ბახმუტი - რუსეთის მარცხის გასაღები - გზაპრესი

ბახმუტი - რუსეთის მარცხის გასაღები

თითქმის ნახევარი წელია, რუსეთი ქალაქ ბახმუტის ასაღებად იბრძვის. ბრძოლაში ჩართულია როგორც რეგულარული შეიარაღებული ჯარი, ასევე "პუტინის მზარეულად" წოდებული ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" და რამზან კადიროვის ჩეჩნური ბატალიონები - "კადიროველები". მცირე წინსვლებისა და დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება ჯერჯერობით ვერ შეძლეს. კიევი აცხადებს, რომ რუსულ ძალებს, აღმოსავლეთის ფრონტის ბრძოლის ველზე, ქალაქ ბახმუტში გარკვეული მიღწევები ჰქონდათ, მაგრამ ბოლო ხანს ბევრი რამ შეიცვალა - მტერს რამდენიმე ადგილას პოზიციების დათმობამ მოუწია, "ვაგნერელთა" ხელმძღვანელი პრიგოჟინი კი ამუნიციისა და საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრება.

ამასობაში უკრაინული შეიარაღებული ძალები კონტრშეტევისთვის ემზადებიან, რუსული ძალების მეთაურობაში კი აღიარებენ, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ...

უკრაინელები ბახმუტში თითქმის ექვსი თვის განმავლობაში თავდაცვით პოზიციაში იმყოფებოდნენ. უკრაინელი მებრძოლის, ილია ტურლიუკის თქმით, მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ზეწოლას გაუძლეს და ახლა ვითარება შეიცვალა.

ილია ტურლიუკი:

- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ზამთარი მქონდა. იყო დღეები, როდესაც რამდენიმე საათი გაუნძრევლად ვიწექი ჩემს პოზიციაზე, მინუს 20-25 გრადუსში და სხეულს ვერ ვგრძნობდი. გათბობა მხოლოდ თერმოსში შენახული ჩაით ან ყავით შეგვეძლო. ღამეები არ გვეძინა. სანგარში მსხდომ ბიჭებს "ბათინკებზე" ტალახი ეყინებოდათ და დანით ჭრიდნენ, გადაადგილება რომ შესძლებოდათ. ცეცხლის დანთება არ შეიძლებოდა, რადგან მტრის სნაიპერი კვამლს და ცეცხლის ალს თავისი უბადრუკი ღამის ხედვის მოწყობილობითაც კი იოლად შენიშნავდა... გვციოდა, გვშიოდა, თბილ ლოგინში ერთი გამოძინება ზოგჯერ ყველაფერს გვერჩივნა, მაგრამ... ხანდახან მიკვირს, როგორ გავუძელით ისეთ რამეებს, რისი წარმოდგენაც ომამდე სიგიჟედ მიმაჩნდა... აპრილის დადგომასთან ერთად, ბევრი რამ შეიცვალა. ტყე, ხეები შეიფოთლა, რაც ჩვენს უპირატესობად იქცა. ისინი გვებრძვიან, ჩვენზე ბევრად მეტნი არიან, მაგრამ სხვის მიწაზე იმყოფებიან. ჩვენ კი საკუთარ მიწას ვიცავთ და აქაურობა ხუთი თითივით ვიცით...

იყო დღეები, როდესაც რუსულ ჯარს წინსვლა ჰქონდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები აქტიურობდნენ და ოღონდ მეთაურობის შექება დაემსახურებინათ, ყველაფერზე მიდიოდნენ. მაშინ ქალაქის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში გარკვეული ტერიტორიები, მათ შორის ლითონის ქარხანა დაიკავეს. ასეთი ობიექტების დაკავება თან კარგია, თან - სახიფათო.

- იმას გულისხმობთ, რომ მეომრები გადახურულში არიან, მაგრამ იმავდროულად, მოწინააღმდეგისთვის კარგ სამიზნეს წარმოადგენენ?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ზუსტი დამიზნებისთვის, როგორც ცალკეული მეომრისთვის, ასევე სხვადასხვა სახის დრონისა თუ მსხვილკალიბრიანი იარაღისთვის ძალიან კარგი სამიზნეა. მით უმეტეს, რომ დასავლელი პარტნიორებისგან სუპერთანამედროვე აღჭურვილობა მოგვეწოდება და არც ზუსტი დამიზნების იარაღი გვიჭირს. რამდენიმე თვის განმავლობაში წინსვლა ჰქონდათ რაოდენობის ხარჯზე - შეიარაღებულ ძალებს უკან დახევის შესაძლებლობას არ აძლევდნენ "ვაგნერელები" და "კადიროველები", პირდაპირ ცეცხლს უხსნიდნენ და მათაც იერიშის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდათ. ამიტომაც ამბობს პრიგოჟინი, 100-დან 94 მეომარი დამეხოცაო... ეს ყველაფერი დასაწყისი იყო, მოთელვა; ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში, სრულიად სხვა შედეგი დადგება. ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - ბახმუტი სამხედრო აქტივობის ეპიცენტრად რჩება.

- ახლა რა ხდება თქვენ გარშემო?

- სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ შევეჩვიეთ. 30 აპრილს მოწინააღმდეგემ რამდენიმე მიმართულებით უშედეგოდ სცადა უკრაინელი სამხედროების პოზიციების გარღვევა. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთი ბახმუტისთვის საბრძოლველად გზავნის "ვაგნერის" და სხვა კერძო კომპანიების ახალ-ახალ ჯგუფებს და მედესანტეებს, მაგრამ ქალაქზე კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ. "ვაგნერელების" შეტევების პირველმა ეტაპმა მართლაც შეიტანა გარკვეული ცვლილებები ფრონტის ხაზზე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ისინიც მიხვდნენ, რომ ტყუილად იხოცებიან, არავითარი პრივილეგია, დიადი გეგმები და ნათელი მომავალი აღარ არსებობს. პრიგოჟინის გამოცდილი მეომრები, ვინც პირველ ეტაპზე რუსულ სამხედრო ნაწილებში ან მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ამინდს ქმნიდნენ ან დაიხოცნენ, ან დაიჭრნენ, ან იმედგაცრუებული არიან, რადგან მათი მეთაური უკვე საქვეყნოდ ითხოვს ამუნიციასა და საბრძოლო მასალას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილის დატოვებით იმუქრება. ჯარისკაცი, რომელსაც არა აქვს "ბათინკი", თბილი მოსაცმელი და ნორმალური კვება, ვერ იბრძოლებს, მით უფრო - სხვის მიწაზე... უამრავ დაჭრილს მკურნალობის პრობლემა შეექმნა. დაჭრილებისა და დაღუპულების ოჯახებს, რამდენიმეათასდოლარიანი კომპენსაცია კი არა, კარტოფილი, ხახვი და კონსერვები გადასცეს. ასე რომ, ომში წამსვლელთა მოტივაცია დაეცა.

მათი რიგების შევსებას პრიგოჟინი და მისი კლანი პატიმრებით ცდილობდა. თითქმის ყველა ციხე გამოაცარიელეს. თავისუფლების სანაცვლოდ, ნასამართლობის მოხსნასაც ჰპირდებოდნენ და "თავის გამოჩენის შემთხვევაში", თანამდებობებსაც. პირველ ეტაპზე მართლაც ბევრმა დაიჯერა და წავიდა საომრად, მაგრამ შემდეგ თავად სამხედროებისგან გავრცელდა ცნობები, თუ რა ვითარებაში უწევდათ მათ ბრძოლის ველზე ყოფნა და პატიმრებმაც ჭკუა ისწავლეს - ციხიდან გამოშვების შემდეგ, რამდენიმე დღეს ითხოვენ, ვითომ მოსამზადებლად, შემდეგ კი სამხედრო კომისარიატშიც არ ცხადდებიან... დამნაშავე ისევ ქუჩაში რჩება. რამდენიმე თვეში ომის ბედი გადაწყდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არაფერს დავთმობთ. ზოგს ეგონა, ბახმუტს მარიუპოლის ბედი ეწეოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. არც მარიუპოლის გათავისუფლებამდეა შორი გზა. ყველაფრისთვის მზად ვართ. ომია და არავინ იცის, ხვალინდელი დღე გამითენდება თუ არა, მაგრამ ერთი წელია, სიკვდილს შევეჩვიე. შესაძლოა, მე ვერ ვნახო თავისუფალი უკრაინა, მაგრამ ჩემი შვილები ნახავენ.

- თქვენი ოჯახი უკრაინაში დარჩა?

- დიახ. დონეცკში ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენი სახლი დაბომბეს. ცოლ-შვილი დროებით პოლონეთში გადავიდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ. ჩემი ცოლი მასწავლებელია. ბომბსაფარშიც კი გაკვეთილებს ატარებდა. ხანდახან ჩემზე ძლიერია. ამიტომ არ მეშინია, რომ ჩემი შვილები უჩემოდ ვერ გაიზრდებიან. ყველას უნდა ახსოვდეს, ჩვენ მათი თავისუფლებისთვის თავი დავდეთ, სიცოცხლე გავწირეთ.

- ვიცი, რომ რუსი სამხედრო გყავდათ ტყვედ. რა შეგიძლიათ მასზე გვიამბოთ?

- დიახ, ეს იყო მობილიზებული, რომელიც ბახმუტში შემტევ ბრიგადაში ირიცხებოდა. მართალია, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ყველა სამხედრო იტყუება, რომ არც იცოდა, სად უშვებდნენ, უბრალოდ ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ამან პირდაპირ აღიარა - სამი ათას დოლარსა და იპოთეკის სესხის ჩამოჭრას შემპირდნენ და ამიტომ წამოვედიო. ზახარჩენკოს სახელობის მეხუთე მოტომსროლელი ბრიგადის 1004-ე პოლკში მსახურობდა. 29 წლის ბიჭი იყო. დედასთან დავარეკვინეთ, კალინინგრადის ოლქში, ქალაქ გუსევში. იცოდეს, რომ ცოცხალი ხარ-თქო. იმ ქალმა შვილის ხმა რომ გაიგონა, ჩხუბი და ლანძღვა დაუწყო, - შენი ტყვედ ჩავარდნა აქაურმა ადმინისტრაციამ რომ გაიგოს, იპოთეკის გადახდა ისევ მოგვიწევს და ფული ჩვენ საიდან მოვიტანოთ, ქუჩაში დავრჩებითო!.. არავითარი კითხვა, - დაჭრილი ხარ, შვილო?.. ალბათ გშია ან გწყურია; გცემეს, გაწამეს, როგორ გადარჩი?.. არა, მსგავსი არაფერი, მხოლოდ იმაზე დარდობდა, რომ მისი ტყვედ ჩავარდნის ამბავი თუ გავრცელდებოდა, სესხის გადახდა ისევ მოუწევდათ...

მისი თქმით, სამხედროებს უმძიმეს, დანაშაულებრივ დავალებებს აძლევდნენ და შეუსრულებლობის შემთხვევაში, დახვრეტით ემუქრებოდნენ. შეტევამდე თურმე, დაჯგუფებაში 180 ადამიანი ირიცხებოდა. მეთაურობა მათ დონეცკის მიმართულებით, ტყვიამფრქვევებისა და ნაღმმტყორცნების პირისპირ ავტომატებით უშვებდა. პირდაპირ ცეცხლის ქვეშ ორი კვირის გატარებამ მოუწიათ, რის შედეგადაც მხოლოდ 30-მდე ჯარისკაცი გადარჩა. დაიღუპა ასეულის მეთაური, რასაც ნაწილის მოშლა მოჰყვა...

- დანაშაულის შემცველ დავალებებში რა იგულისხმება?

- მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშის მიტანა, მათი წამება და დახვრეტა, სხვებს რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არ გაუჩნდეთ; იმის გაკეთება, რაც ბუჩასა და ირპენში დაატრიალეს. ომამდე ბახმუტში 70 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ბევრი წავიდა, მაგრამ რამდენიმე ათასი დარჩა. მათ დენის, გათბობისა და ელემენტარული პირობების გარეშე უწევთ ყოფნა, მაგრამ არსად მიდიან. ზოგს ოჯახის წევრი დაეღუპა, ცხედარი რუსეთის მიერ კონტროლირებად მხარეს დარჩა, მაგრამ იმედი აქვთ, მალე ყველაფერი შეიცვლება და ოჯახის წევრების დამარხვას შეძლებენ. მათ ბოლო იმედს ვერ მოვუკლავთ. ვცდილობთ, ლუკმა გავუნაწილოთ, დავეხმაროთ. ამიტომაც ნადირობენ მათზე რუსები, იტაცებენ, აწამებენ და ცდილობენ, ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ. ზოგი ვერ უძლებს და ვერც ვამტყუნებ... ასე, ყველა გზით და მეთოდით გვებრძვის რუსი. საკუთარ ხალხსაც ებრძვის.

ამ ტყვემ გვითხრა, რომ არც ერთი ოფიციალური ბრძანება არ უნახავს, რაციით იღებდნენ მითითებებს... საბოლოოდ, მეთაურობამ გადარჩენილი სამხედროები სანგრებში მაწანწალებივით მიატოვა, საბუთების გარეშე, მიცვალებულების გარემოცვაში. მასაც იქ გადავაწყდით. თქვა, რომ სხვები გაიქცნენ, თავად კი კონტუზია დაემართა, ყურში არ ესმოდა, თავბრუ ესხმოდა და ვერ დადიოდა. თანამებრძოლების მიერ მიტოვებული, რამდენიმე დღე მშიერ-მწყურვალი იყო. მიკვირს, როგორ არ გაიყინა... "კადიროველებისა" და "ვაგნერელების" ხელში ყოფნას გვირჩევნია, უკრაინელებს ჩავუვარდეთ ტყვედ. თქვენთან გადარჩენის შანსი გვაქვს, მათთან - არაო... უჩხრეკენ პირად ნივთებს, უმოწმებენ ჩანთებს, რაიმე ნაალაფარი არ ჰქონდეთ - ძვირფასი ნივთები, თანხა, მობილურები და სხვა... ტყვეების უმეტესობა ამბობს, რუსულ ჯარში სრული ქაოსიაო.

გაქცეულები თავისივე ხელმძღვანელობამ დააკავა და დასაკითხად დონეცკის პროკურატურაში გადაიყვანეს, მას შემდეგ მათი კვალი გაქრა. სავსებით შესაძლებელია, რომ "ვაგნერელებს" ან "კადიროველებს" გადასცეს, მათ კი დახვრიტეს, რადგან ასეთი ბრძანება აქვთ - დეზერტირობისთვის უმაღლესი სასჯელია... როგორც რუსი ტყვეებისგან ვიგებდით, დეზერტირებს ყველანაირ საბუთს ართმევდნენ, მხოლოდ სამხედრო ჟეტონებს უტოვებდნენ, დახვრეტის შემთხვევაში კი იტყოდნენ, რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან გაქცეულებად გამოაცხადებენ და საქმე იხურება.

ამ პირობებში უწევთ ყოფნა, ამიტომაც ასობით მათგანი გარბის. გახშირდა თვითდაზიანება, როგორც მობილიზებულებში, ასევე, "ვაგნერელთა" რიგებში. ამიტომაც იმუქრება ევგენი პრიგოჟინი, - თუ არ მოგვარდა ამუნიციის მიწოდების პრობლემა, ბახმუტიდან ჩემს მებრძოლებს ორგანიზებულად გავიყვან, რათა შემდეგ მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ - ან უკან უნდა დავიხიოთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთო. "ვაგნერმა" ისედაც ათასობით მეომარი დაკარგა ამ ბრძოლაში. პრიგოჟინი, შოიგუ და კადიროვი ერთმანეთს ასწრებდნენ გამარჯვების ყიჟინას და პუტინისთვის პატაკის ჩაბარებას, - ჩვენი მეომრების დამსახურებით, ბახმუტზე სრული კონტროლი დავაწესეთო, - მაგრამ ჩვენი ბიჭების დამსახურებით, ეს ვერც ერთმა ვერ შეძლო. არადა, "ვაგნერის" ჯგუფები მართლაც, დიდი ცოცხალი ძალით, ხშირად ჰაერიდან მხარდაჭერისა და მექანიზებული სახმელეთო ტექნიკის დახმარების გარეშე გვიტევდნენ.

ukraina-baxmuti3-1683488400.jpg

ამჟამად, რუსეთის არმია და "ვაგნერი" ბახმუტის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, მაგრამ მათი იერიშები თანდათან სუსტდება და შესაბამის ბრძანებას ველოდებით, რის შემდეგაც უკრაინის ძალები კონტრშეტევისთვის დაიწყებენ მობილიზებას. ამ ეტაპზე პოზიციებს ვაძლიერებთ ბახმუტისა და კრემენაიას მიმართულებით. ბახმუტში თუ რუსული ჭურვები ფეთქდება, კრემენაია, რომელიც შარშან აპრილის შემდეგ მათ კონტროლქვეშაა, მთლიანად დაცლილია - არც კოლაბორაციული პოლიცია არსებობს და აღარც რუსი სამხედროები არიან. სავარაუდოდ, ბახმუტისკენ გადაისროლეს.

ეს არის ხშირი ტყით დაფარული ტერიტორია, სადაც საბრძოლო ოპერაციისთვის სპეციფიკური საბრძოლო გამოცდილებაა საჭირო და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან რუსების მცირე დაჯგუფებები ტყეში შეღწევას ცდილობენ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ - გარკვეულ მანძილზე შემოვუშვებთ, შემდგომ კი "ჩავკეტავთ".

რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი სამხედრო ბარდება ტყვედ. როდესაც ტყვეთა გაცვლა იწყება, უმეტესობა პანიკაში ვარდება: სამშობლოში დაბრუნება არ უნდათ, - დაგვხოცავენო. "რეაბილიტაციისთვის" ცხელ წერტილებში წასვლას სთავაზობენ, ანუ - ტყვეობაგამოვლილ, ფიზიკურად და მორალურად დასუსტებულ სამხედროს ყველანაირი სამედიცინო გამოკვლევის, რეაბილიტაციის, დასვენების გარეშე ისევ ფრონტის ხაზზე აბრუნებენ ანუ სასიკვდილოდ წირავენ.

ვიცოდით, დროის ამბავი იყო, თორემ ეს დღე დადგებოდა. მაგრამ ჩვენთვისაც უმძიმესი წელიწადი და ორი თვე გავიდა, უამრავი სიკვდილი და უბედურება ვნახე, რაც ბრძოლის მოტივაციას მაძლევს. ბრძანების გაცემას ველოდებით კონტრშეტევა რომ დავიწყოთ. ჩვენი ბიჭები მზად არიან, რადგან მათ უკან ოჯახები და ქვეყანა დგას, ამაზე დიდი მოტივაცია კი არ არსებობს.

ლალი პაპასკირი