ქართული ძიუდოს გენია - გზაპრესი

ქართული ძიუდოს გენია

ძიუდოს სტაჟიან გურმანებს უსათუოდ ემახსოვრებათ იაპონელი რეჟისორის, აკირო კურასავას ფილმი "ძიუდოს გენია", რომელიც თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოვიდა. სპორტის ახალი სახეობა - ძიუდო მაშინ ის-ის იყო იდგამდა ჩვენში ფეხს, დღეს კი ქართული ძიუდოს აღზევების ხანა დადგა. სწორედ ამიტომ დავესესხე დიდებულ რეჟისორს ეს სათაური - "ქართული ძიუდოს გენია".

ასეთი რამ სპორტის ისტორიაში ადრე არასდროს მომხდარა. მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში ერთმანეთს ორი ქართველი შეხვედროდეს და ოქრო-ვერცხლის ბედი ერთმანეთში გაერკვიოთ, ეს მხოლოდ გასულ კვირას, ჩვენმა სახელოვანმა ფალავნებმა, ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ შეძლეს. კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ძიუდოისტების მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში ლუკამ იმარჯვა და ჩემპიონის ტიტულსაც ის დაეუფლა, ლაშას კი ამჯერად ვერცხლის მედალი ერგო. თუმცა, ქართველებს დოჰაში მხოლოდ ამ ოქრო-ვერცხლით არ გამოუჩენიათ თავი. ერთი დღით ადრე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტატო გრიგალაშვილი ავიდა, ამასთან მან ზედიზედ მეორედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი ძიუდოისტის ტიტული.

მსოფლიოს ჩემპიონატების კვარცხლბეკზე ქართველი ძიუდოისტებიდან ერთდროულად პირველად ანზორ ქიბროწაშვილი და ანზორ კიკნაძე ავიდნენ. 1965 წლის რიო-დე-ჟანეიროს მსოფლიოს ჩემპიონატზე, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მათ შესაბამისად II-III ადგილები დაიკავეს, მსოფლიოს ჩემპიონობა კი პირველმა 1979 წელს, პარიზში, თემურ ხუბულურმა იზეიმა. მანვე 1981 წელს მაასტრიხტში, ასევე პირველმა, ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონობა. სხვათა შორის, ბატონი თემურისა და ტატოს სპორტული კარიერა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ გაიხსენებთ, რომ ჩვენი ორივე ფალავანი ქართლელია და ამ კუთხისათვის დამახასიათებელი სიჯიუტით იბრძვიან გამარჯვებისათვის. ორივე ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონია; ორივეს მთავარი მეტოქე საერთაშორისო არენაზე ბელგიელი ძიუდოისტი იყო, ხუბულურისა - რობერტ ვან დე ვალე, გრიგალაშვილისა კი მატიას კასე. ისიც უნდა ვთქვა, რომ ორივემ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში სწორედ თავიანთი ძირითადი კონკურენტები დაამარცხეს, ხუბულურმა ვან დე ვალე, ხოლო გრიგალაშვილმა - კასე. თუმცა ორივემ კარიერის მთავარ ტურნირზე, ოლიმპიურ თამაშებზე მაინცდამაინც სწორედ თავიანთ ტრადიციულ მეტოქეებთან წააგეს: ბატონმა თემურმა მოსკოვის ოლიმპიადის ფინალში, ტატომ კი ტოკიოს თამაშებზე, ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში. თემურ ხუბულურთან საუბარიც ამ თემით დავიწყე, მაგრამ მანამდე მას ჩვენი ძიუდოისტების ახლანდელი წარმატება მივულოცე:

grigalashvili-1684695980.jpg

- ბატონო თემურ, ქართული ძიუდოს ისტორია გუშინ არ დაწყებულა. მის გამარჯვებებს საძირკველი წინა თაობებმა ჩაუყარეს. ამიტომ დღევანდელი თაობის ძიუდოისტებთან, მწვრთნელებთან, ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, თქვენც მინდა მოგილოცოთ კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული დიდებული გამარჯვებები.

- თქვენს მოლოცვას ვიღებ და გეთანხმებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ცარიელ ადგილას, ასე ერთ დღეში არ იზრდებიან. ქართული ძიუდოს სკოლას, მის ისტორიას ჩვენი წინამორბედები ქმნიდნენ: ბიძინა მაზიაშვილი, გურამ პაპიტაშვილი, ანზორ კიკნაძე, ანზორ ქიბროწაშვილი. მერე წამოვიდნენ: შოთა ჩოჩიშვილი, გივი ონაშვილი, ჯიბილო ნიჟარაძე და ა.შ. არ მინდა ვინმე გამომრჩეს. აქვე შეგახსენებთ, რომ 1989 წლის ბელგრადის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ფალავნებმა ზუსტად იმ ხარისხის და იმდენი მედალი მოიპოვეს, როგორსაც ახლა დაეუფლნენ. კერძოდ, ამირან ტოტიკაშვილი და კობა კურტანიძე ჩემპიონები გახდნენ, აკაკი კიბორძალიძემ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო გია თენაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. დღეს ძიუდო ძალიან შეიცვალა: ახალი წესები შემოვიდა, სხვაგვარი დატვირთვებია. გაიზარდა ტემპი, ფიზიკური ძალა, გამძლეობა... ყველაფერ ამის მიუხედავად, ჩვენი ფალავნები მაინც ასეთ მაღალ დონეზე ავიდნენ და ეს მახარებს. რა თქმა უნდა, ყველა წონით კატეგორიაში ქართველები მედალს ვერ ავიღებდით, მაგრამ ეტყობათ, რომ პოტენციალი აქვთ და მომავალში ისინი კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ. ამგვარი ოპტიმიზმის უფლებას გუნდურ ტურნირში დაკავებული მესამე ადგილიც გვაძლევს, რომელიც გოგო-ბიჭებმა ერთობლივი ძალისხმევით მოიპოვეს.

- თქვენი და ტატო გრიგალაშვილის სპორტული კარიერა ერთმანეთს ძალიან რომ ჰგავს, ამას თუ მიაქციეთ ყურადღება?

- სიმართლე გითხრათ, ამ მსგავსებაზე ადრე არასდროს მიფიქრია, თუმცა ღმერთმა დაიფაროს, რომ ტატოს ხვედრი ოლიმპიურ თამაშებზე, ჩემსას დაემსგავსოს. მე და ჩემი მთავარი კონკურენტი, რობერტ ვან დე ვალე იმდენჯერ შევხვდით ერთმანეთს ტატამზე, რომ საბოლოოდ, მეგობრები გავხდით. ის ძალიან კარგი პიროვნებაა და ასეთივე ფალავანი იყო. დიდხანს ჭიდაობდა, 38 წლისამ დაანება თავი ძიუდოს. ევროპის ჩემპიონატებზე 20 მედალი მოიპოვა, მსოფლიოზე 7 ჯილდო დაიმსახურა, ოლიმპიურ თამაშებზე კი 5-ჯერ დაიცვა თავისი ქვეყნის ღირსება. თუმცა, სხვადასხვა ტურნირებზე ყოველთვის მე ვუგებდი. თუ არ ვცდები, 8-ჯერ შევხვდით ერთმანეთს და 8-ვე შეხვედრა მე მოვიგე, მაგრამ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ფინალში მან გაიმარჯვა და ოლიმპიური ჩემპიონიც ის გახდა, ხოლო მე ვერცხლი მერგო. მოგეხსენებათ, ცხოვრებაშიც და სპორტშიც იღბალიც გჭირდება კაცს. როგორც ჩანს, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა.

lasha-beqauri-da-luka-maisuradze-1684695992.jpg

- ვიცი, რომ მთელი წინა კვირა ტელევიზორთან იყავით მიჯაჭვული და მსოფლიოს ჩემპიონატს უყურებდით. ალბათ შეამჩნევდით ტატოს ძლიერ და სუსტ მხარეებს.

- ასეთი ძლიერი ფალავანი იშვიათად მინახავს. საოცრად ჭიდაობს, დაცვაშიც ძლიერია და შეტევაზეც უშიშრად მიდის. ამ ბიჭში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, პრაქტიკულად ყველაფერი შეუძლია. რაც მთავარია, ტატამზე აზროვნებს, ტემპის ცვლა შეუძლია, იცის, როდის რა გააკეთოს. ეს უდავოდ ნიჭია. ორი წლის წინ პირველად რომ ვნახე მისი ჭიდაობა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაშინ ვთქვი, რომ ის მკვეთრად გამოირჩეოდა ჭიდაობის თავისებური მანერით, ტექნიკით, ტაქტიკით, ფანდების მრავალფეროვნებით და რომ ტატოს ძალიან დიდი მომავალი ექნებოდა, მომავალში კიდევ ბევრჯერ გაგვახარებდა. ასეც მოხდა, ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. თანაც, როგორც თქვენ თქვით, ორივეჯერ შანსი არ დაუტოვა თავის მთავარ კონკურენტს, მატიას კასეს. მართალია, ტოკიოს ოლიმპიადაზე ბელგიელმა იმარჯვა, მაგრამ ტატოს პარიზის მომავალ ოლიმპიადაზე რევანშის აღების რეალური შანსი აქვს და მჯერა, ამ შესაძლებლობას იგი ხელიდან არ გაუშვებს.

- მოდი, ახლა ლუკა მაისურაძესა და ლაშა ბექაურზეც ვთქვათ. მე გონებაში სპორტის ყველა სახეობა გადავფურცლე და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში რომ ორი ქართველი შეხვედროდა ერთმანეთს, ასეთი რამ ვერ გავიხსენე.

- ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა, რაც ქართული ძიუდოს მაღალ დონეზე მიგვანიშნებს. მსოფლიო ძიუდოში რომ იაპონელების ჰეგემონიაა, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ ვაჟებს შორის, ამ ჩემპიონატზე იაპონელებსაც ვაჯობეთ და პირველი ადგილიც დავიკავეთ. საშუალო წონითი კატეგორია კარგა ხანია, პრაქტიკულად ქართველების წონად ითვლება. სწორედ ამ წონაში გაინაწილეს ოქრო და ვერცხლი ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა. ამ დონის შეჯიბრების ფინალისას ორი ქართველის ყურება ერთობ სასიამოვნო სანახავი კი იყო, მაგრამ ამავდროულად, ძალიან რთულიც ყოფილა. საქომაგოდ ვერც ერთს აირჩევ კაცი და ვერც მეორეს. ამიტომ ჩემთვის ვფიქრობდი: "დე, უძლიერესმა გაიმარჯვოს". ისე კი ორივე მაგარი ბიჭია, ნამდვილი ფალავნები არიან. სასეიროდაც საინტერესო გამოვიდა მათი გადამწყვეტი შეხვედრა.

სხვათა შორის, 1975 წლის ჩათვლით მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთ წონით კატეგორიაში 2-2 კაცის გამოყვანა იყო ნებადართული, მაგრამ შემდეგ აიკრძალა. თუმცა, 2010 წლიდან ისევ დასაშვები გახდა. მე პირადად ასეთი გადაწყვეტილება მომწონს. მწვრთნელებისთვისაც უფრო ადვილია არჩევანის გაკეთება. გარდა ამისა, რომ არა ეს წესი, არც ჩვენ გვექნებოდა ქართული ფინალი.

- მე მგონი ლუკას ბოლო ფანდს, რომლითაც გაიმარჯვა, აბსოლუტურად არ ელოდა ლაშა და იმიტომაც წამოეგო...

- ასეთი ილეთი ძიუდოში იშვიათია. არასტანდარტული ფანდია და ამას ილეთსაც ვერ დავარქმევ. ვერ გეტყვით, ეს მას დამუშავებული ჰქონდა თუ არა. მგონი, ლუკამ ის თავისი მოქნილობით იმ მომენტში მოიფიქრა როგორღაც, რაც მის მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს.

- უკვე ვთქვით, გასული საუკუნის 70-80-იან წლებთან შედარებით, თანამედროვე ძიუდო ძალიან შეიცვალა, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვნად წესების ცვლილებებმა გამოიწვია. მაშინ სხვადასხვა ფანდს ფალავნები გაცილებით მაღალი ამპლიტუდით ასრულებდნენ და ძიუდოც სანახაობრივადაც უფრო ლამაზი იყო. მახსოვს, 1978 წელს თბილისში ლეგენდარული იაპონელი, იასუხირო იამასიტა რომ ჩამოვიდა, ორ წონაში იჭიდავა, მძიმე წონით კატეგორიაში და აბსოლუტურში და ორივეში გაიმარჯვა. ისე ლამაზად ჭიდაობდა, დარბაზში ტევა არ იყო. თქვენთვის რამდენად მისაღებია ახალი წესები?

- ერთ რამეში გეთანხმებით: ჩემს დროს ტექნიკურ ჭიდაობას უფრო ანიჭებდნენ უპირატესობას. სანახაობრივადაც ლამაზი იყო და მე ვიტყოდი, უფრო რომანტიკულიც. ძიუდოს აზრი არა ფიზიკური ძალა, არამედ ილეთის, ფანდის შესრულების ეფექტურობაა. ადრე რომ რომელიმე გდებას მსაჯები ერთობ დაბალი იუკოთი აფასებდნენ, ახლა იმავე გდებაზე იპონსაც აძლევენ.

ახალი წესებიდან არ მომწონს ძიუდოისტის კისერზე გადატრიალების აკრძალვა. შედარებისათვის გაიხსენეთ, ვთქვათ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სადაც ხიდურზე დგომა, ეს ფალავნებისათვის თავდაცვის ერთ-ერთი ძირითადი ხერხია, ჩვენთან კი აკრძალულია. შეიძლება ბავშვებში კისერზე დგომა მართლაც სახიფათო იყოს, მაგრამ კაცი რომ მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძვის, ასეთი შეზღუდვები, სპორტის ძალისმიერი სახეობისათვის, მე მგონი არასწორია. სამაგიეროდ, ფეხში ხელის ჩავლების აკრძალვა ჩვენთვის ხელსაყრელია. ძიუდო ახლა პრაქტიკულად კიდევ უფრო დაემსგავსა ქართულ ჭიდაობას, მხოლოდ ქართულ ჩოხასა და იაპონურ კიმონოშია ახლა განსხვავება.

- ბოლოს ჩვენს მწვრთნელებზეც მინდა გკითხოთ. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები არსებობს, ყველა თაობაში, ჩვენ ძიუდოისტებს ისეთი მწვრთნელები ავარჯიშებდნენ, რომ ქართველები ნებისმიერ ტურნირზე მხოლოდ პირველობისათვის იბრძოდნენ. ახლაც, ლაშა გუჯეჯიანის თავკაცობით, ისევ ჩემპიონის ტიტულები მოვიპოვეთ. ეს მიღწევები მწვრთნელების დამსახურებაა თუ ასეთი ძლიერი ძიუდოს სკოლა გვაქვს?

- რა თქმა უნდა, ძიუდოს ძლიერი სკოლა გვაქვს. პრაქტიკულად ყველა პერიოდში გვყავდა დიდებული მწვრთნელები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველაფერ ამის საფუძველი ქართული ჭიდაობის გენიაა. ქართული ჭიდაობა დიდ სამსახურს უწევდა და დღესაც უწევს ჩვენს ძიუდოს. ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ქართლსა და კახეთში დღესაც ხშირად ტარდება შეჯიბრებები. სხვათა შორის, უკვე ბიზნესმენებიც აწყობენ ტურნირებს და საერთაშორისო ფედერაციაც შეიქმნა. ქართულ ჭიდაობაში შარშან თბილისის ცირკში მსოფლიოს პირველობაც ჩატარდა ახალგაზრდებში, ხოლო წელს დუბაიში დიდებს შორისაც ანალოგიური ტურნირია დაგეგმილი.

გოგი ფრანგიშვილი