მხატვრის პირველი გამოფენა საკუთარ იუბილეზე, ანუ შვილების საჩუქარი დედას - გზაპრესი

მხატვრის პირველი გამოფენა საკუთარ იუბილეზე, ანუ შვილების საჩუქარი დედას

"ფანტასმაგორიები" დაარქვა თავის პირველ პერსონალურ გამოფენას, რომელიც 6 ნახატის გარშემო ააგო და ამ სერიის გარდა, სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრები წარმოადგენა. წლების განმავლობაში შექმნილი ნახატები უმთავრესად ცისფერ-ლურჯ ტონშია გადაწყვეტილი და ვინაიდან ეს ფერი გამორჩეულად უყვარს, ხშირადაც მიმართავს. ფერწერა, გრაფიკა, ლითოგრაფია, ლინოგრავიურა, ოფორტი, თოჯინები, ვიტრაჟი, წიგნების დასურათება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი თემებისა, რომელიც მისი ინტერესის ქვეშაა. გრაფიკოსის რეტროსპექტული ექსპოზიციის ინიციატორები მისი შვილები გამოდგნენ, რომლებმაც დედის, თეონა ღლონტის 50 წლის იუბილის აღნიშვნა გამოფენის გამართვით გადაწყვიტეს.

თეონა ღლონტს სამხატვრო აკადემიიდან მოყოლებული, არაერთი ნაწარმოები აქვს დასურათებული. მხატვრის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია, როცა მან დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის ინიციატივითა და კურთხევით, იაკობ გოგებაშვილის "დედაენის" დასურათებაზე იმუშავა. საკმაოდ შრომატევადი პროცესისა და მრავალი პერიპეტიის გადალახვის შემდეგ, ჩვენს საჯარო სკოლებში გოგებაშვილისეული "დედაენა" შევიდა და დღესდღეობით, ანბანს ბავშვები სწავლობენ წიგნით, რომლის მხატვრები არიან: ჯემალ კუხალაშვილი, თეონა ღლონტი და მანანა მორჩილაძე.

5-copy-1681749599.jpg

თეონა ღლონტი:

- ჩემი პირველი პერსონალური გამოფენისთვის საკმაოდ დიდხანს ვემზადებოდი. პანდემიის პერიოდში უფრო მეტი დრო მქონდა საკუთარი საქმისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ პედაგოგი გახლავართ და 17 წელია სამხატვრო სასწავლებელში (ათწლედში), ჩემი პროფილით ვასწავლი, მთელი კვირა ძალიან დატვირთული ვარ და გარდა ამისა, მყავს სხვა მოსწავლეებიც. ჰოდა, დრო არასოდეს მყოფნიდა. სახლში რომ ჩავჯექი, ეს ჩემთვის პრობლემა არ იყო, პირიქით ის პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე. ახლა კი შვილებმა საჩუქარი გამიკეთეს და გამოფენა ჩემს იუბილეს დაამთხვიეს. მართალია, ჩემს ნამუშევრებს სოციალურ სივრცეში ვაქვეყნებ, ჩემი შემოქმედების გვერდიც მაქვს და ნამუშევრებს ბევრი ადამიანი აფასებს, მაგრამ როცა ყველაფერს რეალურად ხედავენ, აღქმა მაინც სხვაგვარია, ამიტომ სანამ საზოგადოების წინაშე ამ ფორმით წარვდგებოდი, დიდი პასუხისმგებლობით ვიყავი საკუთარ თავთან.

- თოჯინების მიმართ ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ, თავადაც ამზადებთ და გამოფენაზეც სხვადასხვა სახის თოჯინა წარმოადგინეთ. პირველი როდის შეიქმნა?

- ალბათ პატარაობიდან ყველა ადამიანს თავისი ჩანაფიქრი აქვს, რომელიც უნდა დიდობაში განახორციელოს. მეც ასე ვიყავი და სულ ვამბობდი, რომ სიამოვნებით მექნებოდა ჩემი პატარა სათამაშოების ფაბრიკა, სადაც იწარმოებოდა ქართული სულისა და ელემენტებით დატვირთული როგორც რბილი, ისე ხის და ფაიფურის სათამაშოები. ასევე ქართული ზღაპრის პერსონაჟები. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებამ, როდესაც რამდენიმე წლის წინ, თავის მრევლს ხელნაკეთი თოჯინების გაკეთება სთხოვა. ეს ჩემთვის სტიმული გამოდგა. ახალი წელი მოდიოდა, ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი და ნაძვის ხის მოსართავი კუბოკრული, ბრჭყვიალა ლენტი შევარჩიე, რომელიც თოჯინის კაბად მოვიაზრე და პირველი თოჯინაც გავაკეთე. მას შემდეგ თოჯინების მასობრივი დამზადება დავიწყე. მათ ფერადი კაუჩუკებით ვამზადებ, ძალიან მსუბუქია და არამტვრევადი. ბოლო რამდენიმე წელია ნაძვის ხეს ჩემი შექმნილი თოჯინებით ვრთავ. გოგონების გარდა, გავაკეთე ქართველი თოვლის ბაბუაც. ვინაიდან ბავშვებთან ვმუშაობ და მათ სამყაროს კარგად ვიცნობ, ერთგვარი შინაგანი პროტესტი მქონდა იმ ფაქტის მიმართ, რომ ჩვენი თოვლის ბაბუა ბევრმა მიივიწყა, სანტა კლაუსი კი ყველგანაა. ახალი წლის პერიოდში, პატარებს მისალოც ბარათებს რომ ვახატვინებ, ბავშვები იქაც სანტას ხატავენ. რამდენიმეს ვუთხარი: შვილო, ჩვენ მდიდარი ვართ ჩვენი ეთნოგრაფიით, ამა თუ იმ რეგიონის ტრადიციებითა და სხვადასხვა კუთხის სახასიათო ნიშნებით. მათ შორისაა თოვლის ბაბუა, ჩოხითა და ნაბდით. დააკვირდით და იქნებ ის დაგვეხატა-მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს, ხშირი პროპაგანდიდან გამომდინარე და მათ შორის არის ტელევიზიის ზეგავლენაც, ბავშვებმა მაინც მხოლოდ სანტა იციან. ამიტომ მომინდა და დავამზადე ყაბალახიანი თოვლის ბაბუას თოჯინაც, ხელში ჩიჩილაკით.

7-copy-1681749616.jpg

- მოხატული თეფშები, ლარნაკები, ასევე სხვა ნივთებიც გაფორმებული გაქვთ...

- ვინაიდან არც კერამიკოსი ვარ და არც მინის ოსტატი, სხვადასხვა ფორმისა და ზომის თეფშებს ვყიდულობ და მათზე ვხატავ. ასევე გაკეთებული მაქვს "კონკიას ეტლი", რომელიც გურიიდან გამოგზავნილი დეკორატიული ჯიშის კვახით გავაკეთე. ის 1 წელი გამოვაშრე, ამოვჭერი და სხვადასხვა მასალით გავაფორმე. მოვხატე სირაქლემის კვერცხიც. ბათუმელი მეუღლე მყავს და გარკვეული პერიოდი იქ ვცხოვრობდი. სწორედ ბათუმში ჩემმა მეზობელმა რესტორნისთვის შეიძინა სირაქლემის კვერცხები და თანამშრომლები წინასწარ გააფრთხილა, შიგთავსი ისე ამოეღოთ, არ დაეზიანებინათ. 2 კვერცხი მომიტანა და მაჩუქა. ერთი ბავშვმა გატეხა და მეორე დამრჩა, რომელზეც მოხატვა აკრილის საღებავით და რელიეფური კონტურის მეშვეობით არის შესრულებული. ამ მასალას ხშირად ვიყენებ თეფშებზეც და გრაფიკულ ნამუშევრებშიც.

- უნდა ვახსენოთ თქვენი ოჯახი, კერძოდ მშობლები: ქეთევან გუნცაძე და გურამ ღლონტი, რომლებიც გამომცემლობა "ნაკადულში" მუშაობდნენ. ბუნებრივია, მათი გარემოცვის გავლენის ქვეშ იყავით და პროფესიული არჩევანიც აქედან მოვიდა, არა?

9-copy-1681749634.jpg

- მართალი ბრძანდებით. მამაჩემი საქართველოს დამსახურებული მხატვარი იყო. დედა ფილოლოგია და ისიც იქვე, გამომცემლობაში მუშაობდა რედაქტორად. არაჩვეულებრივი მხატვრების, პოეტების, მწერლების გარემოცვაში გავიზარდე. ბავშვობაში "ნაკადულში" ხშირად დავდიოდი და იქ ბევრ ისტორიულ პიროვნებას შევხვედრივარ. ასევე მახსოვს წიგნის სუნი, რომელიც მარჯანიშვილზე არსებული გამომცემლობის მთელ შენობაში ტრიალებდა. დირექტორი არჩილ სულაკაური იყო, ძალიან თბილი ადამიანი. იმ დროს, როცა "სალამურას თავგადასავალს" ვკითხულობდი, მას რომ ვხვდებოდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ის თავისი ზღაპრის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო. რაც შეეხება მხატვრებს, ბავშვობიდან ძალიან კარგად მახსოვს: ზაურ დეისაძე, მანანა მორჩილაძე, ჯემალ ლოლუა, აკაკი ბრეგაძე, გოგი წერეთელი, რომელიც ამავდროულად ჩემი ნათლიაც იყო. თითოეულმა დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ არჩევანში, ხოლო ის, რომ სახვითი ხელოვნებიდან გრაფიკა ავირჩიე, მამას დამსახურებაა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველად ამაზე სულ არ ვფიქრობდი. როცა წამოვიზარდე, ბიოლოგობა გადავწყვიტე. თან დეიდა და ბებიაჩემი ბიოლოგები გახლდნენ და გოთუას ქუჩაზე, ბაქტერიოფაგიის ცენტში მუშაობდნენ. მომწონდა ლაბორატორიების დათვალიერება, პრეპარატების მზადების პროცესი. იქვე ჰყავდათ საცდელი ცხოველები. იქაურობა ძალიან საინტერესოდ მეჩვენებოდა, მაგრამ როცა გავიგე, რომ გასვლითი პრაქტიკების გავლა მორგში მომიწევდა, აზრი მაშინვე შევიცვალე. სისხლს რომ ვხედავ, ცუდად ვხდები. მივხვდი, ეს ყველაფერი ძალიან დამთრგუნავდა და ამიტომ ჩანაფიქრზე უარი ვთქვი. მერე ხატვაზე სერიოზული ფიქრი და მომზადება დავიწყე, საბოლოოდ კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. მანამდე, როცა მამას ვუთხარი, რომ მხატვრობა გადავწყვიტე, მითხრა, ქალისთვის ძნელიაო. მაშინ თითქოს მეწყინა, გავბრაზდი კიდეც, მაგრამ ფაქტია, ეს საქმე იმხელა დროს და ენერგიას მოითხოვს, როცა ოჯახი და შვილები გყავს, ძნელია შეითავსო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ხშირად მახსენდება მისი ნათქვამი. 19 წლის გავთხოვდი. აკადემიას რომ ვამთავრებდი, უკვე ორივე შვილი მყავდა. როცა თბილისში ვიყავი, მათ აღზრდაში დედა მეხმარებოდა, ბათუმში ყოფნისას დედამთილ-მამამთილი, მაგრამ ჩემი წილი დატვირთვა და პასუხისმგებლობა მქონდა და იყო პერიოდი, როცა ვერ ვმუშაობდი. მხატვრობაზე დამშეული ფსიქოლოგიურად თავს ცუდად ვგრძნობდი. მაშინ კიდევ გამახსენდა მამას სიტყვები და ახლაც სრულად შევიგრძნობ იმ ფრაზის დატვირთვას. მხატვრობა და ზოგადად ხელოვნება ისეთი სფეროა, მისით მთლიანად უნდა იყო მოცული. თუ ხარ, მასთან უნდა იყო და ისე არ გამოდის, რომ ცალი ხელით სადილი ამზადო, ხოლო მეორეში ფუნჯი გეჭიროს და ხატავდე. ჩემი შვილები დღეს უკვე დიდები არიან. რა თქმა უნდა, მათზე პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია სახლის საქმე შეგნებულად გადავდო, დავჯდე და ვხატო. ზოგჯერ ხატვა იმდენად მწყურია, ღამეებიც გამითენებია და ეს რომ არ გავაკეთო, შეიძლება ძალიან ცუდად გავხდე (იღიმის).

- თქვენი შვილების იდეით განხორციელებული გამოფენის გამო, სტატიას შეიძლება ასეც ვუწოდოთ,"მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა, ანუ შვილების საჩუქარი დედას"...

- დიახ, ასე გამოვიდა, რომ ჩემი პერსონალური გამოფენა მათი დიდი მონდომების შედეგია. დიდი ხნის სურვილის განხორციელებაში შემიწყვეს ხელი. თან, ჩემებს ოჯახში ჰქონდათ მაგალითი მამაჩემის სახით და აგიხსნით, რას ვგულისხმობ: მამაჩემის რანგის მხატვარი არ ვარ, ის საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ იმდენად თავმდაბალი, რომ თავის სიცოცხლეში ერთი პერსონალური გამოფენაც არ ჰქონია. ადამიანი გამომცემლობაში მუშაობდა, შეხება ჰქონდა სტამბასთან, მაგრამ არც კატალოგი დაუბეჭდავს და არც ალბომი. ის მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, მისი ნამუშევრები საზღვარგარეთაც იფინებოდა, მაგრამ რატომღაც, პერსონალური გამოფენისთვის ვერ მოიცალა.

4-copy-1681749585.jpg

- მოცლა არაფერ შუაშია, მისი თაობის ბევრი ცნობილი მხატვარიც ასე იყო, რადგან თითქოს ამის სურვილი და ამბიცია არ ჰქონდათ...

- დიახ, მამას თაობის ძალიან ბევრ მხატვარს სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია. შეიძლება ვიღაცამ ჩემი ეს ნაბიჯი თავხედობაში ჩამითვალოს, მაგრამ ალბათ ვარ თამამი და პერსონალური გამოფენის გამართვა მინდოდა. ვიღაცას მოეწონება, ვიღაც დამიწუნებს, მაგრამ მინდა ეს ყველაფერი ახლა შევიგრძნო, რომ სამომავლოდ, ღმერთი როგორც ინებებს და რამდენ წელსაც მომცემს, იმ დროში ჩემი მინუსები გამოვასწორო და შევეცადო, უკეთესობისკენ წავიდე.

ანა კალანდაძე