„გაუსაძლისია სამუშაოდ"! - გზაპრესი

„გაუსაძლისია სამუშაოდ"!

"გაუსაძლისია სამუშაოდ" - ახალი „ფენომენი“ აღმოვაჩინე. ემიგრანტი ქალები იმ სამსახურებში, სადაც მათი უფლებები ირღვევა ან არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი, ერთმანეთს მინიშნებებს უტოვებენ! დღეს ემიგრანტი ქალბატონის, სალომე გოგოლაძის "წერილები გზიდან" გავაზიარე. ქართველი მომვლელი, კედელზე ასომთავრული ქართულით გაკეთებულ მინაწერს იპოვის, - "მე მარია ვარ, შენ კი აქედან გაიქეცი"... ამ ისტორიის ქვეშ ემიგრანტმა ქალებმა მათ მიერ ნაპოვნი "კოდური შეტყობინებები" გაასაჯაროეს. ვდებ ერთ-ერთ მათგანს... ისტორიას წერენ გმირები! არ შემედავოთ!" - ეს იტალიაში მყოფი ქართველი ჟურნალისტის - ხათუნა შარაძის წერილია. იგი მედიაპლატფორმა ExclusiveTV-ს ხელმძღვანელობს.

- 5 წელია ემიგრაციაში ვიმყოფები. ჟურნალისტურ საქმიანობას ვეწევი, ვარ საემიგრაციო მედიამაუწყებლის, მედიაპლატფორმა ExclusiveTV-ს გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი. ვინაიდან მუდმივად ვადევნებ თვალს ემიგრანტების ცხოვრებას, საემიგრაციო თემებს, ჩვენს ყოფას და ყოველდღიურობას, უამრავი ამბავი დამიგროვდა. ვცდილობ, პროფესიული და მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადო ემიგრანტების წინაშე, რაც სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა იმის განცდა, რომ თუნდაც ერთ ემიგრანტს გამოვადექი, სტიმულს და ძალას მაძლევს. ემიგრაციას მტკიცე ხელი სჭირდება.

გუშინ ერთ-ერთი ემიგრანტი ქალბატონის მოთხრობა გამოვაქვეყნე, სადაც საუბარი მინიშნებაზე იყო: როგორ უტოვებს ემიგრანტი ქართველი ასომთავრულით მინაწერს, მინიშნებას სავარაუდო მომდევნო ქართველ მომვლელს. როცა ეს ყველაფერი ჟურნალისტურ მასალად ვაქციე და ფართო აუდიტორიას წარვუდგინე, ამ ამბის გავრცელებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ემიგრანტებმა თავიანთი ისტორიებიც გაგვიზიარეს. ერთ-ერთმა ქალბატონმა ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საწოლზე ქართულად მინაწერზე, მინიშნებაზე... ასე წერია, - "გაუსაძლისია სამუშაოდ!"

344585264-1198702087371223-2507569789206390555-n-copy-1684342919.jpg

- ასე ცდილობენ ერთმანეთი გადაარჩინონ?

- ეს ძალიან ღრმა, რთული და დელიკატური საკითხია... უცხო ადამიანებთან ინტეგრაცია, ახალი სამსახური, მოხუცთან ურთიერთობა, მისi ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია ურთულესია. მოგეხსენებათ, ქართველი ქალბატონები ძირითადად ალცაიმერით დაავადებულ მოხუცებს უვლიან, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ემიგრანტiს ცხოვრებას მეტად ამძიმებს.

ემიგრანტები სამსახურს ძირითადად ე.წ. დამსაქმებლების მეშვეობით პოულობენ. ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ ემიგრანტს შეუძლია ოფიციალურად მიმართოს დასაქმების ოფისს, სადაც ყველაფერი კანონის გავლით ხდება და დასაქმების საფასურს იხდის... იატაკქვეშეთში დამკვიდრებული დასაქმების ფენომენი კიდევ უფრო რთულია... ვფიქრობ, რადგან ემიგრანტები კონკრეტულ პირობებზე ღიად არ ან ვერ საუბრობენ, რაღაც ერთგვარი გამოსავალია, რომ მისიანი გააფრთხილონ...

- ქართველი ემიგრანტის უფლებებს ვერაფერი იცავს?

- ხუთი წელია აქტიურად მაქვს კავშირი ქართულ დიასპორასთან.

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე არაერთი ემიგრანტის ისტორიის მოსმენა მიწევს... ეს ყველაფერი რომ ერთი აკინძული დიდი ჯოჯოხეთია, ამის თქმაც არ გამოდის. ცუდი ამბების პარალელურად რასაკვირველია, კარგიც ხდება. თუმცა აქ საუბარია ადამიანის უფლებებზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, რომლის საპირწონეც ვერასოდეს ვერაფერი იქნება.

- რა არის ყველაზე სწორი გამოსავალი?

- ამ კითხვაზე ჩემი გულწრფელი პასუხია: სჯობს ჩვენს ქვეყანაში გადავიტანოთ ჩვენებური განსაცდელები. საშუალება მოგვეცეს სამშობლოში ვიყოთ და ვიშრომოთ. ჩვენი უფლებები ჩვენს ქვეყანაში დავიცვათ.

- სხვა ქვეყნების დიასპორა რამდენად იცავს თავისი ქვეყნის ემიგრანტების უფლებებს?

- პირადად შეხება არასდროს მქონია, მაგრამ რაც გადმოცემით გამიგონია, უფრო მძლავრი და შეკრული დიასპორა აქვთ სომხებს, უკრაინელებსა და ალბანელებს.

ემიგრაციაში ყოფნა ყველასთვის ურთულესია... პირადად მე მალე ვაპირებ წიგნი გამოვცე სათაურით „მე, იტალია და მარიამი“, სადაც ერთი თავი იტალიაში ჩემი პირველი სამსახურის შესახებ იქნება... გთავაზობთ ამონარიდს:

342396070-196296246562734-220746545608300103-n-copy-1684342937.jpg

„ექვსი თვის შემდეგ გამოჩნდა ჩემთვის სასურველი სამსახური. ყოველდღე, დილის 8:00 საათიდან 12:00 საათამდე ლორედანას სახლში უნდა ვყოფილიყავი. ვთხოვე, ერთი საათით გადაეწია სამუშაოს დაწყების დრო. მეუღლე იმ დროისთვის ღამით მუშაობდა და სახლში დილით მოდიოდა. მარიამის საბავშვო ბაღში დატოვებასაც ვერ ვასწრებდი. დამთანხმდა. პირველი სამუშაო დღე პირველი სექტემბერი იყო. დიდი ნათელი ბინა ჰქონდა ლორედანaს. ბინა არა, მუზეუმი. ისე სიგიჟემდე უყვარდა საკუთარი სახლი და ოთახებში განლაგებული ნივთები, რომ დღესაც არ ვიცი, როგორ მაძლევდა იმ სახლის დალაგების უფლებას. უფრო სწორად, ამ უფლებას მაძლევდა და არც მაძლევდა. ეგონა, რომ რაც მის ბინაში იყო განთავსებული, არასდროს მენახა.

ლორედანა ცუდ სხეულში იყო დაბადებული, მაგრამ მგონია, რომ გულის სიღრმეში კარგი ქალი იყო.

წლის ბოლოს სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, ხერხემლის ტკივილი დამჩემდა. ოთხი საათი ლორედანას სახლს, სადილს, საყიდლებს და მის სკრუპულოზურ, კაპრიზულ ბრძანებებს ვასრულებდი. მე ტანმორჩილი ვარ, ლორედანა კი მაღალი, წელში მოხრილი ქალი იყო. მარჯვენა მხარზე ჩამომეყრდნობოდა, ხოლო მარცხენა ხელში საყიდლებით სავსე ჩანთების ტარება ერთდროულად მიწევდა. მტკიოდა ხერხემალი. მონასავით მექცეოდა. მეუბნებოდა, - ფულს გიხდი და როგორც მე მინდა, ისე უნდა გააკეთო ყველაფერიო.

გაუნათლებელს და სულელს მეძახდა. ერთ დღეს კუთვნილი შვებულება, კალენდარული დღეები და მეცამეტე ხელფასი ვთხოვე. მხარში ხელი წამავლო და სახლიდან გამომაგდო, - აქ ამერიკა არ გეგონოს, ეს იტალიაა, ჩვენს ქვეყანას კი არც ისე ძლიერი ეკონომიკა აქვსო. ევროპულ ხარჯებს არ ჰყოფნიდა შემოსავალი და ლორედანას პარალელურად, სადარბაზოს დალაგება დავიმატე.

კვირაში ერთხელ ხუთსართულიანი კორპუსის კიბეს, ლიფტს და მოაჯირებს ვწმენდდი. თვეში 21 ევროს მიხდიდა სადარბაზოების ჰიგიენაზე პასუხისმგებელი ქალი. 19 ევროს მპარავდა. ექვსი თვე თავი არ ამიწევია. არ მინდოდა კორპუსის მობინადრეებს ჩემი სახე დაენახათ. მერე ლორედანaს მოვლას და კორპუსის დალაგებას კიდევ ერთი დალაგება დავუმატე (ის ოჯახი კარგად მახსენდება), წლის ბოლოს კი თავი საავადმყოფოში ამოვყავი. ფიზიკურ დატვირთვას მიუჩვეველმა ხერხემლის მალებმა უარი განაცხადეს ფუნქციონირებაზე. საავადმყოფოში ყვითელი კოდით შემიყვანეს. ფეხზე დგომას ვერ ვახერხებდი, მეგონა, მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვებული ცოდვები მალებში ჩაბუდდნენ და აქ, იტალიაში გადაწყვიტეს შურისძიება.

პალატაში დედაოები დამხვდნენ. ინფარქტის ნიშნები ჰქონდა ერთ-ერთს. მონაზვნისსამოსიანი ქალების დანახვაზე ნიაღვარივით ჩამომდიოდა ცრემლები. გულში კი ვფიქრობ, - რადგან დედაოების პალატაში ამოვყავი თავი ე.ი. ხერხემლიs ტკივილი შეწყდება-მეთქი! იქ იმ დროს ათას უცნაურ ამბავზე ვფიქრობდი: ხან ღმერთს ვეჩხუბებოდი, ხან საკუთარ თავს, ხან იმათ, ვინც ხელი არ შემიშალა ემოგრაციაში რომ მოვდიოდი.

ლორედანამ, რომელიც ხერხემალს მკურნალობდა და ტკივილის ფასი იცოდა, ორდღიანი შვებულება არ მომცა! ფაქტობრივად ვერ დავდივარ, წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ, ბალანსი არ მაქვს, ნაბიჯები მერევა და გამოსავლის ძებნაში ჯოჯოხეთური ამბავი ჩავიდინე, - შვილი ჯოხად გამოვიყენე! ოთხი წლის იყო ჩემი გოგონა მაშინ. დილით ადრე გავაღვიძე, ხელი ჩავჭიდე და დავეყრდენი; შვილი ჯოხად გამოვიყენე და ასე ნაწილ-ნაწილ კვდებოდა ჩემში ადამიანი..."

მანანა გაბრიჭიძე