"ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3 მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლია" - გზაპრესი

"ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3 მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლია"

ქობულეთის მუზეუმის დირექტორი, არქეოლოგიის დოქტორი და უფროსი მასწავლებელი რეზო ტაკიძე, აკაკი წერეთლის სახელობის, ქობულეთის #1 საჯარო სკოლაში ახალ საგანს - "მე და საზოგადოებას" ასწავლის. თერთმეტი წლის წინ გახსნილი მუზეუმის დირექტორსა და მისი დაარსების ინიციატორს, ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია აქვს მოზარდებთან, სხვადასხვა პროგრამის განხორციელებისა თუ ღონისძიების ჩატარების თვალსაზრისით. თუმცა, ამ შემთხვევაში ისტორიკოსი მის მოსწავლეებზე, სასწავლო პროცესსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე გვესაუბრა და ამ მიმართულებებზე გვქონდა აქცენტი. თანამედროვე ბავშვებთან ურთიერთობის ფორმებითა და მათთან გამოყენებული სწავლების მეთოდების გამო, ალბათ რეზო ტაკიძის ხედვებში ბევრი არაერთ პარალელს გაავლებს, პედაგოგისა და ფსიქოლოგ შალვა ამონაშვილის მოსაზრებებთან.

- საგანი "მე და საზოგადოება" ყველა საჯარო სკოლაში ისწავლება. ახალი დისციპლინა მოიცავს: ისტორიას, გეოგრაფიას, ბუნებას, ზოოლოგიას, ჰიგიენას, მედიცინას, საგზაო მოძრაობის წესებს, უსაფრთხოებას, ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებს, ეკონომიკურ საკითხებს, ტოლერანტობას და ა.შ. 9 მასწავლებლის კონკურენციის პირობებში, სკოლამ არჩევანი ჩემზე გააკეთა. ვფიქრობ, ძალიან გონივრულად და გულისხმიერი მიდგომებით შედგენილი პროგრამაა და ეს ძალზე სასიხარულო ფაქტია. პირველ-მეორე კლასებში, "ანა-ბანას" შესწავლის შემდეგ, ამ საგნის მეშვეობით, ბავშვები მესამე და მეოთხე კლასიდან მოყოლებული, ნელ-ნელა ეჩვევიან საზოგადოებაში ინტეგრაციას. მოსწავლე სუფთა დაფაა და მან ისეთი ინფორმაცია უნდა მიიღოს, რომ სწორად განსაზღვროს მომავალი. მომავალ თაობას ჩვენ სარკმელი უნდა დავანახვოთ და ვფიქრობ, ეს საგანი მოზარდისთვის სწორედ გზაა ცივილიზაციისკენ, კულტურისკენ, რწმენისკენ... მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი ეროვნული მნიშვნელობის პროცესის თანამონაწილე ვარ უკვე ერთი წელია და ამ საქმეს მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებ.

- როგორ ჩაიარა პირველმა გაკვეთილმა? როგორ დაიწყეთ ბავშვებთან კომუნიკაცია?

- პირველი გაკვეთილი მესამეკლასელებთან მქონდა. დამრიგებლის შუამდგომლობით, ერთმანეთის წინაშე წარვდექით. ჩემთვის ერთგვარად სასიამოვნო იყო, რამდენიმე ბავშვისთვის ნაცნობი რომ აღმოვჩნდი. ერთმა თქვა, ეს კაცი ტელევიზიაში მყავს ნანახიო, მეორემ - მუზეუმშიო. თავდაპირველად გავეცანით ერთმანეთს, რა დროსაც 33 მოსწავლესთან ინდივიდუალურად ჩამოვიარე და ხელი ჩამოვართვი. ვკითხე სახელები, მიმართვით "ბატონო", "ქალბატონო", რის შემდეგაც უკვე გადავინაცვლე კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მათთვის სიტყვა "საზოგადოება" და ა.შ.

rezos-moscavleebi1-1682951144.jpg

- მიმართვის ფორმები მომხვდა ყურში. ბევრი პედაგოგი ბავშვებთან "შენობით" საუბარს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიერთი კი დაწყებითი კლასის მოსწავლეებსაც "თქვენობით" ესაუბრება. რას ფიქრობთ და როგორია ურთიერთობის თქვენეული ფორმა?

- პირველ გაკვეთილზევე შევთანხმდით, რომ ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ და ჩვენთვის დაუძლეველი თემები არ არსებობს. რაც შეეხება თქვენს კითხვას და მიმართვის ფორმებს, მე მათ ვეუბნები, - "მეგობრებო", ხოლო ისინი "რეზო მასწს" მეძახიან ან "რეზი მასწს" - როგორც ვატყობ, სახელის ეს ფორმა უფრო მოსწონთ. რამდენიმე გაკვეთილი წითელი კალამი არ დამიჭერია, თუმცა მერე შემაცვლევინეს. ბავშვები ამას შეჩვეული არ იყვნენ და ვერც მათმა მშობლებმა დაიჯერეს, რომ შეცდომებს ლურჯი კალმით გამოვყოფდი. არადა, მე არ მინდოდა შენიშვნების წითლად ხაზგასმა, ბავშვებისთვის ეს თვალში საცემი რომ არ ყოფილიყო და ნეგატიურად არ ემოქმედა. ამიტომ, რადგან უნდოდათ წითელი, მეორე გზა ავირჩიე, თუ მოსწავლის დავალებაში განსაკუთრებით რაიმე მომეწონა, იმ წინადადებას წითელი კალმით ვუსვამ ხაზს და მივანიშნებ - "ძალიან მომეწონა". თუ შეცდომას აღმოვაჩენ, ხაზს არ ვავლებ, უბრალოდ, იმ თემაზე ვუმახვილებ ყურადღებას და ვესაუბრები. მინდა ბავშვებმა სიყვარულით ისწავლონ. საერთოდ, დაწყებით კლასებში ნიშანი არ იწერება და შესაბამისად, შეფასება ხდება შემდეგი სიტყვებით: "ყოჩაღ, სანიმუშოა, კარგია, ძალიან მომეწონა..." ამ ბოლო დროს, ბავშვებს "მადლობასაც" ვუწერ. თუ დავალება დაავიწყდა ან არ გააკეთა, ამისთვის საყვედურს არ მიიღებს. ჯგუფური მუშაობის შედეგად, იმ მოსწავლეებს, რომელსაც დახმარება სჭირდებათ, ჩავრთავ და გავაერთიანებ იმ მოსწავლეებთან, რომლებიც ძლიერები და აქტიურები არიან. ასევე გავარკვიე, ვინ ვისთან ახლოს ცხოვრობს, რომ ერთი მეორესთან გადავიდეს და გაკვეთილი ერთობლივად მოამზადონ. აქ კიდევ ერთი ფაქტორია: პანდემიის პერიოდში შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით ვთქვა, რომ ჩემი შვილების კონტროლი ხელიდან გამექცა. შინ ჩაკეტილობისას, როცა ნათესავებს, მეგობრებს ვერ ვსტუმრობდით, ყველაზე კარგი გამოსავალი ტელევიზორი და ინტერნეტი იყო, სწავლებაც ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა და ფაქტობრივად, ამ ორ-ნახევარმა წელმა ბავშვები კომპიუტერებს მიაჯაჭვა და მეტიც, დამოკიდებული გახადა. ქალ-ვაჟი მყავს, 15 წლის ქალიშვილი და 14 წლის ბიჭი. თან იმ პერიოდში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით და იქ დროებით, უცხო გარემოში ყოფნამ ბიჭისთვის ურთიერთობის დეფიციტი გააღრმავა და როგორც დავაკვირდი, საზოგადოებაში ინტეგრაცია გაუჭირდა. გოგონა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "მხედრულში" ცეკვავს და ის უფრო გახსნილია, ბიჭმა კი ახლახან დაიწყო კალათბურთზე სიარული და იმედია ეს წაადგება.

- დიახ, ასეა. არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ჩვენც თითქოს გადავეჩვიეთ ცოცხალ ურთიერთობებს. ბევრი ადამიანი, როგორც ზრდასრული, ისე მოზარდი, პანდემიის პერიოდმა ასოციალური გახადა და ამას ფსიქოლოგებიც აღნიშნავენ. თქვენს მოსწავლეებს შორის თუ შეგინიშნავთ მსგავსი შემთხვევები?

- დიახ და ამის გამოსასწორებლად გეტყვით, რა "ხერხს" მივმართავ: ერთმანეთთან ახლოს მცხოვრებ კლასელებს ვთხოვ, დავალება ერთად შეასრულონ, ცდები ერთად ჩაატარონ. მოკლედ, ათასნაირ რამეს ვიგონებ, რომ არა მხოლოდ კომუნიკაცია დაამყარონ, არამედ მეზობლობა, მეგობრობა და ერთად მუშაობა ისწავლონ.

rezos-moscavleebi2-1682951133.jpg

- ალბათ, თქვენი მოსწავლეების დიდი ნაწილი თქვენთან მუზეუმში უკვე გყავდათ...

- დიახ, ბავშვები მუზეუმში დამრიგებელთან, ხელოვნების, მშობლიური ენა-ლიტერატურის ან სხვა მასწავლებლებთან ერთად მოდიან. ინტეგრირებულ გაკვეთილებს კლასების მიხედვით ვატარებთ... ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს მსოფლიო მნიშვნელობის, "იუნესკოს" მიერ აღიარებული ბუნების სამი ძეგლი: ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის ეროვნული პარკი და მტირალას ეროვნული პარკი. მეოთხე ლოკაცია კოლხეთის ეროვნული პარკია, რომელიც საქართველოს ორი ისტორიული მხარის - სამეგრელოსა და გურიის ნაწილია (კოლხური ტყეები და ჭაობები "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ბუნების ძეგლად 4 წლის წინ იქნა აღიარებული). წარმოიდგინეთ, იუნესკოს მიერ აღიარებული 4 ლოკაციიდან 3 შენს რეგიონშია და ამ დროს, ძალიან ცოტა ბავშვმა იცის ამის შესახებ. ასევე გვაქვს 5 ეროვნული მნიშვნელობის მატერიალური და 80-ზე მეტი არქიტექტორული და არქეოლოგიური ძეგლი. ასეთი მდიდარი მემკვიდრეობის პატრონი არიან ახალგაზრდები. ფაქტობრივად, ქვის ხანიდან - თანამედროვე პერიოდამდე, ქობულეთში ადამიანის ცხოვრების, მოღვაწეობისა და განვითარების უწყვეტი ჯაჭვია წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ, ჰეშთეგით "მემკვიდრეობა გვაერთიანებს" ფარგლებში, ბავშვების ინფორმირებას ვცდილობ. ასე მაგალითად, როგორც გიდები იღებენ ცოდნას, თუ რა შესთავაზონ მათთან ჩასულ სტუმრებს, იქნება ეს მუნიცილაპიტეტის მუზეუმის დათვალიერება, დაცული ტერიტორიების, ხიდების, ეკლესიებს და სხვა. იმითაც ვინტერესდები, რა ადგილებს შეარჩევენ პირადად ვიზიტისთვის და იმ კონკრეტულ ადგილზე, ინფორმაციის მოძიებას ვავალებ. ასევე, მოზარდებს ვთხოვ შეაგროვონ დეტალები იმ ადამიანზე, რომლის სახელობის ქუჩაზეც ცხოვრობს. პატარა გიდი სტუმარს კოსტავას ქუჩაზე რომ გაატარებს, ხომ უნდა იცოდეს, ვინ იყო ეს ადამიანი და რა პროცესებში მონაწილეობდა. კოსტავას გამსახურდია კვეთს, მერე თამარის სანაპიროზე გადის, იქვე მიმდებარედ აღმაშენებლის და შოთა რუსთაველის გამზირია. ვეუბნები, რომ მთელი საქართველოს ისტორია თვალწინ აქვთ და მათ ეს ცოდნა უნდა ჰქონდეთ.

- ბავშვები თავად დაგყავთ და ქალაქის ქუჩებზეც თქვენ ესაუბრებით?

- რა თქმა უნდა!

- დაბოლოს, ისიც მითხარით, მიმდინარე წელს რა მნიშვნელოვანი სიახლეები გქონდათ მუზეუმში?

- წელს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო გამოფენა იყო თემაზე: "ქალის როლი საზოგადოებაში", რომელიც ჩეხეთის საელჩოსა და ჩვენი ერთობლივი პროექტი გახლდათ. მათ 50 ჩეხი ქალბატონი გაგვაცნეს და ჩვენ კი ქობულეთელი ქალების ისტორიები დავახვედრეთ, თავისი ფოტოებით, რომელთა შორის იყვნენ: პირველი მეზღვაური ქალი აჭარიდან, პირველი მფრინავი, პირველი მეჩაიე და ა.შ. ბევრი პირადად ჩემთვისაც ძალზე საინტერესო იყო.

ანა კალანდაძე