"სადღაც 20 წუთის განმავლობაში ვურტყით ერთმანეთს. ვიბრძვით ბოლომდე..."
ცნობილი ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის, ირაკლი ამირეჯიბის შესახებ მისი მეგობრები ხშირად იხსენებენ სხვადასხვა ამბავს. ირაკლი აფხაზეთის ომში დაიღუპა. ამჯერად მას თემურ გვალია იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს (სტილი დაცულია):
"1982 წელი იყო. მე და ჩემი მეგობრები ვიყავით დასასვენებლად სოხუმში. ვცხოვრობდით სასტუმრო "თბილისში". ახალგაზრდები ვიყავით, ასე 20-21 წლისები და რა თქმა უნდა, "ვმარიაჟობდით" გოგოებთან.
ერთ საღამოსაც მე და ჩემი ორი მეგობარი ბულვარით გავუყევით გზას სასტუმრო "აფხაზეთისაკენ". ნასვამები ვიყავით. იქ ცხოვრობდნენ ჩვენი მეგობარი გოგონები. მივედით და აივნიდან ისმის ხმა: "ჩამოვდიიივართ!" მართლაც ცოტა ხანში ჩამოდიან და ღიმილით მოემართებიან ჩვენკენ. ჩვენ სასტუმროდან ასე 50 მეტრში ვდგავართ და ვეწევით.
უცებ ჩემი რჩეული ვიღაცა ბიჭმა გააჩერა და რაღაცას ელაპარაკება. გოგოს სახეს შევხედე და მივხვდი, უცნობს ესაუბრებოდა. მივედი, გოგონა გადავკოცნე და ახალგაზრდას, რომელიც ასევე ნასვამი აღმოჩნდა, მივესალმე. არ მინდა დეტალის მოყოლა. მოკლედ, ჩემსა და ამ ახალგაზრდას შორის მოხდა შელაპარაკება. ვინაიდან ხალხმრავალ ადგილზე ვიმყოფებოდით, უცნობს ვეუბნები: სასტუმროს უკან, ვარდების ბაღთან გამოდი და იქ ვილაპარაკოთ-მეთქი. მიდი და მოვალო.
თითქმის ერთ დროს მივედით ორივე. ჯერ ხმამაღლა ვიკამათეთ და შემდეგ ატყდა მამაპაპური, კაცური ჩხუბი. ალბათ, სადღაც 20 წუთის განმავლობაში ვურტყით ერთმანეთს. დასისხლიანებულები ვართ და მაინც არ ვჩერდებით. ვიბრძვით ბოლომდე. იქვე "პუსტა-პუსტა" მილიციონერები არიან და ვერ გვაშველებენ, ერთ-ერთს ცოტათი მოხვდა კიდეც. ჩხუბით შევედით უნებლიეთ ვარდების ბაღში. იქაურობა ფეხებით "მოვთიბეთ", უცებ საიდანღაც მოვარდა მილიციელების ჯგუფი. გაგვკოჭეს, შეგვაგდეს "კანარეიკაში" და მიგვაბრძანეს განყოფილებაში.
სხვადასხვა ოთახში შეგვყარეს და გვითხრეს, დილამდე ჭკვიანად მოვქცეულიყავით, თორემ ცემით დაგვხოცავდნენ. მოკლედ დილას, ასე 10:00 საათზე კარი იღება და მორიგე მილიციელი მეუბნება: გამოდი, უფროსთან უნდა შეგიყვანოო. შევედით მილიციის უფროსის კაბინეტში. იმან დამიწყო ჯერ ყვირილი, შემდეგ შერცხვენა, ვარდების ბაღი როგორ გადათელეო, ბოლოს ჭკუა დამარიგა და მითხრა, ახლა წადი, მაგრამ აქ მეორედ რომ მოხვდე, იცოდე, ცას დიდხანს ვეღარ იხილავ. წადი, თავისუფალი ხარო!
ვეკითხები, მე ვისაც ვეჩხუბე, იმას რა მოელის-მეთქი? მპასუხობს: მაგას მე ვიცი, როგორ მივხედავო! ვეუბნები: მე არსად წავალ, სანამ იმ კაცსაც არ გაათავისუფლებთ-მეთქი! და მორიგეს ვეუბნები: "დამაბრუნე იმ ოთახში, სადაც ვიჯექი!" მილიციის უფროსს გაეცინა და მითხრა: ის კაცი გარეთ დგას და გელოდება. მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი ყოფილა. ნახევარი საათის წინ რომ გამოვიყვანეთ ოთახიდან და ვუთხარი: წადი, თავისუფალი ხარო, მანაც იგივე მითხრა, არსად წავალ, სანამ იმ კაცს არ გაათავისუფლებთ, ვისთანაც ჩხუბი მომივიდაო. ჰოდა, მაგიტომ გიშვებ, თორემ გაყურყუტებდი აქ რამდენიმე დღე. ირაკლის უნდა უმადლოდეო.
გავედი გარეთ. მილიციის ეზოში სკამზე ზის "ჩემი მოწინააღმდეგე". მივედი, წამოდგა. ერთმანეთის დალეწილ სახეებს რომ შევხედეთ, უცებ ორივეს სიცილი აგვიტყდა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, გადავეხვიეთ და მილიციის ეზოდან გავედით. იმ დღიდან ვმეგობრობდით წლების განმავლობაში. ხშირად ვქეიფობდით ერთად. ამ ამბავს ვიხსენებდით. ერთმანეთს ვეკამათებოდით, ვინ უფრო იცემა მაშინ და ვიცინოდით. ზუსტად ათი წლის შემდეგ ირაკლი ამირეჯიბი გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში, ტამიშთან ახლოს. ნათელში იყოს კარგი კაცის, ირაკლი ამირეჯიბის სული და ყველა მათი, ვინც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა..."