ექთანი, რომელმაც დიდი ხნის ჩანაფიქრის რეალიზება შეძლო - გზაპრესი

ექთანი, რომელმაც დიდი ხნის ჩანაფიქრის რეალიზება შეძლო

მას შემდეგ, რაც ანა ქარუმიძემ ექთანის პროფესიაში დროებითი პაუზა აიღო, თავისი ბავშვობის ინტერესს ჩაუღრმავდა, მის განხორციელებაზე გადაერთო და მცირე ხნის წინ აქსესუარების დამზადება დაიწყო. რამდენიმე თვეა კიდევ უფრო გააქტიურდა და ამ ეტაპზე სხვადასხვა ორნამენტისა და ფერის, სამ უმთავრეს პროდუქტს აკეთებს. აქსესუარი ხომ ის ნივთია, რომელიც მფლობელს გამორჩეულ იერს აძლევს და მის ინდივიდუალობას გამოკვეთს. ვფიქრობ, ანას ნამუშევრებიც სწორედ ასეთი სადა, თუმცა თვალში საცემი და ორიგინალურია.

- ექთანი ვარ, 29 წლის. ამ პროფესიის არჩევა ცოტა გვიან გადავწყვიტე, მანამდე სხვა კურსებს გავდიოდი. კოვიდპანდემიისას დავიწყე მუშაობა კლინიკაში, სადაც 2 წელი გავატარე. იმ დროს მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, მაგრამ ვინაიდან კლინიკებში კადრები ძალიან აკლდათ, ლექტორებმა იმ სტუდენტებს, ვისი ნდობაც ჰქონდათ, მუშაობა შემოგვთავაზეს. მოგეხსენებათ, საწყის ეტაპზე როგორი ქაოსი იყო. მართალია, სხვადასხვა კლინიკაში პრაქტიკები გავლილი გვქონდა, მაგრამ მანამდე პაციენტებთან უშუალო შეხება და დამოუკიდებელი მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. თან პირდაპირ რეანიმაციაში შევედი და ეს ძალიან რთული 2 წელი იყო. კოვიდრეანიმაციის შემდეგ, დაახლოებით 7 თვე კლინიკაში დავრჩი და მუშაობა გავაგრძელე.

5-1682951308.jpg

- ექთანის დატვირთვა საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით რეანიმაციაში, მძიმე პაციენტებთან. ფიზიკური შრომის გარდა, საკმაოდ ემოციური და სტრესულია ეს ყველაფერი...

- დიახ, ჩემთვის ეს დიდი სტრესი იყო, სიტყვებით იმ განცდების გადმოცემა გამიჭირდება. ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ. თან, კლინიკაში მივედი თუ არა, "კოვიდი" დამიდასტურდა. ვირუსი ბებიას გადავდე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ ნიადაგზე პანიკა მქონდა. მოკლედ, რთული პერიოდი გავიარეთ... 2 თვეა, რაც სამსახური დავტოვე და როცა იმ წლებზე ვფიქრობ, ახლა მგონია, ამ პროფესიაში დაბრუნებას ვერ შევძლებ. თუმცა, მომავალში ამას არ გამოვრიცხავ. ამ ეტაპზე სამკაულებს ვაკეთებ. ამ საქმით სკოლის პერიოდიდან ვარ გატაცებული. დაახლოებით 11 წლის ვიყავი, როცა სკოლაში მოვიდა გოგონა, რომელმაც სამკაულის დამზადების წრე გახსნა. სკოლაში მხოლოდ 1 თვე გაატარა, მერე მასთან კომუნიკაცია აღარ გვქონია, მაგრამ ძალიან მომეწონა ის პროცესი, რაც გავიარეთ. წლები რომ გავიდა, სულ ვეძებდი და საქართველოში ვერ ვიპოვე ის მასალა, რომლითაც გადაწყვეტილი მქონდა სამკაულის დამზადება. რასაც აქ ვნახულობდი, იმ ბისერებს საკმაოდ ცუდი ხარისხი ჰქონდა. ერთხელაც შეყვარებულმა მირჩია, მასალა ინტერნეტში მოგვეძიებინა. რამდენიმე გვერდის დათვალიერების შემდეგ, აღმოვაჩინე სასურველი პროდუქტი, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ვიწერ და აქსესუარებს ვამზადებ. ასე ვიწერ კაპრონსაც, ნემსებსაც. იაპონური ბისერების მეშვეობით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ სამ ნივთს ვაკეთებ: ბეჭედს, ყელსაბამსა და სამაჯურს, უახლოეს მომავალში ალბათ საყურეს დავამატებ. ამ მასალით ულამაზესი ჩანთები, ქუდები და ჟილეტებიც მზადდება, თუმცა, ვინაიდან საკმაოდ რთული სამუშაოა, ახლა მხოლოდ ამ სამ ნივთზე ვარ გადართული.

3-1682951297.jpg

- რა გამოიწვია თქვენმა ნამუშევრებმა სოციალურ სივრცეში?

- დიდხანს ვსწავლობდი და ვათვალიერებდი სხვადასხვა გვერდს და დღემდე საქართველოში ამ მასალით შექმნილი ნამუშევრები არ მინახავს. ცოტა მეშინოდა, საზოგადოება რამდენად აღიქვამდა მასალას - უწვრილეს იაპონურ ბისერს. მეტი ნამუშევრები რომ შევქმენი და ფოტოებზე ავსახე, საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, შეკვეთებიც წამოვიდა და ამ მოკლე დროში, აქტივობა ძალიან გაიზარდა. ეს სამკაული ძალიან მომწონს და სხვების აზრიც სულ მაინტერესებს. ბევრს უთქვამს, რომ ნამუშევარი იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ფოტოზე ჩანს და ეს მახარებს (იღიმის).

ანა კალანდაძე