„ამ ქანდაკებაში გადმოვეცი ჩემი სულის კივილი“
ლოზუნგი - „გვახსოვდეს აფხაზეთი“ ერთ დროს აქტუალური იყო, თუმცა კარგა ხანია მივიწყებულია. უამრავ ადამიანთან ერთად, მეც ძალიან მაწუხებს ეს საკითხი, ამიტომ ყოველთვის მაინტერესებს ამა თუ იმ პიროვნების აზრი ამ თემაზე. ამჯერად მურაზ მურვანიძე გვესაუბრება აფხაზეთთან დაკავშირებულ მოგონებებზე და იმაზეც, თუ რას ფიქრობს მომავალზე...
მურაზ მურვანიძე:
- ერთხელ ბლიც კითხვებს ვპასუხობდი და ერთ-ერთი შეკითხვა იყო ასეთი: უცებ რომ გაგაღვიძონ, პირველად რას იტყვითო? ვთქვი: "აფხაზეთი"... მისი დაკარგვა ყველაფერზე მეტად მტკივა და შეურაცხყოფილი ვარ - აფხაზეთი პირადად წამართვეს; მაკადრეს ის, რაც კაცის ღირსებას აკნინებს. აფხაზეთის ომის პერიოდში საზღვარგარეთ ვიყავი და საქართველოსთან ნაკლები კონტაქტი მქონდა. ომის დამთავრების შემდეგ უცხოეთში სურათი დავხატე „ვარდისფერი ბატალია“, რომელიც აფხაზეთის ომს მივუძღვენი. ეს არის ჩემი ტილოებიდან ყველაზე ძვირად ღირებული: მილიონიც რომ მომცენ, არ გავყიდი.
ჩემმა უზომო სიყვარულმა სამშობლოს მიმართ (შეიძლება, ცოტა გიჟურმაც), რომელიც შთანერგილი მაქვს ოჯახიდან, შემაძლებინა აი, ამ ქანდაკების შექმნა - „ამირანი-საქართველო“, ეს არის ღმერთის მიერ შთაგონებული კომპოზიცია... საოცარი რაღაც მოხდა: პეტერბურგში ვარ, ვწევარ, ვთვლემ და სამშობლოზე მონატრებულმა, უცებ დავინახე კომპოზიცია - საქართველოს რუკა ჩაიხატა ამირანის სხეულში. ვიფიქრე, ახლავე დავხატავ, ხვალ დამავიწყდება-მეთქი. თავს ვძლიე და მთელი ღამე ვიმუშავე. მერე ერთი კვირის მანძილზე დავხვეწე. ესკიზი ჩამოვიტანე თბილისში, პატრიარქს ვაჩვენე, მერე გია ბადრიძეს - ძალიან მოეწონათ. მერე გადავწყვიტე, ქანდაკებად უნდა ვაქციო-მეთქი და დავიწყე ფიქრი, რომელ მოქანდაკეს დავკავშირებოდი. მაშინ აქ სახელოსნო არ მქონდა. შევეკედლე გია ჯაფარიძეს და ერთად ვიმუშავეთ, მის სახელოსნოში ჩამოისხა. ეს ქანდაკება დაიბადა იმიტომ, რომ ყოველთვის მტკიოდა ჩემი ქვეყნისგან ამ ნაწილის მოკვეთა. რა ემოციასაც იწვევს ქანდაკება, ისეთ განცდას არ აღძრავს მუყაოზე დახატული საქართველოს რუკა. წარმოიდგინეთ, „ხელი“ რომ მოაჭრათ ქანდაკებას... (ხელი აფხაზეთს ასახავს) დამახინჯდა ქვეყანა. ამაში გადმოვეცი ჩემი სულის კივილი.
ვფიქრობ, ამაზე პატრიოტული ქანდაკება საქართველოში არ ყოფილა. ძალიან მინდა, რომ დადგან. ამის სურვილი სხვებსაც გამოუთქვამთ. ბიძინა კვერნაძემ მითხრა: ეკლესიაში მაინცდამაინც არ დავდივარ, მაგრამ ეს ქანდაკება რომ დაიდგას, იქ მივალ და სანთელს ავანთებო. ინტელიგენციის არაერთ წარმომადგენელს, აღფრთოვანებულს უთქვამს, - ნეტავ, დაიდგასო. ის იწვევს დამცირებისა და სულიერი განადგურების განცდას. რამდენად შთამბეჭდავი იქნება, როცა ქანდაკება შესაბამისი ზომისა ჩამოისხმება. ახალგაზრდა შეხედავს და იფიქრებს იმაზე, რომ აფხაზეთი უნდა დაიბრუნოს, ეს სულისკვეთება ყველას უნდა ჰქონდეს.
მიყვარს სოხუმი, გაგრა... საქართველოა და მიყვარს!.. სოხუმთან ახლოს, კომპოზიტორთა დასასვენებელ სახლში ვისვენებდი. პლაჟზე ვიყავი, როცა უცებ კივილი გაისმა. ვხედავ, ძალიან შორს, დროშებს იქით მოჩანს ქალი და შველას ითხოვს. ზღვაში გადავხტი და იმდენად სწრაფად გავქანდი მისკენ, რომ ქალი უკან მომრჩა. მოვტრიალდი... ძალიან მეჭიდებოდა, პირდაპირ მახრჩობდა და ხელს მიშლიდა. თან ვიცოდი, რომ ეს ქალბატონი ორსულად იყო. ამ ბრძოლაში, ძლივს გამოვაღწიეთ ნაპირამდე, მთლად დალურჯებული ვიყავი. გავიდა დრო... ერთ დღესაც ოპერაში ვარ და ჩემთან მოდის ორი გოგონა (დები არიან), უფროსი მეუბნება პატარაზე: იცით, ეს ვინ არისო? გაკვირვებულმა ვუთხარი, - არ ვიცი-მეთქი. - თქვენ დედაჩემი რომ გადაარჩინეთ დახრჩობას, ამაზე იყო მაშინ ფეხმძიმედო.
ვინც ამბობს, რომ აფხაზეთი უნდა დავივიწყოთ იმიტომ, რომ უკვე დაკარგულია, ის ადამიანი არის სამშობლოს მოღალატე და ეს პირდაპირ მითქვამს ბევრისთვის. ამის გამო, ზოგიერთი ახლობელი დავკარგე კიდეც. ასეთი პიროვნების შვილები და შვილიშვილები აფხაზეთს ხომ საერთოდ აღარ ახსენებენ თავის სიცოცხლეში. საკითხს გლობალურად ვუყურებ, ადრე თუ გვიან აფხაზეთი მაინც ჩვენი იქნება (ასევე სამაჩაბლოც). საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა ასი, სამასი წლის მერე მომხდარა ქვეყნის ისტორიული ნაწილის დაბრუნება... ამ თემის სიმძაფრე არ უნდა დაიკარგოს, ნერვი მუდამ უნდა ფეთქავდეს - ხელი მოგვკვეთეს, ფეხი მოგვაჭრეს, გული ამოგვიღეს... ეს წარმოვადგინე ცოცხლად ამ საოცარ ქანდაკებაში! საქართველო უნდა აღდგეს ტერიტორიულად, ეს ვიცი, სხვა არაფერი!
ნანული ზოტიკიშვილი