"მიკვირს, როგორ შევძელი ისეთი რამეების ატანა, რისი წარმოდგენაც ომამდე სიგიჟედ მიმაჩნდა..." - გზაპრესი

"მიკვირს, როგორ შევძელი ისეთი რამეების ატანა, რისი წარმოდგენაც ომამდე სიგიჟედ მიმაჩნდა..."

ამ დროის განმავლობაში რუსები გამუდმებით უტევდნენ ქალაქს. დაახლოებით თვე-ნახევრის წინ უკრაინული მედია წერდა, რომ დასახლების 20%-ზე ნაკლებს აკონტროლებდნენ და ბახმუტის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა, როგორც უკრაინელი მებრძოლები და ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა ამბობს, - გაუძლეს. მათ დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებამ მოუსწრო და რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩანაფიქრი, რომ ქალაქს მთლიანად ალყაში მოაქცევდა და ამით დონეცკის ოლქზე სრული კონტროლი ექნებოდა, ჩავარდა.

სამხედრო ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით, ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა არც ერთი მხარისთვის არ ჰქონდა, ამიტომ გაუგებარია, რატომ იყო ასეთი ინტერესი მის მიმართ. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბახმუტის შენარჩუნებას მორალური მნიშვნელობა ჰქონდა და მის დათმობას არ აპირებდნენ.

ქალაქზე სრული კონტროლის ასაღებად ადამიანურ და სამხედრო რესურსს არ ზოგავდა რუსული მხარე. დასავლური მედიისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობის ცნობით, ბახმუტში არაერთხელ შევიდა რუსების ჯარის დამატებითი შენაერთები. აქტიურობდა კერძო სამხედრო ორგანიზაცია "ვაგნერი" და ჩეჩნეთის ლიდერის მიერ უკრაინის ფრონტის ხაზზე გაგზავნილი მოხალისე სამხედრო დანაყოფი - ე.წ. კადიროველები.

იყო დღეები, როდესაც ისინი ბეწვის ხიდს გადიოდნენ, თუმცა, პოზიციების დათმობაზე არ უფიქრიათ, მაშინაც კი, როდესაც რუსეთის საჰაერო ძალები ხერსონში, კიევსა და სამხრეთ უკრაინაში საჰაერო იერიშებს აგრძელებდა.

ადგილობრივი ანასტასია ჩერვინა გვიყვება, რომ ყოფილა დღეები, როდესაც მხოლოდ 3-4 საათი ეძინათ, იმ დროს, როდესაც რუსეთის არტილერია შეტევას წყვეტდა, გადაჯგუფება ან ახალი შეტევისთვის მზადება მიმდინარეობდა. უკიდურეს ვითარებამდე ქალაქი არ დატოვეს მისმა მოხუცმა მშობლებმა, მან კი ოჯახი ვერ მიატოვა.

- ვერც ვიფიქრებდით, რომ ერთ დღეს რუსეთის შეტევა ოდნავ მაინც თუ შესუსტდებოდა. თუნდაც ორი კვირის წინ, ისინი უწყვეტად გვიტევდნენ. ჯერ ყველაფერი დამთავრებული არ არის, მაგრამ შეტევებს შორის პაუზები გაიზარდა და ესეც შეღავათია. ჩვენებს თუნდაც ცალკეულ ფლანგებზე აქვთ წარმატება და ბერხოვკას წყალსაცავთან სიმაღლის დაკავებას ცდილობენ. რუსეთის ჯარის უკან დახევა უკრაინის შენაერთებს შესაძლებლობას აძლევს, ერთადერთი გზა გააკონტროლონ, საიდანაც ისინი ბახმუტში მარაგდებიან.

კონტრშეტევაზე ლაპარაკი ალბათ ნაადრევია, რადგან ის იწყება სიღრმეში მოწინააღმდეგის ლოჯისტიკის მოშლით, ამას მათი საკომუნიკაციო ხაზების განადგურება უნდა მოჰყვეს, შემდეგ კი სამეთაურო მართვის პუნქტები უნდა დაბლოკონ, რათა ბატალიონებს და სხვა დანარჩენ შენაერთებს შორის კომუნიკაცია გაწყდეს. წელიწადზე მეტია, მხოლოდ "სტრატეგია", "კავშირი", "მომარაგება", "გმირულად დაცემა", "დაკარგვა", აფეთქება და დაბომბვა გვესმის... ჩვენი პატარები ბავშვები აღარ არიან. რუსეთის ტერორისტულმა სახელმწიფომ ყველას წაგვართვა სილაღე და ბედნიერება. როდესაც ბავშვების დამშვიდებას ვცდილობთ - ცოტაც მოითმინეთო, ატირებული გვპასუხობენ, რომ ეს არასდროს დასრულდება...

რუსული არტილერია მშვიდობიან მოსახლეობას, საცხოვრებელ კორპუსებსა და სამოქალაქო ობიექტებს ინტენსიურად ბომბავდა. არავინ იცის, რამდენი ადამიანია დაღუპული. ადგილობრივები ყოველდღე, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე წერენ დაკარგულ ახლობლებზე, ფოტოებს ავრცელებენ და ყველას სთხოვენ, თუ რამე იციან, ოჯახს აცნობონ... ერთ წელზე მეტია ჯოჯოხეთს ვუძლებთ. ჯერ ომის დასრულებასა და რუსეთის დამარცხებაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ უკვე ვიცით, რომ ეს გარდაუვალია. თუმცა, არ ვიცით, ამ ყველაფრის დამთავრების შემდეგ როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ოჯახი არ დარჩენილა, ერთი წევრი მაინც არ ჰყავდეს დაკარგული.

არის დღეები, როდესაც ჩვენებს დღე-ღამეში რუსეთის რამდენიმე ათეული იერიშის მოგერიება უწევთ, მაგრამ ყველას ვერ იგერიებენ. ბახმუტის გარდა, უმძიმეს მდგომარეობაშია მის გვერდით მდებარე ქალაქი მარიინკაც. რუსებმა ისიც მიწასთან გაასწორეს, მაგრამ ვერც მისი აღება შეძლეს. ჩვენები ყველა ქუჩის, კორპუსის და შენობის დაბრუნება-შენარჩუნებისთვის სისხლს ღვრიდნენ. ვიდრე ქალაქს დავტოვებდი, ორი ქუჩა დაიბრუნეს და ყველას ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს მთელი ქვეყანა გავათავისუფლეთ. არადა, სულ რაღაც რამდენიმე კმ-ით დაიხიეს უკან. პრიგოჟინის ხალხის გაყვანით მშვიდობიანმა მოსახლეობამ ამოვისუნთქეთ. მათ პირდაპირ ჩვენზე მოჰქონდათ იერიში. არაერთხელ უთქვამთ ჯარისკაცებს, მათ უნდათ აქაურობა სირიას დაამსგავსონო. "ვაგნერელების" თავისიანებსაც ეშინოდათ. ამბობდნენ, ჩვენი დახოცვითაც კი ბონუსებს იღებენო.

- ახლა რას ელოდებით?

- კონტრშეტევის დაწყებას. უკრაინამ ეტაპობრივად დაიწყო შეტევა ბახმუტიდან ჩრდილოეთით, 1000-ზე მეტი ჯარისკაცითა და 40-მდე ტანკით - ეს ის მასშტაბია, რომლის დადასტურების შემთხვევაში, ეს უკრაინის ყველაზე დიდი შეტევა იქნება ნოემბრის შემდეგ.

გასული ზამთარი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო. მეგობრებთან ერთად ისეთი მძიმე დღეები გამოვიარე, რომლის გახსენებაც მზარავს. იყო პერიოდი, როდესაც ვგრძნობდი, რომ ადამიანი კი არა, ყინულის ლოდები ვიყავით, სითბო და ცხელი ყავა გვენატრებოდა... მათაც ეს უნდოდათ, ჩვენი გატეხა - რუსის ფსიქოლოგია ასეთია. თუ ერთხელ გაუვიდა, თავისი ჰგონია. იხოცებიან, მაგრამ მაინც ცდილობენ გადაგიარონ, შენს მიწაზე თავი დაიმკვიდრონ, უფროსად მოგევლინონ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავიანთ დანგრეულს ვითომ აშენებენ და გეუბნებიან, - ჩვენთვის მთავარი ადამიანების კარგად ყოფნაა, ოღონდ, ჩვენთან ერთადო. იმავდროულად, ჩუმად აგროვებენ ანტირუსული განწყობების მქონე ხალხის სიას და "კადიროველებს" უგზავნიან, რათა სიკვდილამდე გაწამონ... არა უშავს, ცოტა დარჩა იქამდე, როცა რუსული რეჟიმი, კოლაბორაციონისტულ ძალებთან ერთად, უკრაინის მიწას სრულად დატოვებს...

ბავშვობაში ფილტვების პრობლემა მქონდა, რამდენჯერმე სასუნთქი გზების ანთების მწვავე ფორმა გადავიტანე და სულ მეშინოდა, ექსტრემალურ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი, ვერ გავუძლებდი და პირველ რიგში, ფილტვები მიღალატებდა, მაგრამ გადავრჩი.

გათბობა მხოლოდ თერმოსში შენახული ჩაით ან ყავით შეგვეძლო. ღამეები არ გვეძინა. სანთელსა და ლამპასაც არ ვანთებდით, ცხოველებივით სიბნელეში ვჭამდით იმას, რაც გვქონდა. ზოგჯერ პირველყოფილებივით ცეცხლს ვანთებდით, რომ არ გავყინულიყავით და ამ დროს ფანჯრებზე სქელ ქსოვილებს ვაფარებდით, სინათლე რომ არ დაენახათ. არ შეიძლებოდა, მტრის სნაიპერს კვამლი ან სინათლე დაენახა. თავიანთი უბადრუკი ღამის ხედვის მოწყობილობითაც კი ადვილად შეამჩნევდნენ ამას...

სპეციალური "დახმარების ჯგუფები" გვეხმარებოდნენ. საბავშვო ბაღებსა და მსგავს ადგილებში საკვებსა და ჰიგიენის ნივთებს გვირიგებდნენ, მაგრამ ინტენსიური სროლების, ზოგჯერ კი ძლიერი ყინვის, უამინდობის გამო, იქ ყველა ვერ მიდიოდა. ქალაქში ძირითადად მოხუცები არიან დარჩენილი. ზოგი სარდაფებიდან კვირების განმავლობაში არ ამოდიოდა და არც იცოდნენ, რომ ასეთი ადგილები არსებობდა. ომია და ამ დროს სარდაფებში ვერ ჩამოივლიან, - საჭმელი მოგიტანეთო. გვციოდა, გვშიოდა, თბილ ლოგინში ერთი გამოძინება ზოგჯერ ყველაფერს გვერჩივნა, მაგრამ გავუძელით. ხანდახან მიკვირს, როგორ შევძელი ისეთი რამეების ატანა, რისი წარმოდგენაც ომამდე სიგიჟედ მიმაჩნდა.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა. ხეები შეიფოთლა, რაც ჩვენს უპირატესობად იქცა. ისინი გვებრძვიან, ჩვენზე ბევრად მეტი არიან, მაგრამ სხვის მიწაზე, ჩვენ კი საკუთარ ადგილს ვიცავთ და აქაურობა ხუთი თითივით ვიცით.

იყო დღეები, როდესაც რუსულ ჯარებს წინსვლა ჰქონდათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც "ვაგნერის ჯგუფის" დაქირავებული მებრძოლები აქტიურობდნენ და ოღონდ მეთაურობის შექება დაემსახურებინათ, ყველაფერზე მიდიოდნენ. მაშინ ქალაქის სამხრეთში და სამხრეთ-დასავლეთში გარკვეული ტერიტორიები, მათ შორის, ლითონის ქარხანა დაიკავეს. ასეთი ობიექტების დაკავება თან კარგია, თანაც სახიფათო.

არ მჯერა, რომ რუსეთმა უკრაინაში საკუთარი სამხედრო მარაგი და ძალა ამოწურა. დარწმუნებული ვარ, კიდევ აქვთ საკმაო რაოდენობის, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მოძველებულია. რუსული პროპაგანდის იდეოლოგიას კარგად ვიცნობ.

345719616-2434814510021988-5721485343819010150-n-1684695638.jpg

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ხანდახან ასე იმიტომ წუწუნებენ, რომ მოვეშვათ და ვიფიქროთ, ამათ უკვე აღარაფრის თავი აღარ აქვთო, ისინი კი ამ დროს გააქტიურდებიან.

თუმცა, ისიც აშკარაა, რომ სამხედრო მობილიზაციამ რუსეთს მხოლოდ დროებით მოუგვარა პრობლემები. უდიდესი დანაკარგი აქვთ, მხოლოდ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ასი ათასზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა და მათი დიდი ნაწილი "ვაგნერის ჯგუფის" წევრი იყო. ამ სამხედრო ნაწილს იმიტომ გამოვყოფ, რომ რუსეთში ჯერ კიდევ მიაჩნიათ განსაკუთრებული შესაძლებლობების ძალად. არადა, სინამდვილეში, უმეტესობა ქუჩიდან აყვანილი მოხალისეა ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პატიმარი, მათ შორის ქალებიც.

როდესაც ჩვენმა ხელმძღვანელობამ ბახმუტის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, ზოგი მის მართებულობას ეჭვის თვალით უყურებდა. არადა, მისი აღება რუსეთის არმიას უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ დონბასის ისეთ ქალაქებზე (მათ შორის, სლავიანსკსა და კრამატორსკზე) იერიშის მიტანის საშუალებას მისცემდა, რომლებიც უკრაინული მხარის კონტროლქვეშაა, რაც მორალურადაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო...

- თქვენი ოჯახი უკრაინაში დარჩა?

- დიახ. დედამ თავისი დის საფლავი არ დატოვა. ის დაბომბვაში მოჰყვა...

მოსახლეობის უმეტესობამ დიდი ნაწილი რუსული იერიშების დაწყებისთანავე დატოვა, თუმცა გარკვეული ნაწილი დარჩა: ზოგმა ახლობლები ვერ დატოვა; არიან ისეთები, ვისაც სხვაგან ნათესავები არ ჰყავთ და ღია ცის ქვეშ დარჩენის შეეშინდათ. მე მშობლებისა და ახლობლებისთვის მედიკამენტები რომ შემეძინა, ამისთვის წამოვედი ევაკუირებულებთან ერთად, მაგრამ უკან ვეღარ დავბრუნდი. რუსეთის არტილერია იქაურობას მიწასთან ასწორებდა. რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, რომ მშობლები ცოცხლები არიან. ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ ჩემი ხალხისთვის, სამხედროებისთვის, ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთო, რაც რუსეთს დააზიანებს. ძალიან მინდა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, რუსეთის ყველა ქალაქსა და რაიონში ვიხილო, განსაკუთრებით დიდი ქალაქებში, რომლის მოსახლეობის ნაწილი ეთანხმება პუტინის პოლიტიკას, დანარჩენი კი მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, თითქოს ეს ომი მათ არ ეხებათ.

ლალი პაპასკირი