რას იხსენებს ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გაზრდილი გოგი ჟღენტი - გზაპრესი

რას იხსენებს ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გაზრდილი გოგი ჟღენტი

მთაწმინდაზე დაიბადა და გაიზარდა ცნობილი კრიტიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის - ბესო ჟღენტის ოჯახში. გასაკვირი არაა, რომ ბავშვობიდან შეიყვარა ლიტერატურა, კინო, თეატრი... ყმაწვილობისას სპორტშიც მოსინჯა ძალები. გოგი ჟღენტს არა მარტო თავისი თაობიდან ჰყავს არაერთი მეგობარი, არამედ უფროსი თაობის ბევრ გამოჩენილ ადამიანთანაც მეგობრობდა. იგი სიამოვნებით იხსენებს მათთან დაკავშირებულ საკუთარი ცხოვრების ეპიზოდებს.

სკოლის პერიოდი

- პიონერთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტების ხელმძღვანელმა მზია ერისთავმა დააარსა ბავშვთა საექსკურსიო-ტურისტული ცენტრი, რომლის წევრიც ვიყავი. ქალბატონ მზიას თაოსნობით ვეცნობოდით საქართველოს კუთხეებსა და ისტორიულ ძეგლებს. საველე პირობებში ორჯერ გუჯარეთის ხეობა მოვიარე. ტურისტული ცენტრი უშვებდა გაზეთს. ქალბატონმა მზიამ ერთ-ერთი ნომრის რედაქტორობა დამავალა და მითხრა, რომ სტატიის დაწერაში უფროსი ბიჭები დამეხმარებოდნენ. 13 წლისა შეცდომაში შემიყვანეს, იხუმრეს - ჩანჩქერი ნიაგარა საქართველოში არისო და მეც დავწერე: „შევედით ბორჯომის ხეობაში და ნიაგარის ჩანჩქერის სასიამოვნო შხუილიც შემოგვესმა“. ამის შემდეგ დამარქვეს „ნიაგარა“. მახსოვს, რუსეთში რომ წავედით ვოლგა-დონზე, მარშრუტს ერქვა „პო ლენინსკიმ მესტამ“ (ლენინის გზებზე), ვნახეთ ქალაქები - ულიანოვსკი, სტალინგრადი...

ცოტა ხანს კალათბურთზე დავდიოდი მიშა კეკელიძესთან, პიონერთა სასახლეში. პირველ სკოლაში ვსწავლობდი და სკოლის კალათბურთის ნაკრების წევრი ვიყავი, სპარტაკიადებზე გამოვდიოდით. ვერავინ მიგებდა მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსაც ძალიან კარგად ვთამაშობდი. მთაწმინდაზე გავიზარდე - რუსთაველი, ვერა... სოლოლაკში ბებიაჩემი ცხოვრობდა. ბესიკის ქუჩის ასახვევში, "დეკასთან" ჩვენი "ბირჟა" იყო, მეორე "ბირჟა" - "ლაღიძის წყალთან". იმ დროს ცნობილი ბიჭები იყვნენ: ნიაზ დიასამიძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, რეზო ჯორჯაძე, თემურ ცუცქირიძე...

jaz-kvarteti-copy-1682950779.jpg

„მუსიკა ძალიან მიყვარს“

- ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკა და ახლაც მიყვარს. ბაბუას კარგი სმენა ჰქონდა. როგორც ამბობენ, სმენაში მეც არა მიშავს. ყმაწვილობისას პიანინოზე კარგად ვუკრავდი, მაგრამ მივატოვე, რასაც ვნანობ. მუსიკალური განათლება რომ მიმეღო, მერე ალბათ, კონსერვატორიაში შევიდოდი საკომპოზიციო ფაკულტეტზე. ბავშვობაში ერთად ვმღეროდით: მე, რეზო მირიანაშვილი და ვახო ცქიფურიშვილი. ტრიოს ხელმძღვანელი ვახოს მამა იყო, ის გვამეცადინებდა. აი, რუსეთში როცა ვიმოგზაურეთ ვოლგა-დონზე, ჩვენი ნამღერი ისე მოეწონათ, რომ ადგილობრივმა რადიომ ჩაგვწერა და საღამოობით პლაჟზე გვესმოდა ჩვენი სიმღერები.

ვაჟა აზარაშვილთან ვმეგობრობ. პირველად როცა მომისმინა, მისი სიმღერა შევასრულე, მითხრა: შეგიძლია, პირდაპირ ესტრადაზე გახვიდეო. ჩემი ახლო ნათესავის, ომარ ჟღენტის დაბადების დღეს ესწრებოდა ცნობილი მომღერალი დემურ ცქიტიშვილი. მისი ერთ-ერთი სიმღერაა გოგი ცაბაძის „განა შენთვის გული არ მითხოვია“. სუფრაზე სხვა მომღერალი არ გვყავდა, თუმცა იყო პირველი ხმა, დემური - მეორე ხმა და ბანი აკლდათ. ომარმა მთხოვა, ბანი შენ იყავიო. ერთი სიმღერა შევასრულეთ და დემურმა მითხრა, ფეხი არ მოიცვალო, ბოლომდე აქ იჯექიო. ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ "გეპეის" ჯაზ-კვარტეტის წევრები: გურამ ბზვანელი, თამაზ ცინცაძე და გურამ ბაკურაძე (შოთა ხარაბაძეს არ ვიცნობდი, ის მოსკოვში ცხოვრობდა და იქ გარდაიცვალა). დანარჩენები, კვირაში ერთხელ საქეიფოდ ვიკრიბებოდით. ჩემთან დაბადების დღეზე ყოველთვის მოდიოდნენ და ერთად ვმღეროდით, ვუკრავდით და ვილხენდით. გურამ ბზვანელმა ვანში წაგვიყვანა, როცა იქ მისი სახელობის სამუსიკო სკოლა გაიხსნა. "ბზვანსკის" ეძახდნენ, "ბზვანელი" ფსევდონიმია, სოფელს ჰქვია ბზვანი. ამ კვარტეტის სიმღერების ფირფიტები შენახული მაქვს გურამ ბზვანელის სამახსოვრო წარწერებით. სამწუხაროდ, ბოლო მოჰიკანი გურამ ბაკურაძე ახლახან გარდაიცვალა.

ორი ტრიო

- ჟანრი ლოლაშვილი ჩემი ძმაკაცია 40 წელია. მისი ბოლოდროინდელი როლებიდან „კაცია-ადამიანი?!“ ძალიან მომწონს, რობიკომ თავისებურად დადგა. ჟანრისთან ერთად, ყოველი სპექტაკლის შემდეგ ვქეიფობ. „ცხელი ძაღლის“ გადაღებების დროს, რამდენიმე დღე დასვენება ჰქონდა და თავისი მანქანით ზღვაზე წაიყვანა ამ ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე. ჟანრის მეგობარს გურიაში დასასვენებელი კოტეჯები აქვს, ერთი კოტეჯი მათ დაუთმო. მე ქობულეთში ვისვენებდი. ჟანრი ჩამოვიდა ჩემთან, მომკიდა ხელი და თავისთან წამიყვანა. 5 დღე ყოველ საღამოს კარგად ვქეიფობდით. ზაზა ძირითადად მუშაობდა, თავისთვის იჯდა და რაღაცას წერდა. იმ სუფრაზე, სადაც ჟანრია, აუცილებლად ის არის თამადა, სხვა ვინმე გამორიცხულია. მერე ერთად ვმღერით, ტრიო ვართ - ჟანრი, მე და ოთარ ჩუბინიშვილი - ისიც ჩემი ძმაკაცია. ოთარის დამუშავებულ ქართულ და ესპანურ სიმღერებს ვასრულებთ. ის არის სახალხო არტისტი, კონსერვატორიის პროფესორი, სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის ჩელისტი.

კიდევ ერთი ტრიო გვქონდა უახლოეს მეგობრებს - კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე, ჯემალ კერესელიძე (კომპოზიტორ არჩილ კერესელიძის ვაჟი) და მე. ეს სამი კაცი წავიდოდით დუქანში, საიდანაც მოჩანდა მთაწმინდა... ცალკე ოთახში ვსხდებოდით და ჯემალი ჯერ რეზო ლაღიძის სიმღერას იმღერებდა, მერე იყო გოგი ცაბაძე, ბიძინა კვერნაძე... რაღაც მომენტში დაიწყებდა „ყელსაბამი ლალისფერი“ - მამამისის სიმღერას. ჯემალს "ჯემუშტას" ვეძახდით, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა...

როგორ გახდა ბიოლოგი

- სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი, მაგრამ ერთი ქულა დამაკლდა. დაგროვილი ქულებით ჩამრიცხეს თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტის საღამოს დასწრებულზე, მალე დღეზე გადავედი. თავს მშვენივრად ვგრძნობდი, შევრჩი ბიოლოგიას და სამედიცინოზე აღარც მიფიქრია. სტუდენტობა ძალიან კარგად მახსენდება. პრაქტიკებზე დავდიოდით იალტაში, ყაზბეგში, ბათუმში... კურსელებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, გამოვდიოდით სტუდენტურ ოლიმპიადებზე, ერთად ვმღეროდით, ერთად ვისვენებდით. მეუღლეც ბიოლოგი მყავს, ნინო (ნუკა) ჭანტურიშვილი, უკვე 50 წელია ერთად ვართ.

ვმეგობრობდი ლექტორებთანაც. მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტი, ოთარ ჩუბინიშვილის უფროსი ძმა ლევანი ჩემზე უფროსი იყო 9 წლით, მაგრამ მეგობრები ვიყავით. ოთარი სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში და როცა საბოლოოდ ჩამოვიდა თბილისში, ლევანმა მაშინ გამაცნო. ლევანს ვუთხარი: შენი ძმა მოსკოვში რომ იყო წლების მანძილზე, ცოტა მატრაბაზი ხომ არ გახდა-მეთქი?.. ასე არ აღმოჩნდა. მე და ოთარი დღემდე საუკეთესო მეგობრები ვართ.

უნივერსიტეტი დავამთავრე და ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტი გავხდი. ფიზიოლოგიის განყოფილებაში ვმუშაობდი სადისერტაციო თემაზე, რომელიც სამეცნიერო საბჭომ დამიმტკიცა. რადგან ბოტანიკის ინსტიტუტს შტატი არ ჰქონდა, ასპირანტურის შემდეგ უმუშევარი ვიყავი. მამაჩემმა სთხოვა სერგი დურმიშიძეს და მან წამიყვანა თავისთან, მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში და მითხრა: ხელფასი ჩემთან აიღე და დისერტაციაზე იქ იმუშავეო. ძალიან მერიდებოდა, ასე რომ ვიქცეოდი და რამდენჯერმე გამოვთქვი წუხილი ნიკო კეცხოველთან, ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორთან. ბოლოს ნიკომ მითხრა: მოიტანე აქ ის შტატი, სერგიც დაისვენებს და ჩვენცო.

zhanri-lolashvili-gogi-zhgenti-guram-bakuraze-copy-1682950760.jpg

„ჩვენი ოჯახის სტუმრები“

- ვინ არ ყოფილა ჩვენთან - გიორგი ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, ოთარ ჭილაძე, ვასილ კიკნაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნოდარ დუმბაძე... მამაჩემის ნათლული იყო გურამ ასათიანი და მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. ერთხელ სუფრასთან კონსტანტინე გამსახურდიას გვერდით დამსვა მამაჩემმა: ყურადღება მიაქციე, თუ რამე მოუნდება, მიუტანეო. მე უფრო იქით მიმიწევდა გული, სადაც ახალგაზრდა მწერლები ისხდნენ და სახალისო ამბებს ჰყვებოდნენ. მაგალითად, ნოდარ დუმბაძე ეუბნება ჯანსუღ ჩარკვიანს, - არ წავიდეთ "კარლოვი ვარშიო"?.. - იგულისხმებოდა კარლო კალაძე, ასე დაარქვეს იმიტომ, რომ გამომცემლობის დირექტორი იყო და ყველას უარს ეუბნებოდა ჰონორარის წინასწარ გაცემაზე. „კარლოს უარი“ მონათლეს "კარლოვი ვარად". ჯანსუღი პასუხობდა: ხომ იცი, რომ უარს გეტყვის, უკან უფულოდ წამოვალთ და ეს გინდაო?!. ვუსმენდი მათ მონაყოლს და ვხარხარებდი.

ჩვენთან ოჯახში ძირითადად მამა იყო თამადა. ბესოს ძალიან უყვარდა ხუმრობა. თავის კლასელსა და მეგობარს, აკაკი ბელიაშვილს ასე ადღეგრძელებდა: ბრწყინვალე პიროვნებაა და ცხვიროვნება - კიდევ უკეთესიო (აკაკის დიდი ცხვირი ჰქონდა). გიზო ჟორდანია ჩვენთან სახლში ყოველთვის მოდიოდა მამაჩემის დაბადების დღეზე. მამა როცა გარდაიცვალა, მერეც მოდიოდა, ბესოს მეორე მეუღლე, ეთერ გუგუშვილი ეპატიჟებოდა, მისი მეგობარიც იყო. ასე დავუახლოვდი გიზოს და მის სპექტაკლზე ხშირად დავდიოდი. გიზოს ძალიან ვუყვარდი. მეუბნებოდა: შენ რომ ლაპარაკობ, მამაშენი მაგონდება, თქვენი ხმები ერთმანეთს ჰგავს და ასე მგონია, ბესოსთან ერთად ვზივარ სუფრასთანო.

ეპიზოდი შვილიშვილზე

- სამი შვილიშვილი მყავს, სამივე ბიჭია. მოგეხსენებათ, ბიჭებს როგორ უყვართ მანქანა. უფროს შვილიშვილს დავსვამდი ხოლმე საჭესთან და ძალიან ბედნიერი იყო, გვერდით მივუჯდებოდი. ხშირად ვვარჯიშობდით იპოდრომზე, იქვე ვცხოვრობთ, მაგრამ მანქანით მივდიოდი იმ მიზეზით, რომ ბავშვი დაიღლება და უკან ფეხით ხომ არ ვატარებ-მეთქი. ერთ დღესაც, ვარჯიშის შემდეგ, დავიღალეო თქვა და სახლში ვბრუნდებით. მანქანაში რომ ჩავსხედით, ამბობს: რა კარგია, მანქანა რომ გვყავსო. მე ვუთხარი: აი, სტუდენტი რომ გახდები, გიყიდი, თუ ცოცხალი ვიქნები-მეთქი. ცოტა ხანს ჩუმად იყო, რაღაც მოიწყინა და უცებ თქვა: ბაბუ, არ ინერვიულო, შენ თუ არ იქნები, მანქანას მამა მიყიდისო... დამამშვიდა (იცინის)...

ნანული ზოტიკიშვილი