"მინდა, ხალხმა არა როგორც ბიოლოგიური იარაღის შემქმნელი დამიმახსოვროს, არამედ რომელიც მას ებრძვის" - გზაპრესი

"მინდა, ხალხმა არა როგორც ბიოლოგიური იარაღის შემქმნელი დამიმახსოვროს, არამედ რომელიც მას ებრძვის"

კენ ალიბეკი ლეგენდარული მეცნიერი, მსოფლიო დონის ბიოტექნოლოგი, საბჭოთა კავშირის დროს მრავალი საიდუმლო, სიცოცხლისათვის საშიში პროგრამის შემქმნელი და მონაწილე გახლდათ. მეცნიერზე, რომელმაც მილიარდები მოიპოვა, ჟურნალისტი ნანა ღონღაძე გვიყვება...

- ქალბატონო ნანა, თუ არ ვცდები, თავის დროზე კენ ალიბეკზე გადაცემა მოამზადეთ.

- წინააღმდეგი თუ არ იქნებით, საუბარი ამ ვიდეოს პირველ კადრებზე მინდა გავამახვილო, რომელიც ვაშინგტონის ცენტრში მდებარე, ომის საპროტესტო აქციას ასახავს, რომელსაც ქალბატონი ატარებს. მას თავზე ჩაფხუტი ახურავს და ის ომს, ბიოლოგიურ და ბირთვულ იარაღს აპროტესტებს. მას კონი პიკაიოტტო ერქვა და იგი ომის საწინააღმდეგო ბროშურებს ურიგებდა გამვლელებს; მათ ახსენებდა, რა მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მთელი ვაშინგტონი იცნობდა და ზოგი გმირს უწოდებდა, ზოგი ავადმყოფად მიიჩნევდა. მას ასევე, ამერიკის პრეზიდენტის ყველაზე ახლო მეზობლად მოიხსენიებდნენ. ის ხომ თეთრი სახლის უკან, ბაღის წინ "ცხოვრობდა". კონიმ ამ ეზოში 34 წელი გაატარა და ამერიკის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი პროტესტის მონაწილე გახდა. იგი 2016 წლის იანვარში გარდაიცვალა. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ამერიკაში, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ხალხს, უბრალო ადამიანებს ომი არ უნდათ, ისინი ძალიან აფასებენ მშვიდობას. დარწმუნებული ვარ, მშვიდობა ჩვენი დღევანდელი საუბრის გმირსაც ეწადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოღვაწეობა მუდამ სიკვდილთან იყო დაკავშირებული.

- როგორ და სად შეხვდით მას?

- ჩვენ ერთმანეთს ამერიკაში, ვირჯინიის შტატში, ქალაქ ალექსანდრიაში 1999 წელს შევხვდით. მე მაშინ კომპანია Global Villige Communications-ში პროდიუსერად ვმუშაობდი, თან ყაზახეთის ტელევიზიის საკუთარი კორესპონდენტი გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში... ამ ტელევიზიას ყაზახეთის პრეზიდენტის ქალიშვილი, უაღრესად ჭკვიანი, სათნო და ლამაზი დარიგა ნაზარბაევა ხელმძღვანელობდა. ხშირად მიწევდა მე ყაზახეთის სამთავრობო დელეგაციების ვიზიტების, ასევე ამ ქვეყანასთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების გაშუქება.

როდესაც კენ ალიბეკი CNN-ის გადაცემაში ვნახე, ვიფიქრე, რომ ეს კარგი თემა იქნებოდა ყაზახი მაყურებლისთვის. ამიტომ დავუკავშირდი მას და ინტერვიუზე სტუდიაში დავპატიჟე. ძალიან უბრალო, უშუალო ადამიანი აღმოჩნდა. საუბარი არ გამჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი ვიცოდი. ამერიკაში 5 წლის ჩამოსული იყო, ინგლისურად საუბარი უჭირდა, ამიტომ თარჯიმანი გოგონა მოიყვანა. რუსულად უნდა ვისაუბროთ-მეთქი, რომ ვუთხარი, გაუხარდა, ხოლო როცა გაიგო, ჩანაწერი ყაზახეთის ტელევიზიით გავიდოდა, აღნიშნა: დედას გაუხარდება. ახლა გაიგებს, რომ ბიოლოგიურ იარაღს ვებრძვიო. ზუსტად იმ დღეებში ამერიკის კონგრესმა ალიბეკი მშვიდობის ორდენით დააჯილდოვა.

- თუ გითხრათ, სად მიიღო განათლება?

- იგი ყაზახეთში, დაბა კაუჩუკში დაიბადა, ქალაქ ტომსკის სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო ფაკულტეტი დაამთავრა, ინფექციური დაავადებებისა და ეპიდემიოლოგიის განხრით. მუშაობა დაუწყია ბერდსკის ქარხანაში და იმავე პერიოდში საკანდიდატო დისერტაცია დაუცავს. მოგვიანებით დაუწინაურებიათ. გაერთიანება "ბიოპრეპარატში", ქალაქ სტეპანოგორსკში ბიოლოგიური იარაღის გამოკვლევა-შექმნაში მონაწილეობდა. შექმნა აგრეთვე ციმბირული წყლულის, ჩუტყვავილას და ციებ-ცხელების ვირუსები. პარალელურად სადოქტორო დისერტაცია მოამზადა. 38 წლისა მოსკოვში, "ბიოპრეპარატის" უზარმაზარი მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე გახდა. მან მართლაც თავბრუდამხვევი კარიერა "გაიკეთა"!

გთავაზობთ ჩვენს დიალოგს:

"ჩემს დაქვემდებარებაში იყო ასობით ქარხანა, მეცნიერი, მილიარდიანი ბიუჯეტი. ქმნიდნენ ტონობით ბიოლოგიურ იარაღს, მასზე საშიში იარაღი მსოფლიოში არ არსებობდა. ჰოდა, ერთხელ, უფრო ზუსტად, 1987 წელს დავფიქრდი, რომ არ გვჭირდებოდა ამდენი იარაღი, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი ამ დიდ ურჩხულ სისტემაში მუშაობას... უკვე არსებობდა კონვენცია, რომელიც კრძალავდა ბიოლოგიური იარაღის შექმნას, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით.

- იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. გაჩნდა იდეა შევხვედროდით, გველაპარაკა და რაღაც სასიკეთო შედეგისთვის მიგვეღწია. ჩვენ ხომ მტრები აღარ ვიყავით?

- მჯეროდა, რომ ამერიკელები აწარმოებდნენ ბიოლოგიურ იარაღს. შემდეგ, როცა ამერიკაში საინსპექციო ჯგუფით მომიწია ჩასვლამ იმის შესამოწმებლად, ჰქონდათ თუ არა ამერიკელებს ბიოლოგიური იარაღი, აღმოჩნდა, რომ არა და შოკში ჩავვარდი! ჩემთვის ეს დაუჯერებელი იყო! ჩვენ ხომ მიჩვეულები ვიყავით, რომ გვატყუებენ, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდით... რომ დავბრუნდი, უფროსობამ სიმართლის გაგონება არ მოისურვა. მიბრძანა, დამეწერა, რომ ამერიკელები აწარმოებენ ბიოლოგიურ იარაღსო. როცა უარი ვთქვი, სამსახურიდან გამომიშვეს და დამემუქრნენ კიდეც.

- თქვენ გამახსენეთ ერთი ჭკვიანი ადამიანის ნათქვამი: "საერთო სიცრუის დროს, სიმართლის თქმა ექსტრემიზმია". მათთან კონფლიქტში შეხვედით და ამისათვის დაისაჯეთ.

- ნამდვილად ასე იყო. რა მექნა? გადავწყვიტე, ყაზახეთის საელჩოსთვის მიმემართა, მოქალაქეობა ამეღო ალმა-ათაში წასასვლელად, მაგრამ ბიუროკრატიული მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა. ამ დროს ყაზახეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დამიკავშირდა, ყაზახეთში ჩასვლა და ბიოლოგიური იარაღის შექმნა შემომთავაზა. სამაგიეროდ მაღალ ანაზღაურებას, გენერალ-მაიორის წოდებას და ყველა პრივილეგიას მპირდებოდა. უარი რომ ვუთხარი, ისიც დამემუქრა. მოსკოვში დარჩენა შეუძლებელი გახდა, მითვალთვალებდნენ, ჩემი ტელეფონი ისმინებოდა. სახლთან მილიციის გუშაგი დამიყენეს. ამერიკაში წასვლა გადავწყვიტე, საიდანაც უკვე მოწვევაც მქონდა.

- ყაზახეთში რომ შემოეთავაზებინათ თქვენი მდიდარი გამოცდილების გამოყენება ბიოლოგიური იარაღისაგან დამცველი პრეპარატის შესაქმნელად, დათანხმდებოდით?

- დიახ, მე ხომ სწორედ ამის გაკეთება მინდოდა! ვოცნებობდი, რომ ჯანმრთელობის სისტემაში სიკეთე გამეკეთებინა.

- ვამჩნევ, სინდისი გქენჯნით, ბიოლოგიურ იარაღს რომ ქმნიდით...

- რა გითხრათ. მაშინ მე ისეთ იარაღს ვქმნიდი, ჩემს ქვეყანას რომ დაიცავდა. ნუ გავიწყდებათ, რომ მე სამხედრო ვიყავი, უფროსობას ვემორჩილებოდი და მათ დავალებას ვასრულებდი. ამავე დროს მახსენდება, როგორ ვამზადებდით მაიმუნებს ექსპერიმენტისთვის. ჩვენ ხომ მათ გონიერ არსებებად არ მივიჩნევდით, მაგრამ წარმოიდგინეთ, ხელებს რომ ვუკრავდით, ისინი ჩუმად იწვნენ, ერთმანეთზე თავები ჰქონდათ მიდებული და ტიროდნენ! რასაკვირველია, ეს ჩვენზე ძალიან მოქმედებდა. მერე რომ ვხედავდი, როგორ იღუპებოდნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც იქ მუშაობდნენ, ეს აუტანელი იყო...

- თქვენც ხომ გემუქრებოდათ უცაბედი სიკვდილი. არ გეშინოდათ?

- ამას რაღაცნაირად შევეგუე. როცა ყოველდღიურად საფრთხე გემუქრება, შიშის გრძნობა თანდათან ქრება... მე არ მჯერა, რომ რუსეთი არ აწარმოებს ბიოლოგიურ იარაღს, მაგრამ ყაზახეთს შეეძლო ეს მეცნიერები ქვეყანაში დაეტოვებინა და მათთვის სამსახური მიეცა. ისინი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ, ქვეყანას გამოადგებოდნენ და არ მოხდებოდა ის, რაც ხდება... არ ვიცით დღეს, სად არიან ისინი, ვისთვის მუშაობენ და როცა გავიგებთ, გვიანი იქნება.

- რას ნიშნავს გვიან იქნება?

- ბიოლოგიური იარაღის გაკონტროლება ძნელია. ის შეიძლება ერთმა გიჟმა გააკეთოს პრიმიტიული მეთოდით, ფორმით ან უფრო მაღალი ტექნიკური ხარისხის და ამან გამოიწვიოს სხვადასხვა ეფექტი, სხვადასხვა დაავადება. მისი ერთი გრამიც საშიშია, ქარხნები კი წელიწადში 100 ათას ტონას ქმნიან... საშინელ დაავადებებს იწვევს... ბევრს არ მოსწონს, ამაზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ თუ ეს პრობლემა არსებობს, როგორ გავჩუმდე?

- 3 შვილის მამა ბრძანდებით. ფიქრობთ მათ მომავალზე?

- რასაკვირველია, როცა ვუყურებ ჩემს ქალიშვილს, ორ ვაჟს... ფიქრიც კი არ მინდა, რომ ვინმე გიჟს შეუძლია ისინი მომიკლას!..

- ქალბატონო ნანა, როგორ წარიმართა მეცნიერის ცხოვრება ამერიკაში?

- შესანიშნავად! როცა ადამიანის იღბალზე საუბრობენ, ამერიკელები ხშირად ასეთ გამოთქმას იყენებენ: "საჭირო დროს, საჭირო ადგილას იყო". ასე მოხდა კენ ალიბეკის ცხოვრებაშიც. იგი ამერიკაში ზუსტად მისთვის ხელსაყრელ დროს აღმოჩნდა. ალბათ ბევრს გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც ანტრაქსი გამოჩნდა და ამ საშიში ბიოლოგიური ფხვნილის ფოსტით გაგზავნის შემთხვევებიც იყო. მაგალითად, 2001 წლის ოქტომბერში, ორმა წერილმა, რომლებშიც პრიმიტიული მეთოდით დამზადებული ანტრაქსი იდო, ფოსტის 4 მუშაკი მოკლა.

- ბიოტექნიკოსის პროფესია მაშინ უფრო მოთხოვნადი გახდა?

- მარტო ამ მიზეზის გამო არა, კენ ალიბეკი სენსაციური ამბებით შემოვიდა ქვეყანაში. მან ამერიკელ ჟურნალისტთან - სტივენ ჰენდელმანთან ერთად წიგნი "Bიოჰაზარდ, ფრთხილად - ბიოლოგიური იარაღი!" გამოაქვეყნა. მასში კენმა ყოფილ საბჭოთა კავშირში თავისი მოღვაწეობა აღწერა; ის, თუ როგორ იქმნებოდა სიცოცხლისათვის საშიში ვირუსები და შტამები. წიგნს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ზოგი კენს მოღალატედ თვლიდა, რადგან მან პირველმა გამოააშკარავა საბჭოთა კავშირის საიდუმლო იარაღი, ზოგი "შემგუებელს" უწოდებდა.

მეცნიერმა საკუთარი მცირე კომპანია "ბიოცენტრი" ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე გახსნა. იქვე, როგორც პროფესორი, სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა. მასთან ერთად მისმა მეგობარმა ჩარლზ ბეილიმ დაიწყო მუშაობა. იგი ამერიკის ჯარის სამედიცინო ცენტრის ყოფილი მეთაური გახლდათ. მალე მათ მთავრობისაგან არნახული გრანტი მიიღეს. მახსოვს, მაშინ კენმა ბიოლოგიური იარაღიდან დამცავი სისტემის პროდუქციის პირველი ნიმუშები მაჩვენა. პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა: მეორე მეუღლე, მაშა (ისიც ბიოლოგი) შეირთო და მასთან ერთად ახალშეძენილ სახლში დაბინავდა. მათ უკვე პატარა ქალიშვილი ჰყავდათ, რომელმაც ის-ის იყო, ფეხი აიდგა. მეცნიერს ხშირად იწვევდნენ ტელევიზიაში და ცნობილი ადამიანი გახდა. კარგ მთხრობელს მსმენელის დატყვევება შეეძლო. მერე სახელმწიფო მრჩეველი გახდა, ხშირად კონგრესში გამოდიოდა, ამერიკის ბიოლოგიური დაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი შემქმნელი და მონაწილე გახდა. ამბობენ, რომ მისმა რჩევებმა გარკვეული როლი ითამაშა ერაყში ამერიკელების შესვლაზე. თუმცა ამერიკელებმა იქ ვერ იპოვეს ეს იარაღი, მეცნიერი დღესაც ამტკიცებს, რომ იგი კარგად გადამალეს.

ken-alibek-a1c4ff43-dbe7-4e68-9295-4f2c3d2e86c-resize-750-1681758126.jpeg

- მართალია, რომ ბიზნესის გამო ის ლამის ციხეში აღმოჩნდა?

- იყო ასეთი ამბავი, რაც მე პრესიდან შევიტყვე. კენი მასშტაბური პიროვნებაა. ეტყობა, რაღაც დროის შემდეგ ამერიკაში მის მიმართ ინტერესმა იკლო, ვერ მოახერხა მსხვილი პროექტის განხორციელება და როდესაც შესაძლებლობა სხვა ქვეყანაში გაუჩნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეცნიერმა თავისი პროდუქციის გამოსაშვებად უკრაინა აირჩია. გადაწყვიტა ქალაქ ბორისპოლში ქარხნის, ონკოლოგიური და კარდიოლოგიური ცენტრების აშენება ყაზახეთის ბანკის მფლობელის, მუხტარ აბლიაზოვის ინვესტიციებით. 2008 წელს ქარხნის საზეიმო გახსნაზე, უკრაინაში ამერიკის ელჩმა უილიამ ტეილორმა აღნიშნა, ამაყია იმით, რომ ამერიკას წვლილი შეაქვს უკრაინის ფარმაცევტიკის განვითარების საქმეში. მან არ იცოდა, რომ ეს ყაზახული კომპანიაა და ფინანსები ბანკირის ჰოლდინგიდან მოედინებოდა, მაგრამ ამ გარემოებამ არ შეუშალა ხელი პროკურატურას, რომ კენ ალიბეკისთვის ფულის გათეთრების გამო წაეყენებინა ბრალი, რადგან სწორედ მისი დახმარებით ბანკირმა არალეგალური 15.8 მილიარდი გამოიმუშავა! დანაშაულის დადგენის შემთხვევაში მეცნიერს 15 წელი ციხე ემუქრებოდა. არ ვიცი, როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი, მაგრამ ქარხანა გაიყიდა, ხოლო კენ ალიბეკი ყაზახეთში გადავიდა, სადაც "ნაზარბაევის უნივერსიტეტის" გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზეს.

ის იქაც ბევრს მუშაობდა, მიკრობიოლოგიისა და ელემენტარული ნაწილაკების გამოკვლევებზე და კიბოთი დაავადებულებისათვის ახალ პრეპარატებს ქმნიდა. ასევე ცდილობდა აუტიზმით დაავადებულებისთვისაც ემკურნალა. სხვათა შორის, მეორე ქორწინებიდან მის გოგონას აუტიზმი აქვს და ალბათ ალიბეკი მის განკურნებასაც ცდილობდა. როდესაც ონკოლოგიის ცენტრს ჩაუდგა სათავეში, პროექტში "ავთვისებიანი სიმსივნეების თერაპიის ახალი სისტემა", 1 მილიარდი ტენგე გაფლანგა, უნივერსიტეტთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ამერიკაში გაემგზავრა.

- ანუ მედიცინაში ვერ თქვა თავისი სიტყვა?

- ასე გამოდის. რასაკვირველია, კენი უფრო ბიოლოგია, ვიდრე ექიმი, მან კი პროფილის შეცვლა მოინდომა. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ იგი მეცნიერებას დაუბრუნდა. ამჟამად ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდში მდებარე კომპანია Locus Fermentation Solutions LLC-ს ვიცე-პრეზიდენტია. ეს კომპანია მიკროორგანიზმებს და მეტაბოლიტებს იკვლევს და იმდენად კარგი შედეგები აქვს, რომ ხუთჯერ სახელმწიფო ჯილდოც დაიმსახურა.

"ბი-ბი-სიმ" კენ ალიბეკის სახელი 2000-2006 წლების გამოჩენილი ისტორიული პიროვნებების სიაში შეიტანა! მახსოვს, ერთხელ ვკითხე კენს, ოცნება თუ გაქვს-მეთქი? მითხრა: - მინდა, ხალხმა არა როგორც ბიოლოგიური იარაღის შემქმნელი დამიმახსოვროს, არამედ რომელიც მას ებრძვისო.

რაც შეეხება სამშობლოს სიყვარულს ის ყოველთვის ამბობდა: "კოსმოპოლიტი ვარ, ყაზახეთში დავიბადე, გავიზარდე, აქ ჩემი წინაპრების საფლავებია. ამერიკაში კი ჩემი ოჯახი, მეუღლე, შვილები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცოდნას აქ იყენებენ - აი, ეს არის ის, რაც ყველა თანამედროვე მეცნიერს სურს".

მანანა გაბრიჭიძე