"თამამად დაიწყეთ ქმედება საკუთარი ოცნებების ასასრულებლად"
ნათია გელანტია პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კვალიფიკაცია სინქრონული თარგმანის დეპარტამენტში აიმაღლა, რადგან სურდა, თარჯიმნად ემუშავა. რაღაც პერიოდის შემდეგ ბავშვობის ოცნების ახდენის ცდუნებამ სძლია და გადაწყვიტა, ხელსაქმეც შეეთავსებინა და რაიმე ისეთი შეექმნა, რაც ქართულ ბაზარზე არ იყო... შეძლო კიდეც! ნათიას მის ახალგახსნილ სახელოსნოში ვეწვიე, სადაც გარდა იმისა, რომ თავის ხელნაკეთ ნივთებს გამოფენს, მსურველებს შიბორის ლენტითა და სუტაჟის თასმით ძალიან ლამაზი სამკაულების დამზადებას ასწავლის.
- 2 წელი სატრანსპორტო კომპანიაში ვიმუშავე, შემდეგ ბიუროში - მთარგმნელად, მერე დავოჯახდი და კარიერაში 2-წლიანი წყვეტა მქონდა, სანამ ბავშვის ბაღში მიყვანა არ მოხერხდა. შემდეგ სამშვიდობო მისიის პროექტში ჩავერთე, 4 წელი ვიმუშავე ბაზაზე. სწორედ იქ მუშაობის პერიოდში ერთ-ერთმა მეგობარმა ჩემი ავტოპორტრეტი ნახა, რომელიც ძალიან მოეწონა და მითხრა: ნიჭი გქონია და იქნებ რაიმე ახლის კეთებაც გეცადაო. სიმართლე გითხრათ, უცხო ენები, როგორც პროფესია, ჩემი სულიდან წამოსული არ იყო. ის ბნელ 90-იანებში ავირჩიე როგორც პერსპექტიული პროფესია, თორემ ბავშვობიდან ქსოვა, ქარგვა, კერვა, ხატვა მეხერხებოდა და სამხატვრო აკადემიისკენ მიმიწევდა გული... სხვათა შორის, გენეტიკურად მერგო რაღაც ნიჭი: მამა და ძმა ხატავდნენ, ბაბუაც ხელმარჯვე იყო. ოჯახმა არ მირჩია აკადემიაში ჩაბარება, - აბა, რაში გამოგადგებაო? აი, დღეს რომ აბიტურიენტი ვიყო, ორი აზრი არ არის, არჩევანს არ შევცვლიდი და საითაც გული ყოველთვის მიმიწევდა, იქ ჩავაბარებდი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, უცხო ენებიც მომწონდა, სკოლაში ძალიან ბეჯითად ვსწავლობდი და ამან ბევრ რამეში წინ წამწია...
- უცხო ენა ახალ საქმეშიც დაგეხმარათ?
- კი, ძალიან დამეხმარა. ინგლისური კარგად რომ არ მცოდნოდა, ვერ ვნახავდი ბევრ ინგლისურენოვან ვიდეოს, საიდანაც უამრავი რამ ვისწავლე. ვერ დავრეგისტრირდებოდი საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც დღეს ჩემი მაღაზია მაქვს. ხელნაკეთი ნივთების ყველაზე დიდ პლატფორმას ვგულისხმობ, სადაც საქართველოდან დარეგისტრირება უკვე აღარ ხდება; ამასთან, უცხოელებიც რომ მწერენ ჩემს ნივთებთან დაკავშირებით, მათთან ურთიერთობის დასამყარებლად დამხმარე ადამიანი არ მჭირდება, რაც საქმეს აიოლებს...
- საინტერესო გარემოში გიწევდათ მუშაობა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მეგობრის წაქეზებით, ბავშვობის ოცნების ახდენა სცადეთ და ახალი ტექნიკა შემოგესწავლათ, რომელიც საქართველოში განვითარებული არ იყო.
- ასე გამოვიდა (იღიმის). თავიდან ბაზარს გადავხედე, რომ მცოდნოდა, რაზე იყო მოთხოვნა, რა იყიდებოდა კარგად. მინდოდა, ყველასგან განსხვავებული ნამუშევრები შემექმნა. მაშინ ტყავის საყურეები იყო მოდაში და მულმა მირჩია, იქნებ გეცადაო. ვცადე, მაგრამ დიდად არ მომეწონა. პირველ ხანებში მხოლოდ ახლობლები ყიდულობდნენ ჩემს ნივთებს, ზოგიც გავაჩუქე... ერთხელაც სუტაჟით შექმნილ ნამუშევრებს გადავაწყდი, მაგრამ რა ერქვა მასალას, არ ვიცოდი. დავიწყე "რაღაც თოკების" ძებნა და საბოლოოდ დაჭრილი ტყავი ვიყიდე, წებოც, მერე კი შევეცადე, რაღაც ლამაზი გამეკეთებინა. თუმცა ის არ გამოვიდა, რაც მინდოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ სუტაჟის თასმა იყიდებოდა, რომელიც ნაკეთობებს თავისებურ ეფექტს სძენდა...
ამის შემდეგ ინტერნეტში გადავაწყდი შიბორის ტექნიკით შექმნილ ყელსაბამს, რომელიც იტალიელ დიზაინერს ეკუთვნოდა. სრული შოკი მივიღე. კარგა ხანს ვუყურე, ეს რა არის-მეთქი? ვიფიქრე, ეტყობა ატლასია-თქო და მოვიძიე ეს ქსოვილი და უთოთი დავპლისე (იცინის). მოკლედ, რაღაც ავაწყვე და დაქალს გავუგზავნე, - ნახე, რა მაგარია-მეთქი. იმანაც არ დაიზარა, მოიძია ინფორმაცია, ვიდეო ჩამიგდო, სადაც შიბორის ლენტით საყურეს ამზადებდნენ: დაჯექი, უყურე და ისწავლეო. მაშინ ამ ტექნიკით საქართველოში მართლა არავინ მუშაობდა. მომეწონა იდეა, გამოვიწერე ლენტი, სუტაჟის თასმა და პირველი საყურე ავაწყვე. მთლად ისეთი არ იყო, როგორიც მინდოდა, მაგრამ მეორე, მესამე ცდაზე უკეთესი გამოვიდა.
- მოდი, ცოტა უფრო ვრცლად აგვიხსენით, რა არის შიბორის ტექნიკა?
- ეს არის აბრეშუმის შეღებვა სხვადასხვა მეთოდით. ამ შემთხვევაში აბრეშუმი შეღებილი და დაგოფრილია სპეციალური ტექნიკით. არის ძალიან ორიგინალური, ეფექტური და განსხვავებული. ამავდროულად, ფერთა საოცარი არჩევანი აქვს და როცა ლენტს შეუხამებ სუტაჟის თასმას ან ქვებს, საუცხოო ნამუშევარი გამოდის. აქვე დავძენ, დიდი მნიშვნელობა აქვს ოსტატის ხედვას, ფერთა შეხამებას. როცა სამკაულს ვქმნი, ეს პროცესი მაბედნიერებს.
- ახლახან სახელოსნო გახსენით, მაგრამ საინტერესოა, გამოფენებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
- როცა ამ ტექნიკას მივაგენი და რამდენიმე სამკაული დავამზადე, ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, ვფიქრობდი, ნივთებს დავაგროვებ და პერსონალურ გამოფენას მოვაწყობ-მეთქი. ისევ მეგობარმა მირჩია, - სანამ ხალხი გაგიცნობს, ჯობია, ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობაო და დავუჯერე. პირველი გამოფენა, სადაც ნამუშევრები წარვადგინე, იყო თუმანიშვილის სახელობის თეატრში გამართული ფესტივალის - "საჩუქარი" ფარგლებში მოწყობილი ახალგაზრდა ხელოვანების 2-დღიანი გამოფენა. სამკაულებმა მოწონება და ყურადღება კი დაიმსახურა, მაგრამ ვერც ერთი ნივთი ვერ გაიყიდა... იმავე წელს, ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში ყველაზე დიდ საშობაო გამოფენა-გაყიდვაში მივიღე მონაწილეობა და გავყიდე საყურე, რამაც დიდი მოტივაცია მომცა. მერე ყოველ წელს ვმონაწილეობდი ამ გამოფენაში, მაგრამ პანდემიამ სხვა რეალობაში ამოგვაყოფინა თავი...
- თუმცა, ონლაინშეკვეთებმა იმატა ამ პერიოდში, მეთანხმებით?
- ასეა. თან, ამასობაში მეც დავხვეწე მუშაობა... ყველაზე მეტი შეკვეთა საახალწლოდ მაქვს და ოჯახის ყველა წევრი მაქსიმალურად მეხმარება; კურიერობა შეითავსეს ჩემმა ქმარმა, დედამ, ძმამ (იცინის), რომ მე დრო არ დავკარგო და შეკვეთების დასრულება მოვახერხო...
ერთ ამბავს გავიხსენებ: მეორე ბავშვზე რომ ვიყავი ორსულად, სამსახურში იშვიათად გავდიოდი, ვისარგებლე შემთხვევით და გარკვეული კოლექცია გავამზადე. ერთხელაც ქალბატონმა მომწერა, ესა და ეს საყურე მომეწონა და ამისი შესაფერისი სამაჯურიც მინდაო. დავპირდი, ამა და ამ დროს მოგართმევთ-მეთქი, მაგრამ იმ საღამოს მუცელი ძალიან ამტკივდა და გადაწყდა, რომ სამშობიაროში უნდა წავეყვანე. რა თქმა უნდა, კლიენტისთვის მიცემული პირობა მახსოვდა და სამუშაო იარაღები, მასალა თან წავიღე... მშობიარობიდან მეორე დღეს ამოვალაგე ჩემი ავლა-დიდება და მუშაობას რომ შევუდექი, ექთანები გაოცებულები მიყურებდნენ, - მგონი, ვერ არისო (იცინის). ის სამაჯური ძალიან მიყვარს, კატო დავარქვი. მართალია, სამშობიაროდან რომ გამწერეს, იმ დღესვე, საავადმყოფოს ეზოშივე გადავეცი შეკვეთა კლიენტს, მაგრამ ფოტო ხომ შემომრჩა?!.
- მოსწავლეების აყვანის იდეა რატომ გაგიჩნდათ?
- ქართულ რეალობაში ახალი რომ იყო ეს ტექნიკა, მარტო მე ვერ გავხდიდი პოპულარულს, ასე ვფიქრობდი და სურვილი მქონდა, მსგავსი სამკაულები სხვებსაც გაეკეთებინათ. დაახლოებით 1 წლის დაწყებული მქონდა მუშაობა, როცა ერთ-ერთი სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი დამიკავშირდა და შემომთავაზა, - რადგან ასეთი ტექნიკით აქ სხვა არავინ მუშაობს, იქნებ ჩვენთან მოსწავლეები აიყვანოთო. დავფიქრდი, ჯერ მეც არ ვიცი ყველაფერი კარგად და რა უნდა ვასწავლო-მეთქი? მაგრამ საბოლოოდ, დავთანხმდი. იქ გავიცანი ხელოვანი ხალხი, მათგან თავადაც ბევრი რამ ვისწავლე, უფრო მეტად გავიზარდე და განვვითარდი, კარგი სამეგობრო გავიჩინე, რისთვისაც იმ ცენტრის ხელმძღვანელის მადლობელი ვარ. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ წამოსვლა მომიხდა. მერე გამიჩნდა სურვილი, რამდენიმე მოსწავლე დამოუკიდებლად ამეყვანა და ინტერნეტის მეშვეობით კერძო კურსები დავაანონსე. თავიდან ჯგუფი სრულად ვერ შედგა, მაგრამ ნელ-ნელა დამემატნენ მოსწავლეები, რამაც სახელოსნოს გახსნისკენ მიბიძგა და მიხარია, ასე რომ მოხდა...
ბევრ ადამიანს ადგილზე უნდოდა ნივთების ნახვა, მათი მორგება და ვინაიდან მაღაზია არ მქონდა, შეკვეთის გაკეთებისგან თავს იკავებდნენ. ახლა ეს პრობლემაც მოგვარდა: სახელოსნოში მექნება კატალოგიც, მზა პროდუქციაც და ხალხს ადგილზე შეეძლება ნამუშევრების ნახვა/მორგება.
- საახალწლოდ გამართულ კონკურსში "წიგნში ჩასაკრავი საშობაო ამბები", რომელიც ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა, მზია წულუკიძემ გამართა, გამარჯვებულები თქვენი ნამუშევრებით დააჯილდოეს...
- დიახ და ეს ძალიან სასიამოვნო იყო, აქამდე მსგავსი შემთხვევა არ მქონია. ქალბატონი მზია ასეთ კარგ საქმეს რომ უდგას სათავეში, ეს სხვა სასაუბრო თემაა, მაგრამ ქალბატონები რომ გაახარა, დაასაჩუქრა და მათთვის სიხარულის მინიჭების საშუალება მეც მომცა, ჩემს სამკაულებზე შეაჩერა არჩევანი, ამან ძალიან გამახარა.
- დაბოლოს, კიდევ რაიმეს თქმა ხომ არ გსურთ?
- მინდა ყველა ადამიანს, ვისაც საკუთარი თავი ნაპოვნი არ აქვს, ვუთხრა, - თუ გაქვთ მთავარი: მონდომება, სიყვარული და შრომისმოყვარეობის უნარი, თამამად დაიწყეთ ქმედება საკუთარი ოცნებების ასასრულებლად. ყველას გვაქვს რაღაცის კეთების ნიჭი. უბრალოდ, უნდა მიაგნოთ საქმეს, რომელიც შეგიყვარდებათ და ბოლომდე იბრძოლებთ მიზნის მისაღწევად. მთელი გულითა და სულით უნდა აკეთოთ საქმე და ყველაფერი აუცილებლად დაგიფასდებათ.
ლიკა ქაჯაია