ვინ არის კონდოტიერი გიორგი ლეონიძის ლექსში „საქართველო“ - გზაპრესი

ვინ არის კონდოტიერი გიორგი ლეონიძის ლექსში „საქართველო“

საყოველთაოდ ცნობილია კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი, 1921 წელი“. ანტისაბჭოთა ლექსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როცა ის დაიბეჭდა წიგნში „პოეტის ათასი სტრიქონი“, რომელიც გამოვიდა 1985 წელს. ამ ლექსით საზოგადოება დაინტერესდა... თუ როგორ გაეპარა ცენზურას ლექსი წიგნში, ამის შესახებ ჩვენს ჟურნალში დაიწერა კიდეც (სტატია სათაურით - „თავგადასავალი გადამხდაო, ამ ლექსმა უნდა დაიკვეხოს!“).

ამჯერად ფილოლოგიის დოქტორი ამირან გომართელი გაიხსენებს გიორგი ლეონიძის ერთ ლექსს, რომელზეც ამბობს, რომ კოლაუ ნადირაძის ლექსზე არანაკლები ანტისაბჭოთა განწყობისაა.

ამირან გომართელი:

- უცნაური რამ იყო საბჭოთა ცენზურა, ძირითადად უნიჭო და უინტელექტო ხალხით დაკომპლექტებული, ამიტომაც ხან ისეთი რამეს გაუშვებდნენ დასაბეჭდად, გაოცდებოდი კაცი. მაგალითად, სამოცდაათი წელი კრებულიდან კრებულში გადადიოდა გიორგი ლეონიძის ლექსი „საქართველო“, რომელიც 1921 წლის ოკუპაციის თემაs ეხება და კოლაუ ნადირაძის ლექსზე არანაკლები ანტისაბჭოური განწყობილებისაა. გიორგი ლეონიძის ლექსი პირველად 1922 წელს გამოქვეყნდა „ცისფერყანწელთა“ გაზეთში „ბარიკადი“, რომლის რედაქტორი იყო ტიციან ტაბიძე. უპრიანია ლექსის კიდევ ერთხელ გახსენება.

„შენ ფიროსმანის შვიდღარიან მარნებში გხედავ,

გადაპოხილა შენი მკერდი, როგორც სარწყავი.

სისხლის საპალნით დატვირთულო, ვინ დაგიხვეტა

ბრგე თეძოები ბელტებივით დასაფარცხავი.

ტანი ყამირი, როგორც ხმალი, ელავს ჩამდგარი,

ვინ დაჩექმული ჩემი სული შხამებს დარია.

აქაფებულა შუაღამე, როგორც ჯაგარი:

ვიღამ დაიდგნოს, ვინ შაებას კარად დარიალს.

ტაძარს ალავერდს შემოაფრენს ტალღას მორევი

დგანან უზანგში ღვთისმშობელი და მოურავი,

რკინის პალოზე გადავარდნილს ვხედავ ხანძარებს

მოდის შამქორი, სოღანლუღი, დროშების მტვერი.

ზურნით ფალანგებს მოუძღვება კონდოტიერი

და შენი სისხლი გაჭედილი შიშით ზანზარებს“.

გარდა იმისა, რომ აქ ნახსენებია „სისხლის საპალნით დატვირთული“ „დაჩექმილი სული“ და „დარიალის კარის“ დახურვის მცდელობაც, მთავარია ის, რომ გიორგი ლეონიძის ლექსში პირდაპირი მინიშნებაა სერგო ორჯონიკიძეზე - „ზურნით ფალანგებს მოუძღვება კონდოტიერი“. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის „შიშით აზანზარებული, სისხლით გაჭედილი“ ქვეყნის, „დროშების მტვერის“, „სოღანლუღისა“ და „შამქორის“ ხსენება. პირველად 1920 წლის აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში შამქორის გზით მოადგა სერგო ორჯონიკიძე ფოილოს ხიდს რუსული არმიით, ოღონდ მაშინ საქართველოში შემოჭრა გადაიდო, რადგან ბოლშევიკებმა საჭიროდ ჩათვალეს გაეთამაშებინათ ფარსი - საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. შვიდ მაისს ასეთი ხელშეკრულება მართლაც დაიდო, თუმცა ათი თვის შემდეგ, 1921 წლის თებერვალში სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან, კოჯორ-ტაბახმელისა და სოღანლუღის გავლით ისევ შემოუტიეს თბილისს. 25 თებერვალს უსამშობლო კონდოტიერმა ბაქოდან დეპეშით კრემლს თბილისის აღება უპატაკა.

გიორგი ლეონიძის ანტისაბჭოთა ლექსი ყველა საბჭოურ გამოცემაში შეჰქონდათ, მის ავტორს კი არამცთუ პასუხს არ სთხოვდნენ, მეტიც, სახელმწიფო პრემიითაც აჯილდოებდნენ. რა თქმა უნდა, საბჭოთა ცენზორთა სიბრიყვესა და მიუხვედრელობას არ გამოვრიცხავ, მაგრამ როგორ მოხდა, რომ არავინ დააბეზღა ლექსიცა და მისი ავტორიც, როცა იმ პერიოდში დამბეზღებლები ბლომად იყვნენ, იმაზე გაცილებით მეტნი, ვიდრე დღეს არიან წარსულის მოღვაწეთა შეურაცხმყოფელი და მათი ავტორიტეტის დაკნინების სურვილით შეპყრობილი ნეობოლშევიკ-ლიბერალები?! როგორ ის მაინც არავინ თქვა, ლეონიძე სერგო ორჯონიკიძეს გულისხმობს იმ კონდოტიერში, შამქორიდან სოღანლუღისკენ მტრის ფალანგებს ზურნა-დუდუკით რომ მოუძღვებაო?!

ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში საქმე ისეა, როგორც ერთ ებრაულ ანეკდოტში: ჩეკაში ამბავი მიიტანეს: მოშემ თქვა, ეგ საკუთარი ჩიბუხივით მყრალი კაციო. წაავლეს ხელი ჩეკისტებმა საბრალო მოშეს და სტალინთან მიიყვანეს, მოახსენეს ბელადს, - ასე და ასე თქვაო. ვისზე თქვიო? - ჰკითხა დიდმა ბელადმა. მარკ ტვენზეო, - უპასუხა მოშემ. რას ერჩითო?! - ბრძანა სტალინმა და გააშვებინა, მერე იმ ორ ჩეკისტს მიუბრუნდა, - თქვენ ვინ იგულისხმეთო? მიტკლის ფერი დაედოთ საცოდავებს, მიხვდნენ, რომ თავი ხაფანგში გაყვეს. ასე მგონია, გიორგი ლეონიძეც ამგვარი ხაფანგის შიშმა იხსნა დამბეზღებლებისგან.

ნანული ზოტიკიშვილი