როგორ იზეიმეს აღდგომის დღესასწაული საომარ პირობებში მყოფებმა - გზაპრესი

როგორ იზეიმეს აღდგომის დღესასწაული საომარ პირობებში მყოფებმა

წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე სამხედრო იერიში მიიტანა. მეორე აღდგომას შეხვდნენ უკრაინელები ომში. როგორც თავად ამბობენ, რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში დაჩქარებულად ილოცეს, დაანთეს სანთლები, ჩაატარეს სააღდგომო რიტუალი, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები, კომერციული ორგანიზაცია "ვაგნერი" და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. მოხალისე მეომრები - "კადიროველები" საერო და საეკლესიო დღესასწაულებს არ ცნობენ...

აღდგომის დღეებში უკრაინის ძალებმა რუსეთის ჯარების იერიშების რამდენიმე ტალღა მოიგერიეს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო დონეცკის ოლქში, სადაც მხოლოდ 17 აპრილს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დასახლებულ პუნქტებზე რამდენიმე სარაკეტო და საავიაციო იერიში მოიგერიეს.

თუმცა, ყველა ვერა - ორ ოლქში რუსულ ჭურვებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.

ანდრეი კუდრევიჩი ერთ-ერთია იმ ასობით ათას უკრაინელს შორის, რომელიც აღდგომას სანგარში, ფრონტის ხაზზე, საავადმყოფოში შეხვდა.

- რუსეთის ჯარებმა მხოლოდ 24 საათში შ-300 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით 25 სარაკეტო დარტყმა და 42 საჰაერო იერიში განახორციელეს ზაპოროჟიესა და კომიშუვახაზე. ასობით ათას უდანაშაულო ადამიანს, რომელთა სიცოცხლე უკვე წელიწადზე მეტია სტატისტიკად იქცა, ყოველდღე ემატება. ამასთან, ყოველდღე უსახლკაროდ რჩებიან ადამიანები. რუსეთის ჯარები, დიდი დანაკარგების მიუხედავად, განაგრძობენ საიერიშო მოქმედებებს დონეცკის ოლქში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებით.

ჩემი ძმა სასულიერო პირია. უკრაინა არც მისმა ოჯახმა დატოვა. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენი ოჯახები, სხვებთან ერთად, ეკლესიას აფარებდნენ თავს, მაგრამ სტატისტიკამ აჩვენა, რომ მტერი არაფერს ინდობს. აღდგომის დღეებში მათ ცეცხლი სამოქალაქო მოსახლეობას გაუხსნეს. გარშემო არც ერთი სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი არ არის, რომ სიზუსტის პრობლემაზე ისაუბრონ, მიზანმიმართულად ანგრევენ ყველაფერს.

უკვე მეორე აღდგომაა უკრაინა დანგრეული ტაძრებით რომ ხვდება. ყველა დაზიანებული ეკლესიის, ახალი და ძველი სალოცავის აღწერა არ მომხდარა, რადგან ზოგიერთ ადგილას ჯერ კიდევ გრძელდება სამხედრო მოქმედებები, ზოგი კი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულია. ისე, როგორც სხვა ადგილებში, იმ ტერიტორიებზე, სადაც მათი კონტროლი დროებით დამყარდა, ბევრი რამ უკვე შეცვალეს. რამდენიმე თვის წინ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამუშაოების მიხედვით, რუსეთის ჯარმა 200-ზე მეტი კულტურული ძეგლი დააზიანა, მათ შორის იყო 64 რელიგიური დანიშნულების შენობა. საუბარია უკრაინის იმ ტაძრებზე, რომლებიც მოსკოვის პატრიარქატს იყო დაქვემდებარებული.

- ინტერნეტით ვნახეთ, რომ რამდენიმე ქალაქში სალოცავები და სხვადასხვა დაწესებულება ქვიშის ტომრებით დაფარეს.

- დიახ, სხვა ქალაქების გამოცდილების გათვალისწინებით, ასე ბევრგან მოიქცნენ. პიონერები იყვნენ ოდესელები, იქაურებმა კულტურის ძეგლები ქვიშის ტომრებით დაფარეს. თუმცა, ეს ტომრები სკულპტურებს თუ დაიცავს და არა ტაძრებს... თან ომია და არავინ იცის, საიდან და როდის მოფრინდება რუსული ჭურვი...

მტერს სტრატეგია არა აქვს, ეს არის მისი მეთოდი, უცებ შეიძლება რაღაც წარუმატებელი ოპერაციის გამო, შურისძიება მოუნდეთ და მასშტაბური დაბომბვა დაიწყონ ან შიდა საკადრო ცვლილებები მოხდეს და რომელიღაც ახალდანიშნულ ლიდერსა და სამხედრო პირს, თავისი "მეფისთვის" თავის მოწონება მოუნდეს - თუ რამდენად სასტიკად ექცევა ყველას, ვინც მათ არ ეწინააღმდეგება. უკრაინის სირიიზაცია ხომ მათი ოცნებაა.

ამიტომაც, შესაძლოა, ნებისმიერ დროს საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს კიევის ცენტრში მდებარე პეჩორის ლავრა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა. ამ რეფორმების ფონზე, ეს სულაც არ გამიკვირდება.

ახლა, საბედნიეროდ, ბევრი რამ იცვლება, რაც კიდევ ცალკე პრობლემაა ქვეყნისთვის, რადგან ის სასულიერო პირები, ვინც იქ მსახურობდნენ, თავიანთ საქმეს ჩუმად, მაგრამ რუსეთის სასარგებლოდ აკეთებდნენ. მარტო არ იყვნენ, ჰყავდათ მომხრეები, მრევლი, თანამოაზრეები, მოკლედ ძალიან დიდი ქსელი იყო და ახლა, ამ მძიმე პერიოდში, ადამიანებს ომი არ უნდათ, ამისთვის ლოცულობენ, მაგრამ უჭირთ იმის გაგება, რომ შესაძლოა, მათი ტაძარი და მისი წინამძღვრები რუსული პროპაგანდის გამავრცელებლები იყვნენ...

- ამას ადგილობრივ მოსახლეობაში ალბათ, წინააღმდეგობაც მოჰყვა, არა?

- დიახ, მაგრამ ერთად უნდა გადავლახოთ. წელიწადზე მეტია ომში ვართ. ჩვენი ხალხი ღამე ჩაცმული იძინებს, რადგან იცის, შეიძლება დილით სარდაფში, მეტროსა თუ ბომბსაფრებში მოუხდეს "გაღვიძება". ამბობენ, - წელიწადზე მეტია, ძილი იმდენად გვაკლია, რომ დაპროგრამებულივით, მძინარეები ვდგებით, ვიღებთ წინასწარ გამზადებულ წყალს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას საბუთებით, პირველადი მოხმარების ნივთებს და თვალდახუჭულები მივდივართ ბომბსაფრებისკენო... ასე იქცევიან ჩემი შვილები, ძმისშვილები, საყვარელი ადამიანები, ვისი უკეთესი მომავლისთვისაც ღირს ბრძოლა.

- თქვენ, სამხედროები როგორ შეხვდით აღდგომას?

- ჩვენ ყველანაირ განსაცდელს შეჩვეულები ვართ... მოხალისეებმა, ბავშვებმა, სტუდენტებმა მათ მიერ მომზადებული ნუგბარი და სააღდგომო კვერცხები გამოგვიგზავნეს. ასე იქცევიან ახალ წლებზე და სხვა დროსაც. რადგან მტერს აქტიურობა არ შეუწყვეტია, ვერც ჩვენ შევწყვეტთ. ომია და ამისთვის მზად ვართ. ჯობია ახლა გავიჭირვოთ და რაღაცები ჩავაგდოთ, ვიდრე რუსეთმა თავისი ურდოთი მეტი ზიანი მოგვაყენოს. უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევისთვის ემზადება და ახლა მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებული. ყველა დეტალი გასათვალისწინებელი და დასაგეგმია...

დედაჩემი ბაღში მასწავლებელია. მან აღდგომის წინადღეს დამირეკა, - იცი, რაზე ვფიქრობდი? მეორე აღდგომას ვხვდებით მთელი ოჯახი ცალ-ცალკე, მაგრამ აქ, ჩემთან არიან ბავშვები, რომელთაგანაც ზოგს დედა არ ჰყავს, ზოგს - მამა. ასე რომ, რა დროს მონატრებასა და სენტიმენტენზე საუბარია, ყურადღებით იყავი, ავტომატის ლულა ყოველთვის ცივი გედოს ლოყასთან, რათა გამოგაფხიზლოს და თვალი სიცოცხლისკენ გეჭიროსო... ეს იყო მისი მილოცვაც, შეგონებაც და გამხნევებაც. რამდენიმე თვეა დედა არ მინახავს...

შარშან ამ დროს, ჩემი მეგობრები მარიუპოლისთვის იბრძოდნენ. ალყაში მყოფები უმძიმეს დღეებს უძლებდნენ. აღდგომას, ბიჭებს თითო ნაჭერი პური, რამდენიმე ყლუპი წყალი და სანთელი ჰქონდათ. ზოგი დაჭრილი იყო, არ ჰქონდათ ტკივილგამაყუჩებელი, სადეზინფექციო საშუალებები, გადასახვევი. მათ შორის იყვნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც შემდეგ რუსეთის ტყვეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ რამდენიმეთვიანი ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ, საბედნიეროდ, ახლა შინ არიან. მაშინ ვფიქრობდით, გადავრჩებით, გავუძლებთ ამას?.. საბრძოლო მომზადება გავლილი გვქონდა, მაგრამ რეალური ომია, როდესაც შენები, ოჯახის წევრებიც არ არიან უსაფრთხოდ, ბომბსაფრებში საათობით, ზოგჯერ რამდენიმე დღე-ღამე უწევთ ყოფნა და ისიც არ ვიცით, რუსულ ჭურვებსა და არტილერიას ის დაცული ადგილებიც გადაურჩება თუ არა... თავიდან ძალიან ბევრს უჭირდა. როგორც კი ოჯახთან კონტაქტი წყდებოდა, ძალიან განიცდიდნენ. მეც ასე ვიყავი. ჩემი მეუღლე და ორი წლის შვილი, ხშირად ქალაქის მეტროში ათენებდნენ. შემდეგ ერთხელაც შინ დავბრუნდი, რამდენიმედღიანი შვებულებით და როგორც კი განგაშის სირენები ჩაირთო, ჩემმა ორწლინახევრის შვილმა, გამოცდილი ჯარისკაცივით დაიწყო მზადება, სწრაფად ჩაცმა; თავის პატარა ჩანთას, რომელშიც წყალი, ტკბილეული და სათამაშოები ელაგა, ხელი სტაცა და კართან მოთმინებით დაგველოდა. მეუღლე გამეხუმრა, გაწვრთნილი მყავსო. პატარებს ხომ ბავშვობა წაართვეს, ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაზე აისახება, მაგრამ როდესაც ამაზე ფიქრის ვიწყებ, დედაჩემის თქმის არ იყოს, მახსენდება, რამდენი დახოცილი ბავშვის ცხედრის პოვნამ და დამარხვამ მოგვიწია და უფლის მადლობელი ვარ, რომ ყველა ცოცხალი მყავს.

კიევის ოლქში ვნახე კაცი, რომელიც დაჭრილი იყო, ტკივილებისგან იტანჯებოდა და გვთხოვა, ჩემი ოჯახის წევრები საძინებელ ოთახში არიან და მათთვის საოჯახო საფლავი გამიკეთეთო... უამრავი უბედურება ვნახე: სანგარშიც, ბრძოლის ველზეც, ქუჩებშიც, მაგრამ იმ კაცის თვალები მთელი ცხოვრება მემახსოვრება - საავადმყოფოში არ გამოგვყვა, ვიდრე ორი მოზარდისა და ახალგაზრდა ქალისთვის მიწა არ გავჭერით.

poto-baxmuti-1682272072.jpg

- როგორ დაიღუპნენ?

- რუსულმა არტილერიამ მიიტანა იერიში დასახლებაზე და სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს... ეს რუსეთს როგორ უნდა ვაპატიოთ?.. ყველა რუსს, რომელიც ვითომ მშვიდობის მომხრეა და ყალბი სიტყვებით ამართლებს თავის არსებობას, უნდა ახსოვდეს, რომ შორს არ არის დრო, როდესაც ომი მათ სახლებში უფრო აქტიურად შემოვა. მათ აუცილებლად უნდა გაიარონ ის გზა, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ...

იცით, რომ პეტერბურგში, რომელიც ითვლება, რომ მოსკოვზე ელიტური ქალაქია, ვინც ომში წასვლაზე უარს ამბობს, მართვის მოწმობას ართმევენ და ავტომანქანით გადაადგილებას უკრძალავენ... მოსახლეობა, სუსტი პროტესტის მიუხედავად, ჯერჯერობით ეგუება ამას, მაგრამ იმედია, პარტიზანული მოძრაობა ძალებს მოიკრებს.

- რატომ გაქვთ ამის იმედი?

- იმიტომ, რომ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი მმართველობა, რაც უნდა ავტორიტარული იყოს, სამუდამო ვერ იქნება. ვერც პუტინის ტერორისტული რეჟიმი იარსებებს დიდხანს. რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ სოფელ ვლადიმიროვკაში, ასევე, ქალაქ სოლედარსა და ბახმუტთან, 200-მდე საფლავი აღმოაჩინეს. თავიდან ყველას ადგილობრივების გვეგონა, მაგრამ როგორც ირკვევა, "ვაგნერებისაა". პრიგოჟინის დაქირავებულ მებრძოლებს უმეტესად, იქვე მარხავენ, ანუ უკრაინაში რჩებიან. რეგულარული არმიის სამხედროების ცხედრები კი რუსეთში გადააქვთ, ოღონდ, არა ყოველთვის... რუსეთში ადამიანის სიცოცხლე არასდროს ფასობდა, მაგრამ ვფიქრობ, დუღილი შიგნიდან დაიწყება. ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმას, რომ რაიმე სახის ცვლილება მშვიდობიანად მოხდეს, მათ "ომის გემო" უნდა იგრძნონ.

ლალი პაპასკირი