"ერთადერთი, ვინც ამ ქაოსურ სიტუაციაში თავის ადგილზე დგას, ღმერთია" - გზაპრესი

"ერთადერთი, ვინც ამ ქაოსურ სიტუაციაში თავის ადგილზე დგას, ღმერთია"

ახალგაზრდა პოეტის, შოთა ვეკუას ლექსების წაკითხვის შემდეგ გიჩნდებათ განცდა, რომ ბევრ განსაცდელ და ჭირვარამგამოვლილი ადამიანის შემოქმედებას ეცნობი, რომელსაც კარგიც ბევრი უნახავს და ცუდიც, ყველა შტრიხმა თუ განსაცდელმა თავისი კვალი დააჩნია და ყველას ახსნა მოუძებნა.

"პოეზიარზე" მისი ლექსების განთავსების შემდეგ, ისინი დაიბეჭდა "ლიტერატურულ გაზეთში", "ლიტერატურულ გურიაში", "ხორნაბუჯში", "ანეულში"... შოთა ვეკუა ლიტერატურული ფესტივალი "ქუჯი-2022"-ის ფინალისტია. ჟურნალთან "გზა" მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

- შოთა, საკმაოდ ძნელი, სირთულით აღსავსე დღეები გამოვიარეთ, რომელთაც თქვენ ძალიან საინტერესოდ გამოეხმაურეთ: "ბავშვები აღარ ჰყავთ კარუსელებს,/ ისვრიან ტიტებს და მოლოტოვს,/ გავუძლებთ, დამშვიდდი, გავუძლებთ,/ დავაღწევთ თავს სასტიკ ბოლო დროს..." როგორ ფიქრობთ, დავაღწიეთ თავი?..

- კარგი იქნებოდა, რომ ამ ოპტიმიზმით გაჟღენთილი, ბუნდოვანი პერიოდისთვის გადადებული სიტყვის ("დავაღწევთ") ჩანაცვლება ლეგიტიმური იყოს სიტყვით ,,დავაღწიეთ", მაგრამ რეალობა ძალიან ჯიუტია და სხვას გვკარნახობს. ახლა ორჯერ უფრო მეტი პრობლემა დგას სრულიად კაცობრიობის წინაშე, ვიდრე ამ ლექსის დაწერის პერიოდში იყო. ერთი მხრივ, ეს ნორმალური პროცესია, სამყარო ყოველ წამს იცვლება ან წინ, განვითარებისკენ დგამს ნაბიჯს, ან რაღაც რყევების წყალობით რეგრესს განიცდის. მთავარია, არასდროს ჩერდება. ჩვენი პრობლემა კი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთი ადგილის ტკეპნა გახდა, ყოველი მხრიდან გადაუჭრელი პრობლემების მთელი ჯაჭვი გვექაჩება. საზოგადოების პოლარიზებამ მხოლოდ ავნო ჩვენს ბრძოლისუნარიანობას, ფაქტობრივად, მყარი, ერთიანი ძვრა ვერ განვახორციელეთ დასახული მიზნის ბოლომდე მისაყვანად. რეგიონში შექმნილი დაძაბული მდგომარეობა კი, რომელმაც კარგა ხანს კულმინაციას მიაღწია და არავინ უწყის როდის გახსნის კვანძს, წამით არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. უკრაინელი ძმების თავგანწირვა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და საკუთარი კლანჭებითვე განგმირავს ბოროტების იმპერიას, ჩვენ კი ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება საღი აზრი.

მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაპოვარია მშვიდობა! ის, ვინც მშვიდობას არღვევს, აუცილებლად მტერია. შესაბამისად, არ არსებობს კარგი და ცუდი რუსეთი, ამ შემთხვევაში მედალს არ აქვს ორი მხარე, არსებობს ერთადერთი - პუტინის სისხლიანი რუსეთი და სისხლიანი ერი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც ამართლებს სისხლის ღვრას. ომში არ არსებობს სხვისი ტკივილი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მიზანში შენც ხარ ამოღებული!

ერთადერთი, ვინც ამ ქაოსურ სიტუაციაში თავის ადგილზე დგას - ღმერთია, რომელსაც მართალია, სხვადასხვა მხრიდან ექაჩებიან, თუმცა მე მწამს, რომ ძალიან მალე დავაღწევთ თავს "სასტიკ ბოლო დროს".

- ევროპული არჩევანი არის ის გზა, რომელიც შეიძლება, საზოგადოების ბოლოდროინდელ მიღწევად ჩაითვალოს. ახალგაზრდობამ (და არა მხოლოდ) გააკეთა არჩევანი, ახალგაზრდობის აზრი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისაა ქვეყნის მომავალი. როგორ ფიქრობთ, რა ვისწავლეთ გასული დღეებიდან? გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოება?

- დიდი ხანია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა თაობამ შეიგნო, რომ სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე დიდი ძალა ბუნებაში არ არსებობს, იგი ერთბაშად მოვარდნილი ცუნამია, რომლის შეჩერება არათუ ხელისუფლებას, არამედ არც ერთ ბარიკადს არ შეუძლია. მარტის პირველი და მანამდელი დღეები, საოცრად დამქანცველი და ამასთან ერთად, სამაგალითოა მომავალი თაობის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. ამ დღეებით ნათლად დადასტურდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ საზოგადოების პროტესტი ჯანსაღია, შეუძლებელია, მან ნაყოფი არ გამოიღოს. ყველაზე ნიშანდობლივი კი ამ პროტესტში ის იყო, რომ იქ იდგნენ არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ნებისმიერი თაობის წარმომადგენლები, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებით განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ერთმანეთის თვალებში იმედის ნაპერწკლის ანთებას. ძალიან ფართო და რთულად განსახილველი საკითხია, თუ რომელი ძალა სად ცდილობს ჩვენს გადაბირებას, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ დარწმუნებით იცის, სად არ გვინდა წაგვიყვანონ და ეს უკვე ნახევრად გაკეთებული საქმეა, რაც ნებისმიერი ბრძოლის მოგებაში გვაძლევს უპირატესობას. ამ დღეებმა ჩვენ გვასწავლა, რომ ჩვენი ადგილი იქაა, სადაც ცხოვრობს სამოქალაქო პასუხისმგებლობით აღჭურვილი საზოგადოება და სადაც ერთმანეთის აზრს პატივს სცემენ, თითოეული ადამიანის უფლება მნიშვნელოვანი და კბილებით დასაცავია.

- რა არის მთავარი ღირებულება, რომელიც 30-წლიანმა დამოუკიდებლობამ, სისხლის, ომებისა და ტრაგედიების კვალდაკვალ გვასწავლა, - თავისუფლება?.. მშვიდობის ფასი?..

- შეუძლებელია, იმ ერს თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი ასწავლო, რომელიც ერთი ხელით მტრისგან დასაცავად ვაზნებს ტენიდა, მეორით კი ჩვილის აკვანს არწევდა. ჩვენ მშვიდობისთვის ბრძოლა ახლა არ დაგვიწყია. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში კი არა, მთელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დღე და წუთი, როდესაც ქართველს შეეძლო, მშვიდად მოეხუჭა თვალი. ასე რომ, თავისუფლება ჩვენი მონაპოვარი ან სანუკვარი ცნება კი არა, გენეტიკის ნაწილი გახდა. ბოლო 30-წლიანმა პერიოდმა ყველაფერი დაიტია, თითქოს მთელი ჩვენი ისტორიის ტრაგიკული ფურცლები ერთად აიკინძა ერთ წიგნში.

9 აპრილიდან დღემდე არაერთი მწარე სილა ვიგემეთ როგორც მტრის, ასევე ჩვენივე ხელიდან, ერთი ძმის მიერ მეორისთვის მოქნეული (და არა მხოლოდ სილა). სამწუხაროა, რომ ამ გენეტიკურ კოდში თავისუფლებასთან ერთად მოღალატეობაც გამოგვერია და ყოველთვის გვახსენებს თავს, უადგილო ადგილას იყივლებს და ხვალინდელ დღისთვის გამზადებულ გზას გვიხერგავს. ამ პერიოდმა კი კარგად გვასწავლა, რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. იმ ერს, რომელმაც ილია, ზვიად გამსახურდია და სამშობლოსთვის გულანთებული არაერთი ადამიანი ტყვიისთვის გაიმეტა, შეუძლებელია, სწავლა არ სჭირდებოდეს.

ჯერ კიდევ ვერ გაგვირჩევია მტრისა და მოყვრის ნამდვილი ხატი, ამიტომაც გამოდის წყლის ნაყვა ჩვენი ყოველი მოქმედება. კარგი იქნება, თუ საზოგადოება რეალურად გაარჩევს ერთმორწმუნეობით შენიღბული მეზობლის ვერაგულ სახეს.

aqcia3-1682880980.jpg

- ვერავინ იტყვის, რომ ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ; ერთი პატარა მიზეზი გვინდა და სიტუაცია მაშინვე აალდება, ერთმანეთს შევესევით, რასაც ბევრი ემოციურობით, იმპულსურობით ხსნის. როგორ ხედავთ თქვენ ამ ყველაფერს? ხედავთ იმის წინა პირობას, რომ ხვალინდელმა დღემ აჯობოს გუშინდელს?..

- როგორც ოთარ ჭილაძემ ბრძანა, "საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა". ფრაზა კი, - "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ" - არავის უწევს იმაზე მეტ დათვურ სამსახურს, ვიდრე ქართველებს. სამწუხაროდ, დუხჭირი ცხოვრება და გარს შემოხვეული ათასი პრობლემა ზნეობის დაკარგვის ზღვარზეც კი გვაყენებს, სწორედ ღირებულებების დაუფასებლობა შობს ყველა ზემოაღნიშნულს. მხარეებად დაყოფილ ხალხს შეუძლებელია, ნათელ აზრზე ესაუბრო. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ პროტესტს შეუძლია ჩვენი გაერთიანება, სხვა შემთხვევაში ერთმანეთის უფლებების დაცვას ფიქრის დონეზეც კი არ ვუშვებთ გონებაში. ეჭვგარეშეა, შეგვიძლია ნათელი ხვალინდელი დღის შექმნა, იმდენი რესურსი, იმდენი ნიჭი, შესაძლებლობა არსებობს ამ პატარა ქვეყანაში, მეტი ურთიერთსიყვარული და სწორი კომუნიკაცია თაობებსა და ადამიანებს შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, რათა გადავრჩეთ.

- პოეტებს არასდროს ულხინდათ საქართველოში (და ალბათ არც სხვაგან). როდესაც თქვენს შემოქმედებას ვკითხულობ, მგონია, რომ თქვენი ასაკის კვალობაზე, ბევრის ნახვა, აღქმა და გააზრება მოგისწრიათ ცხოვრებაში... გვიამბეთ თქვენზე, პირველ ნაბიჯებზე, აღიარებაზე, უფროსი თაობის შთაბეჭდილებებზე...

- პოეზიას ბავშვობაში ვეზიარე. გარკვეულმა ძალამ მიბიძგა კალმის ხელში აღებისკენ და მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში პოეზიის გარეშე არც ერთი დღე არ გათენებულა. პირველი ნაბიჯი, როდესაც შესაძლებლობები გამოვცადე, 16 წლის ასაკში იყო, როდესაც კონკურსში გავგზავნე საკუთარი ლექსი და ვერცხლის დიპლომით დამაჯილდოეს, დაჯილდოების ცერემონიამ კი ოვაციებითა და დიდი დაინტერესებით ჩაიარა. მაშინ ვიგრძენი, რომ მეტი შემეძლო, და ეს არ იყო უბრალო შემთხვევითობა ან გატაცება.

შემდეგ უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვები ამ ვრცელ გზას, ვცდილობ საკუთარ თავზე მაქსიმალურად მუშაობას და ამას შედეგებიც ახლავს თან. ჩემი ღრმა რწმენით, კარგი ხარისხის ხელოვნებას არ სჭირდება ყვირილი, ნათელი ყოველთვის იპოვის სარკმელს, ყვირილი შეიძლება, პრემიებისა და ნომინაციების ლაურეატობისთვის იყოს საჭირო, რაც შემოქმედის თვითმიზანი არასდროს არ უნდა იყოს. პოეზიამ თავად უნდა იხმაუროს, მაგნიტივით უნდა მიიკრას ხალხი, ამიტომაც არ ვეჩხირები თვალში მავანთ... საბედნიეროდ, ჩემი ლექსებიც ამ მიზანს ამართლებს, რაც დრო გადის, მეტ თანამოაზრეს პოულობს და მიხარია, რომ საკუთარ შთაბეჭდილებას არასდროს მალავენ, როგორც პოეზიისა და ხელოვნების, ასევე სხვა სფეროში მეტად საპატიო ადამიანები.

shota-vekua3-1682880969.jpg

- რა არის თქვენი შთაგონების წყარო, მუდმივად აბურდულ-აწეწილი ქვეყანა?.. მებრძოლი და სწორ ღირებულებებზე ორიენტირებული ახალგაზრდობა?

- პოეტისთვის არ არსებობს შთაგონება, როგორც განყენებული საგანი. ჩემთვის პოეზიაა სიცოცხლის ყოველი წამი, დილით თვალის გახელიდან საღამოს სიზმრებს შორის მოგზაურობით დამთავრებული. თუმცა, ჭეშმარიტი პოეტი აუცილებლად უნდა იყოს ნამდვილი, ჩემი შთაგონებაც ის სინამდვილეა, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხან ყელში გაწვება და გიჭერს, ხანაც უდიდეს შვებას გგვრის. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგადაა მაშინ, როდესაც ჩემი თანამემამულეების თვალებიდან შიში გამოკრთის. ამ ყველაფერთან ერთად კი უდიდესი შთაგონება ის ადამიანია, რომელსაც დარჩენილი სიცოცხლე უნდა დავუკავშირო.

- ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული დავკარგეთ. პოეტები ამას, ისევე როგორც სიყალბეს, ხელოვნურობას, განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამთ. თუ პოულობთ ადამიანებში გულწრფელ სიყვარულს, თანაგრძნობას?.. მართლა შემცირდა? თუ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის?..

- 21-ე საუკუნის სენი სიყვარულის შემცირებული დოზაა თითოეულ ადამიანში. თითქოს ყოფითმა საგნებმა ის ადგილი დაიკავა ჩვენს არსებაში, რომლებიც აქამდე სითბოსა და მზრუნველობისთვის იყო განკუთვნილი. დისტანცია გაჩნდა ადამიანებს შორის, რაღაც უხილავი სივრცე, რომელმაც დღითი დღე დაგვაშორა ერთმანეთს. ხშირად გაგვიგონია უფროსი თაობის ფრაზა, რომ მათ დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო, რეალურად კი არც დროა შეცვლილი და არც ხალხი, სინამდვილეში, მეტი საჭიროება და მოთხოვნილება შემოვიტანეთ ცხოვრებაში. პოეტები ყველაზე მძაფრად განიცდიან ამას, მათ იდეალურ სამყაროში მხოლოდ სიყვარულის სურნელი ტრიალებს, ამიტომაც ვეძებთ ასე გაშმაგებულები და ვამბობთ, რომ დეფიციტია, რეალურად კი სიყვარული ყოველთვისაა ჩვენ ირგვლივ და ჩვენშიც. თავი მაღლა ასწიეთ, ყოველ შემხვედრს უბრალო, თბილი ღიმილით გაუღიმეთ და ნახავთ, როგორი ნათელია ყველაფერი, რამხელა სიყვარული იმალება იმ ბებოებსა და ბავშვებში, რომლებიც შესაძლოა შეჭმუხნილი წარბებითაც გხვდებიან მეტროსა თუ ავტობუსში. არ დაგავიწყდეთ სამყაროს პრინციპი - თქვენ ზუსტად იმას მიიღებთ, რასაც გასცემთ.

ლალი პაპასკირი