ტყვეობაგამოვლილი ექიმი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - გზაპრესი

ტყვეობაგამოვლილი ექიმი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ლიშო თიანეთის ერთი პატარა სოფელია, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა ბევრი მოსახლით. წლების წინ, სწორედ აქ ცხოვრობდა ნიბლოშვილების ოჯახი, რომელთა შორის ძმებმა - ივანე და ნიკო ნიბლოშვილებმა მატყლის დადებითი თვისებების შესახებ ბევრი იცოდნენ და მისი იმპორტი შემოსავლის წყაროდ აქციეს. თუმცა, ამ შემთხვევაში აქცენტი არა მათ ბიზნესზე, არამედ ადამიანურ ფაქტორსა და ღირსებაშელახული ადამიანის ქმედებაზეა, რომელიც საკმაოდ მძიმე და ტრაგიკულია. თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ბევრი საინტერესო ექსპონატი, ფოტომასალა და დოკუმენტია დაცული. მუზეუმის სპეციალისტი ვატო ურუშაძე იქ არსებული ფოტოებიდან რამდენიმეზე ასახული ექიმის, ნიკო ნიბლოშვილის შესახებ გვიყვება:

ვატო ურუშაძე:

- ნიკო ნიბლოშვილი თიანეთის რაიონის სოფელ ლიშოში გაიზარდა. მამამისს, რამაზ ნიბლოშვილს ორი ვაჟი ჰყავდა - ივანე და ნიკო. მეფის რუსეთის დროს ერთ-ერთი მოქმედი კანონით, თუ ოჯახში ორი ან მეტი ბიჭი იზრდებოდა, ერთს აუცილებლად ჯარში უნდა ემსახურა. სწორედ ამ კანონის თანახმად, ნიკო სამხედო სამსახურში გაიწვიეს. მის ჯარში ყოფნის პერიოდს პირველი მსოფლიო ომი დაემთხვა და სხვებთან ერთად, ნიკოც ფრონტზე წავიდა, შემდეგ ტყვედ ჩავარდა და გერმანიაში 7 წელი ტყვეობაში ცხოვრებამ მოუწია.

- რა არის ცნობილი ნიკოს სამედიცინო განათლების შესახებ?

- როგორც ფოტოებიდან ჩანს, ნიკო სამხედრო ექიმი იყო. სავარაუდოდ, საექიმო პროფესიას გერმანიაში დაეუფლა, თუმცა შესაძლებელია გარკვეული ცოდნა მას სამხედრო სამსახურში გაწვევამდე უკვე ჰქონდა.

- საქართველოში დაბრუნებულმა ნიკო ნიბლოშვილმა თავისი საქმიანობა გააგრძელა?

- 1915 წელს ივანე ნიბლოშვილი გარდაიცვალა. ნიკო საქართველოში რომ დაბრუნდა, იმ დროს აღარც მშობლები იყვნენ ცოცხალი. თავად მას კი ცოლ-შვილი არ ჰყავდა. სოფელ ლიშოში მხოლოდ ივანე ნიბლოშვილის ცოლი - ნინო და მისი სამი შვილი: მიშა, ელენე და ეთერი ცხოვრობდნენ. ივანეს დუქანი ჰქონია როგორც თიანეთში, ისე დედოფლისწყაროში. ამ საქმის გარდა, მეცხვარეებისგან მატყლს ყიდულობდა და დამუშავების შემდეგ, ინგლისსა და საფრანგეთში გზავნიდა. საქართველოში დაბრუნებული ნიკო გარდაცვლილი ძმის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. როგორც ჩანს, ძალიან ჭკვიანი იყო, რადგან ერთი მხრივ ამ საქმეს წარმატებით უძღვებოდა და მეორე მხრივ, ექიმობას აგრძელებდა. სწორედ მის საექიმო საქმიანობას უკავშირდება არაერთი საინტერესო ამბავი: მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მსოფლიოს დიდი ნაწილი პანდემიამ მოიცვა, რომელიც ესპანური გრიპის, ე.წ. ისპანკას სახელით შევიდა ისტორიაში. ვირუსი მსოფლიოს დაახლოებით ერთ მესამედს შეეყარა. „ისპანკამ“ საქართველოშიც ჩამოაღწია. ნიკოს ავადმყოფების მისაღებად თავის ეზოში, კაკლის ხეებთან სპეციალური ადგილი ჰქონდა მოწყობილი. როგორც ჩანს, კარგი ექიმობის გარდა, უშიშარი კაციც იყო, რადგან ყველას იღებდა, ვინც ამ ვირუსით ავადდებოდა და მათ შეძლებისდაგვარად მკურნალობდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნიკო ნიბლოშვილი ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან კარგი სახელით სარგებლობდა და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა მის ცხოვრებაში მომხდარი სამწუხარო ფაქტი და რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. დედოფლისწყაროში ყოფნის დროს, მასთან სოფელ ჩეკურაანთგორიდან ძველი ნაცნობები მივიდნენ, რომლებსაც უთქვამთ, რომ საქონელი ჰქონდათ შეძენილი და თიანეთში წასვლას აპირებდნენ. იმ დროს ნიკოსაც სოფელში დაბრუნება უწევდა და მათ გაჰყვა. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს საქონელი მოპარული ჰქონდათ, თუმცა ნიკომ ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა. მართლაც, თიანეთში ჩავიდნენ, ნიკო ლიშოში დარჩა, მისმა ნაცნობებმა კი გზა მთისკენ გააგრძელეს. მალე ჩაფრები ნაქურდლის კვალს მიჰყვნენ და საქონლის ქურდები დაიჭირეს, მათ კი ქურდობის თანამონაწილეობაში ბრალი ნიკო ნიბლოშვილს დასდეს. ცოტა ხანში ნიკოს სახლში რამდენიმე ჩაფარი მივიდა და თან გაყოლა მოსთხოვეს. ნიკომ მიზეზი იკითხა და გაიგო, რომ საქონლის მოპარვა ბრალდებოდა.

niko1-copy-1683618696.jpg

- ალბათ ძალიან რთული იქნებოდა, თავისი სიმართლე დაემტკიცებინა...

- წარმოიდგინეთ ეს მისთვის რა მძიმე მოსასმენი იქნებოდა?! მთელი ცხოვრება როგორც პატიოსანმა ადამიანმა, ისე იცხოვრა და ეს ბრალდება მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ჩაფრებს სთხოვა, რომ სანამ წაიყვანდნენ, შინ რაღაცის ასაღებად შეივლიდა. როგორც ჩანს, იმდენად კარგი სახელით სარგებლობდა, ნიკოს სიტყვას ენდნენ და თან არ შეhყვნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, ოთახიდან გასროლის ხმა გაისმა, შინ შესულებს კი ნიკო უკვე გარდაცვლილი დახვდათ. თავმოყვარე და ამაყმა კაცმა, რომელიც მთელი ცხოვრება პატიოსნად ცხოვრობდა, დამამცირებელი ბრალდება ვერ აიტანა და თავი მოიკლა. გასროლამდე მას წერილიც დაწერაც მოუსწრია, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე არ შემორჩენილა. თუმცა, ბარათის ბოლო ფრაზა ასეთი ყოფილა: „მე ამ სირცხვილით ვერ ვიცხოვრებ“.

ნიკოს დაკრძალვის დღეს, ერთ-ერთი მეზობელი სოფლიდან, მომაკვდავი ავადმყოფი ურმით მოუყვანიათ. მომხდარის შესახებ მათ არაფერი სცოდნიათ და როცა ექიმის ტრაგიკული ამბავი გაიგეს, დედას, რომელიც სნეულს მოჰყვა, მისი გადარჩენის უკანასკნელი იმედიც გადაეწურა და ჯერ კიდევ ცოცხალი თავისი შვილი, ნიკო ნიბლოშვილთან ერთად დაუტირია...

ანა კალანდაძე