რას ჰყვება მოწმე, რომლის ჩვენებაც ექსკლუზიურად მოვიპოვეთ - გზაპრესი

რას ჰყვება მოწმე, რომლის ჩვენებაც ექსკლუზიურად მოვიპოვეთ

4 მაისს თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებს ახლა სამართალდამცველები არკვევენ. იმ დროს გივი (გიჩო) მარგველაშვილი თავის უბანში იყო. რესტორნიდან გამოსული მობილურზე საუბრობდა, როცა მოულოდნელად მას ესროლეს. ამ დროს მასთან ერთად დაცვის პოლიციის თანამშრომელი კახაბერ კამლაძე იყო, რომელმაც საპასუხოდ რამდენჯერმე გაისროლა და მარგველაშვილზე თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. მალე გაირკვა მოკლულის ვინაობა, ის 38 წლის საბა გახოკია აღმოჩნდა. ამბობენ, სასიკვდილოდ დაჭრილმა მხოლოდ თავისი სახელის თქმა მოასწრო. თქვა, რომ საბა ერქვაო. ამ უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრები სამართალდამცავებს ხელთ აქვთ და მედიითაც გავრცელდა. ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ ესროლა გახოკიამ მარგველაშვილს და როგორ დაჭრა. ამის შემდეგ გახოკიას კახაბერ კამლაძემ გაუხსნა ცეცხლი.

საბა გახოკია რამდენიმე კომპანიას ფლობდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ტვირთების გადამზიდი შპს "ტრანსკოს" მფლობელი იყო, ასევე ჰქონდა სამშენებლო მასალების კომპანია შპს "ჯიმა ჯგუფი" და სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების კომპანია შპს "ტრანსკო". როგორც ამბობენ, ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული გიჩო მარგველაშვილიც. ის "სასწრაფომ" კლინიკაში გადაიყვანა და ოპერაცია იმავე დღეს ჩაუტარდა. ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ისიც ცნობილია, რომ ორმხრივი სროლის შედეგად შემთხვევის ადგილზე დაიჭრა ტურისტი, რომელიც მაღაზიიდან გამოვიდა. ტურისტს სერიოზული დაზიანება არ ჰქონია, ჭრილობა მხარის არეში აქვს, სათანადო დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან იმავე დღეს გაწერეს.

მოკლულს და დაჭრილს უბანში ბევრი ადამიანი იცნობს. ისინი თანასკოლელები იყვნენ, ორივე 55-ე სკოლაში სწავლობდა და ერთ უბანში იზრდებოდნენ. იმასაც ამბობენ, მათ შორის დაპირისპირება წლები გრძელდებოდა და ერთმანეთთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათო. თუმცა დაპირისპირების მიზეზსა და სხვა დეტალებზე საუბარს ყველა ერიდება. რა ხდებოდა მათ შორის რეალურად, ეს ახლა სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ. საინტერესოა ისიც, მისცემს თუ არა მომხდარზე დეტალურ ჩვენებას თავად დაჭრილი მარგველაშვილი. ჯერჯერობით მისი დაკითხვა ვერ ხერხდება. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა.

როგორც მოკლული, ასევე დაჭრილი წარსულში ნასამართლევები არიან. ჩვენი წყარო პირად საუბარში იმასაც ამბობს, რომ წლების მანძილზე მათ შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და ადრე მარგველაშვილმა დაჭრა საბა გახოკია. მისი თქმით, ორივე კრიმინალური გავლენების გაძლიერებას ცდილობდა, ამიტომ გარჩევა უბანში ხშირად ხდებოდა. მარგველაშვილი ვერასა და ვაკეს შორის სიტუაციებს ალაგებს, ამიტომ ე.წ. ავტორიტეტს ბევრი მტერი ჰყავსო.

სამართალდამცავებმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით აღძრეს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული კახაბერ კამლაძე. როგორც გაირკვა, მოკლულს სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. მეორე დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი ჩატარდა, სადაც დაადასტურეს, რომ დაკავებული შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელი კახაბერ კამლაძე იყო, რომელიც კერძო დაცვაში მუშაობდა. ისიც ცნობილია, რომ კამლაძე დაჭრილი მარგველაშვილის ბიძაშვილის დაცვის წევრი გახლდათ. პროკურატურამ კამლაძეს ბრალი ოფიციალურად 6 მაისს წარუდგინა. მართალია, თავდაპირველად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობისთვის აღიძრა საქმე და ამ ბრალდებით დააკავეს, თუმცა უწყებამ ბრალდება მალევე გადააკვალიფიცირა. ახლა გამოძიება კახა კამლაძეს დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას ედავება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლო პროცესზე პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, ხოლო ბრალდებულის ადვოკატი 10000-ლარიანი გირაოს შეფარდებას. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატი ხათუნა ხურცილავა ამტკიცებს, რომ კახაბერ კამლაძე უფლებამოვალეობის ფარგლებში მოქმედებდა და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. პროკურატურა განმარტავს, რომ შეიარაღებული თავდამსხმელის ლიკვიდირების აუცილებლობა არ არსებობდა.

ხათუნა ხურცილავა, ადვოკატი:

- შემიძლია გითხრათ, რომ კამლაძე ნამდვილად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. 20 წელია დაცვის სამსახურში მუშაობს. ჯერ შევარდნაძის დაცვაში იყო, შემდეგ რამდენიმე სხვა პირის. 7 თვეა ამ პირის დაცვაში ორნი იყვნენ და ერთმანეთს ცვლიდნენ. შეუთანხმდნენ ერთმანეთს, რომ იმ დღეს კამლაძე უნდა ყოფილიყო მარგველაშვილის გვერდით. საქმეები იყო მოსაწესრიგებელი, მოაკითხავდა უფროსი და წაიყვანდა მერე კახას. რესტორანში ისაუზმეს, იქიდან კი უნდა წასულიყვნენ საქმეზე. მარგველაშვილი ტელეფონზე საუბრობდა და ამ დროს პირველი გასროლა გაიგონა, იქვე იდგა კამლაძე, მაგრამ საპირისპირო მხარეს. ამბობს, გასროლა რომ გავიგონე, შემოვბრუნდი და დავინახე, თავდამსხმელს იარაღი ეჭირა და ისროდა კიდეცო. წამებში ხდება ყველაფერი, დაჭრილი დავარდა და დაიკრუნჩხა... კიდევ რომ დაუმიზნა იარაღი, დავუძახე, სდექ, პოლიციაა, მაგრამ მაინც რომ დაუმიზნა, ორი დაძახების შემდეგ ვესროლეო.... ამბობს, ჩემს თავზე იმდენად არ ვფიქრობდი, ვფიქრობდი ხალხზე, რომ გამვლელებიც არ დაშავებულიყვნენო. იმასაც აღნიშნავს, რომ მარგველაშვილს ტელეფონზე საუბარი გაუგრძელდა, თორემ მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ და ასეთ შემთხვევაში ალბათ, ორივეს ჩაცხრილავდა. ტელეფონზე საუბარი გაუგრძელდა და ამ დროს დაესხა თავს. მე ველოდებოდი, რომ საუბარს დაამთავრებდა და ჩავჯდებოდი მანქანაშიო. არ ვიცი, რა დაპირისპირება იყო მათ შორის, მაგრამ ფაქტია, თავდამსხმელმაც გაწირა თავი. შემთხვევის ადგილას უამრავი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და მას ეს ეცოდინებოდა, მაგრამ მაინც გაისროლა.

- რა ხდებოდა მათ შორის?

- როგორც ამბობენ, იმ პიროვნებასთან წლების მანძილზე, დაპირისპირება ჰქონდა. მოკლული რამდენჯერმე ნასამართლევია. ისეთი თვალები ჰქონდა, აუცილებლად მოკლავდაო. დაჭრილი და მოკლული თანატოლები არიან, ერთსა და იმავე სკოლაში სწავლობდნენ. ჯერ დაპირისპირება იყო მათ შორის, მერე შერიგება, შემდეგ ისევ დაპირისპირება და, სამწუხაროდ, ყველაფერი ამ ტრაგედიით დამთავრდა. კახა კამლაძეს სხვა გზა არ ჰქონდა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ისროლა. ორი იარაღით ადამიანი ვინმეს შესაშინებლად არ დადის, ეს გამორიცხულია. თან, საფანტის ტყვია ესროლა, რომელიც იშლება და ანგრევს ყველაფერს ორგანიზმში. ძვლები დაზიანებული აქვს მარგველაშვილს, მძიმედაა დაჭრილი და კიდევ 6 ოპერაცია სჭირდება.

mokluli-gaxokia-1684344132.jpg

- ვიდეოკამერით გადაღებული კადრები გავრცელდა და ჩანს, როგორ ესვრის გახოკია მარგველაშვილს, მაგრამ ამის შემდეგ მიდის და იმალება. ეს კადრები სოციალურ ქსელშიც დიდი განხილვის საგანი გახდა, რადგან მარგველაშვილი ფეხშია დაჭრილი და ამბობენ, რომ მოკლულს მისი სიკვდილი არ სურდა, ამიტომ დაჭრა ფეხში, თორემ შეეძლო მოეკლა კიდეცო.

- საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ ეს აუცილებელი მოგერიება იყო, რასაც მოწმეებიც დაადასტურებენ. პროკურატურამ, - ზურგიდან აქვს ტყვიები მოხვედრილი და ეს გახდა საფუძველი კახა კამლაძისთვის ბრალის წარდგენისო. კამლაძე ოფიციალურად გაფორმებული იყო, როგორც პირადი დაცვა და ვინაიდან საფრთხეს გრძნობდა, იმოქმედა. კვალიფიკაცია არასწორია. პიროვნებამ, მიუხედავად გაფრთხილებისა, მეორე იარაღისკენ წაიღო ხელი და ეს გახდა ზუსტად იმის საფუძველი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავიც დაეცვა და სხვისი სიცოცხლეც. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ კონფლიქტური სიტუაციის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი. ეს პიროვნება, ვინც გასროლა განახორციელა, მისთვისაც უცნობი გახლდათ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემი დასაცავის ქმედებაში არ იყო არანაირი უფლების გადამეტება.

როგორც შევიტყვეთ, კახა კამლაძე გიჩო მარგველაშვილის ბიძაშვილის დაცვის წევრი იყო და მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ამ მოწმის, ა.გ.-ს ჩვენება (სტილი დაცულია):

"ვარ ბიზნესმენი და სხვადასხვა მიმართულებით ვსაქმიანობ, მათ შორის, მაქვს სასოფლო სამეურნეო მიწები და ვაშენებ შემდგომ იჯარით გასაცემ ფართობს. ჩემს დაცვას უზრუნველყოფენ კახაბერ კამლაძე და ივანე ტალიაშვილი. სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ჩემთან ერთად გადაადგილდებიან. ჩემი მამიდაშვილია გივი მარგველაშვილი, რომელსაც მივმართავთ სახელით გიჩო. გივი მარგველაშვილი ასევე საქმიანობს კერძო ბიზნესის მიმართულებით. როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთ-ერთი კომპანიის - შპს "როზუმის" საქმიანობაში მიწევს დახმარებას კონკრეტულად ხელშეკრულებების გაფორმებაში. გივი მარგველაშვილი ცხოვრობს გოგებაშვილის და პეტრიაშვილის ქუჩების კვეთაზე. დღეს, დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი ოფისში, რომელიც ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობს. დაახლოებით 15 საათსა და 30 წუთზე დამიკავშირდა ჩემი მეუღლე, რომელმაც ჩვენი შვილი სკოლიდან გამოიყვანა და იმყოფებოდა ჩემი დაცვის ერთ-ერთ წევრთან, ივანე ტალიაშვილთან ერთად. მითხრა, რომ ერთად გვესადილა. იმავე პერიოდში დამიკავშირდა ან გივი მარგველაშვილი, ან კახა კამლაძე და მითხრეს, რომ იყვნენ ერთად, გოგებაშვილის ქუჩაზე. ვისაუბრეთ და გადავწყვიტე, მეც წავსულიყავი მათთან. გივი მარგველაშვილი იმ დღეს გეგმავდა რაჭაში წასვლას სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. მე ოფისიდან გარეთ გავედი და მოტოციკლეტით წავედი. ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვისადილე რესტორანში, რომელიც ჭოველიძის ქუჩის კუთხეში მდებარეობს. დაახლოებით 17 საათისთვის ჩვენ დავტოვეთ იქაურობა და გავემართეთ საცხოვრებელი სახლისკენ. მე კვლავ მარტო წავედი მოტიციკლეტით. ჩემი ოჯახის წევრები ივანე ტალიაშვილთან ერთად, უკან გამომყვნენ მანქანით. სახლში ვიყავი, რომ დამიკავშირდა კახა კამლაძე და მითხრა, - არ ინერვიულო. თავს დაგვესხნენ, გიჩოც ცოცხალია და მეც, მაგრამ გიჩო დაჭრილია და სასწრაფოდ ამოდიო. მაშინვე წავედი მე ჩემი მოტოციკლეტით გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც უკვე იყო პოლიციის, "სასწრაფოს" და სახანძროს მანქანები. ადგილი შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით. დავინახე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კუთხეში ესვენა, ტროტუარის ნაწილზე, უმოძრაოდ. გარშემო მყოფების საუბრით მივხვდი, რომ ის გარდაცვლილი იყო. იმავე ადგილას, დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, ქართული რესტორნის კიბის წინ კახა კამლაძე იჯდა და გიჩოს თავი მას კალთაში ედო. გიჩოს ფეხებზე ქამრები ჰქონდა შემოჭერილი. გიჩო და კახა კამლაძე ერთად იყვნენ. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ გიჩო გარდაცვლილი იყო, მაგრამ სახეზე შევხედე და გონებაზე იყო, თუმცა მასთან კომუნიკაცია ვერ შევძელი, ვერც მოვახერხებდი, რადგან აშკარა იყო, ტკივილისგან აგონიაში იმყოფებოდა, ასევე "სასწრაფოს" ექიმები ეხვივნენ თავს. მალევე ის დააწვინეს საკაცეზე და კლინიკაში გადაიყვანეს. შემდგომ გავიგე, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში წაიყვანეს. ამის შემდგომ ადგილზე ფაქტობრივად მოვლენები სწრაფად და პარალელურად ვითარდებოდა. პოლიციის თანამშრომლები ესაუბრებოდნენ კახა კამლაძეს და მივიდნენ იქ, სადაც გარდაცვლილი ესვენა. მათ კახა უყვებოდა მომხდარის შესახებ. მე კახას გვერდით ვიყავი, რადგან ის ჩემი დაცვის წევრი იყო და ვნერვიულობდი მომხდარის გამო. მომიყვა, რომ იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, გიჩო საუბრობდა ტელეფონზე და თავად კახა იყო მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით. მოულოდნელად გაიგო სროლის ხმა და წამებში დაინახა, რომ კუთხის მოსახვევიდან შემოუხვია მამაკაცმა, რომელმაც სავარაუდოდ, "ვინჩესტერის" მოდელის იარაღიდან, ყოველგვარი გაფრთხილების და საუბრის გარეშე ესროლა გიჩოს. მას არ დაუნახავს, სხეულის რომელ ნაწილში ესროლა პირველად და სად მოხვდა გიჩოს ტყვია, რადგან იქვე დაეცა. წაქცეულსაც ამავე იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ამ სროლების პარალელურად, კახამ ამოიღო იარაღი და მსროლელს დაუძახა, გაჩერებულიყო და რომ პოლიციელი იყო, თუმცა ამის ნაცვლად, მსროლელმა მეორე იარაღი ამოიღო, სავარაუდოდ "მაკაროვი" და კახას მიმართულებითაც გაისროლა ორჯერ ან სამჯერ. კახამაც ესროლა რამდენჯერმე. მისი თქმით, ალბათ ხუთჯერ. ასევე კახამ მითხრა, რომ მსროლელი მას წაქცეულ მდგომარეობაშიც ესროდა და საფრთხეს უქმნიდა როგორც მის, ასევე გიჩოს და სხვა ადამიანების სიცოცხლეს... როდესაც ადგილზე მივედი, ვნახე, გარდაცვლილი იწვა გულაღმა და სავარაუდოდ, "მაკაროვის" იარაღი იდო მის სხეულზე, ხოლო ფეხების მხარეს ეგდო სავარაუდოდ "ვინჩესტერი". მე სახეზე დავინახე გარდაცვლილი პიროვნება, რომელიც დაახლოებით 40 წლის იყო. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა კახა კამლაძე გაარიდეს იქაურობას, რადგან ბევრი ხალხი იყო მოგროვილი და ტელევიზიებიც იყვნენ. მეც გავყევი მას, რადგან არ მინდოდა მისი მარტო დატოვება. გიჩო მარგველაშვილი არც ფლობს და არც ატარებდა იარაღს, კახაბერ კამლაძეს კი ჰქონდა "გლოკ 17", რომელსაც ატარებდა მხარზე გადაკიდებული ე.წ. ბარსეტკით. ვიზუალურად არ იყო შესამჩნევი... კახა კამლაძემ და გიჩომ ერთმანეთი ჩემგან გაიცნეს, თუმცა შემდეგ მათაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და ჩემ გარეშეც ხშირად ყოფილან ერთად..."

shemtxvevis-adgili-1684344144.png

ცნობისათვის, დაჭრილი გიჩო მარგველაშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის, გოგი მარგველაშვილის ვაჟია. დაჭრილის მამა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა და ჯერჯერობით, მასთან მომხდარზე არ უსაუბრია. "მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავი და დღეს დილით მე რამეზე პასუხი მექნება? როგორ ფიქრობთ? არ ვიცნობდით საბა გახოკიას და მის ოჯახს. ბიზნესმეწილეები იყვნენ თუ არა, არ ვიცი; არც ის ვიცი, წარსულში არსებობდა თუ არა მათ შორის რაიმე დაპირისპირება... რეანიმაციაშია, ძალიან მძიმეა მისი ჭრილობები, ამიტომაც არ გამოუკითხავთ", - ამბობს გოგი მარგველაშვილი.

სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსები მიუძღვნეს მეგობრებმა საბა გახოკიას. ერთ-ერთი მათგანი წერს (სტილი დაცულია):

"რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამას დავწერდი, რომ დაბადების დღეს კი არ მივულოცავდი სახალხოდ, არამედ დავემშვიდობებოდი! საბა გახოკია მაგალითია იმ კაცის, რომელსაც არ ავიწყდები, რომელიც სულ ზრუნავს, სულ გეფერება და მზად არის, თავად შეუვარდეს ტყვიას შენი გულისთვის! დღეს რის გამო შეუვარდა, არ ვიცი... საბა იყო სამაგალითო მეგობარი, საბა არის ჩვენი კლასის გამაერთიანებელი, საბა იყო ჩემი იმედი, თუკი ოდესმე რამე დამჭირდებოდა! საბა ის კაცია, რომელიც არასდროს არავის დაავიწყდება. საბა პირველი მილოცავდა დაბადების დღეს, არასდროს დავიწყებია... დაუჯერებელი ამბავია! მთელი კლასი განადგურდა".

არსებული ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი წლების წინ დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება გახლდათ, მეორე ვერსიით, მათ შორის ფინანსური დავა იყო. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა