სიმღერა - ემიგრანტების ტკივილგამაყუჩებელი
ცოტა ხნის წინ ინტერნეტპლატფორმა "სტარმეიქერზე" გაიმართა კონკურსი "საქართველოს ხმა 2023", რომლის გამარჯვებული ამავე პლატფორმაზე დაანონსებულ საერთაშორისო ონლაინკონკურსში "ევროვიზია 2023" მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ დავუკავშირდით კონკურსის ორგანიზატორებს: ნანა ლიპარტელიანს და მზია წულუკიძეს, რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს კონკურსის შესახებ და ქართველი მელომანების წარმატებაზე "სტარმეიქერზე".
ქალბატონ მზიას, რომელიც ათეული წლებია ემიგრაციაშია, ჟურნალის "გზა" ერთგული მკითხველი იცნობს, როგორც ქველმოქმედს, არაერთი კონკურსის ორგანიზატორს, როგორც რეალურ, ისე ონლაინსივრცეში. ის გახლავთ ტიტულის "პერსონა 2022"-ის მფლობელი და ასევე 2022 წლის "ლიდერ ქალთა" წარმომადგენელი.
რაც შეეხება ქალბატონ ნანას, ის პროფესიით ჟურნალისტია. 23 წელია ოჯახით იმყოფება ემიგრაციაში, კერძოდ - საფრანგეთში და ქართული დიასპორის აქტიური წევრია. წლების განმავლობაში იყო პროექტის - "ქართული დღეები საფრანგეთსა და გერმანიაში" ტექნიკური ჯგუფის წევრი.
დღესდღეობით მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" სოციალური სამსახურის აგენტ-რეფერანტად.
მზია წულუკიძე:
- "სტარმეიქერი" არის ონლაინპლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. არის უნიკალური პლატფორმა იმ კუთხით, რომ მელომანებს საშუალებას აძლევს, იმღერონ სურვილისამებრ, ნებისმიერ ენაზე, ცნობილ ადამიანებთან ერთად და საკუთარი ნიჭის რეალიზაცია-პოპულარიზაციაზე იზრუნონ.
პლატფორმაზე ყოველდღე იმართება ასობით კონკურსი, რომლის გამარჯვებულებიც წახალისებული არიან საინტერესო ფულადი პრიზებითა და შემოთავაზებებით. პლატფორმა დაყოფილია რეგიონების მიხედვით, რეგიონები კი შედგება მელომანთა ჯგუფებისგან, რომლებსაც "ოჯახს" უწოდებენ. ამ "ოჯახებს" ჰყავს კაპიტნები და ვიცე-კაპიტნები, რომლებიც ზრუნავენ მათი "ოჯახის" ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. თითოეულ "ოჯახს" აქვს თავისი ლოგო, რომელიც მას სხვებისგან განასხვავებს. მე ამ ეტაპზე ვარ უკრაინულ "ოჯახში" DOLCHE VITA-ში, რომელიც პლატფორმაზე საკმაოდ რეიტინგულია.
ცნობისათვის, აქ არის რეიტინგული, ნაკლებად რეიტინგული ან ახალშექმნილი "ოჯახები". ეს განისაზღვრება წევრების აქტიურობის მიხედვით.
ნანა ლიპარტელიანი:
- მე ვარ ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე "ქართული ოჯახის" ვიცე-კაპიტანი და სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩემი "ოჯახის" კაპიტანი ბიჭია იმერლიშვილი და ნინო გოგავა "სტარმეიქერის" ქართული ფლანგის ფუძემდებლებად ითვლებიან. ჩემი და ჩემი "ოჯახის" რეიტინგიდან გამომდინარე, პირველად "სტარმეიქერის" ქართულ ფლანგს გადაეცა "ონლაინევროვიზიაზე" მონაწილეობის უფლება, რისთვისაც მომეცა საშუალება ჩამეტარებინა კონკურსი "ევროვიზიაზე" წარსადგენი "საქართველოს ხმა 2023"-ის კონკურსანტის გამოსავლენად. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი მეგობრების დამსახურება და თანადგომა პროექტის მსვლელობის განმავლობაში, რომლებმაც თავდაუზოგავი და უანგარო შრომა გასწიეს პროექტის სრულყოფისთვის. პროექტის სპონსორი და ფინანსური მენეჯერი მზია წულუკიძე უყოყმანოდ დამთანხმდა და მხარში ამომიდგა, წარმატებით რომ დაგვესრულებინა. მადლობა ლალიკო სიხარულიძეს და ნინო გოგავას, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ პროექტის მხატვრული გაფორმების ტექნიკურ უზრუნველყოფას. მადლობა ტექნიკური ჯგუფის წევრ დარეჯან რიჟამაძეს და ფატი კალანდაძეს - საკონკურსო კონცერტების უცვლელ წამყვანს; ქალბატონ თინათინ ხუჭუას (საგუნდო დირიჟორი, ლოტბარ-რეგენტი), რომელიც პროექტს მხარს უჭერდა და იყო კონკურსის მენტორი, მელომან კონკურსანტებს პროფესიულ რჩევებს აძლევდა. კონკურსს აფასებდა ორი ტიპის ჟიური: სახალხო, რომელიც მენტორების სახელით იყო წარმოდგენილი და პროფესიონალები, რომლებიც მოწვეული იყვნენ სხვადასხვა რეიტინგული "ოჯახიდან", რომლებიც უცვლელი ჟიურის წევრები არიან ამ პლატფორმაზე.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ვეწევით. ხშირია შემთხვევა, როცა უცხოელი მელომანები გვთხოვენ, მათ შევასწავლოთ ქართული სიმღერები და ამას ჩვენც სიამოვნებით ვაკეთებთ...
აქვე გვინდა გაგაცნოთ ამ კონკურსის გამარჯვებული, გრან-პრის მფლობელი ბელა კავთელიშვილი:
- პროფესიით ვოკალისტი ვარ. დავამთავრე სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი. დღესაც პროფესიით ვმუშაობ და პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი. ასევე, დამთავრებული მაქვს იურიდიული ფაკულტეტი. ვარ თვითნასწავლი მხატვარი და უკვე ერთი წელია, რაც საქართველოს მხატვართა კავშირში მიმიღეს, მაქვს პერსონალურ და საერთო გამოფენებში მონაწილეობის გამოცდილება. მიტაცებს ფოტო-ვიდეოხელოვნება და ოჯახთან ერთად ხშირად ვმოგზაურობ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ვწერ სიმღერებსა და მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებიც არაერთხელ გაჟღერებულა ტელე-რადიოსივრცეში.
მყავს მეუღლე და 4 შვილი... ხშირად მეკითხებიან, ამდენს როგორ ასწრებო? ვთვლი, რომ საკუთარი თავის განვითარებისთვის დროის გამონახვას ყველა უნდა შეეცადოს.
პროექტში სრულიად დაუგეგმავად მოვხვდი. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ვოკალით ვარ დაკავებული, საკუთარი თავი სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრშიც გამომიცდია. პლატფორმა "სტარმეიქერი" ჩემთვის სიახლეა და გამიხარდა, როდესაც შევიტყვე კონკურსის შესახებ და მასში სიამოვნებით ჩავერთე. ეს პლატფორმა ახალი შესაძლებლობების გამოვლენას უწყობს ხელს და პროექტი, თავის მხრივ, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას ემსახურება. კონკურსის ორგანიზატორი ძალიან თბილი დამოკიდებულებით და ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩეოდა; მისი გუნდიც მომართული იყო საიმისოდ, რომ პროექტის კარგად ჩაევლო და ყველა მონაწილეს მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს საკუთარი თავის კარგად წარმოჩენაში.
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მოგეხსენებათ, ქართველებს სიმღერა გენში გვაქვს და კონკურსანტებიც ამის პირდაპირი დასტური არიან. აქ მოყვარულ შემსრულებლებთან ერთად, პროფესიონალი მომღერლებიც მონაწილეობდნენ. ყოველ ტურს მღელვარება სდევდა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა უფრო და უფრო ამაღელვებელი ხდებოდა.
რამდენიმე კონკურსანტის გამო გული დამწყდა, რადგან ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ კონკურსი კონკურსია... როცა ჟიურიმ "საქართველოს ხმა 2023"-ად მე დამასახელა, ცრემლები ვერ შევიკავე, მართლაც ემოციური მომენტი იყო. მადლობა ყველაფრისთვის...
ნატა ხაჩიძე, პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი:
- ვცხოვრობდი ლაგოდეხის რაიონ სოფელ კართუბანში, დავამთავრე ამავე სოფლის პირველი საჯარო სკოლა. ვიყავი აქტიური მოსწავლე, რაც ვლინდებოდა თითქმის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობით. 11 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა თელავის გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე, სადაც აგრეთვე ვმღეროდი უნივერსიტეტის გუნდში. ვარ თვითნასწავლი მომღერალი. გამოვდიოდი სხვადასხვა კონცერტზე. ამჟამად ვარ იტალიაში, სადაც ბევრჯერ წარვმდგარვარ საქართველოს სახელით პუბლიკის წინაშე და ამით ძალიან ვამაყობ.
ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პროექტში მონაწილეობა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, ქალბატონებს - ნანას და მზიას, აგრეთვე ტექნიკურ ჯგუფს და ჟიურის ყველა წევრს. ეს პროექტი ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ემსახურება და ვფიქრობ, ამ ტიპის კონკურსების ხშირად ჩატარება გემოვნებიანი სიმღერის არჩევას და ნამღერის დახვეწას შეუწყობს ხელს, რადგან პირადად დავინახე ტურიდან ტურამდე გაზრდილი მონაწილეები. მოლოდინმა გაამართლა. კიდევ ერთხელ, უღრმეს მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, გამარჯვებულს კი ვუსურვებ, ძალიან მაგრად წარედგინოს ჩვენი პაწია ქვეყანა.
ნინო სარალაშვილი, მესამე ადგილზე გასული კონკურსანტი:
- დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ზუგდიდში, ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. მყავს მეუღლე, სამი ვაჟი და ხუთი შვილიშვილი. დამთავრებული მაქვს ზოოვეტერინარის ფაკულტეტი. რაც შეეხება სიმღერას, ეს ჩემი სულის ნაწილია და ბავშვობიდან ვმღერი. არაერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, სადაც პირველი ადგილი და ბევრი საპრიზო ჯილდო ამიღია. ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია ქალბატონი ნანა ლიპარტელიანისგან მივიღე, რომლის სურვილიც იყო, აღნიშნულ პროექტში, სახელწოდებით - "საქართველოს ხმა" მონაწილეობა მიმეღო, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ასეთი ტიპის პროექტები ბევრი ნიჭიერი მომღერლის გაცნობას ემსახურება. კარგია, რომ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და რეალიზება. პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლავთ ქალბატონი ნანა ლიპარტელიანი, სპონსორი და ფინანსური მენეჯერი ქალბატონი მზია წულუკიძე, რომლებსაც უდიდესი შრომა აქვთ გაწეული აღნიშნული პროექტის შექმნაში და მათ ამ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი.
მიხარია, რომ დადებითი შეფასება მიიღო აღნიშნულმა პროექტმა პროფესიონალი მუსიკოსებისგანაც; ვისურვებდი, მსგავსი ტიპის კონკურსი ხშირად იმართებოდეს, რათა ნიჭიერმა ადამიანებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების ფართო აუდიტორიის წინაშე გამოვლენა.
მზია წულუკიძე:
- პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული არა მხოლოდ ქალბატონები, არამედ მამაკაცებიც, რომლებიც გამოირჩევიან ხმის ორიგინალური ტემბრით და აღაფრთოვანებენ მსმენელს. აღსანიშნავია ისიც, რომ რადგან ძირითადი შემსრულებლები ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები არიან, ხშირად ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფებს უწევთ მუსიკალური ნომრების შესრულება (აბაზანიდან, მანქანიდან, კარადიდან, დასასვენებელი პარკებიდან), რაც ხშირად კურიოზებთანაა დაკავშირებული.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დიმიტრი ზავარინს, რომელიც ერთ-ერთი ბენდის დამფუძნებელია. აქვს საკუთარი ჩამწერი სტუდია და მიუხედავად მისი დატვირთული სამუშაო რეჟიმისა, შეძლო, მონაწილეობა მიიღო პროექტში და დაიმსახურა პრიზი "მსმენელის სიმპათია".
ჩვენი კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულია მიშა ასლანიშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია და დღეს ისიც ემიგრანტი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს მუსიკალური განათლება, მსმენელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის გაიზარდა ოჯახში, სადაც ყოველთვის გემოვნებიან მუსიკას უსმენდნენ და სადაც ხშირად იკრიბებოდნენ მამის მეგობარი, ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები, რამაც დიდი როლი ითამაშა მიშას მუსიკასთან მიჯაჭვულობასა და მის მელომანად ჩამოყალიბებაში. ის ამბობს, რომ მძიმე ავარიის შედეგად მიღებული ტრავმიდან, შოკიდან მუსიკამ გამოიყვანა. პირად საუბარში აღნიშნა: "მე იმ სიტუაციაშიც ვმღერი, როცა ძალიან მიჭირს და ეს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ჩემზე ისე მოქმედებს. სიმღერა კი არ გვიგვარებს პრობლემას, მაგრამ დროებით გვიყუჩებს". და არ შემიძლია მიშას არ დავეთანხმო: სიმღერა ყველა ემიგრანტის ტკივილგამაყუჩებელია. ვფიქრობ, ჩვენ კარგ საშუალებას მივაგენით... სხვათა შორის, ერთ-ერთ ფართიზე ვიღაცამ დაწერა: ისეთი ქართველი ვერ ვნახე, ვინც არ მღერისო და მე მას ვუპასუხე: იცი, როცა ჩვენ, ქართველები ვიბადებით, კი არ ვტირით, სიმღერით ვეგებებით სიცოცხლეს. ეს სისხლში გვაქვს-მეთქი. დაბოლოს, რაც მინდა გითხრათ: ის ერთი თვე, როცა კონკურსისთვის ვემზადებოდით, ყველა ერთ მუშტად შევიკარით, ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით და ესაა ჩვენი მთავარი გამარჯვება: ამ პროექტმა გააერთიანა "სტარმეიქერში" გაბნეული ქართველები და ამისთვის დიდი მადლობა ნანას და კონკურსში მონაწილე ყველა მელომანს. აქ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. აქ საქართველოს ხმამ გაიმარჯვა და თავისი სიტყვა თქვა ამ მრავალმილიონიან პლატფორმაზე.
ლიკა ქაჯაია