გედევან ფოფხაძე: "მსოფლიოს მეორე არმია" უნიტაზების შეგროვებითაა დაკავებული" - გზაპრესი

გედევან ფოფხაძე: "მსოფლიოს მეორე არმია" უნიტაზების შეგროვებითაა დაკავებული"

ჩვენი სამშობლო არაერთხელ მდგარა სახიფათო გზაჯვარედინზე. ქართველ ერს მუდმივად უწევდა არჩევანის გაკეთება სცილასა და ქარიბდას, ცუდსა და უარესს შორის. რა მდგომარეობაა ახლა საქართველოსა და ჩვენს რეგიონში, რა უნდა ვიღონოთ, რომ ისტორიის სწორ მხარეს აღმოვჩნდეთ? - ამ და სხვა პრობლემებზე პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე გვესაუბრა.

- დღევანდელი ინტერვიუ "ქართულ ოცნებაში" თქვენი ყოფნის პერიოდით უნდა დავიწყოთ: რატომ დატოვა "ოცნება" თითქმის ყველა პარტიამ? რა იყო ამის მიზეზი - პირადი თუ იდეოლოგიური შეუთავსებლობა?

- რასაკვირველია, მთავარი მიზეზი, რომლის გამოც "ქართული ოცნება" დავტოვეთ, იდეოლოგიური შეუთავსებლობა იყო. მე "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ იქ არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით, 9 წელი ოპოზიციაში ვიყავი, თან ბორჯომში - რეგიონულ ოპოზიციაში, რაც საქართველოში ძალიან რთულია... მართალია, ამ რეგიონში ოპოზიციის წარმომადგენლები მცირე რაოდენობით იყვნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდი სხვადასხვა პარტიასთან თანამშრომლობას. 2012 წელს, ერთიანი ოპოზიციის გამოსვლას "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა. ყველამ იცოდა, რომ ეს ივანიშვილის პროექტი იყო. მე მაშინ ირაკლი ალასანიასთან ვიყავი - "თავისუფალ დემოკრატებში" და კოალიციის წევრი ავტომატურად გავხდი. დიახ, "ქართული ოცნება" მაშინ კოალიცია იყო, სადაც სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ძალები შედიოდნენ. მთავარი თემა, რომელიც ყველას გვაერთიანებდა, იყო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ადამიანის უფლებების დაცვა. 2012 წლამდე ქვეყანას ძალოვანები მართავდნენ, არ იყო თავისუფალი სასამართლო, ძალიან ბევრი უკანონობა ხდებოდა და ჩვენც ამ უკანონობის აღმოფხვრას ვცდილობდით... ბიძინა ივანიშვილს რომელიმე ძალის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია არ გამოუხატავს, რადგან ეს ფართო კოალიცია იყო.

- როდის დაიწყო "ოცნების" კოალიციიდან წევრების გადინება?

- ვერ ვიტყვი, რომ იქიდან ყველა თავისი ნებით წამოვიდა - ზოგს ისეთი პირობები შეუქმნეს, იძულებული გახდა, წამოსულიყო, მაგალითად - ირაკლი ალასანიას პარტიას, რომლის წევრიც ვიყავი: მოხდა ძალიან დიდი კონფლიქტი, რომლის გარკვევას აქ არ ვაპირებ. შემდგომში, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო სუს-ის ფაქტორის ზრდა თავის პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც ჩემთვის დაუშვებელი იყო: როცა ამომრჩეველს უსაფრთხოების სამსახურის პირით ესაუბრები, ეს არის პუტინის მოდელი და თუ ასეთ მოდელს დაამკვიდრებ, აუცილებლად აღმოჩნდები პუტინის ორბიტაზე. ის გადინება, რომელიც "ოცნებიდან" დაიწყო, ღირებულებითი ხასიათის იყო. უმრავლესობამ პარტია სწორედ ამის გამო დავტოვეთ. მეც კარგა ხანს ვითმენდი, რომ ერთიან გუნდს არ დავპირისპირებოდი, მაგრამ ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მას სჭირდებოდა აბსოლუტურად მორჩილი, მართვადი გუნდი, სადაც კრიტიკული აზრი საერთოდ არ იარსებებდა. ასეთ პირობებში იქ ჩემი ყოფნა არაბუნებრივი იქნებოდა.

- ალბათ კიდევ ერთი წყალგამყოფი რუსეთ-უკრაინის ომიც გახდა.

- გეთანხმებით: 24 თებერვლამდე ჩვენ ცუდი ხელისუფლება გვყავდა. ცუდი ხელისუფლება შეიძლება არ ან ვერ შეცვალო იმიტომ, რომ უკეთესი ალტერნატივა არ გაქვს. ამიტომ იძულებული ხარ, ცუდსა და უარესს შორის ცუდი აირჩიო, მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: ახლა ჩვენ გვყავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, რომელიც ოკუპანტს ემხრობა. დღევანდელი სიტუაციის კლასიკური ანალოგი არის ვიშის მთავრობა და მისი ლიდერი - მარშალი პეტენი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის გმირი იყო. ის ფრანგებს ძალიან უყვარდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვიშის მთავრობის ხელმძღვანელი გახდა, მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა: იმისათვის, რომ მშვიდობა შეენარჩუნებინა, კოლაბორაციონისტული მთავრობა შექმნა. მოგვიანებით, როცა გერმანელი ფაშისტები გაასამართლეს, დე გოლმა პეტენი შეიწყალა, თორემ ფრანგებს მისი დახვრეტა სურდათ. ჩვენთანაც დაახლოებით იგივე მდგომარეობაა: როცა შენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, როცა რუსეთმა ქართული ქალაქები და სოფლები დაგვიბომბა, მშვიდობიანი მოსახლეობა დაგვიხოცა, მის მიმართ ლოიალური არ უნდა იყო! აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციას ისეთი ღია აგრესია მოჰყვა, რომ არ შეიძლება, ასეთ მეზობელთან ურთიერთობა გქონდეს?! 70 წლის განმავლობაში რუსეთი აქ ღია ტერორს ახორციელებდა და ამ ვითარებაში, როცა მასთან მშვიდობის სახელით იწყებ ურთიერთობას, თანამედროვე პეტენი ხდები. დიახ - ირაკლი ღარიბაშვილი არის თანამედროვე პეტენი, თუმცა ის პირველი მსოფლიო ომის გმირი არ გახლავთ. ეს არის პრემიერი, რომელიც მორჩილად ასრულებს ივანიშვილის ნება-სურვილს. მე მიმაჩნია, რომ ასეთ მთავრობასთან დათმობა აღარ შეიძლება და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მისი მომავალი.

- თუმცა, მთავრობის მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ეს მთავრობაა მშვიდობის გარანტი.

- როცა საოკუპაციო ხაზი დღითი დღე ფართოვდება, როცა შუა თბილისში ხალხს ხოცავენ, ეს შორს დგას მშვიდობისგან, ეს არის ილუზია, რომლითაც მოსახლეობას კვებავენ. ნამდვილი მშვიდობა მაშინ გაქვს, როცა შენი ქვეყანა ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ნაწილია, ცხოვრობ სტაბილურ გარემოში და ზუსტად იცი, რომ ვიღაც იარაღით რომ შემოვიდეს, 51 ძლიერი სახელმწიფო გვერდში დაგიდგება - აი, რა არის ნამდვილი მშვიდობა. აბა, ასეთი მშვიდობა დავით აღმაშენებელს რომ აერჩია, საქართველო, როგორც სახელმწიფო, დღეს აღარ იქნებოდა. ამიტომ, რაც დღეს ხდება, ეს არ არის მშვიდობა, ეს არის ჩვეულებრივი სამსახური ოკუპანტისადმი, რომელსაც მშვიდობად ასაღებენ. ჩვენი მეფეები ყოველთვის ომობდნენ, როცა საომარი იყო და ომობდნენ იმისთვის, რომ ღირსეული მშვიდობა მოეპოვებინათ.

- როგორ ფიქრობთ - რატომ გამოუჩნდა რუსეთს ჩვენს მოსახლეობაში ამდენი მხარდამჭერი?

- დამიჯერეთ, ისინი არც ისე ბევრნი არიან. ჯერ ერთი, ყველა გამოკითხვით ფიქსირდება, რომ საქართველოში 80%-ზე მეტი ევროპის მომხრეა. სუს-ის ფაქტორი რომ არა, ე.წ. რუსეთუმეებს ჩვენთან არანაირი პოლიტიკური ძალა და გავლენა არ ექნებოდათ. როცა "ალტ-ინფოს" წევრებს საშუალებას აძლევენ, პარლამენტის წინ ვეროკავშირის დროშა დაწვან, ყველაფერი მზესავით ნათელია. "უცნობმა" მიტინგი თავისით რომ ჩაატაროს, რუსთაველზე ხუთ კაცსაც ვერ მოაგროვებს, მაგრამ მის მიტინგზე რეგიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოჰყავთ საჯარო მოხელეები - აქაც ყველაფერი ნათელი ხდება. სიმართლე ის არის, რომ ყველა პედაგოგი და ჩინოვნიკი მძევლად ჰყავთ აყვანილი. ადმინისტრაციულ შენობაში ადამიანი დამლაგებლადაც რომ მუშაობდეს, ისიც მძევალია, რადგან თავის მოსაზრებებს თავისუფლად ვერ გამოხატავს. საჯარო სამსახურში დასაქმებულებს არა აქვთ პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის უფლება, არა აქვთ კრიტიკული აზროვნების უფლება. საქართველოში სამსახურისა და სტაბილური შემოსავლის დაკარგვა რას ნიშნავს, ყველამ ვიცით: ეს ნიშნავს, რომ ვერ გადაიხდი კრედიტს, ვერ უყიდი საჭმელს შვილებს და შენც შიმშილის ზღვარზე დადგები.

- ჩვენს საზოგადოებაში ბევრს კამათობენ ნეიტრალიტეტის იდეის გამოც...

- ვფიქრობ, ნეიტრალიტეტი ჩვენს სიტუაციაში ძვირი სიამოვნებაა. შვეიცარიაც კი არ არის ბოლომდე ნეიტრალური, რადგან უზარმაზარი არმია ჰყავს - შესაბამისად, შეუძლია თავისი ნეიტრალიტეტი დაიცვას. ფინეთმა და შვედეთმა, რომლებსაც უზარმაზარი არმიები ჰყავთ და ძლიერი სახელმწიფოები არიან, უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში შესვლა გადაწყვიტეს, რატომ? - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშკარა საფრთხე დაინახეს. უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი ამხელა აგრესიას ვერ გაუბედავდა; ის 500-მდე ბავშვი და ათასობით მოქალაქე, რომლებიც ომში დაიღუპნენ, ცოცხლები იქნებოდნენ. ამდენი ხალხი გადარჩებოდა და ქვეყანა ნორმალურად იცხოვრებდა! ვინც ამ სიტუაციაში ნეიტრალიტეტის მომხრეა, ჩემი აზრით, ლატენტური პრორუსია. ნეიტრალიტეტი და დასავლეთზე უარის თქმა რუსეთის ხახაში საქართველოს შეგდებას ნიშნავს.

cms-image-000032570-copy-1684342036.jpg

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებენ თანამედროვე ოპოზიციური პარტიები ერთიანობას და გვერდიგვერდ დგომას?

- მოცემულობა ასეთია: მე ვიცი, რა ხარისხითაა სუს-ის აგენტურა პოლიტიკურ პარტიებში. ისიც ვიცი, ვის აქვს ამ აგენტების სია - სოსო გოგაშვილს, რომელიც ახლა პატიმრობაშია. მან ზუსტად იცის, რამდენი აგენტი შეგზავნეს ოპოზიციაში. ამ აგენტების ამოცანაა, არანაირი გაერთიანება არ შედგეს. საკმარისია, ვინმემ ოპოზიციურ ძალთა გაერთიანებაზე დაიწყოს ლაპარაკი და ვინმე აუცილებლად იტყვის, რომ ცუდები არიან სხვები და მათ გვერდით ვერ დადგებიან. 24-მა თებერვალმა ეს მოცემულობაც შეცვალა. პარტიებმა შეიგნეს, რომ სიმრავლე გადამწყვეტი არ არის, რომ ისინი მაქსიმალურად მონოლითურები უნდა იყვნენ და სუს-ის აგენტურას "შეელიონ". ჩვენ მსგავსი ისტორია უკვე გამოვლილი გვაქვს: 1924 წელსაც ამიტომ ვერ შედგა ერთიანი ეროვნული პროტესტი: მაშინაც პოლიტიკურ პარტიებში ბევრი აგენტი და მოღალატე იყო. ყველაფერი კეთდებოდა, რომ დიდი ეროვნული გაერთიანება არ შემდგარიყო.

- ესე იგი, უახლოეს მომავალში პოლიტიკურ ასპარეზზე ცვლილებებს არ ელოდებით?

- მიმაჩნია, რომ მალე მთელი მსოფლიო შეიცვლება და შეიცვლება საქართველოც. სულ ვამბობ, 1-2 თვეში ჩვენ ახალ მსოფლიოში ვიცხოვრებთ: უკრაინა და კონსოლიდირებული დასავლეთი ამ მონღოლურ იმპერიას, რომელიც საუკუნეებია ბოროტებას აფრქვევს, თავის ადგილს მიუჩენენ. საქართველოსაც ახალი შანსი გაუჩნდება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს ჩვენი ქვეყნის გაჯანსაღებას ნიშნავს, რადგან არ შეიძლება, სოხუმის და ცხინვალის გარეშე ქართული სახელმწიფო შედგეს. რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს იღონებს, რომ აქ არ იყოს არანაირი პროგრესი და კეთილდღეობა, რომ ჩვენც ისე გვიჭირდეს, როგორც რუსებს უჭირთ, მაგრამ როგორმე უნდა მოვინდომოთ და ნათელ მხარეს მივემხროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი საქართველო ისევე ჩამორჩება და გავერანდება, როგორც სოხუმი და ცხინვალი გავერანდა. საქართველო რუსეთის ჩრდილქვეშ ვერ განვითარდება. ომში უკრაინის გამარჯვება განვითარების შანსს, ევროპული არჩევანის დაცვის შესაძლებლობას მოგვცემს, მაგრამ თუ კოლაბორაციონისტი მთავრობა გვეყოლება, ისევ რუსული ჭაობი ჩაგვითრევს. ამიტომ ყველა პრეტენზია გვერდზე უნდა გადავდოთ და დასავლური პარტიები როგორმე გავერთიანდეთ. მე, მაგალითად, კონსერვატორული შეხედულებების მქონე ვარ, ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს ლიბერალური შეხედულებები აქვს, მაგრამ საქართველოს სიყვარულმა და უკეთესი მომავლის სურვილმა უნდა გაგვაერთიანოს. ჯერ უნდა გავიმარჯვოთ და განსხვავებულ მოსაზრებებზე მერე ვიკამათოთ. ახლა, ამ სიტუაციაში კამათი მიუღებელია - პირიქით, ერთიანი იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ.

- დარწმუნებულო ხართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს?

- დიახ, რადგან შარშანდელი ხარკოვი 5-6 ადგილას განმეორდება, რუსული ჯარი დამარცხდება და ყირიმიც ძალიან მალე დაუბრუნდება უკრაინის სახელმწიფოს - ეს მოვლენები არც ისე შორსაა. ჩვენც უნდა ვეცადოთ, უკრაინის მოდელი საქართველოზეც გადმოვიდეს, ოღონდ - მშვიდობიანად. მით უმეტეს, უკვე გაერომაც აღიარა, რომ რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა, მან აგრესია ჩაიდინა უკრაინისა და საქართველოს მიმართ... მთავრობა, რომელიც გვეუბნება - რად გვინდა ევროპა, მთავარია, მშვიდობა იყოს, თუნდაც ეს ქვეყანა რუსეთის ნაწილი გახდესო, ეს არის ღირებულებითი კონფლიქტი ილიასთან, აკაკისთან, ვაჟასთან და ყველასთან, ვინც ქართული სახელმწიფო შექმნა. ეს არის უტოპია, რომელსაც არავინ მიემხრობა, ვისაც ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება უნდა და არა - რუსულ ურდოში. უკრაინის გამარჯვების შემდეგ საქართველოში პრორუსული განწყობებიც განულდება - ამაშიც დარწმუნებული ვარ. ვინც უკრაინის ისტორია კარგად იცის, ისიც იცის, რომ ეს ძალიან მებრძოლი ერია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს. ამას ხელს ვერ შეუშლის ვერც პრიგოჟინის ტერორისტული დაჯგუფება და ვერც რუსეთის არმია, რომელიც ჩვეულებრივ კრიმინალურ დაჯგუფებად იქცა: "მსოფლიოს მეორე არმია" უნიტაზების შეგროვებითაა დაკავებული... რა თქმა უნდა, ისინი ვერ შეძლებენ კანონზომიერი, ისტორიული პროცესის შეჩერებას.

ხათუნა ჩიგოგიძე