რა აკავშირებდა ქართული საგუნდო მუსიკის ფუძემდებელ ნიკო სულხანიშვილს აკაკი წერეთელთან - გზაპრესი

რა აკავშირებდა ქართული საგუნდო მუსიკის ფუძემდებელ ნიკო სულხანიშვილს აკაკი წერეთელთან

მისი შემოქმედება მე-19 საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება. თავის პირველ ნაწარმოებად თვლიდა სიმღერას "ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად", რომელიც ძალიან პოპულარული იყო და ცნობილი მომღერლის, ფილიმონ ქორიძის ყურადღება მიიპყრო. რა აკავშირებდა ქართული საგუნდო მუსიკის ფუძემდებელ ნიკო სულხანიშვილს აკაკი წერეთელთან და რომელი ოპერა დაწერა პოეტის პიესის მიხედვით, ამას წერილიდან გაიგებთ...

ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე როსტომაშვილის უფროსმა ქალიშვილმა ბარბარემ და მისმა უმცროსმა დამ ტასომ თელავში სცენისმოყვარეთა წრე დააარსეს. ბარბარე მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობი იყო, მან სტანისლავსკის სტუდია დაამთავრა. მალე თელავში სანდრო ახმეტელმა წარმატებით დადგა აკაკი წერეთლის პიესა "პატარა კახი", სადაც ტასომ (ანასტასიამ) ტურფა ითამაშა, ხოლო ბარბარემ ლევანის როლი შეასრულა. წარმოდგენას რამდენჯერმე დაესწრო როსტომაშვილების ოჯახის დიდი მეგობარი, ცნობილი კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს ივანესა და მის ქალიშვილებთან საუბარში გაამჟღავნა თავისი ჩანაფიქრი: აკაკის "პატარა კახი" მარტო ავტორმა კი არა, ბარბარემ და ტასომ ისე შემაყვარეს, რომ ამაზე ოპერა უნდა დავწეროო. ივანემ და მისმა ქალიშვილებმა კომპოზიტორს განზრახვა მოუწონეს.

ერთ დღეს ნიკო სულხანიშვილმა თბილისში, სოსიკო მერკვილაძის ოჯახში, აკაკი წერეთელს თავისი ჩანაფიქრი გაანდო. პოეტმა დიდად გაიხარა და თუ საჭირო იქნებოდა, დახმარებასაც შეჰპირდა. სამწუხაროდ, ცხოვრების მძიმე პირობები არ აძლევდა გასაქანს ნიჭიერ კომპოზიტორს, რომ ოპერაზე სისტემატურად ემუშავა და მისი დასრულებით საყვარელი პოეტის წინაშე ღირსეულად მოეხადა ვალი. როცა ოპერა "პატარა კახის" პირველი მოქმედება თითქმის მზად იყო, აკაკიმ მოსმენა მოისურვა. ნიკომ ოპერიდან ნაწყვეტები დიდი კრძალვითა და შიშით შეასრულა. აკაკი აღტაცებაში მოვიდა, - ნამდვილი ქართული დახვეწილი მოტივიაო. რაკი აკაკიმ კომპოზიტორის ნაწარმოები მოიწონა, ნიკო გახალისდა და პოეტს უთხრა: პირველ მოქმედებაში, იქ, სადაც მოხუცი გელა იძინებს, ქალიშვილს მინდა "ნანა" ვამღერო, მაგრამ პიესაში საამისო სიტყვები არ არის და არ ვიცი, როგორ მოვიქცეო.

აკაკიმ თურმე ნიკოს პასუხი არ გასცა, მხოლოდ გაიღიმა, მაშინვე მეორე ოთახში შევიდა, სახელდახელოდ დაწერა ოთხი ტაეპისგან შემდგარი "ნანა" და კომპოზიტორს გამოუტანა. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე წელი, მაგრამ ოპერა "პატარა კახის" დამთავრებას კომპოზიტორის გაჭირვებისა და მოუცლელობის გამო საშველი არ დაადგა. როგორც თანამედროვენი იგონებენ, აკაკის ერთ-ერთი შეხვედრის დროს ნიკოსთვის, ცოტა არ იყოს, საყვედურის ტონით უთქვამს: აი, უკვე დიდი ხანია მესმის "დაიგვიანეს", მაგრამ ოპერა "პატარა კახმა" კი დასტურ დაიგვიანაო.

კომპოზიტორმა სახელოვანი პოეტის პატივსაცემად ქალ-ვაჟთა გუნდისათვის დაწერა "ჩონგურს სიმები გავუბი", რომელიც ქართული საგუნდო ხელოვნების სამკაულია. აკაკის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე, ნიკო სულხანიშვილის მეორე საგუნდო სიმღერა "ვაშა, აკაკის", რომელიც პოეტს მისი სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით უძღვნა. სულხანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას და ამ ჟანრის პირველი ნიმუშები შექმნა. მისი მომზადებული გუნდი მრავალი წლის განმავლობაში უწევდა პოპულარიზაციას ხალხურ სიმღერას და მათ კონცერტებს ხალხი აღტაცებაში მოჰყავდა.

niko-sulxanishvili-galobis-moqvarulta-gundtan-ertad-1682272434.jpg

როცა მთაწმინდის პანთეონში, 1913 წლის 5 მაისს ილია ჭავჭავაძის ძეგლი გაიხსნა, ამ დღისადმი მიძღვნილ საღამოზე გუნდმა ნიკო სულხანიშვილის "კახური ჰიმნი" შეასრულა და კომპოზიტორმა აკაკისგან კვლავ დაიმსახურა მადლობა. მერე პოეტმა ცალკე ოთახში გაიხმო სულხანიშვილი და ჰკითხა: გუნდის გამოსვლით ვისიამოვნე, მაგრამ მაინტერესებს, ოპერა "პატარა კახს" როდის დაამთავრებო. ნიკოს უთქვამს: ეგ სულ მალე იქნებაო. სამწუხაროდ, აკაკი ისე გარდაიცვალა, ვერ მოისმინა ნიკო სულხანიშვილის მიერ დასრულებული ოპერა. 1919 წელს დედაქალაქის ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებული კაპელის ხელმძღვანელად ნიკო სულხანიშვილი მიიწვიეს. თუმცა, გაძნელდა მისთვის შესაფერისი ბინის შოვნა და იძულებული გახდა, სარდაფში ეცხოვრა. შინ მუშაობის მძიმე პირობები ჰქონდა. ამავე დროს სიფრთხილეს იჩენდა და მისი ნაწარმოებები რომ არ დაკარგულიყო, ჩემოდნით ყველგან თან დაატარებდა...

ნიკოს სიკვდილის შემდეგ, ჩემოდანი უგზო-უკვლოდ გაქრა. მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ოპერა "პატარა კახის" პარტიტურაც დაიკარგა. ამ ოპერიდან შემორჩენილია ორი ნაწყვეტი: "დაიგვიანეს" - მწყემსის არია და "ძლივს მარტო დავრჩი" - პატარა კახის არია. ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ნიკომ სანდრო ახმეტელს უთხრა: "პატარა კახი", როგორც იქნა, დავამთავრე და მინდა პირველ რიგში, შენ გაგაცნოო. ამის შემდეგ, ნიკო სულხანიშვილს დიდხანს აღარ უცოცხლია. 1919 წლის 3 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში (სხვა ვერსიაც არსებობს) და როგორც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მასთან მყოფნი იგონებენ, სიკვდილის წინ კომპოზიტორს ორი სიტყვა უთქვამს: "კონცერტს ვმართავ".

ნანული ზოტიკიშვილი