ოთარ ქორქია და ქართული კალათბურთი - ორივე 1923 წელს დაიბადა... - გზაპრესი

ოთარ ქორქია და ქართული კალათბურთი - ორივე 1923 წელს დაიბადა...

ქართული სპორტის ლეგენდებზე რომ ჩამოვარდება საუბარი, პირველ რიგში, ოთარ ქორქია, ნინო დუმბაძე, ვახტანგ ბალავაძე და გივი კარტოზია მახსენდება. ასეთი ათლეტები, მადლი ღმერთს, კიდევ იმდენი გვყავს, რომ ეს ჩამონათვალი გვარიანად შეგვიძლია გავაგრძელოთ, მაგრამ ჩემთვის რჩეულთა შორის რჩეულნი მაინც სწორედ ამ დიდებული სპორტსმენების წრეა, უპირველესად კი - ოთარ ქორქია.

რატომ?.. ზუსტ პასუხს ვერ გავცემ. შეიძლება იმიტომ, რომ ქართველთაგან საბჭოთა ნაკრების პირველი კაპიტანი ბატონი ოთარი იყო და მის მიმართ ყოველთვის მოწიწების განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. შეიძლება კიდევ იმიტომ, რომ ჩემი კერპი მისი ძმისშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი მიხეილ ქორქია იყო. მიშა თბილისის „დინამოში“ 13-ნომრიანი მაისურით თამაშობდა და ბავშვობაში მეც #13 ავირჩიე. კიდევ იმიტომ, რომ საკლუბო დონეზე ყველაზე პრესტიჟული ევროპული პრიზის, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მოპოვება ჩვენმა „დინამომ“ სწორედ ოთარ ქორქიას ხელმძღვანელობით შეძლო.

სხვათა შორის, მას შემდეგ ათწლეულები გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ქართველი ათლეტები სპორტის სხვადასხვა სახეობაში მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები კი გახდნენ, მაგრამ დღემდე ქართული გუნდები, სპორტის ვერც ერთ სახეობაში ვერ შესწვდნენ ამ დონის გამარჯვებას. ბოლოს, ამ შესავალში, ისიც მინდა ვთქვა - რომ არ ყოფილიყვნენ: ოთარ ქორქია, გურამ მინაშვილი, ზურაბ საკანდელიძე, ვლადიმერ უგრეხელიძე და კიდევ ბევრი სხვა დიდებული კალათბურთელი, ვერც ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლებას მოვიპოვებდით და ვერც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გავიდოდით.

otar-korkia-copy-1684342691.jpg

10 მაისს ოთარ ქორქიას 100 წელი შეუსრულდებოდა. მინდა ახლანდელ თაობას ვუამბო ამ ლეგენდარული ადამიანის შესახებ - როგორი პიროვნება იყო, რა დონის კალათბურთს თამაშობდა და დღემდე რატომ უყვართ იგი ქართული სპორტის გურმანებს. მესმის, ბატონი ოთარისა და ახლანდელი თაობის ახალგაზრდებს შორის ათწლეულებია, მაგრამ იმისათვის, რომ ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“ ჰქონდეს კაცს წაკითხული, სულაც არ არის საჭირო ილია თანამედროვე იყოს...

1970 წლის ზაფხული იდგა. თბილისის „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქცია ისევ მიმდინარეობდა, მაგრამ „ნორჩი დინამოელის“ კალათბურთის დარბაზში ბიჭები მაინც ვვარჯიშობდით. სპორტის დამსახურებული ოსტატი, ლევან ინწკირველი საკავშირო პირველობისთვის გვამზადებდა. დარბაზში ასაკოვანი, ბრგე მამაკაცი შემოვიდა. მანამდე ნანახი არავის გვყავდა, მაგრამ ოთარ ქორქია მაინც მაშინვე ვიცანით და ინსტინქტურად ყველანი გავჩერდით. მგონი, ოდნავ გაგვიღიმა და მოგვესალმა. ის-ის იყო, კამბოჯიდან ჩამოვიდა, სადაც ადგილობრივ ვაჟთა და ქალთა ეროვნულ გუნდებს წვრთნიდა. ოთარ ქორქია უკვე მაშინ ითვლებოდა ქართული კალათბურთის ლეგენდად და გულში ალბათ ყველანი ვოცნებობდით, მის მსგავსად გვეთამაშა...

ოთარ ქორქია და ქართული კალათბურთი - ორივე 1923 წელს დაიბადა, ქართული კალათბურთი - თბილისში, ოთარ ქორქია კი - ქუთაისში. კალათბურთის თამაში საკმაოდ გვიან დაიწყო, მანამდე კი მძლეოსნობით იყო გატაცებული. კარგადაც გამოსდიოდა და წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ 1938 წელს მამა დაუპატიმრეს და ყაზახეთში გადაასახლეს. მიზეზი დღემდე არავინ იცის. სოხუმის მაიმუნების საშენი მიხეილ ქორქია-უფროსის დაარსებული ყოფილა. შეიძლება სწორედ ეს შურდა ვიღაცას ან ის, რომ მრავალშვილიანი ოჯახის მამა, საკუთარის გარდა, სხვის შვილებსაც უყოფდა ლუკმას. საერთოდ, ეტყობა, ქორქიების ამ შტოს ქველმოქმედება იმთავითვე მოსდგამდათ. ბატონი ოთარის ბიძა, ალექსანდრე ქორქიაც გაჭირვებულების თანამდგომი ყოფილა. მეორე მსოფლიო ომის დროს ემიგრაციაში, პარიზში ცხოვრობდა და საკუთარი ნაცნობ-მეგობრების დახმარებით, გერმანელი ფაშისტებისგან ათასობით ებრაელი გადაურჩენია. მადლიერმა ქართველობამ იგი ლევილში, ნოე ჟორდანიას საფლავის მახლობლად მიაბარა მიწას.

დღეს ოთარ ქორქიას თანაგუნდელებიდან, ბუნებრივია, აღარავინაა ცოცხალი და ვერც ვერავის ვთხოვ მის გახსენებას. სამაგიეროდ, ბატონი ოთარის 70 წელს გადაცილებული ვაჟი, ნოდარ ქორქია ისეთ ფორმაშია, რომ ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატებშიც კი მონაწილეობს. ამასთან, უმცროსი ქორქია გასული საუკუნის 1970-იან წლებში თავად თამაშობდა თბილისის „დინამოში“. იმ პერიოდში მისი ბიძაშვილი მიხეილ ქორქია უკვე „დინამოს“ აღიარებული ლიდერი იყო, ხოლო ბატონი ოთარი - გუნდის უფროსი მწვრთნელი. ასე რომ, უმცროს ქორქიაზე უკეთ ვერავინ გაიხსენებს, როგორი იყო ქართული კალათბურთის ბერმუხა.

- ნოდარ, სიმართლე გითხრა, არც ვიცი, ბატონი ოთარის ასი წლის იუბილე უნდა მოგილოცო თუ არა. ალბათ მაინც უფრო ისაა სასიამოვნო, რომ ამდენი ხნის შემდეგაც ახსოვს ხალხს და პატივისცემით იგონებენ. შენ როგორი დაგამახსოვრდა?

- ოთარი სამართლიანი, დინჯი, ოჯახსა და კალათბურთზე უზომოდ შეყვარებული კაცი იყო. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა, უფრო სხვების შესახებ ჰყვებოდა. მაგალითად, 1962 წელს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი რომ ჩამოიტანეს თბილისში, ყველგან კალათბურთელების დამსახურებას აღნიშნავდა, ხოლო საკუთარ თავზე ოჯახშიც არაფერს ამბობდა. ვიდრე თავად თამაშობდა კალათბურთს, ყველგან ლიდერი იყო, მისი გუნდი კი მხოლოდ პირველობისთვის იბრძოდა. ომის წლებში ქუთაისის საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა. დედაჩემი იქ გაიცნო და მოგვიანებით ოჯახიც შექმნეს. 1943-1946 წლებში ქუთაისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში რიონისპირელები ზამთრის საკავშირო პირველობებსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში III-IV ადგილებს იკავებდნენ. მერე ოთარი თბილისის „დინამოში“ გადმოიყვანეს და იმავე სეზონში ჩვენმა გუნდმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში პირველად დაიკავა საპრიზო ადგილი. შემდგომში სამჯერ ოქროს მედლებსაც დაეუფლა, ხოლო საკავშირო თასის გათამაშებაში ორჯერ გაიმარჯვა. სხვათა შორის, "დინამოელებმა", პირველებმა ქართული სპორტის ისტორიაში, დუბლი 1950 წელს შეასრულეს, როდესაც ჩემპიონობასთან ერთად თასიც მოიპოვეს.

- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების გარდა, ბატონი ოთარი ევროპული ჩემპიონატების სამ ოქროს მედალსაც ფლობს. ამასთან, თავის პირველ ევრობასკეტზე მან ნოდარ ჯორჯიკიასთან ერთად გაიმარჯვა.

- ის ჩემპიონატი 1947 წელს პრაღაში ჩატარდა. ჩეხოსლოვაკიელები მაშინ კონტინენტის მოქმედი ჩემპიონები იყვნენ და ფინალში სწორედ მათ შეხვდნენ. ოთარი ვერც მასპინძლებმა შეაჩერეს. მან ყველაზე მეტი - 25 ქულა მოაგროვა და საბჭოთა ნაკრებმა 56:37 გაიმარჯვა. მსოფლიოს ჩემპიონატებში საბჭოელები ჯერ კიდევ არ მონაწილეობდნენ, ხოლო ოლიმპიური თამაშების ტურნირებში 1952 წლიდან ჩაებნენ. საინტერესოა, რომ ჰელსინკიში მაშინ საბჭოთა დელეგაციაში, მამაჩემისა და ჯორჯიკიას გარდა, საქართველოდან კიდევ 12 სპორტსმენი მონაწილეობდა და 3 მათგანი რეპრესირებულთა ოჯახიდან იყო: ოთარ ქორქია, ნინო დუმბაძე და მზია ჯუღელი. ისიც უნდა ვთქვა, რომ სამივემ ფინეთის დედაქალაქიდან ოლიმპიური მედალი ჩამოიტანა: ქალბატონი მზია ჩემპიონი გახდა, დუმბაძემ ბრინჯაო მოიპოვა, ხოლო მამამ ვერცხლის მედალი. საბჭოთა ნაკრებმა პირველობა მხოლოდ აშშ-ის ნაკრებთან დათმო. ამასთან, ფინალში ოთარი ტრავმირებული ხელით თამაშობდა და ვიდრე პერსონალური ჯარიმების გამო მოედანი არ დატოვა, ანგარიში თანაბარი იყო - 23:23. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს ამერიკელებმა გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ, 36:25 გაიმარჯვეს. ისიც უნდა ვთქვა, რომ ოთარი თავისი 190 სმ სიმაღლით ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. ამ დროს ამერიკელთა ცენტრის, ბობ კურლანდის სიმაღლე 2 მ და 13 სმ იყო. მიუხედავად ამისა, 138 ქულით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად და ცენტრალურ თავდამსხმელად მაინც ოთარ ქორქია აღიარეს.

file291721-copy-1684342705.jpg

- როგორც მახსოვს, ბატონმა ოთარმა 1958 წელს სწორედ ამერიკელებთან მატჩით დაასრულა თავისი საკალათბურთო კარიერა, როდესაც ისინი საბჭოური ტურნეს დროს ჩამოვიდნენ თბილისში.

- მაშინ ჩვენი სპორტის სასახლის მშენებლობა ის-ის იყო იწყებოდა. დიდი დარბაზი თბილისში არ გვქონდა და ამიტომ მეტოქეები „დინამოს“ სტადიონზე სახელდახელოდ დაგებულ ღია მოედანზე ათამაშეს. მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრას დაახლოებით 20-25 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა. თამაში, რა თქმა უნდა, სტუმრებმა მოიგეს. 7 წლის ვიყავი და მახსოვს, მატჩის დამთავრებისთანავე მაყურებლები რომ გადაცვივდნენ მოედანზე, მამას თანაგუნდელმა, რეზო გოგელიამ ამიტაცა ხელში, თორემ გადამთელავდნენ...

კარიერის დასრულების შემდეგ, მამამ თბილისის „დინამოს“ სტადიონზევე „ნორჩი დინამოელის“ კალათბურთელთა სკოლა გახსნა. დარბაზი თავისივე ნახაზებით მოაწყო. ბავშვებისთვის ასაწევ-ჩამოსაწევი ფარები დაამონტაჟა, რომ ისინი ადვილად მისწვდენოდნენ კალათს. მუშთაიდის ბაღის მხარეს 4 ღია მოედანი გახსნა, წერეთლის გამზირის მხარეს კი - 2. ეს პრაქტიკულად მინიკალათბურთის პირველი სკოლა იყო, მაგრამ შემდეგ თბილისის „დინამოს“ უფროს მწვრთნელად გადაიყვანეს და როგორც იცით, 1962 წელს ევროთასიც მოიგო. თუმცა, საკავშირო ჩემპიონატებში ვეღარ იმარჯვა და 1965 წელს მოხსნეს. ისევ თავისსავე შექმნილ კალათბურთელთა სკოლას დაუბრუნდა, მაგრამ იქიდანაც, შტატების შემცირების გამო, გაათავისუფლეს.

- ოღონდ, მახსოვს, 1970-იანი წლების დასაწყისში ისევ დააბრუნეს „დინამოს“ უფროს მწვრთნელად.

- ჰო, მაგრამ მინსკის "ერტეისთან" ერთ-ერთ მატჩში ჩხუბი ატყდა და ახლა ამ მიზეზით მოუწია გუნდის დატოვებამ. მერე ნაძალადევში გახსნა კალათბურთელთა სკოლა, დიდუბეში წამოიწყო 4-დარბაზიანი კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც დღეს ზაზა ფაჩულიას აკადემია ჰქვია, მაგრამ არსად გააჩერეს. ერთი სიტყვით, ყველა აღიარებდა, რომ ოთარ ქორქია საბჭოთა კავშირის XX საუკუნის საუკეთესო კალათბურთელი იყო, მაგრამ ამავე დროს ბოლომდე არ აცდიდნენ მუშაობას.

- ვხვდები, შენც ბატონი ოთარივით მორიდებული კაცი ხარ და სათქმელს არ ამბობ ბოლომდე. ამიტომ მე ვიტყვი შენ მაგივრად: 100 წელი საიუბილეო თარიღი კი არის, მაგრამ სხვა შანსი არც მე მექნება და არც შენ. ახლა თუ მოგვისმენს ვინმე, თორემ მერე... ბატონი ოთარი ჯერ კიდევ თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა ნაკრების კაპიტანი იყო, „დინამოს“ ძველი სტადიონის სადემონსტრაციო ტაბლოს ქვეშ, საერთო საცხოვრებელში, თავის ცოლ-შვილთან ერთად რომ ცხოვრობდა. არავინ შეუწუხებია. 1958 წელს ამერიკელი კალათბურთელები რომ ჩამოვიდნენ თბილისში, მაშინ მისცეს დიდუბის ქუჩაზე ბინა. სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდა. ეს უბანი სავსეა ასეთი ქუჩებით: ვანის, სამტრედიის, წყალტუბოს, ქუთაისის, ფოთის, ბათუმის, გორის, სოხუმის, საგურამოს. მოკლედ, ლამის მთელი დასავლეთი საქართველოა აქ თავმოყრილი, მაგრამ ბატონი ოთარი არავის გახსენებია. ეგებ ვინმემ ხელი გამოიღოს და დიდუბეში ამ ლეგენდარული კალათბურთელის სახელი მიანიჭოს რომელიმე ქუჩას.

გოგი ფრანგიშვილი