სმენის პრობლემების მქონე მოზარდები დიდ სცენაზე და აპლოდისმენტები ჟესტურ ენაზე - გზაპრესი

სმენის პრობლემების მქონე მოზარდები დიდ სცენაზე და აპლოდისმენტები ჟესტურ ენაზე

საქართველოს მასშტაბით, თბილისის #203 საჯარო სკოლა ერთადერთია, სადაც სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბი: სამოქალაქო განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, კინოსა და თეატრის მიმართულებით.

4 აპრილს საშუალება მქონდა ამ სკოლის ერთ-ერთ ღონისძიებას დავსწრებოდი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა. სპექტაკლების „შერეკილებისა“ და „ნაცარქექიას“ დაწყებამდე, მიწვეულ საზოგადოებას 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და თოჯინები წარუდგინეს, რომლებსაც მოზარდები სპეც-პედაგოგებისა და ფსიქოლოგების ხელშეწყობით, საკუთარი ხელით ქმნიან.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლების რეჟისურა, სცენარი, დეკორაცია თუ სხვა ტექნიკური და შემოქმედებითი პროცესი, მხოლოდ სკოლის პედაგოგების გუნდისა და მოსწავლეების ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო. თან, ბავშვებს პირველად მოუწიათ ამ მასშტაბის სცენაზე და ფართო მაყურებლის წინაშე გამოსვლამ, ამიტომაც ძალიან ღელავდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, დარბაზში ხანგრძლივი ტაში ისმოდა და იყო აპლოდისმენტები ჟესტურ ენაზეც...

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამგვარი სკოლის მართვას სპეციფიკური მიდგომა, დიდი ძალისხმევა და ენერგია სჭირდება. გარდა ამისა, აუცილებელია სხვადასხვა აქტივობა არა მხოლოდ შიდა სივრცეში, არამედ მის გარეთაც, რომ თითოეულმა სმენის პრობლემისა და სმენის არმქონე მოზარდმა საზოგადოებაში ინტეგრაცია მოახდინოს.

სკოლას ქალბატონი ნინო მეტრეველი ხელმძღვანელობს. პროფესიით ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი 1993 წლიდან საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობს. პედაგოგიური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ 156-ე მშობლიურ სკოლაში დასაქმდა, სადაც მოგვიანებით დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ოჯახის შექმნას სამწლიანი სამუშაო პაუზა მოჰყვა. 2007 წლიდან 201-ე სკოლის დირექტორი გახდა და პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. რაც შეეხება 203-ე საჯარო სკოლას, 2013-დან მუშაობა ჯერ ბიოლოგიის მასწავლებლად დაიწყო და ერთ წელიწადში, პარალელურად დირექტორის რანგშიც წარდგა.

ნინო მეტრეველი:

- სკოლას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბაზის შექმნაზე და ვიკვლევთ მისი დაარსების, იქ მოღვაწე პირების ამბავს. ჯერჯერობით მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, გადმოცემითა და ვარაუდების დონეზეა ცნობილი, რომ ეს გასული საუკუნის 50-იანი წლებში მოხდა და ყრუთა სკოლის დაარსების იდეა ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდება. მასალების მოპოვება არქივშიც ჭირს, მაგრამ ვცდილობთ ინფორმაციის მოძიებას, რომ სკოლის დაარსების პრეზენტაციისას (რომელიც გვინდა ფართო საზოგადოებას წარვუდგინოთ), უკვე ამომწურავი და ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია გვქონდეს. თავდაპირველად თბილისში ტერიტორიულად ცალ-ცალკე იყო ყრუთა და სმენადაქვეითებულთა სკოლები, მერე შეერთებულა. ეს ინფორმაცია ძველი საარქივო დოკუმენტებითა და კურსდამთავრებულთა ცნობების გაცემის შედეგად გვაქვს. წარსულის შესახებ, ამ ეტაპზე, მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია.

- თუ არის შესაძლებელი მითხრათ, დღემდე რამდენ ადამიანს აქვს ეს სკოლა დამთავრებული?

- ეს ინფორმაცია სრულად არ მაქვს, მაგრამ თავად ყრუთა თემი დიდი არ არის, უმცირესობაა. ამ ეტაპზე რასაც ვხედავ, ჩვენი ბავშვების ბებიები და ასევე სხვა, საკმაოდ ასაკოვანი ადამიანები მოდიან ცნობის ასაღებად, რომ მათ ეს სკოლა აქვთ დასრულებული. ყრუთა და სმენადაქვეითებულთა სკოლების გაერთიანების შედეგად, ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა ინტერნატი ფუნქციონირებდა და როგორც ვიცი, მაშინ ღამით დარჩენა თბილისელ ბავშვებსაც შეეძლოთ, ახლა კი ამას კანონი კრძალავს და პანსიონური მომსახურება მხოლოდ იმ ბავშვებზეა გათვლილი, ვინც რეგიონიდანაა.

- დღევანდელობაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ და პირველ რიგში, მითხარით, რამდენი მოსწავლეა თქვენს სკოლაში? ყველა კლასი დატვირთულია?

- სსიპ ქალაქ თბილისის #203-ე საჯარო სკოლაში 94 მოსწავლეა. აბსოლუტურად ყველა კლასი შევსებულია, პირველიდან 12-ის ჩათვლით და ჩვენთან სამივე საფეხურია: დაწყებითი, საბაზისო და საშუალო. სკოლაში სწავლობენ არა მარტო თბილისში მცხოვრები ბავშვები, არამედ რეგიონებიდან ჩამოსული მოზარდები, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან ოთხჯერადი კვებით, როგორც საძილე, ისე ჰიგიენური საშუალების სივრცეებით. ამ ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს და მშობელს თანხის გადახდა არ უწევს. ამ ეტაპზე კონტინგენტი შემცირებულია, რადგან ინკლუზიuრი განათლების დანერგვის დადებითი მხარე ისაა, რომ ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვის მშობელს შეუძლია, შვილი ტიპურ საჯარო სკოლაშიც შეიყვანოს, სადაც განათლება ჟესტური ენის თანხლებით არ მიმდინარეობს და იქ ძირითადად ის ბავშვები სწავლობენ, ვისაც "ნარჩენი" სმენა აქვს, ან კოხლეარული იმპლანტის მეშვეობით ბგერების მიმღებლობა. ასეთი ბავშვები ჩვენც გვყავს, მშობელი საკუთარი სურვილითა და კანონით მინიჭებული უფლებით, ბავშვისთვის სასურველი სკოლას არჩევს.

- თვალს ვადევნებ თქვენი და სკოლის მოსწავლეების ყოველდღიურობას. მათ ცხოვრებაში ძალიან აქტიურად ხართ ჩართული. ისინი ხშირად მართავენ ღონისძიებას. როგორც სკოლის დირექტორმა, რა გააკეთეთ პირველი და მართვა რა ნაბიჯებით დაიწყეთ?

- სანამ სკოლის დირექტორი გავხდებოდი, ბიოლოგიას ვასწავლიდი. ერთწლიანმა პედაგოგიურმა საქმიანობამ არსებული გამოწვევები დამანახვა და დამაფიქრა, თუ რა ტრადიციები შეიძლებოდა შეგვენარჩუნებინა და ახალი რა დაგვენერგა. ფაქტია, ცვლილებები აუცილებელი იყო. მართალია, ჩვენი ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობის არიან და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსი აქვთ, მაგრამ სამწუხაროდ, მთავარი ის იყო, რომ მათ საკუთარი თავის რწმენა და დაბალი თვითშეფასება ჰქონდათ, ფაქტობრივად, ნულს მიახლოებული. ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება იყო ასეთი: „ჩვენ ვერ შევძლებთ“, „ჩვენ ვერ გავაკეთებთ“ და ა.შ.

უფროსებსაც იგივე განწყობა ჰქონდათ, რომ „ბავშვები თავს ვერ გაართმევენ“, „ვერ დაიმახსოვრებენ“. ეს მოსაზრება და დამოკიდებულება ვირუსივით ვრცელდებოდა. სამწუხაროდ, ასე ფიქრობდა კოლექტივის ნაწილი და კარგია, რომ ეს მხოლოდ მცირე რაოდენობა იყო.

პირველი და მთავარია, ბავშვს შეუქმნა მოტივირებული განწყობა და თვითშეფასება აუმაღლო. ჯერ დავიწყეთ აკადემიური უნარებისა და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და საამისოდ დავნერგეთ შიდა სასკოლო საგნობრივი ოლიმპიადები. სიმართლე გითხრათ, ამან ბავშვები გაახალისა. სწავლის მიმართ ინტერესი გაიზარდა. შემდეგ განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასკოლო ოლიმპიადებშიც ჩავერთეთ, რომელიც ონლაინ ტარდება. თავდაპირველად კომპიუტერთან დაჯდომა და მაუსის დაწკაპუნება მათთვის დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ეტაპობრივად ეს სირთულეც გადავლახეთ. ონლაინსივრცეში ტესტების ამოხსნამ ცნობიერებაში გარღვევა მოახდინა და დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გამოდგა. ტრაბახად ნუ ჩამითვლით და არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. რასაკვირველია, ამ ყველაფერს მარტო ვერ გავაკეთებდი... ნელ-ნელა ბავშვების უნარები გაუმჯობესდა და თუ იყო შემთხვევები, როცა ბავშვი საკუთარ სახელსა და გვარს გამართულად ვერ წერდა, ახლა ასე აღარ არის. ვითარების გაუმჯობესებას ხელი შეუწყო შიდა კონცერტებმა და ღონისძიებებმაც, რომლebიც ხელოვნების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თემებზე ეწყობა. ნელ-ნელა სკოლის სივრცე ავითვისეთ, მაგრამ მხოლოდ შიდა სივრცეში დარჩენა საკმარისი არ არის. ბავშვი თანატოლებთან უნდა გაიყვანო და სხვებთან ჰქონდეს კონტაქტი. დიდი შრომის შედეგად, დღეს უკვე ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფესტივალზე, ტურნირსა თუ კონკურსზე და მივედით იქამდეც, რომ ჩვენი მოსწავლეები ფართო საზოგადოების წინაშე, დიდ სცენაზეც დადგნენ. ერთ მაგალითს მოვიყვან, ჩვენთან სწავლის მიზნით მეურვე ბებიამ მოიყვანა ბავშვი, რომელსაც ფურცელზე დავუხატე მაგიდა და ვუთხარი, რომ ეს იყო ყვავილი. დამეთანხმა. მეორე ფურცელზე კი პირიქით, დახატულ ყვავილზე მივაწერე, რომ ეს იყო მაგიდა. ისევ დამეთანხმა. ხომ ხვდებით, საქმე რასთან გვქონდა?! ახლა ეს ბავშვი აქტიურად დგას სცენაზე, ლექსს ამბობს, მღერის, სპექტაკლებში თამაშობს. საამისოდ ჩვენს სკოლაში მომუშავე თითოეული ადამიანი და მასწავლებელი მართლა უდიდეს შრომას sწევს, ბავშვის განვითარებაზე ზრუნავს. აქ ძალიან შინაური გარემოა და თითოეული თანამშრომლისგან გამორჩეული სითბო მოდის.

- ამ ხნის განმავლობაში, ჟესტების ენა თუ აითვისეთ?

- თავისთავად. საზღვარგარეთ ყოფნისას, უცხოელს თავის ენაზე რომ ესალმები, ეს არის პატივისცემის გამოხატვა და მას ეს სიამოვნებს. ამ სკოლაში მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან მივხვდი და ნელ-ნელა კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჟესტების ენის ათვისება აუცილებელი იყო. ჩვენთან გაკვეთილები ტარდება ქართული ჟესტური ენის თარჯიმნის დახმარებით, მაგრამ ამის ცოდნა ჩემთვისაც აუცილებელი იყო. შეიძლება ისე ვერ ვფლობ, რომ თავისუფალი კომუნიკაცია შემეძლოს, მაგრამ გარკვეულ დონეზე შევისწავლე. სხვათა შორის, ბევრ რამეს თავად ბავშვებიც მასწავლიდნენ. როცა ისინი გამჩნევენ, რომ სითბოს ავლენ, იმავეთი გპასუხობენ. გარდა ამისა, მასწავლებლის სახლიდან, განათლების სამინისტროს მიერ ტრენინგ-მოდულები იყო განხორციელებული, სადაც სხვა პედაგოგებთან ერთად ვმონაწილეობდი.

- დირექტორობის პარალელურად, ბიოლოგიის გაკვეთილების ჩატარებასაც ახერხებთ?

- რა თქმა უნდა, პედაგოგობასაც ვაგრძელებ და ბიოლოგიას ვასწავლი. დირექტორს ყოველდღიური და აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს თავის მოსწავლეებთან, საგაკვეთილო პროცესი კი მათთან კიდევ უფრო გაახლოებს.

3nacarkekia-copy-1681751158.jpg

- თქვენი ყურადღებიანი ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ ახერხებთ თქვენი სკოლადამთავრებულების მომავლით დაინტერესებასაც. რა გზით მიდიან სკოლის დასრულების შემდეგ და დასაქმების მხრივ როგორ არის საქმე?

- დასაქმების პრობლემა ყველასთვის ერთნაირად იარსებებს, თუ მან საკუთარ თავზე არ იმუშავა და წინსვლა არ მოინდომა. ბოლო წლების განმავლობაში, როცა ინკლუზიური განათლება ინერგებოდა და ახლაც, ბევრი პროფესიული სასწავლებელი შეიქმნა. ჩვენი კონტინგენტიდან, ვინც ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებას მოისურვებს, პროფესიულ სასწავლებლებში ჟესტური ენის თარჯიმნით უზრუნველყოფა ხდება. შესაბამისად, ყველა მსურველს საშუალება ეძლევა მიიღოს ყველა სერვისი და განათლება. ჩემი ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან. მათ შორის ერთ-ერთი აქტიური პროფესიული სასწავლებელია კოლეჯი „მერმისი“. აღნიშნული სასწავლებლის ოფის-მენეჯერის პროფესიის კურსდამთავრებული და ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა გიორგი გოგოხია, რომელიც დღეს ჩვენთან აღმზრდელად მუშაობს (გიორგი გოგოხიას ეკუთვნის მასალაში გამოყენებული ფოტოებიც. - ავტ).

- დაბოლოს, სასწავლო წელს როგორ ხურავთ ხოლმე?

- წლის ბოლოს ტრადიციულად გვაქვს „ბოლო ზარი“ და 20 მაისისთვის მე-12 კლასის მოსწავლეები ყოველთვის გრანდიოზულად ემზადებიან. ბოლო წლებში, ბავშვების სურვილით, ივნისის პირველ რიცხვებში მინი-კონცერტს მართავენ და თავის შემოქმედებას წარმოადგენენ. ამას თან ახლავს სკოლის დასრულებასთან დაკავშირებული გულისწყვეტა, მაგრამ ამავდროულად არის დიდი სიხარული და ჟრიამული (იღიმის).

ანა კალანდაძე