HELLADOS - პირველად მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე - გზაპრესი

HELLADOS - პირველად მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

სოხუმში, ვენეციის გზატკეცილზე მცხოვრები, დედით ობოლი, ნახევრად ქუჩაში გაზრდილი, კატასავით სწრაფი, კაჟივით მაგარი, ჯანმრთელი და დაუმორჩილებელი, 14 წლის სოხუმელი ბერძენი იანგული ალექანდრიდის ამბავი არაერთი თეატრის სცენაზე გათამაშებულა და ალბათ ადამიანი არ არსებობს, რომელიც ნოდარ დუმბაძის ამ პატარა ნაწარმოებს არ აუღელვებია. ბერძენი უბნის ყოჩი იანგულისა და თბილისიდან სოხუმში დეიდასთან გადასახლებული ჯემალის ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის, თავდაპირველად საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, თუმცა, ეტაპობრივად მათი ურთიერთობა სათუთ სახეს იძენს და თითოეული მოზარდი იშვიათ ადამიანურ თვისებებსა და ღირსებას ავლენს. ნაწარმოების ფინალი კი იმდენად დრამატულია, რთულია თვალზე მომდგარ ცრემლს გზა არ მისცე...

12, 13 და 19 მაისს მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერა გაიმართა. პირველად ამ თეატრის ისტორიაში, ნოდარ დუმბაძის HELLADOS ახალგაზრდა რეჟისორმა ნატალია გალოგრემ წარმოადგინა. მასვე ეკუთვნის ნაწარმოების ინსცენირება, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება. მან 2019 წელს, ბათუმში, ინკლუზიური დასი ჩამოაყალიბა და იმავე წელს ეს ნაწარმოები დასის წევრებთან ერთად დადგა. ახლა კი ნოდარ დუმბაძის მოთხრობის HELLADOS განხორციელება დიმა ხვთისიაშვილს მოზარდ მაყურებელთა თეატრში შესთავაზა, რასაც ის სიამოვნებით დასთანხმდა.

"სპექტაკლში მონაწილე მსახიობები პირველი კურსის სტუდენტები არიან. ევროპაში მიღებული პრაქტიკაა, როცა სწავლების პროცესში სტუდენტები პირველივე სემესტრიდან აქტიურად ერთვებიან სცენაზე მუშაობის პროცესში და თუკი რამ შეცდომებს უშვებენ, მის გამოსწორებას ცდილობენ, ამგვარად კი საკუთარ თავზე მეტს მუშაობენ. სწორედ ეს შესაძლებლობა მინდოდა ჩვენს სტუდენტებს მისცემოდა და მიხარია, ასე რომ მოხდა. რაც შეეხება სპექტაკლს, მსურდა იანგულის ხაზი მკვეთრად განსხვავებული ყოფილიყო და მის მიმართ სოციუმის დამოკიდებულება შემეცვალა. მეჩვენებინა, რომ ქუჩის ბიჭის მიღმა, ფაქიზი გრძნობის მქონე, ჰუმანური ადამიანი იმალება, რომელმაც კარგად იცის მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების ფასი... ამ როლის შემსრულებელ ალექსანდრე შარაბიძესა და იანგულის ბევრი საერთო აქვთ, ერთმანეთს ჰგვანან. ალექსანდრე გერმანიასა და საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა, ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტიც იყო, მაგრამ 2019 წლიდან თეატრალებმა ჩავითრიეთ, გადმოვიბირეთ და ყბა-სახის ქირურგიიდან სამსახიობოზე გადმოინაცვლა... ვფიქრობ, ექსპერიმენტმა გაამართლა, მაყურებელმა სპექტაკლი კარგად მიიღო და ეს ძალიან მახარებს", - ამბობს რეჟისორი ნატალია გალოგრე.

1-1684696348.jpg

როგორც უკვე აღინიშნა, სპექტაკლში, მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის, დიმიტრი ხვთისიაშვილის ჯგუფის სტუდენტები მონაწილეობენ: თამარ ქადაგიძე, ალექსანდრე შარაბიძე, ალექსანდრე კვეზერელი, ნიკოლოზ ხრიკული, ნიკოლოზ ჭკადუა. რაც შეეხება უფროს თაობას, სპექტალში დაკავებულები არიან მსახიობები: ნათია კუპატაძე, სოფიო ებრალიძე, მარიკა გოგიჩაიშვილი, ქეთევან ქიტიაშვილი, გიორგი კაჭახიძე, დავით როსტომაშვილი, ვახტანგ ახალაძე, გიორგი ბერიძე, ხოლო ბავშვების როლებს ასრულებენ: ლევან ხვთისიაშვილი და გეგა შონია.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მთავარი როლის შემსრულებელი ალექსანდრე შარაბიძე, რომელისთვისაც იანგულის როლი, პროფესიულ სცენაზე, გამოცდილ არტისტებთან ერთად, სადებიუტო გახლდათ. და როგორც მან აღნიშნა, იანგული ალექსანდრიდთან ბევრი საერთო აქვს, რუსეთში დაიბადა, ბათუმში გაიზარდა და იანგული ალექსანდრიდის განცდები მისთვის უცხო არ არის. ახალგაზრდა მსახიობი მადლიერია რეჟისორის, თავისი პედაგოგის (დიმიტრი ხვთისიაშვილისა) და ყველა იმ არტისტის, ვის გვერდითაც მუშაობა და სცენაზე დგომა უწევს.

ამიერიდან სპექტაკლი HELLADOS თეატრის რეპერტუარშია და დაინტერესების შემთხვევაში, თვალი ადევნეთ მოზარდ მაყურებელთა თეატრის "ფეისბუკ"-გვერდსა და აფიშას.

ანა კალანდაძე