ფერადი გოგონები გულზე და ნიღბები კედლებზე - მსახიობი მრავალი გატაცებით - გზაპრესი

ფერადი გოგონები გულზე და ნიღბები კედლებზე - მსახიობი მრავალი გატაცებით

მრავალფეროვანი ინტერესის სფერო აქვს, 24 საათი არ ყოფნის, რომ დრო მის ყველა გატაცებას დაუთმოს, თუმცა ამას მაინც ახერხებს. თეატრის - „მეოთხე სართული“ მსახიობი ნაკა ქურდაძე პროფესიით მუშაობს, პარალელურად კი პაპიემაშეს ტექნიკით ქმნის როგორც კედლის დეკორს, ისე ექსკლუზიურ გულსაბნევებს. ინდივიდუალური, ორიგინალური და სატარებლად პრაქტიკული ნივთებისთვის პაპიემაშე, აკრილი, ლაქი გამოიყენება და 5-6 დღეში, ფერადი, ბდღვრიალა, სახალისო და განწყობის ასამაღლებელი აქსესუარიც მზადააა. ავტორის ჩანაფიქრიც სწორედ ესაა - სურს, მისმა ნამუშევრებმა ადამიანებზე დადებითად იმოქმედოს.

- მსახიობი და ხელოვნებათმცოდნე ვარ. გარდა ამისა, არაერთი პროფესიით მიმუშავია. რაც შეეხება ხელნაკეთი ნივთების დამზადებასა და ხატვას, ამ მიმართულებით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული. დღეს უკვე თამამად შემიძლია თქმა, რომ ახლა ის ჩემს ერთ-ერთ პროფესიად არის ქცეული. არაერთი ტექნიკა შემისწავლია და მიმუშავია, უმრავლესობის შესახებ ინფორმაციას თავად ვაგროვედი და თვითნასწავლი ვარ, რადგან საერთოდ მიყვარს ექსპერიმენტები და განვითარება. ეს საქმიანობა თერაპიულადაც დადებითად მოქმედებს და წლების განმავლობაში ამ ყველაფერმა იმდენად ჩამითრია, რომ არტ-თერაპიის კურსებიც გავიარე. ამ მიმართულებითაც მიმუშავია, არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელე, როგორც დიასახლისებისთვის, ისე მოზარდებისთვის. ცოტა ხნის წინ გამიტაცა რელიეფურმა მხატვრობამაც და გავაკეთე დაფები პოზიტიური, სამოტივაციო ფრაზებით, რასაც გამოფენაზე საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ჰქონდა და ამან ძალიან გამახარა. რამდენიმე წლის განმავლობაში მქონდა სამხატვრო მაღაზია, სახელოსნო, სადაც არაერთ ჯგუფთან მიმუშავია, არაჩვეულებრივად ვიცი ფერის ფსიქოლოგია, რასაც ვიყენებ პრაქტიკაში. ასე რომ, ეს საქმიანობა არ არის ჩემთვის მხოლოდ ჰობი, არამედ მიღებული გამოცდილების შედეგად უკვე ჩემი ერთ-ერთი პროფესიაა. არ არსებობს დღე, რომ რამე ახალი ნამუშევარი არ გავაკეთო და შაბათ-კვირასაც არ ვისვენებ.

2-copy-1684342460.jpg

- რაც შეეხება ტექნიკასა და სამუშაო პროცესს, როგორ იქმნება თქვენი გულსაბნევები და ნიღბები?

- დღესდღეობით ვმუშაობ პაპიემაშეს ტექნიკით. ის ადრეც მიტაცებდა და ახლა უბრალოდ, ინტენსიური სახე მივეცი. ორწლიანი ექსპერიმენტების შედეგად, ჩემთვის იდეალურ მასალამდე მივედი. ყველაფერს ხელით ვამუშავებ და ნივთებს ასე ვქმნი. ჩარჩოები არ მიყვარს, ამიტომ სხვადასხვა ნამუშევარს ვაკეთებ. ამოუწურავი თემაა ნიღბები და ვაკეთებ აფრიკულ, ტიპაჟურ, საკარნავალო ნიღბებს, რომლებსაც განწყობის მიხედვით ვქმნი და ასევე, შეკვეთებს ვასრულებ. ბოლო პერიოდში მაქვს პორტრეტული გულსაბნევების კეთების მცდელობაც. ამ ნაბიჯმა გაამართლა. მოთხოვნა, ინტერესი არის და ახლა ძირითადად ამ ორი მიმართულებით ვმუშაობ. საერთოდ, პაპიემაშე ძალიან სპეციფიკური ტექნიკაა. თიხაზე მიმუშავია და ბევრად მიადვილდება ამ მასალასთან შეხება, თუმცა, პაპიემაშეს უპირატესობას იმაში ვხედავ, რომ ნივთები არ არის მსხვრევადი და გაცილებით მსუბუქია, ვიდრე თიხა. თან, ყოველდღიური გამოყენებისთვის კომფორტულია. თითოეული გულსაბნევი ექსკლუზიურია და არ მეორდება. რა თქმა უნდა, შრომატევადი პროცესია, რომელიც სრულ ჩართულობას მოითხოვს, შრობასაც რამდენიმე დღე სჭირდება, ტემპერატურა სულ უნდა აკონტროლო და გაითვალისწინო ბევრი ნიუანსი, მაგრამ მუშაობის პროცესიც მომწონს და შედეგიც. 5 მაისს, ფიროსმანის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ამ ტექნიკით მხატვრის ფიგურებიც გავაცოცხლე და ამ მიმართულებით დაგეგმილი მაქვს ვორკშოპებიც. საერთოდ, ამ მასალით ბევრი ნივთის გაკეთება შეიძლება და სამომავლოდ ძალებს სხვა კუთხითაც მოვსინჯავ.

3-copy-1684342450.jpg

- მსახიობის პროფესია საკმაოდ დატვირთულია, რამდენიმესაათიანი რეპეტიციებითა და სპექტაკლებისთვის მზადებით. დროს როგორ ანაწილებთ?

- დღეში 24 საათი არ მყოფნის (იღიმის). პერიოდულად ბავშვებთანაც ვმუშაობ, სხვადასხვა სკოლის კლასებთან სპექტაკლებსაც ვდგამ, თეატრში კი ზოგჯერ რეპეტიციები შუაღამემდე გრძელდება, შინ გამთენიის, 2 საათზე დაბრუნებული, მაინც ვახერხებ, 2-3 საათი ხელნაკეთ ნივთებზე ვიმუშაო. შეიძლება დღე-ღამეში 3-4 საათი მეძინოს, მაგრამ რაღაცნაირად ყველაფერს ვასწრებ. ვცდილობ, დრო ნაყოფიერად გავანაწილო. მომწონს აქტიური რეჟიმი და საერთოდ, რაც უფრო დატვირთული ვარ, მით უფრო მეტის კეთება შემიძლია.

ანა კალანდაძე