მხატვარი, რომელმაც მხოლოდ 42 წელი იცოცხლა - გზაპრესი

მხატვარი, რომელმაც მხოლოდ 42 წელი იცოცხლა

შალვა ძნელაძის პერსონალური გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 11 აპრილს გაიხსნა და ერთი თვე გასტანს (გამოფენის კურატორი შალვა ძნელაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარი ირინა აბესაძეა). ექსპოზიცია მოიცავს მხატვრის 50-მდე გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევარს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კოლექციებიდან.

ხანმოკლე სიცოცხლე

სულ რაღაც, 42 წელი იცხოვრა. მისი მოღვაწეობა დაახლოებით 20 წელს ითვლის. მიუხედავად ამისა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მრავალფეროვანიცაა და მრავალრიცხოვანიც. ძირითადად გრაფიკაში მუშაობდა, თუმცა გვხვდება ფერწერაც. მცირე ფორმატის ნამუშევრები უმეტესად ქაღალდზე ფანქრით, ტუშითა და აკვარელითაა შესრულებული. ხატავდა ყველგან და ყველაფერზე, როდის რა მოხვდებოდა ხელში: უჯრებიანი რვეული, უბის წიგნაკი, მცირე ზომის ქაღალდის ნაგლეჯები თუ სხვა. მისი ნახატები ნოველებივითაა, სადაც მოკლედ და მკვეთრად, სხვადასხვა ამბავია გადმოცემული.

ბორცვებსა და გორაკებზე შეფენილი პეიზაჟები, საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული სურათები, ადგილობრივთა სახასიათო სახეები ანუ პორტრეტები, სადაც ადამიანთა ათასგვარი განწყობაა აღბეჭდილი და ერთი მეორეს არაფრით წააგავს. აქვეა გურული ფაცხა, ოდა-სახლი, ნალია, წისქვილი, ბეღელი, ჭიშკარი, ღობე, ალაგე... ეს დეტალებიც ერთად თუ ცალ-ცალკე, მრავლადაა მხატვრის ჩანახატებზე.

krimanchuli-karaldi-pankari-1682272639.jpg

მრავალშვილიანი ოჯახი

შალვა (ვალერიან) ძნელაძე 1892 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბურნათში, ვექილის - ანტონ ძნელაძის ოჯახში დაიბადა. დედამისი ვადასი 8 შვილს, 4 ვაჟსა და 4 ქალს ზრდიდა. მათ შორის შალვა უფროსი იყო. დაწყებითი განათლება მან ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა თბილისში, "სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან" არსებულ სამხატვრო სკოლაში გააგრძელა. ხატვა იმდენად იტაცებდა, რომ პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო სასწავლებელში მოეწყო და წარჩინებული სტუდენტის სახელიც მოიპოვა. იქვე, კიევის ჟურნალებში მის რეპროდუქციებს ბეჭდავდნენ და ცალკეული წერილებისთვის ილუსტრაციებს უკვეთდნენ.

სამშობლოში დაბრუნებული 25 წლის მხატვარი დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული "ქართველ მხატვართა საზოგადოების" საქმიანობაში ჩაერთო. თბილისში, მაშინდელ პლეხანოვის ქუჩაზე ცხოვრობდა და რამდენიმე სკოლაში ხატვის მასწავლებლად მუშაობდა - ეს იყო მისი შემოსავლის უმთავრესი წყარო.

პარალელურად ჩოხატაურის სახალხო თეატრში სპექტაკლებს აფორმებდა. როგორც მხატვარ-ილუსტრატორი, თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალების რედაქციებთან, მონაწილეობდა თბილისში გამართულ გამოფენებში. საერთო ჯამში მან 2000-ზე მეტი მცირე და მოზრდილი ნამუშევარი დატოვა. გარდაცვალებიდან 1 წელიწადში, მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

saojaxo-albomi-shalva-megobrebtan-ertad-baxmaroshi-1682272673.jpg

მემკვიდრეები

შალვა ძნელაძეს ოჯახი არ შეუქმნია და არც პირდაპირი მემკვიდრე ჰყოლია. თავდაპირველად, მხატვრის ნამუშევრებსა და მემკვიდრეობაზე მისი დები ზრუნავდნენ, ახლა კი მათი ერთ-ერთი ძმის, ილიას შთამომავალი (შალვას ძმის - ილიას შვილიშვილი): ილია ძნელაძე და მისი მეუღლე თამარ კაპანაძე. ისინი პროფესიით ექიმები არიან და ამავდროულად, სოფელ დიღომში მხატვარი წინაპრის სახელობის გალერეა-მუზეუმის დამაარსებლები.

ილია ძნელაძე:

- შალვას გარდაცვალების მერე, მის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე მისი დები - ქეთევანი და დარეჯანი ზრუნავდნენ; ყველა გზით აპიარებდნენ, რაც იმ დროს იყო შესაძლებელი. მათ თავიანთი ძმის, პროფესიით ექიმის, ილია ძნელაძის 4 ვაჟიდან ერთ-ერთი, ანუ მამაჩემი ჩოხატაურიდან თბილისში წამოიყვანეს და შვილივით გაზარდეს. გმირთა მოედანზე, 11-სართულიანში შალვას ნახატების გარემოცვაში ვცხოვრობდით. მეც იქ დავიბადე და გავიზარდე.

შალვა ძნელაძის შემოქმედების დიდი ნაწილი ჩემს ოჯახში ინახება. ის თავის ნახატებს ხელს არ აწერდა. შინ მისი ბავშვობაში შესრულებული ერთი ნახატი გვაქვს, რომელსაც აწერია "შალვა", დანარჩენებს კი მისი დები არტყამდნენ სპეციალურად დამზადებულ ბეჭედს. როგორც ჩანს, ისინი შალვას შემოქმედებას ძალიან სკრუპულოზურად უვლიდნენ.

oda-1682272682.jpg

მხატვარი და-ძმა

თამარ კაპანაძე:

- ანტონ და ვადასი ძნელაძეებს 8 შვილი ჰყავდათ, რომელთა შორის დარეჯანი და შალვა მხატვრები გახდნენ. დარეჯანს სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და სხვადასხვა თეატრში მხატვრად მუშაობდა. ერთი წელი ქუთაისის თეატრის მთავარი მხატვარი გახლდათ და მას სრულად ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის "ლატავრას" 1937 წლის დადგმის გაფორმება. ჩვენს ოჯახში შალვას უმცროსი დის უნიკალური კოლექცია და მდიდარი არქივი გვაქვს, მათ შორის იმ პერიოდის ბუკლეტიც, სადაც ქართულ-რუსულ ენაზე აღნიშნულია, რომ სპექტაკლ "ლატავრას" მხატვარი დ. ძნელაძეა. სამომავლოდ ვაპირებთ ეს ქართველი სცენოგრაფი ქალი ფართო საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ.

galerea-muzeumi-1682272694.jpg

ბახმარო

- შალვა ყოველ ზაფხულს ბახმაროში დადიოდა. ბაზარსა თუ სხვა ადგილებში, მისთვის საინტერესო სახეს თუ შენიშნავდა, გურულ ტიპაჟებს ადგილობრივებისა თუ დამსვენებელთა თვალწინ ხატავდა. ვლადიმერ (ლადო) ქიქოძე შალვას შესახებ დაწერილ წიგნში იხსენებს, რომ თავის ბავშვობაში ბახმაროში ხშირად ხედავდა განსხვავებულად ჩაცმულ მხატვარს. ის ამ კურორტის ცენტრში საინტერესო გარეგნობის ტიპაჟს აჩერებდა და იქვე ხატავდა. ხალხი გარს ეხვია, ბავშვები უკან დასდევდნენ, მაგრამ მაშინ ლადო ქიქოძემ არ იცოდა მისი ვინაობა. გავიდა წლები, მან სამხატვრო აკადემია დაამთავრა და 1935 წელს, გარდაცვლილი მხატვრის შალვა ძნელაძის პირველი პერსონალური გამოფენა რომ მოეწყო, მის ორგანიზებაში ქიქოძეც მონაწილეობდა. სწორედ მაშინ უცნია მის თვალწინ შექმნილი ნახატები და მიმხვდარა, რომ ბავშვობაში ნანახი მხატვარი შალვა ძნელაძე იყო.

ლეგენდა თუ სინამდვილე

- გადმოცემით, ლეგენდასავით ვიცით, რომ შალვას თავის სტუდენტი ჰყვარებია. ვიცით მხოლოდ მისი სახელი - ქრისტინე და თითქოს ის დიღომში ცხოვრობდა. თუმცა ამის დამადასტურებელი არავითარი საბუთი არ გვაქვს. ჩვენს არქივში უამრავი მანდილოსნის პორტრეტია. რამდენიმე ნახატზე, ქალის სახეა "მოხეული", მაგრამ არც ერთ ნამუშევარს სახელი მიწერილი არა აქვს და შესაბამისად, იმის დადგენაც შეუძლებელია, იქიდან რომელიმე ქრისტინე ხომ არ არის.

გარდაცვალების მიზეზი

- შალვა არაერთი წელი ცხოვრობდა ტუბერკულოზის დიაგნოზით. თუმცა მოულოდნელად დაიღუპა და დღეს რთული სათქმელია, მიზეზი ეს იყო თუ სხვა რამ. სამკურნალოდ იალტაში დადიოდა. ჩვენს არქივში მოიპოვება დისადმი მიწერილი წერილი, სადაც დარეჯანს მორიგი კურსის გასაგრძელებლად 600 მანეთს სთხოვს, თან უხსნის, ხომ იცი, ჩემთან თანხა არ დაგეკარგება, ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაო.

გალერეა-მუზეუმი

- შალვა ძნელაძის 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ირინა აბესაძის თაოსნობით, ჩვენი და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ფინანსებით, წიგნი-ალბომი გამოვეცით. 2017 წელსვე "ქარვასლაში" შალვას შემოქმედების გამოფენა გაიმართა. იმ დღეებში იდეა გაგვიჩნდა, გაგვეკეთებინა სივრცე, სადაც მხატვრის ნამუშევრებსა და არქივს გამოვფენდით. მოგვიანებით, სოფელ დიღომში 1200 კვ/მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ნაგებობა შევიძინეთ. 5 წლის განმავლობაში საკუთარი ძალებით, ეტაპობრივად შევძელით მისი კეთილმოწყობა. მესამე სართულის საექსპოზიციო სივრცე 2000 კვადრატულზე მეტია, ხოლო სარდაფში გვაქვს მარანი, ბუხარი, ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ატრიბუტით. ეზოში ავაშენეთ გურული "ქუხნაც", მოვაწყვეთ ფანჩატურები. აქ ყველანაირი ღონისძიების ჩატარებაა შესაძლებელი, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. ოფიციალური გახსნა ჯერ არ გვქონია, მაგრამ წინასწარ შეთანხმების საფუძველზე, მსურველებს დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ.

ანა კალანდაძე