„...გადაწყვეტილი მაქვს სულ მალე პურზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გადავიტანო...“ - გზაპრესი

„...გადაწყვეტილი მაქვს სულ მალე პურზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გადავიტანო...“

„ორი ქართული სიმდიდრის, მხატვრობისა და კულინარიის ძალიან ორიგინალური და ლამაზი მიქსი..." - ასე წერს იტალიური პრესა იტალიაში მცხოვრები უნიჭიერესი ქართველის, ნანა ზურიაშვილის შემოქმედების შესახებ... ჟურნალის "გზა" რედაქცია ნანას საქმიანობით დაინტერესდა.

- დაახლოებით ათი წელია, რაც იტალიაში ვცხოვრობ... მოგეხსენებათ, იტალია ხელოვნების მექაა, ყოველთვის ჩემი საოცნებო ქვეყანა იყო და ამიტომაც ჩამოვედი. მყავს იტალიელი მეუღლე, სამი შვილი...

როდესაც მსოფლიოში პანდემია დაიწყო, პირველი ლოკდაუნის დროს კულინარიამ გამიტაცა. ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და ამიტომაც, სამზარეულოში ფუსფუსით გამყავდა დრო, განსაკუთრებით პურის ცხობამ მომხიბლა. საფუvრის დამზადება შევისწავლე, ახალ-ახალი რეცეპტით ცდებს ვატარებდი... შემდეგ ყველაფერი რომ დავხვეწე, პურზე დახატვის იდეა გამიჩნდა და უკვე დაახლოებით ორი წელია, ვხატავ... ბოლოს სულ ქართულ მოტივებზე მქონდა ნახატები, რასაც სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოhყვა... იტალიური სამზარეულოს ბლოგი მაქვს ქართულ ენაზე და ხშირად, იქ ვაქვეყნებ ჩემს ნახელავს.

276961820-392762665997031-7061228296272498582-n-copy-1682937326.jpg

- პროფესიონალი მხატვარი ხართ?

- ხატვა რაღაც დონეზე მეხერხება. ვერ ვიტყვი რომ მხატვარი, ხელოვანი ვარ, მაგრამ ხატვის კურსები დისტანციურად გავლილი მაქვს... პურზე ხატვა რომ დავიწყე, ბევრს უკვირდა და ვამბობდი, რომ ესეც ხომ თეთრი ფურცელივითაა და შეგიძლია დახატო-მეთქი. შეიძლება ითქვას, პირველმა ვცადე მსოფლიოში ცნობილი მხატვრების ნახატების პურზე გადატანა.

- რომელი მხატვრების ნახატები გადაიტანეთ?

- პირველად მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი - „კივილი“ გადავიტანე...

საქართველოს დიდი ნოსტალგია მაქვს და ბოლო დროს სულ ქართველი მხატვრების ნახატები გადამაქვს... კერამიკაზეც ვმუშაობ.

337144673-3479420592334232-5910752759949323385-n-copy-1682937339.jpg

- გასაოცარია თქვენი ნამუშევარი, სადაც პურზე ფიროსმანია გადატანილი...

- დიახ, ფიროსმანი ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული მხატვარია... გაჭირვებული, ალალი, უბრალო, ღვთაებრივი ადამიანი. ყოველთვის ვამბობ, რომ განსაკუთრებული რამ უბრალოებაში იბადება. ფიროსმანი უბრალოების შედევრია. ტკივილსაც კი ისე გადმოსცემს, ჩემში მუდამ დადებით ემოციას იწვევს...

- პურზე ნახატის გადატანა რთული არ არის?

- მე უკვე მარტივად ვუყურებ, მაგრამ სირთულეები ახლავს... შეიძლება პურს ღუმლიდან რომ გამოიღებ, ყველაფერი წაშლილი დაგხვდეს. პური ცხობის დროს ფუვდება, იზრდება და ყველა დეტალი წინასწარ უნდა გათვალო. ყველა ჭრილი ზუსტად გამოიყვანო, ზედმეტი არ მოგივიდეს. თუ ზედმეტად ჩაჭრი, შეიძლება იქ ჰაერი შევიდეს, უფრო გაიბეროს და ნახატის სიზუსტე დაირღვეს. სიფრთხილეა საჭირო. გადახატვა ყოველთვის მარტივად გამომდიოდა და ახლაც ვიცი, რასაც გადავხატავ, როგორი გამოვა. რაც მომიწადინებია, ყოველთვის გამოსულა.

მე პურზე არ ვხატავ, ჭრილებს "ბრიტვით" ვაკეთებ და გამომცხვარზე უკვე ნახატად რჩება. ნაპრალები თეთრადაა, რადგან წვის დროს ჰაერი არ ატანს... სპეციალური საკვები საღებავებიც მაქვს, რომლითაც შემიძლია პურზე დავხატო, მაგრამ მინიმალისტი ვარ და ჩემი ნახატებიც მინიმალისტურია. ყოველთვის კონტურებში ვხატავ.

- პერსონალურ გამოფენას თუ გეგმავთ?

- გამოფენაზე არ მიფიქრია... ამ ყველაფრის შექმნა ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. შემდეგ სიხარულს მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად ვიზიარებ. ჯერჯერობით ბევრი არ მაქვს, მაგრამ ყველა ჩემი ნამუშევარი შენახულია. გამოფენისთვის ვერც მოვიცლი, რადგან ტურისტულ ფაკულტეტზეც ვსწავლობ. გადატვირთული რეჟიმი მაქვს.

337203945-741817947484534-7209900122434734073-n-copy-1682937351.jpg

- შვილები როგორ აფასებენ თქვენს შემოქმედებას?

- შვილები ძალიან არიან ჩართული, ყველაფერში მონაწილეობენ... ვიდეოებიც მაქვს ჩაწერილი, სადაც ჩემთან ერთად პურზე ხატავენ. საბედნიეროდ, ხატვის ნიჭი აქვთ, რაც ძალიან მახარებს და სტიმულს ვაძლევ ჩემთან ერთად იმუშაონ.

- ქართული იციან? საქართველოში ხშირად ჩამოდიან?

- ზაფხულობით ერთი თვით ჩამოვდივართ, ასევე საახალწლოდ, ცოტა ხნით... უფროსი შვილი მალე 18 წლის გახდება, იგი მამითაც ქართველია და ქართულიც იცის. ბოლო ექვსი წელია ჩემთან ერთად ცხოვრობს იტალიაში. პატარებმა ქართული სიმღერები იციან და შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად საქართველოს ხელოვნებას იცნობენ. თუმცა, იტალიურ გარემოში იზრდებიან და ქართულად საუბარი ცოტა უჭირთ.

- იტალიის რომელ ქალაქში ცხოვრობთ?

- ნეაპოლთან ახლოს... მოგეხსენებათ, აქ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ფანკლუბია. მისი ფოტოები ყველგანაა გამოკრული. ჩვენთვის, ქართველი ემიგრანტებისთვის დიდი მოტივაციაა ხვიჩას გამოჩენა. მარტო ემიგრანტებისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის თითქოს იმედის დაბადებაა... ისტორიულად სულ ვიცით, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი დამწერლობა, ენა, კულტურა, ყველაფერი აქვს, მაგრამ ბოლო წლები ისე წაეწყო, თითქოს აღარაფრის იმედი გვქონდა... ახლა კი ხვიჩას საერთაშორისო აღიარებამ ყველას შეახსენა, საქართველოში ტალანტები იბადებიან... ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ და ჩვენი ქვეყანა აქაურებს საუკეთესო კუთხით გავაცნოთ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- იტალია იმდენად მდიდარი კულტურის ქვეყანაა, გულწრფელად გითხრათ, იმედი არ მქონდა, ნამუშევრები ინტერესს თუ გამოიწვევდა... მეუღლისგან სულ მხარდაჭერა მაქვს, საუკეთესოდ გამოგდის და არ შეჩერდეო.

პურის ცხობის კურსებს გავდივარ და მაქვს იდეა, სამომავლოდ საკუთარი პურის საცხობი გავხსნა. ასევე, კერამიკის ლაბორატორია.

პურზე ჩანახატები მაქვს და ცხობის დროსაც ისეთი შეგრძნება, თითქოს ღვთაებრივი პროცესია... ძალიან ემოციურია პურზე მუშაობა. სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს, მაგრამ რასაც უნდა ვაკეთებდე, ყველაფერს პურთან ვაკავშირებ.

იტალიაში ბევრი სახეობის პური აქვთ... ბედნიერი ვარ, რომ თბილისში ბევრ კარგ მცხობელს ვიცნობ. ჩვენი უძველესი პურის რეცეპტები მოიძიეს და არის მცდელობა, უფრო მრავალფეროვანი გახდეს ადგილობრივი ხორბლის, ქერის გამოყენება... ჩვენ პურის დიდი კულტურა გვქონდა და დღესაც ასეა. ჩემი მეუღლე სულ ამბობს, რომ ყველაზე მეტად ქართული შოთი ენატრება.

მანანა გაბრიჭიძე