სუდანში ჩარჩენილი ქართველი კაპიტნის ნაამბობი - გზაპრესი

სუდანში ჩარჩენილი ქართველი კაპიტნის ნაამბობი

16 აპრილს, სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. ადგილობრივმა არმიამ დედაქალაქ ხართუმის მიმდებარედ, ომდურმანის დასახლებაში, "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე დაიწყო მასირებული საჰაერო დარტყმების განხორციელება, რასაც საპასუხო დარტყმები მოჰყვა. შეტაკება სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

ბრძოლები მოედო სუდანის მთელ ტერიტორიას, მათ შორის, დარფურსა და სამხრეთ კორდოფანის რეგიონს, სადაც არასტაბილური მდგომარეობა წლებია გრძელდება. 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხვეს დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი. მაშინ მის წინააღმდეგ სამხედრო გენერლები - აბდელ ფატახ ალ-ბურჰანსა და მუჰამედ ჰამდან დაგალო იბრძოდნენ. ისინი მაშინ თანამებრძოლები იყვნენ, მაგრამ შემდეგ ძალაუფლება ვერ გაიყვეს და ახლა შეტაკებები სწორედ მათ მხარდამჭერებს შორის მიმდინარეობს...

დასავლური მედიის ცნობით, სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ჯგუფს შორის ბრძოლას პირველ სამ დღეში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 2 000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი.

შეტაკებების ფონზე, სუდანში თავის რეზიდენციაში თავს დაესხნენ ევროკავშირის ელჩს.

2019 წლის 11 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც აფრიკის ტერიტორიის სიდიდით მესამე სახელმწიფოში სისხლიანი სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხვეს საძულველ დიქტატორად მიჩნეული ომარ ალ-ბაშირი, სუდანს უწყვეტად მართავენ სამხედროები. წლინახევრის წინ, მორიგი სამხედრო გადატრიალების შედეგად, ძალაუფლება ერთობლივად ხელთ იგდო ორმა ყველაზე გავლენიანმა სამხედრო მმართველმა - აბდელ ფატახ ალ-ბურჰანმა და მისმა მოადგილემ, "სწრაფი რეაგირების ძალების" მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მუჰამედ ჰამდან დაგალომ. ახლა ისინი ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ებრძვიან.

არავინ იცის, რით დასრულდება გენერლების დაპირისპირება. დასავლური მედია წერს, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სუდანს ფარულად იარაღს აწვდის, რუსეთია, რომელსაც ქვეყანაში თავისი ინტერესები აქვს - წლებია, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" იქ კრემლის დავალებებს ასრულებს. კონკრეტულად, რუსეთის პრეზიდენტის მარჯვენა ხელად და "პუტინის მზარეულად" წოდებული ევგენი პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი", სუდანის მთავრობასთან შეთანხმებით, უკვე წლებია, "ემ-ინვესტის" მიერ ოქროს საბადოების გადამუშავებას ახორციელებს, საკუთრივ საბადოები ამ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლებს უნდა დაეცვათ.

"სწრაფი რეაგირების ძალების" მებრძოლთა განცხადებით, მათ დაიკავეს მეროვეს აეროპორტი და უახლოესი სამხედრო ბაზა, ხართუმის აეროპორტი და სობას ბაზა, რაც რეგულარულ ჯარს უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს. მოგვიანებით მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ მათ დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე და ალ-აბეიდის აეროპორტი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე ამას უარყოფს...

ამბოხებულთა მთავარი სამიზნე - აეროპორტი და სხვა სტრატეგიული ობიექტებია. ქვეყანაში, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ერთად, საქართველოს წარმომადგენლებიც იმყოფებიან, ძირითადად - ავიაკომპანიების თანამშრომლები.

სუდანში რჩება საქართველოს 33-მდე მოქალაქე. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და საცხოვრებელ სახლებში რჩებიან. ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში მოხდეს.

"გზა" სუდანის დედაქალაქში მყოფ ერთ-ერთი ავიაკომპანიის თვითმფრინავის კაპიტანს, მამუკა მარკოზაშვილს ესაუბრა.

- იმ რაიონიდან, სადაც ახლა ვიმყოფებით, საბრძოლო მოქმედებები 1,5 კმ-ში მიმდინარეობს. სროლები ხან ისმის, ხან - არა. თუ მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისვრიან, ხმები ჩვენამდე აღწევს. თუმცა, ინტენსიური ბრძოლები ძირითადად აეროპორტის მხარეს მიმდინარეობს. ჯერჯერობით უსაფრთხო ადგილას ვართ. ჯარისკაცებიც არ ჩანდნენ ქუჩაში. მუდმივად გვაფრთხილებენ, რომ ფანჯრებს მოვშორდეთ, რადგან არავინ იცის, რა წუთს შეიცვლება ვითარება.

- პროცესები, ფაქტობრივად, თქვენ თვალწინ განვითარდა, არა?

- დუბაი-ხართუმის რეისი შევასრულეთ. ჩვენი თვითმფრინავი ადგილობრივ აეროპორტში დაჯდა. არავითარი დაძაბულობა არ იგრძნობოდა, ხალხი გასაფრენად ემზადებოდა. აეროპორტი სავსე იყო მგზავრებითა და მომსახურე პერსონალით. მერე შინისკენ წავედით და 30 წუთში სროლა ატყდა. რამდენიმე წუთით გამოვასწარით ორმხრივ ცეცხლს. უსაფრთხოების გამო, იმ შენობიდან გასვლა აგვიკრძალეს, სადაც დავბინავდით. რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ტყვიამფრქვევის ერთი ბრმა ტყვია შენობის მერვე სართულს მოხვდა, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაცული არსად ვართ და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენი კომპანიიდან მივლინებაში 13 ადამიანი ვართ - მფრინავები, ბორტგამცილებლები, ინჟინრები. ვნერვიულობთ, მაგრამ უიმედოდ არ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაზე თავდასხმამ ცოტათი შეგვაშინა.

წყალი არის, მაგრამ შეიძლება საკვების დეფიციტი შეიქმნას. იმედია, დღეს მოგვაწვდიან, თორემ გაგვიჭირდება. აქაური ონკანის წყალი არ ისმება. დაკეტილია სურსათის მაღაზიები, ამიტომ შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის დეფიციტი შეიქმნას.

დაპირისპირებული მხარეები დროდადრო ჩერდებიან, რათა ჰუმანიტარული დერეფნები გააკეთონ და დაჭრილები და დაღუპულები გაიყვანონ. შემდეგ ისევ ახლდება ცეცხლი.

აქ სტაბილური სიტუაცია კარგა ხანია არ არის. ამათ პოლიტიკასა და სამხედრო სტრუქტურებს შორის დაპირისპირების მიზეზებში ვერ ვერკვევი, თუმცა, ვიცი, რომ სწრაფი დანიშნულების ერთ-ერთი სპეცრაზმი თავდაცვის სამინისტროს არ ექვემდებარება. ეს ამბოხი ასე არ დასრულდება, რადგან დაძაბულობა დიდხანს გრძელდებოდა და, როგორც ჩანს, ახლა ამოხეთქა.

- ხშირად გიწევთ იქ ჩასვლა?

- საკმაოდ. სამსახურებრივი მივლინებით ჩამოვდივართ და ორი თვე ვრჩებით. პირველად სუდანში 13 წლის წინ ჩამოვედი, გაეროს ორგანიზაციაში კონტრაქტორად ვმუშაობდი. მაშინ ამ ქვეყანას დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი მართავდა. შემდეგ, გადატრიალების შედეგად, 2019 წელს სხვა მოვიდა სათავეში, მაგრამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. სუდანი ჯერ კიდევ ალ-ბაშირის დროინდელი სანქციების ქვეშაა. აქ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია. ისე, როგორც აქაურები ამბობენ, დემოკრატია მათთვის ჯერჯერობით ნაადრევია. ადგილობრივი ვალუტა ძალიან გაუფასურდა, საშინელი ინფლაციაა, კორუფცია ყვავის, პრობლემების ფონზე, მოსახლეობას ძალიან უჭირს, რადგან ლოკალური თავდასხმები წლებია არ წყდება.

- ახლა რა მოლოდინი აქვთ?

- სუდანელი თანამშრომლები მყავს, მაგრამ მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია... მშვიდობიან მოსახლეობას ომი არც ერთ ქვეყანაში არ სურს. არც სუდანელებს უნდათ ომი და სისხლის ღვრა, მაგრამ სამხედროები განაგებენ აქაურობას და გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ. სუდანის არმიის მთავარსარდალი, გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურჰანი თავდაპირველად აცხადებდა, რომ მზად იყო "სწრაფი რეაგირების ძალებთან" მოლაპარაკებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი იარაღს დაყრიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო ძალებს სუდანის დედაქალაქში, ხართუმსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში შეიყვანდა, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა - მთავარსარდალმა ყოფილ მოადგილეს "სისხლიანი მაროდიორი", "სწრაფი რეაგირების ძალების" ხელმძღვანელმა, გენერალმა მუჰამედ ჰამდან დაგალომ კი ალ-ბურჰანს "ბინძური მატყუარა და დამნაშავე" უწოდა. დაგალომ პირობა დადო, რომ ალ-ბურჰანი მართლმსაჯულებას გადაეცემა. ასე რომ, ყველა წინა პირობა არსებობს, რომ ეს ომი მალე არ დასრულდეს. იმედია, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, ავიაკომპანიების თანამშრომლები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები ქვეყანას უსაფრთხოდ დატოვებენ.

- სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრციდან არიან?

- დიახ, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. არიან უკრაინელები, "სკაი-აპის" წარმომადგენლები და მათი ეკიპაჟი. ორმხრივი სროლებისას მათ ერთი თვითმფრინავი დაუწვეს, რომელიც სადგომზე იმყოფებოდა.

mfrinavi3-1682271427.jpg

- მსხვერპლი მოჰყვა?

- არა. საბედნიეროდ, შიგნით არავინ იჯდა... ასეთი არეულობის დროს გამორიცხული არაფერია. ამიტომ ვართ რეზიდენციებში შეფარებული ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები. ჩვენგან ორ კილომეტრში არიან კიდევ ერთი ავიაკომპანიის თანამშრომლები... საქმის კურსშია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მუდმივ კავშირზეა კონსული, ყველანაირად ცდილობენ, რომ გაგვიყვანონ, მაგრამ ვიდრე ჰაერი უსაფრთხო არ იქნება, ცეცხლი არ შეწყდება, ვერ გამოვფრინდებით. თუ ორივე მხარეს სამხედრო მოქმედებები არ შეწყდება, გარისკვა არ შეიძლება.

- თუ გაქვთ ინფორმაცია - ქალაქი დაცარიელებულია?

- ვინც შეძლო, ალბათ გაერიდა, მაგრამ დაცარიელებული არ არის. ელექტროენერგია დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე საათით მოgvეწოდება. ინტერნეტი ან საერთოდ არ არის, ან ძალიან სუსტია. ჩვენ ინტერნეტი გვაქვს, თუ სიხშირე არ გათიშეს. თუ ასე მოხდა, ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს, რადგან შესაძლოა, ოჯახთან კომუნიკაცია შეწყდეს. სანამ თქვენ დამირეკავდით, იმ დღეს დენი მხოლოდ ორი საათით მოვიდა და მობილურის დატენა შევძელით. თუ ვითარება არ ჩაწყნარდა, დენიც გაითიშება და ინტერნეტიც. ამიტომ აქაურობა რაც შეიძლება მალე უნდა დავტოვოთ.

ლალი პაპასკირი