როგორ შეაშინა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტი და რის გამო იბარებდნენ მას გენპროკურატურაში დაკითხვაზე - გზაპრესი

როგორ შეაშინა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტი და რის გამო იბარებდნენ მას გენპროკურატურაში დაკითხვაზე

ჟურნალის წინა ნომერში ჩვენმა ჟურნალისტმა - ლელა ჭანკოტაძემ საბერძნეთში გატარებულ წლებზე გულახდილად გვიამბო. ახლა ის ისრაელში ცხოვრობს და მუშაობს. ლელა ამჯერად ამ ქვეყანაში თავს გადახდენილ ამბებს და წარსულში, ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებულ არანაკლებ საინტერესო თავგადასავლებს გვიზიარებს.

- მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთს შეეჩვიე და იქ დასაქმებაც არ გაგიჭირდებოდა, ქვეყანა შეიცვალე. რატომ?

- საბერძნეთიდან ჯერ საქართველოში წამოვედი, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა. ჩემი ემიგრანტობიდან 4 წელი იყო გასული და ვამბობდი, რომ მეტის მოთმენა არ შემეძლო. ვიფიქრე, - საკმარისია, ოჯახში უნდა ჩავიდე-მეთქი! ცოტა ხანში ისევ ვაპირებდი საბერძნეთში დაბრუნებას, მაგრამ ისრაელში წამოსვლა უფრო იოლი აღმოჩნდა. აქვე ვაღიარებ, ისრაელი ის ადგილი იყო, სადაც კატეგორიულად არ მინდოდა ცხოვრება, თუნდაც იმ კონფლიქტების გამო, რაც აქ ხდება...

სამუშაო ვიზა, რომლითაც წამოვედი, იოლად კეთდება, თუ მოხუცთან, ავადმყოფთან მუშაობის გამოცდილება გაქვს და ენებიც იცი (აქ მოგეხსენებათ, ცხოვრობენ ე.წ. ფრანგი ებრაელები, გერმანელი ებრაელები, ბერძენი ებრაელები, ქართველი ებრაელები...), მე კი რამდენიმე ენა ვიცი. სამუშაო ვიზას ძალიან ბევრი პლუსი აქვს. მაგალითად, რომელ ექიმთანაც ებრაელები დადიან და რა სამედიცინო მომსახურებასაც ისინი იღებენ, ზუსტად იმავეს ვიღებ მეც. ამიტომ, ქართველები ამ სიკეთით ხშირად სარგებლობენ. ჩემ გარშემო ერთმა გოგომ თირკმელზე გაიკეთა ოპერაცია, მეორემ გულზე და წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი უფასოდ, წამლებითაც კი უზრუნველყვეს. ხშირად გვამოწმებენ, ჩვენი უფლებები ხომ არ ირღვევა? სოცმუშაკი გვიცავს. თუ მოვინდომებთ, წელიწადში ორჯერ გვაქვს სამშობლოში წასვლის უფლება, მაგრამ ცხადია, ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. გვაქვს მეცამეტე ხელფასი და ვართ საპენსიო ფონდში გაწევრებული.

- საპენსიო ფონდში გაწევრება თქვენთვისაც სავალდებულოა?

- კი, სავალდებულოა. როცა საქართველოში დავბრუნდები, აქ მოგროვილ ჩემს საპენსიო თანხას მომცემენ. ბევრი არ იქნება, მაგრამ მაინც კარგია... თანაც, ისრაელში გაწეულ შრომას კარგად გინაზღაურებენ.

- სამუშაო ვიზით სად დაგასაქმეს?

- თავიდან უკრაინელ ბებიასთან ვმუშაობდი. საერთოდ, ასეთი ბედი მაქვს, რომ ყოველთვის განსაკუთრებულ ადამიანებთან მიწევს შეხვედრა. ვცხოვრობდი ძალიან მდიდარი ქართველი ებრაელების ოჯახში. ეს ქალი, ვისი მოვლაც მე დამეკისრა, მათთან მთელი 30 წელი მუშაობდა. საცოდავმა, თუ რამე იშოვა, ყველაფერი თავის ოჯახში გაგზავნა. როცა მოხუცდა, დაავადდა და სიარული გაუჭირდა, უკრაინიდან ოჯახმა შემოუთვალა, აღარ ჩამოხვიდეო. სად წასულიყო? ჰოდა, ისევ ამ ქართველმა ებრაელებმა ვერ გაიმეტეს გასაგდებად და სახლში დატოვეს. 4 წელი ვუვლიდი ამ ბებიას, რომელსაც ისრაელის სახელმწიფო თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყეს, ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი და მასთან ერთად მეც, საავადმყოფოში წაგვიყვანეს, აგვცრეს, მერე აკვირდებოდნენ, როგორ იმოქმედებდა ვაქცინა და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვაბრუნეს შინ...

- აცრა ნებაყოფლობითი იყო?

- კი, ნებაყოფლობითი გახლდათ. პანდემიის პერიოდში აქ ძალიან მკაცრი შეზღუდვები იყო. ჩვენ საკუთარ სახლში ვცხოვრობდით, დიდი ეზოთი და დიდი ხნის მანძილზე, ალბათ თვეების განმავლობაში ეზოდან გასვლის უფლება არ გვქონდა. ისრაელში ასეთი წესია: საღამოობით ჩაიცვამენ სპორტულებს და 5-დან 7 კილომეტრამდე უნდა გაიარონ. ყველა დადის, ასაკის მიუხედავად. იქ სხვანაირად არ შეიძლება და ამ გასეირნებაზე ამინდიც არ მოქმედებს. სამსახურებიდან დაღლილები რომ მოვლენ, მერე მიდიან, რათა იარონ. ჰოდა, თვითიზოლაციაში რომ ვიყავით, ეზო გვქონდა გაზომილი და ვიცოდით, რამდენი წრე უნდა დაგვერტყა. დიდ ყურადღებას აქცევენ აქ ჯანსაღი ცხოვრების წესს და საოცრად იკვებებიან. ყოველდღე ჭამენ ხორცს, თუ რა თქმა უნდა, ადამიანი ვეგანი არ არის.

ფასებს რაც შეეხება, ეს არის უძვირესი ქვეყანა, მით უმეტეს, საბერძნეთის ფონზე, აქაური ფასებით შოკირებული ვიყავი. მაგრამ საოცრება ისაა, რომ საქართველოც დაუახლოვდა და რიგი პროდუქტებით უსწრებს კიდეც აქაურ ფასებს. მაგალითად, ჩიფსი საქართველოში უფრო ძვირი ღირს. ზეთის, ბრინჯის, მაკარონის ფასით დავეწიეთ...

- 4 წელი ვუვლიდი უკრაინელ ქალბატონსო, თქვი. სამსახური შეიცვალე?

- ამ ქალბატონის მდგომარეობა დამძიმდა, რთული მოსავლელი გახდა და მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფომ იკისრა. იცით, ეს ბებია თავის დროზე ექთანი ყოფილა, ჩერნობილში მუშაობდა და რაღაც ისეთი დაავადება განუვითარდა, აქაც რომ ვერ ხვდებოდნენ, რა იყო. დაეგრიხა სხეული და ოჯახის პირობებში მისი მოვლა შეუძლებელი გახდა. სახელმწიფომ გამოუყო ზედამხედველი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მისი თავშესაფარში გადაყვანა იყო საჭირო, სადაც 24 საათის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება ექნებოდა.

- არ ნანობდა, თავის დროზე ყველაფერს რომ ოჯახს უგზავნიდა და საკუთარ სიბერეზე არ იზრუნა?

- სულ, ყოველდღე ტიროდა. როცა უკრაინას ვახსენებდით, გაუჩერებლად სდიოდა ცრემლი...

- ახლა სად მუშაობ?

- ახლა ვცხოვრობ ქირით, სხვა ქართველებთან ერთად. ყოველდღე დავდივარ სახლის დალაგებებზე და პარალელურად, ერთ მოხუცსაც ვუვლი.

- ამ ყველაფერს როგორ ასწრებ?

- სულ ვმუშაობ, სულ! იმდენს ვმუშაობ, რომ ხანდახან დაუჯერებლადაც მიმაჩნია. საბერძნეთში ჭურჭელს ვერ ვრეცხავდი, ახლა კი დღეში 12-13 საათი ვმუშაობ და რომ ამბობენ, ქართველები ზარმაცები არიანო, ვფიქრობ, ამაზე დიდი ტყუილი არასდროს გამიგონია. აქ ხომ ავტობუსით დავდივარ და ვხედავ ქალებს, რომლებიც ყოველ დილას 7-ზე მიდიან და შინ საღამოს, შებინდებისას ბრუნდებიან. თავს არავინ ზოგავს. სხვაგან ხომ კაცებისთვის ჭირს სამუშაო ადგილი, აქ პირიქით, კაცი მუშახელი სულ სჭირდებათ. მეც, ლამის ყოველდღე მთხოვს ვიღაც, მათ ოჯახში დავიწყო მუშაობა და ბოდიშს ვუხდი, რომ ამას ფიზიკურად ვერ ვახერხებ. ჩვენი ქართველი კაცები წელში გატეხილები, დაუზარებლად შრომობენ, თუმცა ანაზღაურებაც შესაბამისად კარგი აქვთ.

flora-1682881352.jpg

- რამდენ წელში დასრულდება ემიგრაციაში ყოფნა?

- ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. შარშან დაბრუნდნენ ჩემი ახლობლები 14-15-წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში და ერთმა ერთი თვე შეძლო დარჩენა, მეორემ - 4-5 თვე და მერე ისიც უკან დაბრუნდა. მეც ხომ ვიყავი ჩასული ცოტა ხნის წინ და მივხვდი, მანდ ჩემი ოჯახისთვის სასიკეთოს ვერაფერს გავაკეთებდი.

აქ 60 წელს გადაცილებულ ქართველ ქალთან ერთად ვცხოვრობდი ბინაში და წარმოიდგინეთ, როგორ მელოდა, უკან როდის დავბრუნდებოდი და როგორ ამბებს ჩავუტანდი სამშობლოდან. გადაწყვეტილი ჰქონდა: ერთი სრული წელიწადი და მერე სამუდამოდ წავალ, უკან აღარ დავბრუნდებიო. ისრაელში ჩასულმა ვუთხარი, - ზაირა, არ წახვიდე საქართველოში. ძალიან ინანებ და მერე უკან ვეღარ დაბრუნდები-მეთქი. ასე რატომ მოვიქეცი? სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უამრავი დანევროზებული, მშიერი ხალხი ვნახე. რომ ამბობენ, ვის უჭირს, ისეთი მანქანები დადის ქალაქშიო, ამას იტყვის მარტო ის, ვისაც რეალობის დანახვა არ უნდა. ისრაელში ახალი მანქანა თუ არ გყავს, ვერ იმოძრავებ და ჩვენთან რა ხდება? ვინ იცის, რომელ წელს გამოშვებულ ავტომობილებს ამუშავებენ... შეხვალ მაღაზიაში და ხედავ, ადამიანი გრამობით ყიდულობს საჭმელს. XXI საუკუნეში იმდენი დრო არ უნდა გქონდეს, რომ ყოველდღე იარო მაღაზიაში და თუ ამას ახერხებ, ე.ი. ბევრი თავისუფალი დრო და ცოტა ფული გაქვს. აქ მსგავსი რამ წარმოუდგენელია. მიდიან მაღაზიაში და მთელი კვირის სამყოფ პროდუქტს ყიდულობენ, რომ მერე ამაში დრო არ დაკარგონ.

ხშირად მხვდება ყურში ფრაზა: წავლენ საზღვარგარეთ და მერე ჭკუას გვარიგებენ, ეს ზეევროპელებიო. ეს სიტყვები მკლავს. საბერძნეთში რომ ჩავედი, მინდოდა მესწავლა რაღაც ისეთი, რომ უკეთესი გავმხდარიყავი. აქაც მინდოდა მესწავლა ებრაელებისგან რაიმე კარგი. მერე ჩავედი საქართველოში და ადამიანები, სადაც დავტოვე 9 წლის წინ, ისევ იქ დგანან და მე ვფიქრობ, არ არის ეს ნორმალური ცხოვრება. სულ არ არის აუცილებელი მატერიალური კეთილდღეობა იმისთვის, რომ მიხვდე და ისწავლო თუნდაც ინგლისური, რომ თუნდაც ონლაინსამუშაო იშოვო. ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად უჭირს ჩვენს ქვეყანას, ხალხს. აქ ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ ჩემი 15 წლის შვილი სკოლაში არ დადიოდა მთელი პანდემიის პერიოდში და სტუდენტმა დიპლომი ონლაინ დაიცვა. არ ეღირსათ უნივერსიტეტში სიარული პირველკურსელებსაც. აქ კი მხოლოდ პირველ ეტაპზე, ძალიან ცოტა ხანს იყო სწავლება ონლაინრეჟიმზე, მერე აღადგინეს, რადგან განათლება პრიორიტეტულია...

- შენი პროფესია, ჟურნალისტიკა არ გენატრება?

- მენატრება, თან ძალიან... ერთ დროს მეც ხომ ახალბედა ვიყავი და რედაქციაში პირველად რომ მივედი, ერთმა ჩვენმა ძველი თაობის კოლეგამ, ეტყობა გამოპრანჭული რომ დამინახა, მითხრა, - იფიქრე იმაზე, რომ ჟურნალისტი მხოლოდ ის არის, ვინც უნიტაზზეც ჟურნალისტიაო. ამდენი წელი გავიდა, შეხება აღარ მაქვს ამ სფეროსთან, მაგრამ მე ისევ ჟურნალისტი ვარ, დამიჯერე. ყველგან, სადაც მივდივარ, ჟურნალისტის თვალით ვუყურებ და ვაფასებ სიტუაციას. აქაც უამრავი საინტერესო მასალის გაკეთება შეიძლება, აქ ბევრი "მარგალიტია" ჟურნალისტური თვალსაზრისით, მაგრამ ხან დრო არ მაქვს, ხან არ მინდა, აქედან ვინმეს თავი მოვაბეზრო და ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს.

- ეს ბედნიერი ხალხის ქვეყანააო, ასე მითხარი ინტერვიუს დაწყებამდე.

- რა თქმა უნდა, მდიდრებიც ტირიან, მაგრამ ამ ქვეყნის მოსახლეობას არ აქვს ყოფითი პრობლემები და ბედნიერები არიან. თუმცა, ელემენტარული რამის გამოც კი გამოფენენ შავ დროშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებია... დაბომბვები რომ იყო და საჰაერო განგაშის სიგნალი პირველად გავიგონე, მეგონა, ქვეყანა დაიქცა. აგვისტოს ომი გამახსენდა და ისიც, ორმა ბომბმა რა გააკეთა. ამ ქალაქს კი, სადაც მე ვცხოვრობ, 5 წუთში 128 ბომბი ესროლეს და არც ერთი არ ჩამოვარდნილა ძირს. დაბომბვების დროს ჩემი ოფისის წარმომადგენელმა ტაქსით მომაკითხა და წამიყვანა მეორე ქალაქში საბუთების გასაფორმებლად, წარმოგიდგენიათ? აქ არაფერს უშინდებიან და იცით, რატომ? ოჯახში, სადაც მე ვმუშაობდი, მითხრეს, - ტერაქტების სერია რომ დაიწყო, ავტობუსში საშიში იყო ასვლა, ახლა კი არ დავმალავთ, საკუთარი მანქანები დავაყენეთ და ავტობუსებით დავდივართ ჩვენცო, - ანუ აქვთ დაცულობის შეგრძნება და საკუთარი ხელისუფლების იმედი. იმედი მათი ქვეყნის უძლეველობის და იმის შესახებ, რომ აქ არც ერთი ბომბი არ ჩამოვარდება.

- და ამ ფონზე მაინც უკმაყოფილოები არიან ხელისუფლების.

- ასეა. ახალი ხელისუფლებაც არ მოსწონთ. ეს ხალხი თვლის, რომ ხელისუფლება მუდამ უნდა აკრიტიკოს; უნდა აქო გარდაცვლილი, ძველი დროის მეფეები, წარსულის გმირები. გაცნობიერებული აქვთ, რომ ხელისუფლება პასუხს აგებს ყველაფერზე, რაც სახელმწიფოში ხდება...

- არაერთი სკანდალური სტატიის ავტორი ხარ. შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელ თემაზე მუშაობა იყო?

- ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი დუდუ დადიანის მკველელობის დეტალებზე მუშაობა გახლდათ, რის გამოც ერთი პერიოდი მეც მატარეს დაკითხვებზე, ხშირად ვიჯექი გენპროკურატურაში...

1353670748-saakashvili-vardebis-revolucia-5bf7cf0911b6a-1682881338.jpg

- შენ, ჟურნალისტს რის გამო გიბარებდნენ დაკითხვაზე? იმაზე მეტი ხომ არ იცოდი, რაც სტატიაში გეწერა?

- მე ხომ ხიფათებში მიყვარს თავის გაყოფა (იცინის). იცი, პირველი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც ფოტოგრაფთან - ფრიდონ გეგეშიძესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილას. არ დაგავიწყდეთ, იურიდიული მაქვს დამთავრებული და იქვე დაგდებული ქუდი რომ შევნიშნე, ფრიდონს გავძახე, - ესეც აუცილებლად გადაიღე-მეთქი. ეს ფოტო მინდოდა იმისთვის, რომ შემთხვევის ადგილი ჟურნალში მაქსიმალური სიზუსტით აღმებეჭდა...

გავიდა წლები, ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი ხელისუფლება და გადაწყვიტა, ძველი ხელისუფლების დროს გამოუძიებელი საქმეები გაეხსნა. ერთ დღეს მობილურზე დამირეკეს, მაშინ რედაქციაში აღარ ვმუშაობდი და მითხრეს, რომ გენპროკურატურაში დაკითხვაზე უნდა წავსულიყავი; რომ გარეთ მელოდა მანქანა, რომელშიც უსიტყვოდ უნდა ჩავმჯდარიყავი. ვერ აღგიწერთ, იმ წუთებში და მერეც, როცა დაკითხვაზე ვიჯექი, რა გადავიტანე. დაკითხვა კი დღეების განმავლობაში გრძელდებოდა. არასდროს ვიცოდი წინასწარ, როდის დამირეკავდნენ და გამომიძახებდნენ ან უკან, სამსახურში თუ სახლში როდის დამაბრუნებდნენ.

მოკლედ, საქმე ის იყო, რომ საბედისწერო ქუდი, რომელიც მე გადავიღე, დაიკარგა. მერე ერთ-ერთ გამომძიებელს სხვა ქუდი უყიდია საქმეში ჩასადებად. ის გამომძიებელიც დააპატიმრეს. პირადად მე ამ ქუდის ამბავს მედავებოდნენ: სად გადაიღეთ, როგორ აღმოჩნდა ფოტოებზე, როცა სამართალდამცველებს არ დაუფიქსირებიათო. საქმეში ბევრი ქუდი ფიგურირებდა, მაგრამ ფაქტია, ქუდი ჩვენ პირველებმა ვნახეთ და გადავიღეთ, თუ რა თქმა უნდა, ვინმემ არ დაგვიდო სპეციალურად, რომ გადაგვეღო და დაგვებეჭდა, ამაშიც არ ვარ დარწმუნებული...

- დაუვიწყარი რესპონდენტი შეგიძლია დაასახელო?

- ფლორა შედანია - სოხუმის თეატრის მსახიობი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი გახლდათ. ამ ადამიანმა იქაურობა არ მიატოვა და დაბომბილ სოხუმში დარჩა, მაგრამ მერე სახლში შეუცვივდნენ, ჯერ შვილი მოუკლეს, მერე ეს ქალი აიყვანეს და ფანჯრიდან გადააგდეს. პატარა იყო ტანად და დაიმსხვრა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ასე დამსხვრეული, ღამით მეზობლებმა "ტაჭკაზე" დააწვინეს და საავადმყოფოს ეზოში მიიყვანეს. იმ დროს იქ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები ყოფილან და თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, შენობაში შეეყვანათ. "დადეს" ლოგინზე, მაგრამ არც უვლიდნენ, არც აჭმევდნენ. წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა, გაუსაძლისი ტკივილი. იმ პალატაში ერთ აფხაზ კაცს თურმე, ცოლი ადგა თავზე, რომელიც ღამით ჩუმად მიდიოდა ფლორასთან და პირში შაქარს აყრიდა. აი, ამ თითო კოვზმა შაქარმა გადაარჩინა. მერე, თუ არ ვცდები, რამაზ ჩხიკვაძის ცოლმა დაიწყო მისი ძებნა, "წითელ ჯვარს" დაუკავშირდა და ასე იპოვეს წარმოუდგენელ მდგომარეობაში მყოფი და სამშვიდობოს გადმოიყვანეს. მახსოვს, ეს ქალი თავის ამბავს რომ მიყვებოდა, თავი ვერ შევიკავე და ავტირდი, ემოციებს ვერ ვიკავებდი. იცით, რა მითხრა? ნუ ტირი, რადგან ეს არის სხვისი გაჭირვება და სხვისი ტკივილი. სხვას უნდა თანაუგრძნო და საკუთარ ტკივილზე იტირო. დამიჯერე, ცხოვრებაში ყველა ადამიანს აქვს იმაზე მძიმე წუთები, ვიდრე მე იქ, საწოლზე დაგდებულს მქონდა, რადგან მე არც ტანი მტკიოდა, არც მოტეხილი კიდურები, მე მხოლოდ ის მტკიოდა, რომ შეურაცხყოფილი ვიყავი, როგორც ქართველიო. მისი ეს სიტყვები სულ მახსოვს...

- მსმენია, რომ ინტერვიუების დროს ხშირად გიჩუყდებოდა გული...

- კი, ასე იყო. ერთხელ შავკანიანებმა ამერიკაში ქართველი სტუდენტი მოკლეს, რომელმაც თურმე, გარდაცვალებამდე ოჯახში დარეკვა მოასწრო. რომ ჩამოასვენეს, იმ პერიოდში მეც ამ ოჯახში ვიყავი მასალის მოსამზადებლად და გული ისე ამიჩუყდა, ისე ავტირდი, რომ დედამისი მაწყნარებდა... ასეთი ემოციურობის გამო, რედაქციაში სულ მეხუმრებოდნენ: ინტერვიუ არ გამოვიდოდა, რომ არ გეტირაო ან, - მოგცემდნენ ინტერვიუს, აბა, რა იქნებოდა, მთელი ხალხი შენ გატრიალებდა სააქაოსკენ, თავს გეხვეოდნენ...

- ყველაზე შთამბეჭდავი ინტერვიუ რომელი აღმოჩნდა?

- ერთი ინტერვიუ დაიბეჭდა სათაურით: "გმირი დედა შვილებს ყიდის". მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისმა ნაბოლარა ბავშვი გაყიდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და სახლში რომ მივიდა, ქმარს მხოლოდ მაშინ უთხრა, რაც გააკეთა. გააშვილა პატარა, რადგან ვეღარ მოუვლიდა. მერე ეს ქალი მიყვებოდა: დავინახე, ჩემმა ქმარმა ჯირკზე დადო ხელი და შუა თითი წაიჭრა: ეს იმისთვის, რომ სულ მახსოვდეს, ის ერთი შვილი აღარ მყავსო...

- რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდი? - ალბათ ეს კითხვა შენც ბევრისთვის დაგისვამს...

- აუ, სასაცილო ამბავი შემემთხვა მიხეილ სააკაშვილთან. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე იყო. თბილისში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიშამ ძალიან გამოიჩინა თავი, დანგრეულ სახლებში დადიოდა და ა.შ. მე კი ისეთი შეშინებული გახლდით მიწისძვრით, რომ სულ მეგონა, ყველაფერი ყანყალებდა. ჰოდა, ერთ დილას მისული ვარ საკრებულოში, სააკაშვილთან ინტერვიუ მაქვს ჩანიშნული. მიშა ფანჯარასთან იჯდა. დავიწყეთ საუბარი და უცებ წამოხტა, დაეტაკა კარს და ორივე ხელით ეჯაჯგურება საკეტს, ეს ოხერი კარი კი არ იღება. ამის შემხედვარემ ვიფიქრე, რომ ისევ მიწისძვრაა, ინგრევა ყველაფერი, ამიტომაც გადავახტი მაგიდას და ფანჯრიდან უნდა გადავხტე. უცებ კარს შეეშვა და ახლა მე მეცა: ლელა, რა დაგემართაო?! რომ მოვიხედე, შევნიშნე, მდივანია ატუზული კართან, გაოგნებული იყურება და ხელში ჩაით სავსე ფინჯნები უჭირავს. თურმე დაუკაკუნებია, ჩაი რომ შემოეტანა, მე ეს ვერ გავიგონე, მიშა კი წამოხტა, რათა მისთვის კარი გაეღო, რომელიც რატომღაც არ დაემორჩილა და ამის გამო მე ლამის საკრებულოს ფანჯრიდან გადმოვხტი (იცინის).

- მადლობა ინტერვიუსთვის და იმედია, ისევ გაახარებ მკითხველებს საინტერესო ინტერვიუებით. ჩვენ გელოდებით...

ლიკა ქაჯაია