„დედა ლაპარაკს მასწავლიდა, ცხოვრება დუმილს“ - გზაპრესი

„დედა ლაპარაკს მასწავლიდა, ცხოვრება დუმილს“

მწერალსა და დიპლომატს, ქართული კულტურის დესპანს (სხვა არაერთ ჯილდოსა და სიგელთან ერთად მას ასეთი წოდებაც მიანიჭეს), რაულ ჩილაჩავას 15 მაისს 75 წელი შეუსრულდა. უამრავ წარმატებასა და სიხარულთან ერთად იყო მარცხიც, იმედგაცრუებაც, ტკივილიც... საუბარი დავიწყეთ იმით, თუ რა ასწავლა წლებმა.

- „დედა ლაპარაკს მასწავლიდა, ცხოვრება დუმილს“, - მიწერია ერთ ლექსში. ლაპარაკი მართლა ვისწავლე, მაგრამ ბოლომდე დუმილი ვერა ან როგორ უნდა მესწავლა, როცა მწერლობა განვიზრახე. „ცხოვრება არის შეცდომების უწყვეტი ჯამი, რომელიც მხოლოდ სინანულთა ჯამზე იყოფა“, - ესეც ჩემი ლექსიდანაა. საკუთარი სტრიქონების ციტირება ვერაა მაინცდამაინც საქებარი, მაგრამ პროზად უკეთ ვერ ვიტყვი. საკმაოდ დიდი ხანია ამქვეყნად ვცხოვრობ და რა თქმა უნდა, ბევრი განსაცდელი გამოვიარე, ჯერ კიდევ სიჭაბუკეში პირმშოს დაღუპვიდან უკვე სიჭარმაგეში უახლოესი და უძვირფასესი ადამიანების დაკარგვამდე. ნახევარ საუკუნეზე მეტი სამშობლოს გარეთ, უცხო ენობრივ და მენტალურ გარემოცვაში ყოფნა და შემოქმედებითი საქმიანობა, სანათესავო და სამეგობრო წრეს მოწყვეტაც არ ყოფილა ადვილი. იყო გულგატეხილობაც, უიმედობაც, სასოწარკვეთაც კი, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველო შიდა და გარეშე მტრების მოწადინებით უფსკრულის კარამდე მივიდა, ქვეყნებს შორის ტრადიციული კავშირები მოიშალა, არ მუშაობდა ფოსტა, დაიკეტა სარკინიგზო და სახმელეთო გზები, თვითმფრინავი კი მიუწვდომელ ფუფუნებად იქცა. არადა, საიმდროოდ უკვე შინ სამუდამოდ დაბრუნება მქონდა გადაწყვეტილი. შვილები სკოლას ამთავრებდნენ და მინდოდა, მათ განათლება ქართულად მიეღოთ. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის, ასევე ჩემი პირადი ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა და ჩემს ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. წესით, გულს ამდენისთვის ვერ უნდა გაეძლო, მაგრამ რაღაც სასწაულით, დღემდე ცოცხალი ვარ და ეს ალბათ იმიტომ, რომ ადრიდანვე ვუთხარი საკუთარ თავს: არასოდეს დანებდე! - ესაა უმთავრესი, რაც წლებმა მასწავლეს. ცხადია, მსგავსი რამ სათქმელადაა ადვილი, სინამდვილეში კი იგი ფიზიკურ და სულიერ ძალთა მაქსიმალურად მობილიზებას მოითხოვს. ძალიან ძნელია, მთელი ცხოვრება დაძაბული იყო, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ერთადერთი გზა გამოდგა უამრავ ტკივილთა ასატანად.

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარეთ. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი? საინტერესოა ისიც, რა იყო მაშინ ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მთავარი სათქმელი და რა არის დღეს. ახლა ხშირად აკრიტიკებენ ამ სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა მიზეზით...

- ბავშვობიდან მიტაცებდა მხატვრული ლიტერატურა, სულ რაღაცას ვწერდი, ვთხზავდი, ვიგონებდი. პრაქტიკულად, არჩევანი არ მქონია, რადგან სამომავლოდ თავი მხოლოდ კალმის კაცად წარმომედგინა. ვიყავი, როგორც მაშინ იტყოდნენ, ბავშვკორი, ვიბეჭდებოდი „ნორჩ ლენინელში“, „პიონერში“, ზუგდიდის რაიონულ გაზეთ „მებრძოლში“, რომელსაც დიდებული პიროვნება ისაკ ქორთუა რედაქტორობდა. ზუსტად სამოცი წლის წინ მან გამომიქვეყნა დედისადმი მიძღვნილი ორსტროფიანი ლექსი (დღეს, 12 მაისს, როცა ამ კითხვაზე გპასუხობთ, მას ასი წელი შეუსრულდებოდა), რომლითაც დაიწყო ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია და მადლობა ღმერთს, დღემდე გრძელდება. მაშინ, სკოლის წლებში, სწორედ ჟურნალისტიკა მესახებოდა იმ სფეროდ, სადაც მხატვრულ დაოსტატებას შევძლებდი და მგონი, არც შევმცდარვარ. მართალია, ჩემი გზა ისე წარიმართა, რომ რედაქციებში დიდხანს არ მიმუშავია, თუმცა ჟურნალისტური საქმიანობა დღემდე ჩემი თანამდევია. ჩემს ახალგაზრდობაში და ცოტა მოგვიანებითაც, სანამ ის ქვეყანა-კოლოსი, რომელშიც ვცხოვრობდით, დაინგრეოდა, ჟურნალისტიკისა და ზოგადად ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი თემა იყო საბჭოთა ადამიანი და მისი საქმიანობა, ანუ როგორც მაშინ იტყოდნენ, შრომითი ჰეროიკა. ბატონობდა ერთადერთი, თითიდან გამოწოვილი ლიტერატურული მეთოდი - სოციალისტური რეალიზმი, რომლის ჩარჩოებიდან გადახვევა ჩემს დროში დახვრეტას და გადასახლებას უკვე არ ითვალისწინებდა, თუმცა პროფესიიდან მოკვეთას კი ნამდვილად გულისხმობდა. არსებობდა ტაბუირებული თემები, ცენზურა, რომლის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარებოდა. პირადად მე, 1976 წელს გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“ უკვე გამოსული წიგნიდან 5 გვერდი ამომიხიეს, ზედმეტად სევდიანიაო. არადა, ეს ლექსები ეძღვნებოდა საავტომობილო კატასტროფაში დაღუპული შვილის ხსოვნას და პოლიტიკასთან არაფერი ჰქონდა საერთო. და მაინც, მაშინდელი ლიტერატურა და პრესა, რომელიც პარტიის ყველაზე ბასრი და მძლავრი იარაღი იყო (სტალინის ეს ციტატა ჩვენი კოლმეურნეობის გამგეობის წითელ კუთხეში ეკიდა და იქიდან მახსოვს), მიუხედავად უკიდურესი იდეოლოგიური ანგაჟირებულობისა, თითქოს ცოტა უფრო ჰუმანური იყო, მეტ ყურადღებას აქცევდა ადამიანს, ახალგაზრდობის აღზრდას, მეცნიერებას, კულტურასა და ხელოვნებას. თანამედროვე პრესა კი აბსოლუტურად ყვითელია, იქ საერთოდ არ ჩანს ადამიანი და მისი პრობლემები, წაგვლეკა პარტიულმა კინკლაობამ, ჭორებმა, ცილისწამებებმა, თვალწინ ირყვნება ქართული ენა, არას ვამბობ ელემენტარული ჟურნალისტური ეთიკის დარღვევებზე. ეს განსაკუთრებით ეხება ელექტრონულ მედიას, რომელშიც თვალში საცემია ჟურნალისტთა პროფესიული მომზადების დაბალი დონე. არას ვამბობ თანამედროვე პრესაში ჟანრების აღრევაზე ან სულაც, გაქრობაზე. მაგალითად, ჟურნალისტიკის ურთულესი ჟანრი - ნარკვევი პრაქტიკულად აღარ არსებობს. პარადოქსია, მაგრამ ცენზურის მოშლა ბევრმა ავტორმა ყველაფრის ნებართვად აღიქვა და გალაკტიონის თქმისა არ იყოს, „ნიაღვარივით მოსკდა“ სლენგი და სკაბრეზი, სადაც განსაკუთრებით აქტიურობენ მწერალი ქალები. მათი ზედმეტი სითამამე ამ კონტექსტში ხშირად, ჩემთვის შოკის მომგვრელი და მიუღებელია.

- როგორც ვიცი, 20 წლის იყავით, უკრაინაში რომ წახვედით უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. უამრავი ჯილდო, პრემია და პრიზი მიიღეთ ამ წლების განმავლობაში. ჟურნალისტობის გარდა, ეწეოდით პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყავით უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში, საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის მწერალთა კავშირების, ასევე უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი... როგორ ფიქრობთ, რა იყო თქვენი წარმატების გასაღები - ოჯახი, შრომისმოყვარეობა, იღბალი?

- თქვენ სწორად ჩამოთვალეთ - ოჯახი, შრომისმოყვარეობა, იღბალი... სამივე ერთად. მართალია, იღბალი ხშირად არ იყო ჩემს მხარეს, მაგრამ წინა ორი მამხნევებდა, ძალას მმატებდა, დაჩოქების ნებას არ მაძლევდა. ჩემი არცთუ ხანმოკლე ცხოვრების გზაზე ბევრ ისეთ ადამიანს შემახვედრა, რომელთა მხარდაჭერაც ამა თუ იმ ეტაპზე ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გავიხსენებ რამდენიმე მათგანს. მშობლიური სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე კოლია ქოჩუა, რომელმაც ჩემ გამო კანონი დაარღვია და მომცა 2 წლის მუშაობის სტაჟის ცნობა, ურომლისოდაც ჟურნალისტიკის განყოფილებაზე საბუთებს არ იბარებდნენ. იყო მაშინ ასეთი წესი. მე კი ოქროს მედალი მქონდა და, ვინ იცის, 2 წლის მერე როგორ წარიმართებოდა ჩემი ბედი, რომ არა ის ყალბი ცნობა! ახლა შეიძლება ამის თქმა, მაგრამ იმ დროს ეს საციხო საქმე იყო. ცხონება მის სულს! გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის დიდ უკრაინელ პოეტთან, მიკოლა ბაჟანთან ურთიერთობა, რომელმაც კიევის უნივერსიტეტის დამთავრების მერე უკრაინულ საბჭოთა ენციკლოპედიაში რედაქტორად წამიყვანა, ჩემი ლექსები თარგმნა, მწერალთა კავშირში რეკომენდაცია მომცა და კიევში ჩაწერის გარეშე ბინაც მოაცემინა. პროფესორები იოსებ მეგრელიძე და სარგის ცაიშვილი, რომლებმაც საკანდიდატო დისერტაციის თემა მიკარნახეს და კოლეგებთან - რევაზ ბარამიძესა და იგორ ბოგომოლოვთან ერთად დაცვაზე კიევში ჩამოვიდნენ. ჩვენი სახელოვანი ირაკლი აბაშიძე, რომელმაც ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას ლექსთა კრებულისთვის წინასიტყვაობა დამიწერა. დაუვიწყარი გრიგოლ აბაშიძე, რომელიც ნიადაგ დაინტერესებული იყო ჩემი ლიტერატურული ბედით; კოლორიტული კარლო კალაძე, რომელმაც არა მარტო პირველი კრებული გამომიცა, არამედ თბილისში ჩამოსულს მუდამ სიამოვნებით მითმობდა საკუთარ ჭერს. კიდევ ბევრი ვინმეს გახსენება შემიძლია, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, აქ მეტს ვერ მოვახერხებ.

- ომის პირველ წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, „დღეს მიდის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას - უკრაინასა და ბნელ რუსეთს შორის“. დღეს თუ გაქვთ პასუხი, როგორ ან როდის დასრულდება ეს ბრძოლა? თქვენს ერთ ლექსში ამბობთ, „ასესხეთ სიყვარული რუსეთს! რუსეთში ბნელა“. ასე პოეტურად თუ ვიტყვით, შეიძლება სიყვარულის დეფიციტი გახდეს ომის მიზეზი?

- სიყვარულის დეფიციტია ყველა სიავისა და უბედურების სათავე. თუ უფრო სიმბოლურად ვიტყვით - ღმერთის დეფიციტი ადამიანებში, რადგან, როგორც ვიცით, თავად ღმერთია სიყვარული. დიახ, რუსეთში დღეს სიყვარულის უკიდურესი სინაკლებეა, თორემ როგორ შეიძლებოდა ის ბარბაროსობა, რაც გაგანია ოცდამეერთე საუკუნეში, ნაციზმისა და ფაშიზმის დამარცხებიდან თითქმის რვა ათწლეულის შემდეგ ბუჩასა და ირპინში სამხედროებმა ჩაიდინეს! დოსტოევსკი ამბობს, ეშმაკი და სიკეთე განუწყვეტლივ ებრძვის ერთმანეთს, ასპარეზი კი კაცის გულიაო. ეს ბრძოლა მარადიულია, ალბათ, არასოდეს დამთავრდება, მაგრამ მთავარია, ეშმაკმა არ გაიმარჯვოს, სიკეთე არ დაამხოს. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე იქნება და კრემლი, ეს მართლაც ბოროტების სიმბოლო, გამარჯვებას ვერ იზეიმებს. ვიმედოვნებ, ამერიკის, ევროპის, ნატოს აქტიური მხარდაჭერით წლევანდელ შემოდგომამდე ეს ომი უნდა დამთავრდეს.

- თქვენი შვილის შესახებ გკითხავთ - ის დარჩა უკრაინაში, მუშაობს ტელევიზიაში და ხშირად არის გადაღებებზე, რაც თავისთავად უსაფრთხო არ არის.

- ჩემი უფროსი ვაჟი, ისიც რაული, კიევშია და ეს მისი არჩევანია. იგი იქ დაიბადა, გაიზარდა და როგორც იტყვიან, ადამიანურად ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას, დაიცვას ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეცაა. ყოველდღე ეთერში გადის მისი ანალიტიკური პროგრამა „უკრაინა ცეცხლში“, რომელსაც უამრავი მაყურებელი და მომწონებელი ჰყავს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. კიევი ომის პირველი წუთებიდანვე "რაშისტების" სამიზნეა. ვინ იცის, ერთი წლის მანძილზე რამდენი რაკეტა და დრონია აქეთ გამოშვებული, მაგრამ უკრაინელი მეზენიტეები სასწაულებს სჩადიან და მათ მეტწილად ანადგურებენ. მიუხედავად ამისა, კიევში ყოფნა საშიშია და ამიტომ შვილის გამო (და არა მარტო), განგაშის გრძნობა არასდროს მტოვებს.

- „როგორც მწერალს, არ მაქვს უფლება, ამ ომზეც არ დავწერო“, - ესეც თქვენი სიტყვებია. თქვენი აზრით, სად უნდა იდგეს მწერალი და რას ან ვის უნდა ემსახურებოდეს მისი სიტყვა?

- მე უკვე დავწერე და გამოვეცი კიდეც „ომის წიგნი. ჩაპას წერილები მსოფლიოს ძაღლებს და ადამიანებს“, რომელშიც ჩემი ფინია ძაღლის მიერ მოთხრობილია ამ ომის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, გამოთქმულია გარკვეული პროგნოზები. იგი უკვე არის „ბიბლუსის“ ქსელში და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მოიძიოს. სხვათა შორის, „ჩაპას წერილები“ წელს „საბაზეა“ წარდგენილი და ეს ფაქტი მისთვის, როგორც დებიუტანტისთვის, დიდი მიღწევაა.

345652421-1169644281100349-6636773316249863353-n-copy-1684696183.jpg

- ამას წინათ შოთა რუსთაველის პრემიაც მიიღეთ...

- დიახ, ლექსთა კრებულისთვის „ბედის ფორმულა“, რომელიც შვიდი წლის მანძილზე დაწერილი შვიდი წიგნისგან შედგება. სხვათა შორის, ამ 1200-გვერდიან გამოცემაში შესული უკლებლივ ყველა ლექსი ჩემ "ფეისბუკ"-გვერდზე გამოქვეყნდა. მე მათ „ჩემი კომპ-ლესები“ დავარქვი და წინასიტყვაობაც ასე დავასათაურე. ვფიქრობ, „ბედის ფორმულაში“ მაქსიმალურად გამოვავლინე საკუთარი პოეტური შესაძლებლობები, შევეხე ჩემთვის და იმედია, მკითხველისთვისაც ბევრ მტკივნეულ და საჭირბოროტო თემას, ვცადე მათი ორიგინალურად წამოჭრა და გადაწყვეტა.

- დაბოლოს, ისევ თქვენი ლექსით დავასრულოთ, „არ ვიცი, რაა სიძულვილი, მტრობა და შური, ხალხო კეთილო, ერთმანეთთან ვიყოთ გულღია. იმ ქვეყანაში თვით მეფესაც რა წაუღია! ნუ გვავიწყდება, ზეცაშია ჩვენი ჟიური“.

- ადამიანებს ხშირად რომ გვახსენდებოდეს ეს „ჟიური“ და მისი უზენაესი ძალა, დედამიწაზე ნაკლები იქნებოდა სისხლის ღვრა, ნგრევა, შიმშილი და სხვა ათასი უბედურება. სამწუხაროდ, ყოველდღიურ გაწამაწიაში ერთმანეთს ვჭამთ და ხშირად ამიტომაც ვიმკით სავალალო შედეგებს.

ნინო ჯავახიშვილი