იმ დღეებში ბერლინში ვიყავი, ამიტომ ყველაფერს შორიდან ვაკვირდებოდი. აქ რომ ვყოფილიყავი, ცხადია, ჩემი ფოტოაპარატით მივიდოდი და გავაშუქებდი, რადგან პირველ რიგში ეს ჩემი პროფესიაა და ამავდროულად, ჩემი ქვეყნის ისტორია... სხვათა შორის, იმ დღეებში ბერლინში მცხოვრებმა ქართველებმაც ჩაატარეს აქცია და ასე გამოხატეს თავიანთი პოზიცია. რამ გამოიწვია ასეთი საყოველთაო უკმაყოფილება? - ალბათ იმან, რომ ახალი კანონის მომხრე ევროპასა და ამერიკაშიც არავინ იყო. ჩვენს მთავრობას ყველა ურჩევდა, ე.წ. აგენტების შესახებ კანონი არ მიეღო. ჩვენი მოსახლეობაც მიხვდა, რომ ეს კანონი არავისთვის არ იქნებოდა სიკეთის მომტანი და შესაბამისად, ყველას ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას.

- თქვენ როგორ დაახასიათებთ ახალგაზრდების პროტესტს? რა იყო მათში განსაკუთრებული?

- შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ამ ახალგაზრდებს პოლიტიკური პროცესები ნაკლებად აინტერესებდათ. ისინი ქუჩაში გულწრფელად, გულის კარნახით გამოვიდნენ, ამიტომაც იყო ის დღეები ასეთი მღელვარე და ემოციური. მსოფლიოს ისტორიაში მსგავსი შემთხვევა ბევრჯერ მომხდარა: როცა ხალხი ინიციატივას თავის თავზე იღებდა და იმას აპროტესტებდა, რაც არ მოსწონდა. ასეთ დროს ხალხი შედეგს ყოველთვის აღწევს. ასე მოხდა 1978 წელს, როცა ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ერთადერთი მიზნით - რომ ქართული ენა დაეცვა. ახლაც ასე მოხდა: ახალგაზრდებმა სულითა და გულით დაიცვეს ის, რაც მათთვის ძვირფასია - ადამიანის უფლებები და საქართველოს თავისუფლება. მე მართლა მახარებს, რომ ძალიან ნიჭიერი, ლაღი ახალგაზრდობა მოდის, რომელსაც ვერ მოატყუებ. ისინი თავისუფლები არიან საბჭოური მენტალიტეტისგან. თანამედროვე ინფორმაციის ეპოქაში ცხოვრობენ, ბევრი რამ იციან, მათთვის ბევრი რამ ხელმისაწვდომია. კარგად ხედავენ, ვინ არის გულწრფელი, თვითონაც გულწრფელები არიან და სურთ, თანამედროვე, ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია. სწორედ ამიტომ გამოვიდნენ და უარი თქვეს იმაზე, რაც არ მოსწონდათ.

- თუმცა, ამ ახალგაზრდებს აკრიტიკებდნენ, რომ ზოგიერთი მათგანი მეტისმეტად თამამად იქცეოდა, რომ ბევრს აქვს ტატუ, რომ ბიჭებს საყურე უკეთიათ და ა.შ. რაზე მიანიშნებს ეს ბრალდებები?

- ჩემთვის საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანს საყურე უკეთია თუ არა, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, როგორი ადამიანია, რას ფიქრობს და რას აკეთებს. ეს ახალგაზრდები არავისზე დამოკიდებულნი არ არიან. როცა ვინმეს მხოლოდ სამოსითა და გარეგნული იერით აფასებენ, ე.ი. მეტი სათქმელი აღარ აქვთ და მხოლოდ მის გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას. რეალურად, ამ ახალგაზრდებს არაფერი აკლდებათ იმით, რომ საყურე უკეთიათ ან გრძელ თმას ატარებენ. ეს ხომ არაფერს ნიშნავს?! არავის აქვს უფლება, მათ გემოვნება ან ჩაცმულობა დაუწუნოს: ვისაც რა მოსწონს, იმას ჩაიცვამს, მით უმეტეს, თინეიჯერულ ასაკში, როცა იმიჯი და გარეგნობა გამოხატვის მთავარი საშუალებაა.

- გეთანხმებით: ამ ასაკში მოზარდების უმრავლესობა ცდილობს, ცნობილ ადამიანებს მიჰბაძოს და გამორჩეული იმიჯით დაიმკვიდროს თავი.

- მარტო თინეიჯერებს კი არა, თითქმის ყველა ცნობილ ფეხბურთელს, ცნობილ მომღერალსა და ტელევარსკვლავს აქვს ტატუც, საყურეც, მაგრამ ამით რამე უშავდებათ? როცა ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, მიკვირს, რადგან ამგვარი მიდგომა არასერიოზულია. დიახ, თინეიჯერები ხშირად ჰბაძავენ საყვარელ მსახიობებს, მომღერლებს თუ ფეხბურთელებს. ამიტომ, მათ გარეგნულ იერს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ: მირჩევნია, ახალგაზრდას ტატუ ჰქონდეს, ვიდრე "ჩაცუცქული" და უსაქმური იყოს. კარგია, რომ ე.წ. ჩაცუცქულების დრო წავიდა და დღევანდელ ახალგაზრდებს სულ სხვა პრიორიტეტები აქვთ. გარეთ 21-ე საუკუნეა, ყველამ ჩვენი საკეთებელი უნდა ვაკეთოთ, თუ რაიმე გასაპროტესტებელია, ერთად გავაპროტესტოთ, ერთად ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ, რომ ძლიერი სახელმწიფო გვქონდეს.

- დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაჭერას, რომელსაც აქციაზე "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას აბრალებენ. ამის თაობაზე რას ფიქრობთ?

- როგორც ვიცი, არსებობს შეთანხმება, რომ ამ კანონის ჩავარდნის მეორე დღეს ყველა დაჭერილ ადამიანს გაათავისუფლებდნენ. კარგი იქნება, თუ ეს დაპირება შესრულდება, რადგან ამით დაძაბული სიტუაცია განიმუხტება... და თუ ვინმე დამნაშავეა, მისი საქმე მხოლოდ სამართლიანმა, მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა უნდა გაარკვიონ. ცხადია, ჩვენ იმიტომ ვიხდით გადასახადებს, იმიტომ ვუხდით საჯარო პირებს ხელფასს, რომ მათ სამართლიანობა უზრუნველყონ. საწყენია, რომ ამ ქვეყანაში სამართლიან სასამართლოს ვერა და ვერ ვეღირსეთ.

- ამ აქციებზე ადამიანმა თვალი დაკარგა, მაგრამ ამის გამო არავინ დაუსჯიათ. ხომ არ არის ეს შერჩევითი სამართლის გამოვლინება?

- უკვე ვთქვი, რომ ყველაფერი უნდა გაირკვეს და დადგინდეს. ისე კი, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ: ადამიანმა არც "მოლოტოვის კოქტეილი" უნდა ისროლოს, არც მანქანა დაწვას და არც სხვა ადამიანი დააზიანოს. უკმაყოფილება და პროტესტი ყველამ მშვიდობიანი ფორმით უნდა გამოხატოს. მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში აგრესიული აქციებიც ტარდება, მაგრამ ეს თანაგრძნობას არ იწვევს. მშვიდობიანი აქცია ყოველთვის უფრო მოსაწონი და შედეგიანია.

- ჩვენი ახალგაზრდების მიმართ ხშირად ისმის საყვედური, რომ ისინი ჯარში წასვლას თავს არიდებენ. რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხზე?

- მე ვფიქრობ, რომ ჯარში ყველა უნდა წავიდეს. ეს ნიშნავს, რომ შენი სამშობლოს, შენი სახელმწიფოს სამსახურში ხარ. ყველა ახალგაზრდისთვის დიდი პატივია, თავის ქვეყანას ემსახუროს და ჯარი ამის ერთ-ერთი გზაა. როგორც ვიცი, დღეს ჩვენს სამხედრო ნაწილებში საკმაოდ კარგი პირობები აქვთ, კვებაც კარგია და სიტუაციაც ნორმალური... კარგია, თუ ამ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ახალგაზრდობა თავს არ აარიდებს. რატომ? - დღეს საქართველო ისეთ სიტუაციაშია, იარაღის გამოყენება და თავის დაცვა ყველამ უნდა ვიცოდეთ. სამ თვეს გაატარებს სამხედრო ნაწილში, ხუთს თუ ექვსს, იარაღის გამოყენება ყველამ უნდა შეძლოს. როდესაც ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია, ქალებიც უნდა ცდილობდნენ, რომ ელემენტარული საბრძოლო უნარ-ჩვევები ჰქონდეთ. ერთი თვე მაინც უნდა იმსახურონ, რომ მინიმალური თავდაცვის უნარი გამოიმუშაონ. ამის საუკეთესო მაგალითია ისრაელი - ისრაელის ჯარში ქალებიც მიდიან, ეს მათთვის სავალდებულოა.

335433986-589778726116611-2327541243490974213-n-1681063484.jpg

- ალბათ, ისრაელისგან ბევრი რამ უნდა გადმოვიღოთ და ვისწავლოთ, თქვენც ასე ფიქრობთ?

- აბსოლუტურად გეთანხმებით. მათი გამოცდილების გათვალისწინება კარგი იქნება, რომ ჩვენც ძლიერი და გამართული სახელმწიფო ავაშენოთ. იქ სავალდებულო სამხედრო სამსახურიც არის და ანაზღაურებადიც, სადაც პროფესიონალები მსახურობენ. ეს პატარა ქვეყანა, რომელიც ებრაელებმა უდაბნოში ააშენეს, ჩვენთვის მართლაც მისაბაძია. ეკონომიკური თვალსაზრისითაც, არაერთი ქვეყანა ყოფილა ჩვენზე რთულ მდგომარეობაში, მაგრამ კრიზისის დაძლევა და ძლიერი სახელმწიფოს აშენება შეძლეს. ავიღოთ თუნდაც თურქეთი, იაპონია ან გერმანია - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ დღეს ამ ქვეყნებში სულ სხვა სიტუაციაა. ჩვენც ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ.

- არ გგონიათ, რომ ეს მძიმე ამოცანაა დაყოფილი და დაქსაქსული ქართველი საზოგადოებისთვის?

- ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველას გვინდა ძლიერი ქვეყანა ავაშენოთ, თუკი ებრაელებმა ეს უდაბნოში შეძლეს, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ? ყველა განვითარებული, მოწინავე ქვეყნის მოსახლეობა მიხვდა, რომ საქმის კეთება მხოლოდ ერთიანობით და ერთმანეთის გატანით შეიძლება. ამისათვის ერთად უნდა ვიშრომოთ და ეს სიძულვილი, დაქსაქსულობა, პოლარიზება როგორმე გადავლახოთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. არ შეიძლება, ერთი ხელით უფალს ადიდებდე და მეორე ხელით შენს მოყვასს სამარეს უთხრიდე! სწორედ ასე ექცევიან ქართველები ერთმანეთს. ოდესღაც ხომ უნდა გამოვფხიზლდეთ?! საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან უკვე 32 წელი გავიდა, ხოლო 9 აპრილის ტრაგედიიდან - 34 წელი... ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ რომ ამ მშვენიერ ქვეყანას ერთად მივხედოთ და მოვუაროთ?!

ხათუნა ჩიგოგიძე