ფერადი ღრუბლები და ინფორმაცია კოსმოსიდან, ანუ როცა მოლბერტთან ვიცე-პოლკოვნიკია - გზაპრესი

ფერადი ღრუბლები და ინფორმაცია კოსმოსიდან, ანუ როცა მოლბერტთან ვიცე-პოლკოვნიკია

20-28 აპრილს, "აბრეშუმის გალერეის" საგამოფენო დარბაზში ნინა ვადაჭკორიას მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართა. ფერწერული ნამუშევრების ექსპოზიციის დათვალიერებისას გაჩნდა განცდა, რომ ავტორს ერთი კონკრეტული ხელწერა არა აქვს და კედლებზე გამოფენილი 78 ნამუშევარი სხვადასხვა მხატვრის მიერ იყო შესრულებული. ნინა ვადაჭკორიას სწორედ ეს ჩანაფიქრი აქვს; არ უნდა, მისი შემოქმედება ერთფეროვანი იყოს. სურს მუდმივად ექსპერიმენტებსა და სიახლის ძიებაში აკეთოს საქმე, რომელიც ახლა და ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სიამოვნებს, ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ნახევარი საუკუნე გალია...

"ქლაუდისტი ვადანინი"

50 წლის ასაკში მოსული მხატვრის მუზა იმდენად ძლიერი და აქტიური აღმოჩნდა, რომ პაუზის გაკეთების საშუალებას არ აძლევს. ნახატები ყოველდღიურ რეჟიმში იქმნება, ავტორის გამოგონილ ჟანრში, რომელსაც ღრუბლების პატივსაცემად "ქლაუდიზმი" დაარქვა და ასევე ფსევდონიმიც გამოიგონა - "ვადანინი". ამ სახელს მის ნახატებზე ყველგან ნახავთ, თუმცა, არა სურათის რომელიმე კუთხეში, არამედ კატის კუდზე, გოგონას კისერზე, ქალის ფეხსაცმელზე ან რომელიმე ფიგურის თვალში...

არც ბავშვობაში ხატავდა და არც სამხატვრო აკადემიაში უსწავლია. პროფესიით ფილოლოგია, მცირე პედაგოგიური გამოცდილებით და 20-წლიანი სამსახურებრივი სტაჟით სახელმწიფო საზღვრის დაცვის პოლიციაში. ჯერ პრესსამსახურში მუშაობდა, შემდეგ - ადამიანური რესურსების მმართვის სამმართველოში. მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როცა 2021 წლის პირველივე თვის დასაწყისში, გონებაში მოწითალო-აგურისფერმა ფერებმა დაიწყო "ტივტივი" და ნელ-ნელა ხარის თავის სილუეტიც "გამოჩნდა". შობა თენდებოდა - ხატვის დაუოკებელი სურვილი გაჩნდა და ისიც არ შესწინააღმდეგებია, დაჯდა და იმ წლის მთავარი სიმბოლო, ხარი დახატა. "ტორტის ყუთის სახურავზე, შვილისთვის ნაყიდი აკრილის საღებავებით, მუყაოზე ფუნჯი რომ დავუსვი და დავხატე, მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ", - ამბობს ნინა ვადაჭკორია.

- ქალბატონო ნინა, მხატვრებისთვის დამახასიათებელი გზა არ გაგივლიათ და არც სამხატვრო აკადემიაში გისწავლიათ. 2 წელია, რაც ხატვა დაიწყეთ. ფილოლოგისა და ვიცე-პოლკოვნიკის ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი ფაქტი ან გარდამტეხი მოვლენა ხომ არ მოხდა, რამაც ხატვა დაგაწყებინათ? თქვენ ამას რითი ხსნით?

- დიახ, გზა გავიარე: ფილოლოგობიდან ვიცე-პოლკოვნიკობამდე, ვიცე-პოლკოვნიკობიდან მხატვრობამდე, მაგრამ საერთოდ, ყოველთვის შემოქმედებითი ნატურა ვიყავი. ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს, მიყვარდა და ახლაც მიყვარს თეატრი, მაგრამ რაც შეეხება ხატვას, მასთან შეხება, ისევე როგორც ყველას, მეც მხოლოდ სკოლის გაკვეთილებზე მქონდა და სულ ეს იყო. სასაზღვრო პოლიციაში მუშაობამდე, სკოლაში ვასწავლიდი. ერთხელაც, სასაზღვრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი პროექტის, მცირეწლოვან ბავშვთა დანაშაულების შესახებ გამოსაცემად გამზადებული წიგნის რედაქტირება მომიხდა, რის შემდეგაც სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურში მუშაობის შეთავაზება მივიღე. დავთანხმდი. სკოლიდან წამოვედი და ახალ საქმეზე გადავერთე. უცხო გარემოში, ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურში, მთელი გონებითა და გულით გადავეშვი. ეს ყველაფერი იყო როგორც რთული, ისე სტრესული. 2000 წლის შემდეგ ლექსი არ დამიწერია. იმ პერიოდზე ვამბობ ხოლმე, ერთი დიდი რკინის კარი რომ მივიხურე, მუზებმა კარი მეც მომიხურეს-მეთქი. რამდენიმე წლის შემდეგ ჩემს თავს შევატყვე, რომ შინაგანად სულ რაღაც მაწუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ თეატრში, კინოში, გამოფენებზე დავდიოდი, საზღვარგარეთაც ვმოგზაურობდი, ევროპის არაერთი ქვეყანა მოვინახულე და მუზეუმებში საოცრებები ვნახე, პანდემიის დაწყებამდე იერუსალიმშიც ვიყავი, ჩემი შინაგანი მდგომარეობა მაინც არ იყო ისეთი, როგორიც უწინ. მტკიოდა, რომ ჩემი სული სხვაგან იყო, ხოლო ფიზიკური სხეული და გონება - სხვაგან. ასე გაგრძელდა 20 წელი, სასაზღვრო პოლიციაში 2000-დან 2021 წლამდე ვმუშაობდი.

- და როგორც ვიცი, სამსახური ხატვის გამო დატოვეთ, თქვენთვის ხატვა გახდა პრიორიტეტული. ამ მცირე დროის განმავლობაში მეორე პერსონალური გამოფენის გამართვა იმას ნიშნავს, რომ სისტემატურად ხატავთ. ამას როგორ ახერხებთ?

- დიახ, სულ ვხატავ და პატარა, სამოთახიან ბინაში 300-მდე ნახატი მაქვს. ნამუშევრებია ყველგან, ჭერის გარდა. ამავდროულად, ქალი ვარ, ოჯახი მყავს, შვილი, მეუღლე და სახლის საქმესაც ვაკეთებ, მაგრამ ხატვას მაინც ვახერხებ. უფლის დიდი წყალობაა, რაც ჩემთან 7 იანვარს მოვიდა. ფაქტობრივად, 20-წლიანი სასჯელი მოვიხადე და მერე ღმერთმა დამაჯილდოვა. შანსი არ იყო, ამაზე უარი მეთქვა და დამეთმო, არც ერთი თანამდებობა და ხელფასი არ მიღირდა ამად. კი, შეიძლება, ასე უცბად ვიცე-პოლკოვნიკები სამსახურს არ ტოვებენ, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდიოდა. მინდოდა, მთელი დრო ხატვისთვის დამეთმო.

- ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ფიქრობდით?

- არა, დაახლოებით თვე. ხატვა იანვარში დავიწყე და სამსახურიდან 21 მარტს, მესაზღვრის დღეს წამოვედი. თათბირზე ვთქვი, რომ მივდიოდი და ჩემი მისია ახლა უკვე სხვაგან იყო...

შვიდიანი

- თავდაპირველად ნახატებს არ ვყიდდი, ვაჩუქებდი და დაახლოებით 200-მდე ნახატი ასე მაქვს გასხვისებული. ყველა მირჩევდა, გამეყიდა და მეც გადავწყვიტე, დაინტერესების შემთხვევაში ასეც მოვქცეულიყავი. პირველი, ვინც შეძენის სურვილით დამიკავშირდა, არაჩვეულებრივი ადამიანი, მეზღვაური გიორგი ვადაჭკორია აღმოჩნდა. მოკრძალებულად მთხოვა მან, თქვენი ნახატებიდან დიდი ენერგია მოდის და რომელსაც გაიმეტებთ, შევიძენო. რამდენიმე გავუგზავნე და შეარჩია. ასე შეიძინა ჩემი ნახატები მოგვარემ, თუმცა, მაშინ ჩემთვის უცნობმა ადამიანმა. ხატვა 7 იანვარს დავიწყე, ერთი წლის შემდეგ პირველი გამოფენა ივნისის ამ დღეს მქონდა და ნამუშევრებიც პირველად 7 რიცხვში გავყიდე. შვიდიანი გამისამდა და ეს "ჩემი" რიცხვი აღმოჩნდა (იღიმის).

7-1682950979.jpg

- ეს რიცხვი მანამდეც "თქვენი" იყო თუ სხვა წარმატებაც უკავშირდებოდა?

- დიახ, ასე გამოდის. 1970 წლის 1-ლ ივლისს ვარ დაბადებული ანუ - მეშვიდე თვეს; 7 საათი იყო, როცა ვიმშობიარე და ა.შ. ეს და ჩემი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები ამ რიცხვში ხდებოდა, მაგრამ აქამდე ამას ძალიან არ ვაკვირდებოდი. როცა პირველი ნამუშევარი გაიყიდა, მაშინ დავფიქრდი. ჩემი პირველი ნამუშევარი "ხარიც" ხომ 7 იანვარს შეიქმნა და ჩემს შვილს ანკას ვეხუმრები ხოლმე, შენი დედიკო დიდი მხატვარი რომ გახდება და მე აღარ ვიქნები, რაც უნდა გაგიჭირდეს, ეს ნახატი არ გაყიდო-მეთქი. მასაც ეცინება, - შენ იმდენი ნახატი გაქვს, რაღა მაინცდამაინც "ხარის" შეძენა მოუნდებათო?!

ისევე, როგორც შარშან არ შეშინებია ფართო საზოგადოების წინაშე პირველი გამოფენით წარდგომა, ეს განცდა არც მეორე ექსპოზიციის მზადებისას დაუფლებია. თან უნდოდა, მის ნახატებსაც "გახარებოდათ", კედლებზე შესაბამის გარემოში "გაპრანჭულიყვნენ" და რაც მთავარია, ადამიანები არა მხოლოდ ინტერნეტსივრცით შემოფარგლულიყვნენ, არამედ მისი ნახატები "ლაივში" გაეცნოთ. იმასაც გეტყვით, რომ ლექსებს აღარ წერს და ამჟამად არც წარსულში შექმნილ პოეზიის დასურათებაზე ფიქრობს, რადგან მაშინ გარკვეული დროით იმ პროექტზე უნდა გადაერთოს და წარმოსახვაში მოსულ სტუმრებს კარი მიუკეტოს. კოსმოსიდან მოსული ინფორმაცია და "ტიპები" უკან რომ არ გააბრუნოს, ურჩევნია, ჯერ სხვადასხვა ფიგურა თუ თემა "შინ შეიპატიჟოს", მერე კი ფურცელზე ფუნჯითა და აკრილის საღებავებით "დაასახლოს".

დაბოლოს, საგამოფენო დარბაზში ნახატებს მათვალიერებინებდა, როცა ჩვენი საუბრის დასასრულს ვკითხე:

- თქვით, რომ პირველად გონებაში მოწითალო-აგურისფერი ფერები "ამოტივტივდაო". რა ფერია ახლა ღრუბელი თქვენს თავზე და წინასწარ ხომ არ გრძნობთ, მხატვრობის შემდეგ რა შეიძლება "მოვიდეს"?

- ჩემი ღრუბელი არც საწყის ეტაპზე იყო ერთფერი და არც ახლა - ის სულ მრავალფერია. და რა შეიძლება მხატვრობის შემდეგ მოვიდეს?.. არ ვიცი, წინასწარ არაფერს ვგრძნობ. ბოლომდე უფალს ვარ მინდობილი.

ანა კალანდაძე