ირაკლი ჩოლოყაშვილი: "რა კარგია, რომ ასეთი ქართველები ისევ არსებობენ და ჩვენ გვერდით დააბიჯებენ!" - გზაპრესი

ირაკლი ჩოლოყაშვილი: "რა კარგია, რომ ასეთი ქართველები ისევ არსებობენ და ჩვენ გვერდით დააბიჯებენ!"

"იცხოვრე საინტერესო დროში", - შეიძლება ითქვას, რომ ეს უძველესი ჩინური წყევლა 21-ე საუკუნის საქართველოზე გავრცელდა: ჩვენ ხომ მძიმე, მაგრამ საინტერესო დროში გვიწევს ცხოვრება... ჟურნალი "გზა" დაინტერესდა, რას ფიქრობს დღევანდელ მიმდინარე მოვლენებზე ცნობილი მსახიობი და დირიჟორი ირაკლი ჩოლოყაშვილი.

- ინტერვიუ ჩვენი სამშობლოს მდგომარეობით უნდა დავიწყოთ - რატომ ვერ შევძელით ქართველებმა დიდი ხნის ნანატრი, თავისუფალი ქვეყნის აშენება?

- აბა, რა გითხრათ? ალბათ იმის გამო, რომ სულ ბრძოლაში ვართ, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება და სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვიგეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ის მალე, ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ბევრი რამ არის დამოკიდებული გლობალურ პროცესებზე: დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხდება ევროპაში ან ამერიკაში, რა ხდება უკრაინაში და აქედან გამომდინარე, ყველაფერს კომპლექსურად უნდა შევხედოთ. საქართველოს წინსვლა დიდწილად არის დამოკიდებული უკრაინის მდგომარეობაზე, რადგან ამ ორ ქვეყანას ერთი საერთო მტერი ჰყავს.

- აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას მათი უკმაყოფილება მოჰყვა... თქვენი დაკვირვებით, მართლა ასე უსამართლო სასამართლო გვაქვს?

- დიდი ხანია, რაც ჩვენი სასამართლო თავისუფალი აღარ არის, მაგრამ რაც დრო გადის, მდგომარეობა ამ სფეროში სულ უფრო უარესდება. წლები გადის და გამონათებაც არ ჩანს. ვიმედოვნებ, რომ ამერიკულ სანქციებს ისე გამოვიყენებთ, როგორც მაშველ რგოლს და ოდნავ მაინც გამოვფხიზლდებით, რადგან თუ ასე გაგრძელდება, მარტო მოსამართლეები კი არა, შეიძლება ჩვენი ქვეყანაც სანქციების ქვეშ მოექცეს. ამიტომ, მიმართულება უნდა შევიცვალოთ და ევროპული ოჯახისკენ წავიდეთ - ისე, როგორც ეს ქართველ ხალხს სჭირდება და სურს.

- ცოტა უხერხული ხომ არ არის, როცა ზოგიერთები აუგად იხსენიებენ ამერიკას, რომელიც წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარით გვეხმარებოდა და გვეხმარება?

- ეს ტენდენცია ბოლო ხანებში გამჟღავნდა, თორემ ორიოდე წლის წინ თითქოს არაფერი ხდებოდა, თითქოს, სასამართლოც დამოუკიდებელი იყო და მთავრობაც დასავლურ კურსს მიჰყვებოდა. თუმცა, ჩვენი ხალხის მცირე ნაწილი ყოველთვის ხვდებოდა, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ მიგვაქანებდა. ახლაც, ყველანაირად ცდილობენ, ღუზა ჩაუშვან და დაგვამუხრუჭონ, რაზეც მე და ჩემი თანამოაზრეები ჯერ კიდევ 2012 წელს ვსაუბრობდით. თუ მოსამართლეთა კორპუსი ერთ კაცს ემორჩილება, თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდება პროკურატურაში, რა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სუს-ში. მარტო ერთი უწყებაა კონტროლის ქვეშ და სხვა არა? - ეს გამორიცხულია. ამასობაში დროს ვკარგავთ, განვითარების რიტმს ჩამოვრჩით. ცხოვრება გადის. უკვე შვილების თაობაც წამოგვეწია და მგონი, არავის გვინდა ეს თაობაც იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, რა პრობლემებიც ჩვენ გვქონდა. საქართველო მოწინავე, თითით საჩვენებელი ქვეყნიდან ისეთ ქვეყნად გადაიქცა, რომელსაც უფრო ხშირად, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ. ამ ქვეყანაში შენი სიმართლით და პატიოსანი შრომით ბევრს ვერაფერს მიაღწევ, რადგან ნეპოტიზმი და კორუფცია ყველა წესიერ ადამიანს უღობავს გზას. ამიტომ, ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ამ სანქციებში ჩვენც მოვყვებით, ჩვენი შვილებიც და საბოლოოდ, რუსულ ჭაობში ჩავიძირებით - ეს დიდი დანაშაული იქნება მომავალი თაობის წინაშე.

- თუმცა, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა, ქვეყანა წინ მიდის და ვითარდება...

- არა მგონია, ამ სიტყვების ვინმეს სჯეროდეს, რადგან მათი სიტყვა საქმით არ დასტურდება. ყველაფრის შელამაზების მცდელობა ერთია, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა, თუ წინსვლა თითოეულმა ადამიანმა არ იგრძნო, სიტყვები ვერაფერს გვიშველის. თუ ყველაფერი ასე კარგადაა, ჩვენი ეკონომიკა იზრდება და სამუშაო ადგილები იქმნება, რატომ ვერ ვხედავთ ქუჩაში ბედნიერ, მოღიმარ სახეებს?! რატომ დგას ხალხი საზღვარზე და რატომ ცდილობს სამშობლოდან წასვლას?! მიდიან პროკურორები, მოსამართლეები, სასულიერო პირები... მიდიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და კიდევ ბევრი ფიქრობს წასვლაზე. მიდიან მექსიკის გავლით, საზღვარს უკანონოდ კვეთენ და ციხეში ჯდებიან, სადაც უნდა დაამტკიცონ, რომ არც ტერორისტები არიან და არც ბოროტმოქმედები - ეს ხომ ყველაზე მძიმე გზაა?! როგორ უნდა გაუჭირდეს ადამიანს, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალად წავიდეს და ციხეში ჩაჯდომაზეც არ თქვას უარი?! ესე იგი, მას საკუთარ სამშობლოში არ დაედგომება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ არავინ იცის, ეს ხალხი უკან როდის დაბრუნდება! როდესაც მშობელს თავის ქვეყანაში არ დაედგომება, შვილს როგორ გაიმეტებს, რომ აქ დატოვოს? ამიტომ, ბევრი იძულებულია ცოლ-შვილთან ერთად წავიდეს. სწორედ ამას გვთავაზობდა ივანიშვილი, როცა გვითხრა: იაფი ბილეთებით უზრუნველგყოფთ, ოღონდ წადით და გერმანიაში, საბერძნეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში იმუშავეთო... სიდუხჭირის და ამგვარი მიდგომის გამო, ბოლო წლებში, საქართველოდან ემიგრანტების ყველაზე დიდი ნაკადი გავიდა.

აქვე ერთ ფაქტს შეგახსენებთ: 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოში უფრო მეტი ხალხი ბრუნდებოდა, ვიდრე აქედან გადიოდა - ამას "საქსტატის" მონაცემებიც ადასტურებს. დღეს რა ხდება? - აქ ქართველებისთვის მომავლის პერსპექტივა არ ჩანს! საქართველოში უცხოელებს უფრო ეცხოვრებათ, რაც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. უბრალო მაგალითს მოვიყვან: რუსულნომრიან მანქანებს არ აჯარიმებენ, ქართველმა კი ავტომობილი სადმე ხუთი წუთით რომ დააყენოს, მაშინვე 100-150-ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. სწორედ ასეთი "წვრილმანების" გამო გარბიან სამშობლოდან, მაგრამ მთლიანობაში, ეს სულაც არ არის წვრილმანი! თუმცა, რიგით მოქალაქეებზე როგორ იზრუნებენ, როცა პრეზიდენტს კლავენ?! მის მაგალითზე მთელმა მსოფლიომ გაიგო, როგორი "სამართლიანი" სასამართლო გვაქვს.

- მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ამბობთ?

- დიახ: ადამიანს, რომელმაც საქართველოს ბიუჯეტი 12-ჯერ გაზარდა, ბიუჯეტის გაფლანგვას ედავებიან, ფული რატომ დახარჯე და ლეხ კაჩინსკის საფლავზე გვირგვინი რატომ მიიტანეო... ყველამ ვიცით, რომ არის ხარჯები, რომელსაც სპეციალური სამსახური განკარგავს და მსგავს ღონისძიებებზე თანხას სახელმწიფო იხდის. სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის ყველაფერი შერჩევითია, მაგრამ შერჩევითი სამართლის არსებობა მაინც ძნელი ასატანია. თუმცა, დადგება დრო, როცა ყველაფერს ფარდა აეხდება და ნათელი გახდება, ვინ ვინ არის.

1-2-copy-1681749861.jpg

- 7-9 მარტის აქციების გამო, მსოფლიო საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი გახდა, მაგრამ ამ აქციის მონაწილეებსაც ათასი რამ დააბრალეს...

- ვიდრე ჩვენს საოცარ ახალგაზრდებზე რამეს ვიტყოდე, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტში იბრძოდა. რომ არა მათი მონდომება და აქტიურობა, ვერავინ გაიგებდა და ამ კანონს ჩუმად, უპრობლემოდ დაამტკიცებდნენ. მადლობა ოპოზიციას, რომელმაც პარლამენტში ფსიქოლოგიურ წნეხსაც გაუძლო და ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. როდესაც კონსტიტუციას თავზე გადაგახევენ და არაფერს გკითხავენ, პროტესტის უფლება ნამდვილად გაქვს. რაც შეეხება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს - როგორც ვიცი, ცივილიზებულ ქვეყნებში მის გამოყენებაზე ჯარიმაა და არა - ციხე. ჩვენთან კი მაგალითად 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე ციხე ემუქრება. სანამ მას დააკავებდნენ, მისი "ფოტორობოტი" უკვე შედგენილი ჰქონდათ: ღარიბაშვილმა ხომ თქვა, ზოგიერთი მომიტინგე სატანისტს ჰგავდაო? - მსხვერპლიც სწორედ ამის მიხედვით შეარჩიეს. თითქოს პრემიერმა ძალოვaნებს მიანიშნა, როგორი ტიპაჟი უნდა დაეჭირათ. არადა, ჯერ დასადგენია, ვინ ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს, ვინმემ ეს სპეციალურად ხომ არ გააკეთა? თუმცა, ალბათ, ახლა არც ერთ სასამართლო განაჩენს ლეგიტიმაცია აღარ ექნება, რადგან აშშ-ში მიღებული გადაწყვეტილება ყველამ ვიხილეთ. ამიტომ, ხალხი სამართალს საქართველოში რომ ვერ იპოვის, აშშ-ის ან ევროპის სასამართლოში გაასაჩივრებს.

- მარტის აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაზა ბირიაშვილმა თვალი დაკარგა...

- სამწუხარო ფაქტია. ადამიანი მხედველობას კარგავს და ხელისუფლება არ იმჩნევს - ვითომც, არაფერი მომხდარა... ამ კაცმა საოცარი სიტყვები თქვა: თვალს არ დავეძებ, მთავარია, ჩვენი ქვეყანა და ახალგაზრდები იყვნენ კარგადო. ჩემი აზრით, ეს კაცი გმირია, ოღონდ, თვითონაც არ იცის, რომ გმირია. ისიც ისეთივე გმირია, როგორც ქალბატონი, რომელიც სპეცრაზმის თვალწინ იდგა და დროშას აფრიალებდა. საქართველო დღემდე სწორედ ასეთი, მამაცი და უანგარო ქართველების წყალობით მოვიდა. რა კარგია, რომ ასეთი ქართველები ისევ არსებობენ და ჩვენ გვერდით დააბიჯებენ!

ხათუნა ჩიგოგიძე