არის თუ არა რეალურად "ხრუშოვკების" ექსპლუატაციის ვადა 25 წელი" - გზაპრესი

არის თუ არა რეალურად "ხრუშოვკების" ექსპლუატაციის ვადა 25 წელი"

ინჟინერ-მშენებელი, დაპროექტებისა და მშენებლობის ექსპერტი, პროფესორი რევაზ მახვილაძის მონათხრობი ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ კონცეფციებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, აგრეთვე თბილისის მერის - კახა კალაძის ინიციატივებს თბილისის კეთილმოწყობის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცლებისა და ძველი თბილისის საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია-გამაგრების თაობაზე.

ბატონი რევაზი ჰყვებოდა, რომ არქიტექტურული გეგმარებით "ხრუშოვკების" უმეტესობას სარდაფები არ გააჩნია. სველი წერტილებიდან წყალსადენ-კანალიზაციისა და თბოქსელების ვერტიკალური დგარებისათვის პირველი სართულების ქვეშ 1.5 მეტრი ჩაღრმავების სივრცეა დატოვებული, საიდანაც აღნიშნული ქსელების ეზოში გამოყვანა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების სათვალთვალო ჭებში ჩართვა ხდება. აღნიშნულის გამო დაზიანებების დაფიქსირება შენობის ძირში და საძირკვლების ქვეშ დროულად ვერ ხდებოდა. კომუნიკაციების დაზიანებები იწვევდა და ამჟამადაც იწვევს საძირკვლებში წყლის ჩადინებას, ფუძე-გრუნტების დარბილებას, რაც, ცხადია, შენობათა დაპროექტების წინ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებში დაფიქსირებულიც არ ყოფილა და დამპროექტებელს არც გაუთვალისწინებია.

აღნიშნულის გამო ვარკეთილის მასივში ასეთი სახლების უმეტესობა კომპეტენტურმა კომისიებმა ავარიულად ჩათვალეს, რის გამოც საბჭოთა ხელისუფლებამ ექსპლუატაციიდან 8-10 წელიწადში 25 სახლის მოსახლეობა თემქის ახალაშენებულ, 8-სართულიან სახლებში განასახლა და შემდეგ მოახდინა ავარიული სახლების დემონტაჟი... იმავე ადგილებზე მოკლე პერიოდში ააგეს 13-16-20-სართულიანი საცხოვრებელი სახლები. მათი დაფუძნება განხორციელდა რკინაბეტონის ფილებზე, მაგრამ აქაც შეცდომა დაუშვესო...

- ...აჯობებდა, 10-15 მეტრ ჩაღრმავებაზე სვეტების ქვეშ ჯერ რკინაბეტონის ხიმინჯები მოეწყოთ მყარ გრუნტებზე დაყრდნობით. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მათაც ჯდენები განიცადეს: შენობები გადაიხარა, კარ-ფანჯრები გაიჭედა, შეიქმნა ავარიული სიტუაცია. ასეთი საცხოვრებელი სახლების თითო სადარბაზოში 60-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, კერძო საკუთრების პირობებში მოსახლეობას არ შეეძლო დიდი მასშტაბების გასაძლიერებელ-სარეკონსტრუქციო სამუშაოთა საკუთარი სახსრებით დაფინანსება. სახელმწიფო იძულებული გახდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კონსტრუქციულ მდგომარეობაში მოსაყვანად სოლიდური თანხები გაეღო. მაგალითად, ვარკეთილის III მიკრორაიონში 327 კორპუსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები თბილისის მერიის დაფინანსებით ჩატარდა და 469.5 ათასი ლარი დაჯდა. მისი საცხოვრებელი ფართობი 6462 კვ მ-ია. თბილისის სხვა რაიონებში (საბურთალოზე, არის 6 საცხოვრებელი კვარტალი, დიღომშიც რამდენიმე კვარტალია, დიდუბეში მათი მცირე რაოდენობაა) ამ სახლებზე ავარიული მდგომარეობა არ შექმნილა. პირიქით, საინჟინრო გამოკვლევებით მათი მდგრადობის დადასტურების შედეგად, მერიის მიერ ოფიციალურად გაცემული ნებართვებით ზოგს "სამერცხლურები" დაადგეს, ზოგზე ოთხივე მხრიდან კარკასული კონსტრუქციები გამოაშენეს და ზემოდან სართულებიც დაამატეს, მაგრამ თვით მცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში აშენებულ სახლებში, სხვა მცხოვრებლებთან შედარებით ნაკლებად კომფორტულ პირობებში იმყოფებიან. ამ სახლებში მცხოვრები ოჯახების უმეტესობას სურს, მათი ფართობების დემონტაჟსაც შეუწყონ ხელი. ცხადია, აჯობებდა მათი ჯერ ახალ სახლებში შესახლება და შემდეგ დემონტაჟი. ასეთი ოჯახები შეპირებულზე მეტი ფართობების მიღების შემთხვევაში მზად არიან, საფასური დაამატონ...

"ხრუშოვკების" ნაკლი

- "ხრუშოვკების" ნაკლი მათ დაბალჭერიანობაშია, ოთახებიც ვაგონური ტიპისაა, ვიწრო და მოუხერხებელი, სამზარეულოც პატარაა. მოსკოვსა და გერმანიაში ყველა "ხრუშოვკის" დემონტაჟი 20 წელზე მეტია დასრულდა, ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებიც აშენდა. საცხოვრებელი გარემო მთლიანად შეცვლილია, ყველა კმაყოფილია.

საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებში გარკვეული პიროვნება მიხვდება, რომ კერძო საკუთრების პირობებში სახელმწიფო ვალდებულებებში არ შედის ასეთი სამუშაოების ჩატარება და ცხადია, სახელმწიფოში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, მომავალში ასეთი დოტაციები ვეღარ განხორციელდება. თუმცა, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში ანალოგიურ გასამაგრებელ სამუშაოთა ჩატარებაზე მილიონი ლარი ყოფილა გათვალისწინებული, რაც ერთჯერადი დახმარება იყო.

როგორც აღინიშნა, თბილისში ამჟამად 500-ზე ცოტა მეტი "ხრუშოვკაა" შემორჩენილი. მათი ჩანაცვლება დროში არ უნდა გაიწელოს. თბილისის მერიას ვურჩევდი, გამოყოფილი 100 მილიონი ლარით თბილისში, ნებისმიერ ადგილას ააშენოს ერთი ან რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ხოლო "ხრუშოვკების" დემონტაჟი მოსახლეობასთან მოლაპარაკებებით მომავალში გადააბარონ დეველოპერულ ფირმებს. მათ ამის გამოცდილება უკვე აქვთ, მოსახლეობასთან მოლაპარაკებებსაც მიჩვეულები არიან. წინა წლებში დეველოპერულმა ფირმებმა მერიის ხელშეწყობით რამდენიმე "ხრუშოვკის" ადგილზე ახალი მრავალსართულიანი სახლები ააშენეს, მოსახლეობაც დაბრუნდა თავის მიჩვეულ ტერიტორიაზე ახალ შენობებში და ახალი ბინებით ყველა კმაყოფილია; ინვესტორებმაც ზედმეტი ბინების გაყიდვით კომერციულ წარმატებას მიაღწიეს.

საქართველოში მრავალი სამშენებლო ფირმა ფუნქციონირებს, წარმატებითაც საქმიანობენ დაპროექტებისა და მშენებლობის ხაზით. მათი სპეციალისტები და წარმომადგენლები ჯიუტად ეძებენ თბილისში ასაშენებელ ტერიტორიებს, აწუხებენ მოსახლეობასაც კეთილი სურვილებით - დაუნგრევენ, ააშენებენ ახალს, მისცემენ უკეთეს ბინას.

თუმცა, ხდება ისეც, რომ ამზადებენ პროექტებს, ამტკიცებენ მერიის არქიტექტორის სამსახურში, შემდეგ ოჯახები გადაჰყავთ დაქირავებულ ბინებში, ანგრევენ ძველს და იწყებენ ახლის მშენებლობას და მერე იწყება მოშორებით მდგომ სახლებში მცხოვრებთა ხმაშეწყობილი პროტესტი, რომ მათი საცხოვრებელი პირობები უარესდება, ხედი ეკარგებათ, იწყება სასამართლო დავაც, რაც წლობით გრძელდება. ძალიან ბევრი მშენებლობა წლობით გაჩერებულიცაა და გაგრძელების პერსპექტივა აღარ არსებობს. გასახლებული მოსახლეობა დეველოპერული ფირმების უიმედო მოლოდინში, ნაქირავებ ბინებში აგრძელებს ცხოვრებას. მერიის თანამშრომლებიც შეწუხებულები არიან მისახლეობის ჩივილებითა და პროტესტებით.

ყველა ქვეყანაში საბინაო მშენებლობა ინვესტიციური სახსრებით ხორციელდება. მუნიციპალიტეტები ქალაქების კეთილმოწყობითა და მოვლით არიან დაკავებულები. ქალაქის მეურნეობა ცოცხალი ორგანიზმივითაა, მის პულსაციას უნდა უსმინო. ყველაფერს მოვლა-პატრონობა, ხელის შევლება და განახლება სჭირდება. ამ საქმეში ინვესტორი ვერ შეგეკედლებათ. მერიის განაცხადები და ინფორმაციები სატელევიზიო გადაცემებში გვარწმუნებს, რამდენი ენერგია, შრომა და სახსრები იხარჯება ქალაქში საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღებაზე.

ბატონო კახა! ნუ დაუკარგავთ ხალისს ჩვენებურ და უცხოელ ინვესტორებს, ასევე დეველოპერულ ფირმებს გააგრძელონ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობა. საცხოვრებელი ბინების მშენებლობები "ხრუშოვკების" ჩანაცვლებისა და ძველი თბილისის სახლების რეაბილიტაციის პრობლემები და სამუშაოებიც მათ გადააბარეთ. უკეთესი იქნება შეარჩიოთ საიმედო იმიჯის მქონე დეველოპერული ფირმები და თუ მოინდომებენ, მათვე დაუნაწილოთ ძველი თბილისის სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და განახლებისათვის თქვენ მიერ დადგენილი ტერიტორიები. მთავარი ნდობის ფაქტორია, ცხადია, მათივე წარმოდგენილი დეკლარაციების საშუალებით.

თქვენი მხარდაჭერა დეველოპერული ფირმებისადმი თბილისში სამშენებლო პროცესის წარმართვას გაამარტივებს. დეველოპერული ფირმები თავიანთი სპეციალისტების ჩართვითა და დახმარებით თქვენ მიერ მინდობილ ტერიტორიებზე, მინდობილ კვარტალებში შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას, დაამუშავებენ ბიზნესგეგმებსაც, შეადგენენ კვარტალების განვითარების გენერალურ გეგმებსაც, მასში ასაშენებელი სახლების მდებარეობასაც დააფიქსირებენ მერიის მიერ ნებადართული კოეფიციენტების გათვალისწინებით, შემდეგ მერიის არქიტექტურის სამსახურთან განაშენიანების გეგმას შეათანხმებენ თავისი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ვიზუალით. აღარ უნდა გახდეს საჭირო ცალკეული ობიექტების მშენებლობებზე შეთანხმებების მიღება. ცხადია, დაფიქსირებული უნდა იყოს სამშენებლო უბნის მთლიანი განახლების პერიოდი.

61fbbeef236ad-copy-1684343134.jpg

"ასე მერია თვითონ გახდება ინვესტორი"

- გავთამამდები და გირჩევთ, "ხრუშოვკების" ჩანაცვლებაზე გამოყოფილი თანხით - 100 მილიონი ლარით შექმნათ თბილისის განვითარების ინვესტიციური ფონდი. მისი გამოყენებით ახლავე შეიძლება თქვენს განკარგულებაში მყოფ რომელიმე ნაკვეთზე ანდა რომელიმე "ხრუშოვკებით" დასახლებულ კვარტალში არსებული სპორტმოედნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის აშენება და შემდეგ ოჯახების გადაყვანა, თქვენ მიერვე დაარსებული ინვესტიციური ფონდისთვის დამტკიცებული წესდების საფუძველზე. ოჯახების დაბინავება თქვენ მიერ აგებულ სახლში უნდა მოახდინონ დაინტერესებულმა დეველოპერებმა, ცხადია, თქვენ მიერ დადგენილი საფასურის გადახდით. მათ საქმიანობაში მერია აღარ უნდა ჩაერიოს. სამაგიეროდ, მერიის განკარგულებაში მოხდება უფრო მეტი თანხის აკუმულირება, რასაც მომავალში მერია დაგროვებულ თანხებს ანალოგიურ საქმიანობას ან ქალაქის მოვლა-განახლებას მოახმარს.

100 მილიონი ლარი 40 მილიონამდე დოლარია. მშენებლობაში მისი ჩადებით, მაქსიმალური 500 დოლარის დასახარჯით, 1კვ მ საცხოვრებელ ფართობზე, აშენდება 80 ათასი კვ მ ფართობის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. საშუალოდ, 80 კვ მ ფართობის 3-ოთახიან ბინებში ათას ოჯახს შეასახლებდით. ათეული წელია ჰპირდებით დევნილებს ბინებით დაკმაყოფილებას, ახლაც ვალდებულებას იღებთ თბილისელების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ჩვენი წინადადებით, მერია თვითონ გახდება ინვესტორი. ეს კეთილშობილური ღონისძიება იქნება ისეთივე ნოვატორული, როგორიც ქვეყნის მოამაგის - ილია ჭავჭავაძის ინიციატივით სათავადაზნაურო ბანკის შექმნა იყო.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეურნეობის ყველა დარგი მენეჯმენტური აზროვნებით იმართება. ასეა მშენებლობებიც. პურს მეპურე აცხობს, საცხოვრებელ სახლს, თეატრს, სპორტულ სარბიელს, ხიდს, გვირაბს, მეცხოველეობის ან მეფრინველეობის ფერმას შესაბამის საინჟინრო სპეციალიზაციას დაუფლებული პიროვნება უნდა ახორციელებდეს და მაშინ დალაგდება ქვეყანაც. ტექნიკური უნივერსიტეტი ახალგაზრდას აძლევს საწყის ცოდნას, სამუშაო გარემო კი მას სპეციალისტად აყალიბებს. მთავარია, საქმეს პატივცემულ ნიკო ცხვედაძის მსგავსი პატრიოტი დაუყენოთ სათავეში.

შენობების მოძველების პერიოდები...

- გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში თბილისის მთავარი არქიტექტორის კაბინეტში გაჟღერდა ინფორმაცია "ხრუშოვკების" თაობაზე. ითქვა, - ისინი ავარიულ მდგომარეობაში იმიტომაა, რომ მათი ექსპლუატაციის ვადა 25 წელი ყოფილაო. ეს აზრი მყარად ჩაჯდა ადამიანთა გონებაში. ყველაფერს ქვეყნიერებაზე, პურის გამოცხობიდან დაწყებული, აქვს დაძველებისა და გამოყენების ვადები. 1965 წლის სამშენებლო ნორმებით, ხის მასალით აგებული სახლების ექსპლუატაციის პერიოდი 50 წელია, აგურის სახლებისა ხის გადახურვებით - 100 წელი, იგივე რკინაბეტონის კონსტრუქციებით გადახურულებისა - 120 წელი, ხოლო მსხვილბლოკურებისა, პანელოვანი შენობებისაც, მათ შორის "ხრუშოვკებისაც" 150 წელია.

მოგვიანებით, სამოცდაათიანი წლებიდან, როგორც დაბალი, ასევე მრავალსართულიანი შენობების აგება კარკასული რკინაბეტონის კონსტრუქციებით დაიწყეს. მათ უკვე 175-წლიანი ექსპლუატაციის პერიოდი დაუწესდათ. აღნიშნულ ვადებში იგულისხმება მზიდი კონსტრუქციები, ხოლო არამზიდებს - ტიხრებს, კარ-ფანჯრებს, საინჟინრო კომუნიკაციებს და სხვებსაც 20-50 წლამდე ვადა მიანიჭეს და უფრო ადრეც შეიძლება მათი შეცვლა ან განახლება. ეს არ ნიშნავს, რომ შენობა თვითონ დაინგრევა, ეს მათი მოძველების პერიოდებია. არსებული შენობები მოვლისა და პატრონობის პირობებში საუკუნეები ინარჩუნებს როგორც სიდიადეს, ისე ხიბლს. ჩაკეტილი და არა ექსპლუატირებული სახლები თვითონვე "კვდებიან".

832f1c20-fc6b-11e8-a546-f912e3d98f3b-copy-1684343119.jpg

როგორ დავემსგავსოთ შვეიცარიას?

- გვიკიჟინებენ, - მიჰბაძეთ შვეიცარიას, ისიც მთაგორიანი ქვეყანააო. თქვენც გაეცანით სტატისტიკას. ჩვენზე ტერიტორიით 1.5-ჯერ ნაკლებია, მოსახლეობით 10 მილიონამდეა, ანუ სამჯერ მეტი. ყველაზე დიდი ქალაქი ციურიხია - 402 ათას 762 მცხოვრებით, დედაქალაქ ბერნში 133 ათას 115 ადამიანი ცხოვრობს. მართლაც სანიმუშო ქვეყანაა. ყველა კუთხე-კუნჭული, როგორც ქალაქებში, ასევე მუნიციპალიტეტების (კანტონების) ტერიტორიებზე სტატისტიკური მონაცემებით თანაბრადაა დასახლებული.

როგორ დავემსგავსოთ შვეიცარიას? მენეჯმენტური და ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ყველაფერი მთავრობის ხელშია! საცხოვრებელ სახლებს თბილისში და სასტუმროებს ბათუმში მდიდარი ადამიანები აშენებენ და შემდეგ სხვა მდიდარი ადამიანები ყიდულობენ. ვინ უშლის საქართველოს მთავრობას, საბაზრო ეკონომიკისა და კაპიტალიზმის "მგლური კანონები" (ასე გვასწავლიდნენ სოციალიზმის მშენებლობის დროს) გამოიყენოს და ასეთ ინვესტორებს დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი) 18%-ის ნაცვლად, 28 პროცენტამდე გაუზარდოს? ასევე, უცხოელ მოქალაქეებსაც, ბინების შესყიდვისას, ქვეყნის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაახდევინონ დღგ. იქნება ამით შევამციროთ თბილისში მშენებლობები, ხოლო რეგიონებში ინვესტორებს საერთოდ მოვუხსნათ დღგ.

მხოლოდ ამ შემთხვევაში მოინდომებენ ინვესტორები და დეველოპერული ფირმები სხვა ქალაქებსა და დასახლებებში მშენებლობების დაფინანსებას. საქართველოს ყველა კუთხეს, ზღვის სანაპიროზეც, მთასა და ბარში, თავისებური სილამაზე და ხიბლი აქვს, ყველგან შეიძლება საკურორტო, ტურისტული და სამკურნალო დაწესებულებების მშენებლობა.

დემოგრაფიული თვალსაზრისითაც სასურველია, ქვეყნის ყველა კუთხის თანაბარ განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც მთავრობის პროგრამებშიც უნდა აისახოს. მოსახლეობაც დაუბრუნდება სახლ-კარს, დასაქმდება ფერმერობით, გაჩნდება დასაქმების სხვა საშუალებებიც, მაგალითად, სასტუმროებში, სანატორიუმებში და სხვაგანაც, ემიგრანტებიც დაბრუნდებიან მონატრებულ სამშობლოში. თუ ასე გაგრძელდება თბილისის მშენებლობა, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კარიბჭიდან ბორჯომის ხეობამდე 200 კილომეტრია და იმედი უნდა ვიქონიოთ, ბორჯომის ხეობის ვიწრო გასასვლელთან მაინც შეჩერდება და სურამის ქედს აღარ გადაახტება.

ძალიან ცუდი პერსპექტივაა. იმედია, ამას უფალი არ დაუშვებს.

ძვირფასო ჩვენებურებო. გამრავლდით, თქვენც იფიქრეთ, იოცნებეთ ქვეყნის მომავალზე, ოცნებას ადამიანი არ მოუკლავს. გაუმართლეთ იმედები ნოდარ დუმბაძის გმირს - ზურიკელას!!! იმანაც დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა გურიაში, შეხვდა თავის არდავიწყებულ და მომლოდინე სატრფოს და იყვირა, - დავოჯახდებით! შვილები გვეყოლება! ბევრნი ვიქნებით და ყველგან ჩვენ ვიქნებითო.

P.S. თუ გსურთ ამ თემასთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ან ფიქრობთ, რომ სხვა საინტერესო თემაზე ან საკუთარ თავგადასავალზე მოსაყოლი ბევრი გაქვთ, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია